რა უნდა ჩვენგან პრიმაკოვს?

რა უნდა ჩვენგან პრიმაკოვს?

        ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, უილიამ ოდუმმა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ევგენი პრიმაკოვი მოთმინებიდან გამოიყვანა
        ცნობილი ბრალდება «ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის თაობაზე», ყოფილ პლეხანოველს «აღმაშფოთებლად მიაჩნია», ვინაიდან თავს იოტისოდენად არ გრძნობს დამნაშავედ. ამიტომ პარასკევ საღამოს, რუსეთში საქართველოს ელჩთან სატელეფონო საუბარში, მას შემდეგ, რაც «აღშფოთების გამოხატვა» დასრულდა, «მეგობრულად სთხოვა» მალხაზ კაკაბაძეს სასამართლოში ეჩივლა.
        პრიმაკოვის თქმით, იგი მზად არის ნებისმიერ სასამართლოში დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; თუმცა გაუგებარია, კონკრეტულად ვის გულისხმობდა იგი «მომჩივანში» – ალბათ, ედუარდ შევარდნაძეს, როგორც დაზარალებულს.
        სწორედ ეს მომენტი იწვევს ეჭვს – რატომ უნდა იჩივლოს სასამართლოში საქართველომ? თუ ლაპარაკია დამნაშავის დასჯაზე – ბუნებრივია, სასამართლოში ჩივილს აზრი არა აქვს, ვინაიდან რუსეთის ყოფილ «მთავარ მზვერავს» (საგარეო დაზვერვის შეფს), ჩვენს გამო რუსები არ დასჯიან; თუნდაც დარწმუნებულნი იყვნენ პრიმაკოვის ბრალეულობაში.
        «საერთაშორისო სასამართლო» ასეთ საქმეებს არ განიხილავს - მაშინ ჯერ პრიმაკოვი ძებნილად უნდა გამოცხადდეს, მისი დაპატიმრების სანქცია გაიცეს, დააპატიმრონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს საქმის განხილვა;
        ვინ შეაბამს «კატას ეჟვანს»? რა თქმა უნდა, მხოლოდ «ჭეშმარიტებისადმი» ერთგულებით ამას ვერავინ გაბედავს – საეჭვოა, გამოცდილ ჩეკისტს, ევგენი პრიმაკოვს რაიმე რეალური საბუთი დაეტოვებინა; დაპატიმრებულ ტერორისტთა ჩვენებები ან იგორ გიორგაძის სატელეფონო საუბრები კი ასეთი საბუთი არ არის.
        ხოლო თუ პრიმაკოვი გულისხმობდა არა კრიმინალურ სასამართლოს, არამედ «ღირსების დაცვის» პროცესს (ანუ პასუხისგებას შეურაცხყოფისა და ცილისწამებისათვის), მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა იჩივლოს სასამართლოში ქართულმა მხარემ? იჩივლოს თავად ევგენი პრიმაკოვმა, თუ თავი შეურაცხყოფილად მიაჩნია. მაგრამ, როგორც ჩანს, თვითონ არ სურს ჩივილი, რაკი ამ საქმის გახსენება არ სურს. ნებისმიერ შემთხვევაში, სკანდალი ამ თემაზე მისთვის წამგებიანია. ოღონდ არა იმის გამო, რომ რუსეთში «ქულებს დაკარგავს» - როგორ გეკადრებათ! რუსეთში, პირიქით, ეს ამბავი მხოლოდ პოპულარობას შესძენს,. სამაგიეროდ, დასავლური ისტებლიშმენტი მეტი სიფრთხილით მოეკიდება ტერორისტების მფარველთან და ტერაქტების ორგანიზატორთან ურთიერთობას; შეიქმნება ერთგვარი ნეგატიური ფონი, რომელსაც პრიმაკოვი დასავლეთში ვერ დაძლევს; მისი იმიჯი ისედაც შელახულია ველიკოდერჟავული ამბიციებითა და ტოტალიტარული რეჟიმებისადმი მხარდაჭერით ბალკანეთსა თუ აღმოსავლეთში.
        «შევარდნაძეზე თავდასხმის» ისტორიას პრიმაკოვის საწინააღმდეგოდ აქტიურად გამოიყენებს დასავლური პრესა (უკვე იყენებს კიდეც). გარდა ამისა, ბორის ელცინის დაჯგუფებამ პრიმაკოვი აშკარად დაადანაშაულა «ტერორისტობაში» და საბაბად სწორედ ეს ისტორია გამოიყენა. ბორის ბერეზოვსკის «ტელებატარეებმა» (მაგალითად, ორტ-მ, სხვადასხვა გაზეთმა და ა.შ.) უკვე «დაბომბეს» პრიმაკოვი. უმალვე გამოაძვრინეს თაროდან ექსპრემიერმინისტრის ცნობილი შხამიანი «ხუმრობა»: «მითხარით გეთაყვა, ეს ნაღმსატყორცნი თუ გახვრეტს ჯავშნიან მერსედესს?» - ბუნებრივია, პრიმაკოვმა ასე თამამად იმიტომ იხუმრა ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის მეორე დღეს, რომ იცოდა, ამგვარი «ანგლობა» რუსეთში პოპულარობას შემატებდა, მაგრამ მაშინ აშკარად მთვრალი იყო და ის ვერ გაითვალისწინა, რა რეაქციას გამოიწვევდა ყოველივე რუსეთში - «ქულების» ნებისმიერ ფასად დაწერის სანაცვლოდ.
        პრიმაკოვმა მიიღო შერყვნილი იმიჯი დასავლეთში, მისცა მოწინააღმდეგეებს საკმაოდ ძლიერი არგუმენტი თავის წინააღმდეგ.
        თუ გავითვალისწინებთ დასავლეთზე რუსეთის ამჟამინდელი დამოკიდებულების ხარისხს, ასეთი იმიჯი შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ამ ქვეყანას; პრიმაკოვი ჭკვიანი კაცია და ეს იცის – ამიტომ ჩვენივე დახმარებით შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას.
        მას აშკარად ეგონა, თუ საქართველოს ელჩს დაურეკავდა და სასამართლოში ჩივილს ურჩევდა – საპასუხოდ «რუსეთის მომავალი პრეზიდენტის» გულის მოსაგებად, ოფიციალური თბილისი თვითონ დაიწყებდა პრიმაკოვის «გათეთრებას» - დაარქმევდა ამერიკელი გენერლის განცხადებას «აბსურდს», მოჰყვებოდა, «როგორ გეკადრებათ, პრიმაკოვი ამას როგორ იზამდაო» და ასე შემდეგ;
        ანუ პრიმაკოვს უნდოდა, ქართულ მხარეს თვითონ მოეხდინა ზემოხსენებული სენსაციური განცხადების დეზავუირება. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი, მხდალი რეაქცია – პლეხანოველმა ჟენკამ ზუსტად გათვალა ქართული ელიტის ფსიქოლოგია და ის გარემოებაც, რომ ელჩთან მისი სატელეფონო საუბრის დეტალებს ქართული საზოგადოების გარდა ვერავინ გაიგებდა (მიაქციეთ ყურადღება – ასეც მოხდა), სამაგიეროდ თბილისის თავგადაკლული უარყოფა უმალვე მიიპყრობდა დასავლეთის ყურადღებას.
        მაგრამ, საბედნიეროდ, ოფიციალურმა თბილისმა ამ შემთხვევაში იეშმაკა და არაფერიც არ უარყო, არც დაუდასტურებია, მაგრამ არც ტანისამოსი შემოუხევია -–პრიმაკოვი ამას როგორ იკადრებდაო.
        სხვათა შორის, პრიმაკოვი სულაც რომ არაფერ შუაში იყოს, მისი «ხუმრობა» უკვე შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკისათვის დაუშვებელ თავხედობად და ტერორიზმის გამართლებად – ნაცვლად დაგმობისა.
        თუმცა, ამ «ხუმრობამ» «სპეკულანტი გრუზინებისადმი» ტრადიციული სიძულვილით განმსჭვალულ რუსულ საზოგადოებაში მას პრემიერ-მინისტრობა მოუტანა;
        სამაგიეროდ, ერთგვარი «კომპლექსი» მაინც ექნება თუ პრეზიდენტი გახდა, - რაც საქართველოსათვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს: მტრობის ყოველგვარ გამოვლინებას დასავლეთი ხომ «ტერორისტობის დადასტურებად» ჩათვლის.

მერიდიანი, 25 ოქტომბერი, 1999 წელი