ვაჟა ადამია - ნადირობით დაღლილი მგელი

ვაჟა ადამია - ნადირობით დაღლილი მგელი

 

    იმ პოლიტიკურ ფიგურათა შორის, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს  1988-89 წლებში განვითარებულ მოვლენებში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საინტერესო უდავოდ იყო «მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე», ვაჟა ადამია.
    იგი პირველად 1989 წელს, აფხაზეთში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ხოლო 1990 წლიდან ზვიად გამსახურდიას უახლოესი თანამებრძოლი გახდა.
    ვაჟა ადამია იყო «მრგვალი მაგიდის» ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი და, გარკვეულწილად, მისი ძალისმიერი დასაყრდენიც. უკვე მაშინ, 1990 წელს, მერაბ კოსტავას საზოგადოება ქმნიდა შეიარაღებულ ფორმირებებს - სამაჩაბლოში მოსახლეობის დასაცავად.
    სწორედ იმის გამო, რომ ვაჟა ადამია ძალას წარმოადგენდა, იგი ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ოპონენტებისა და პირადი მტრების, გია ჭანტურიასა და ჯაბა იოსელიანის სიძულვილის საგნად იქცა. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რესტორან «თბილისიდან» მხედრიონელებმა ვაჟა ადამია ძალით მიიყვანეს «მხედრიონის» შტაბ-ბინაში, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. იმავე ღამეს, შეიარაღებულ პირთა ჯგუფი თავს დაესხა «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» შტაბ-ბინას და დაარბია იგი. ძალისმიერი ზემოქმედება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, - «ქუჩის ოპოზიციის» აქტივობა დროებით შეჩერდა და არც განახლებულა მანამ, სანამ არ მოხდა განხეთქილება თვით «მრგვალ მაგიდაში».
    ეს განხეთქილება კი თენგიზ კიტოვანისა და თენგიზ სიგუას ამბიციურობამ, აგრეთვე, ზვიად გამსახურდიას მოუთმენლობამ განაპირობა. «ეროვნული გვარდია» იმთავითვე (1992 წლის იანვარშივე) იქცა შეიარაღებულ ხროვად, რომელიც მხოლოდ «ქურდულ კანონებს» ცნობდა და არავის ემორჩილებოდა - კიტოვანის გარდა.
    ვაჟა ადამია იმ პერიოდში უზენაესი საბჭოს «საკანონმდებლო და მართლწესრიგის» კომისიას ხელმძღვანელობდა. მან გადაწყვიტა ჩარეულიყო გვარდიის საქმეებში და შეემოწმებინა იქ არსებული მდგომარეობა. ამან კიტოვანის აღშფოთება გამოიწვია და «სარდალმა» პრეზიდენტს მოსთხოვა: ან მე, ან ვაჟა ადამია!
    გამსახურდიამ კიტოვანი არჩია და ამით უმძიმესი, (თუმცა, შესაძლოა გარდაუვალი) შეცდომა დაუშვა: ვაჟა ადამია სამუდამოდ განაწყენდა და განუდგა პრეზიდენტს, რომელმაც მას არ დაუჯერა კიტოვანის შეფასებაში.
    ზვიად გამსახურდიას დამხობა, ამის შემდეგ, ფაქტობრივად გარდაუვალი გახდა, ვინაიდან ვაჟა ადამიას შეიარაღებულმა ფორმირებებმა (გვარდიის შემდეგ ერთადერთმა ანგარიშგასაწევმა სამხედრო ძალამ) არა თუ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, არამედ ოპოზიციასაც კი მიემხრო.
    ვაჟა ადამიას პოლიტიკური ნიჭიც აღმოაჩნდა. ყოველ შემთხვევაში, იგი ყოველთვის ზუსტ პროგნოზს აკეთებდა და 1992-1995 წლებში არსებულ პარლამენტშიც ღირსეული პოზიცია ეკავა. ვაჟა ადამია იყო ერთადერთი იმ დროს მოქმედ პოლიტიკოსთა შორის, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ «გასაღები ვერ მოარგო». არადა, სახელმწიფოს მეთაური ადამიასთან დაახლოებას ნამდვილად ცდილობდა და მისი თავმოყვარეობისთვის მაამებელ ჟესტებსაც აკეთებდა.
    1995 წლის 5 ნოემბრის არჩევნების შედეგად, ვაჟა ადამია პარლამენტს გარეთ აღმოჩნდა. მაგრამ იგი იყო ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა «ძველი ელიტიდან» რომლის ღირსებას ამ მარცხმა, ფაქტობრივად, ვერაფერი დააკლო.
    ვაჟა ადამია, განსხვავებით სხვა «ჭყიპინა» პოლიტიკოსებისაგან, უაზრო ლაყბობაში დროს არასდროს ხარჯავდა. იგი ყოველთვის დინჯად აფიქსირებდა თავის პოზიციას და არ ცდილობდა უხამს აყალ-მაყალსა და ცემა-ტყეპაში ჩარევას, რადგან იცოდა და დღესაც იცის: პოლიტიკაში ყველაფერს წყვეტდა, წყვეტს და კვლავაც გადაწყვეტს ძალა. ძალას კი იაფფასიანი პოპულიზმი არ სჭირდება.

«მერიდიანი», 14 მაისი, 1995 წელი.