პირველი ანტიკორუფციული ნოვაციები

პირველი ანტიკორუფციული ნოვაციები

 უახლოეს სამშაბათს, საქართველოს პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის წინადადებებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. ისტორიის ერთგვარი ირონიაა, რომ ეს არის არა პრეზიდენტ სააკაშვილის, არამედ პრეზიდენტ შევარდნაძის წინადადებები, რომელთაც მან ჯერ კიდევ 2001 წელს მიმართა საკანონდებლო ორგანოს.

  ახალი პროექტი, შინაარსობრივად მის ფარგლებს არ სცილდება და ითვალისწინებს ფორმულას: «ძლიერი პრეზიდენტი, უფლებამოსილი მთავრობა და აქტიური პარლამენტი».
    «აქტიურობაში» იგულისხმება, რომ საკანონმდებლო ორგანოს ამიერიდან ექნება უფლება, უშუალოდ მოსთხოვოს პასუხი მთავრობას და უნდობლობაც გამოუცხადოს მას.
    «ძველ» პარლამენტს, ადრინდელი უფლებამოსილებით, ამის უფლება არ ჰქონდა - მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო მინისტრის «გაწირვა», თუ პროკურატურა სხდომათა დარბაზში იმ მინისტრის მიერ გაუპატიურებული, მოკლული და სადისტურად დანაწევრებული საბრალო პატარა გოგონას გვამს შეუსვენებდა.
    ყველა სხვა შემთხვევაში, მინისტრებს თავი ქუდში ჰქონდათ, - რა შედეგიც არ უნდა გამოეღო მათ «დაუღალავ მოღვაწეობას» და ამა თუ იმ დარგში გატარებულ პოლიტიკას ქვეყნისათვის.
    ამრიგად, საპრეზიდენტო ინიციატივა საერთო-სახალხო განხილვას არ საჭიროებს და არავითარი დამატებითი «ერთთვიანი ვადა» აუცილებელი არ არის. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარეს ეს ცვლილებები არცთუ ძალიან მოსწონს, რასაც გარკვეული მიზეზები აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე, უბრალოდ, ვალდებულია, დაიცვას იმ სახელმწიფო ინსტიტუტის (როგორც ასეთის) ინტერესები და უფლებამოსილება, რომელსაც ხელმძღვანელობს.
    ანუ, აქ სავსებით ჯანსაღ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არის მეორე მიზეზიც: ნინო ბურჯანაძეს თავიდანვე არ მოსდიოდა თვალში ის «თანამდევი ინიციატივები», რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არატრადიციული მეთოდების შემოღებას გულისხმობს და ყოველთვის ილაშქრებოდა ამ სფეროში მეტისმეტი რადიკალიზმის წინააღმდეგ.
    თანაც, ეს არ არის მხოლოდ პირადად მისი აზრი: მას იზიარებს ძალიან ბევრი იურისტი, ვინც შესაბამის პროექტებს გაეცნო. მაგალითად, პროკურორს ამ წინადადებების მიხედვით ეძლევა საშუალება, გაურიგდეს ბრალდებულს, თუ იგი დაასახელებს მასზე მაღალი თანამდებობის პირს და მის მიერ ჩადენილ კორუფციულ დარღვევებს. ასეთ შემთხვევაში პირველი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ კანონში არ ჩანს დაცვის მტკიცე გარანტია თუ ელემენტარულ ცილისწამებასთან გვექნება საქმე - საკუთარი პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენის მიზნით.
    რაც შეეხება ამერიკისა და ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს გამოცდილებას - იმ ქვეყნებში უკვე არსებობს ასეთი გარანტია მტკიცე, დამოუკიდებელი და მოუსყიდველი სასამართლო ხელისუფლების სახით, რომელიც ჩვენში მხოლოდ ფორმირების პროცესშია.
    კიდევ უფრო ბევრ კითხვას ბადებს მეორე კანონპროექტი, რომლითაც ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა უფლება, უჩივლოს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს და აიძულოს იგი, ამტკიცოს თავისი ქონების (არ არის აუცილებელი, სრა-სასახლეების) წარმოშობის კანონიერება.
    ხოლო თუ ეს უკანასკნელი ამას ვერ შეძლებს (ანუ ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ არ არის დამნაშავე), მაშინ ქონება ჩამოერთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ და საქმის აღმძვრელი მოქალაქე მიიღებს წილს ჩამორთმებული ქონებიდან.
    ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინერე, ამას საქართველოში ისეთი საშინელება შეიძლება მოჰყვეს, რომ იურისპრუდენციაზე ლაპარაკი ალბათ საერთოდ შეწყდება.
    რაც მთავარია, ყველაზე დაუცველები ასეთ შემთხვევაში ისინი იქნებიან, ვისაც მართლა არა აქვს მილიონები და არ შეუძლია კვალიფიციური ადვოკატი დაიქირავოს.
    კიდევ ერთი წინადადება ითვალისწინებს პრივატიზებული ქონების ჩამორთმევას - არა მხოლოდ ყოფილი თანამდებობის პირებისათვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისა და «დაკავშირებული პირებისთვის».
    თუმცა ეს უკანსკნელი ცნება იურიდიულად დაუზუსტებელია და საერთოდ გაუგებრობაა. ალბათ, ამ კანონპროექტების ირგვლივ ბევრად უფრო მწვავე დებატები გაიმართება პარლამენტში, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის თაობაზე.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბალი პოლიტიკური კულტურისა და სუსტი იურიდიული ტრადიციების საზოგადოებაში ამან შეიძლება «ექსპროპრიაციის» ფორმები მიიღოს.

დილის გაზეთი
    2 თებერვალი, ორშაბათი, 2004 წელი