რა ხდება «ნაციონალურ მოძრაობაში»?

რა ხდება «ნაციონალურ მოძრაობაში»?

        2 ივნისის არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებს ცუდი დღე დაადგათ.: წარმატება და მიღებული ხმები მათთვის, თითქოსდა, უბედურებად იქცა. ყოველ შემთხვევაში, თბილისის საკრებულო დღემდე ვერ შეიკრიბა, ხოლო ლეიბორისტულ პარტიასა და «ნაციონალურ მოძრაობაში» რღვევის პროცესები დაიწყო. ავთანდილ ტყებუჩავას გასვლა შალვა ნათელაშვილის პარტიიდან საბოლოოდ დაასუსტებს «მშრომელთა პარტიას», ვინაიდან, ავთანდილ ტყებუჩავა იყო ერთადერთი საჯარო პოლიტიკოსი ამ პარტიაში _ ნათელაშვილის გარდა.
        აქედან გამომდინარე, შეიძლება ისეც მოხდეს (ამის ალბათობა საკმაოდ დიდია), რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში განმეორდეს 1998-1999 წლების ვითარება, როცა ლეიბორისტებმა ტრიუმფით მოიგეს თბილისში «ადგილობრივი არჩევნები», მაგრამ «საერთო ეროვნულ არჩევნებში» 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს და ამის მიზეზი მხლოდ გაყალბება არ ყოფილა.
        მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თუ შალვა ნათელაშვილის პარტიისთვის, 1995 წლიდან (მაშინ მას სხვა სახელი ეწოდებოდა), ამგვარი პერტრუბაციები უკვე სავსებით ჩვეულია, ანუ განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს, მიხეილ სააკაშვილისთვის მის პოლიტიკურ კოალიციაში დაწყებული განხეთქილება, შესაძლოა, პირველ სერიოზულ მარცხად იქცეს.
        სააკაშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური მოღვაწეობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც გადადგა იუსტიციის მინისტრობიდან. მაშასადამე, თუ იგი კოალიციის («ნაციონალური მოძრაობის») შენარჩუნებას ვერ შეძლებს, მისი ქარიზმა სერიოზულად გახუნდება, რაც შესაბამისად აისახება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
        თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზაცია, რომლის «არაფორმალური ლიდერიც» იგი უდავოდ იყო, არ წარმოადგენდა პარტიას, კლასიკური გაგებით. ეს გახლდათ უფრო «პარტიათა კოალიცია», რისი დაშლაც შესაძლებელია თუნდაც ერთი სუბიექტის ჩამოშორებით. ამჯერად საუბრობენ რეზო შავიშვილის გადაწყვეტილებაზე, აღადგინოს «დასი» და ამით კიდევ ერთი, სრულიად უპერსპექტივო «ჯუჯა პარტია» შექმნას. თუ პარტიას შავიშვილი სხვა კოალიციასთან შესაერთებლად ქმნის, მაშინ მისი საქციელი კიდევ უფრო გაუგებარია, ვინაიდან, «ნაციონალურ მოძრაობაზე» უფრო შეთავსებად და, იმავდროულად, პერსპექტიულ კოალიციას შავიშვილი ვერ მოძებნის. დამოუკიდებლად კი მას არავითარი მომავალი არა აქვს, ყოველ შემთხვევაში, თუ პარლამენტში მოსვლაზე ფიქრობს და არა «საზოგადოებრივ ორგანიზაციად» ჩამოყალიბებაზე, რაც ძალზე საეჭვოა.
        საერთოდ, 1990 წლიდან დაწყებული, ქართულმა პოლიტიკამ დაადასტურა, რომ, მეტისმეტად ხშირად, «მრავალმნიშვნელოვანი დუმილი» მხოლოდ დუმილია და სხვა არაფერი, ანუ მის მიღმა ბევრი არაფერი იმალება. ეს უშუალოდ ეხება რეზო შავიშვილსაც, რომელიც უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში (სანამ სააკაშვილთან იყო), აგრეთვე, უაღრესად «მრავალმნიშვნელოვნად დუმდა», ასევე მდუმარედ წავიდა კოალიციიდან და უახლოეს მომავალში «მდუმარედ» გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან, რის შემდეგაც მისი «მრავალმნიშვნელოვანი» დუმილი ისევე კომიკურად იქცევა, როგორც იმ საზოგადო მოღვაწეს დაემართა, ვისი ნდობით აღჭურვილი პირიც» დიდი ხნის წინათ რეზო შავიშვილი იყო.
        ასეა თუ ისე, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის წასვლამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ მართავს პროცესებს კოალიციაში, რაც სერიოზულად დააზარალებს მის ქარიზმას, მით უმეტეს, თუ რეზო შავიშვილს სხვებიც მიჰყვებიან. უკვე სხვა გვარებსაც ასახელებენ, თუმცა, სანამ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა, იგი შეიძლება, ჭორად მივიჩნიოთ.
        თვით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სტილიდან გამომდინარე, მარტო დარჩენილი (სხვა გამოკვეთილი ფიგურების გარეშე) იგი სერიოზულად დასუსტდება, ან იძულებული გახდება, კლასიკური სახის პარტია შექმნას, ეს კი არც ისე ადვილია.
        ზურაბ ჟვანიას, ამ თვალსაზრისით, მეტი გამოცდილება აქვს.

დილის გაზეთი, 12 აგვისტო, 2002 წელი