რატომ არა აქვს აზრი საქართველოში პოლიტიკაზე კამათს?

რატომ არა აქვს აზრი საქართველოში პოლიტიკაზე კამათს?

მეგობარმა მომწერა ამერიკიდან:

`შენ რომ წერ, საქართველოში პოლიტიკაზე დისკუსიას აზრი არა აქვს, მაინც ვერ გადაარწმუნებო....არც ამერიკაში აქვსო აზრი, იმიტომ, რომ ვინც `დემოკრატია` ის დემოკრატად დარჩება, ვინც `რესპუბლიკელია` და ტრამპისტია, ის მაინც რესპუბლიკელად და ტრამპისტად დარჩებაო.

კი, ასეა.....უმეტესწილად, ოღონდ.....განსხვავება იცით რა არის?

ამერიკაში (ან ევროპაში) თუ ჩაეძიებით და უფრო `ღრმად` ჩახვალთ, ამ არჩევანის სირღმისეულ შრეში აუცილებლად აღმოაჩენთ კონკრეტულ ინტერესს(!).

და ეს ინტერესი არ არის მაინცდამაინც მატერიალური, თუმცა პირველ რიგში მაინც მატერიალურია რასაკვირველია - სოციალური მდგომარეობა, შემოსავალი, სოციალური აქტივობის და ფუნქციონირების ჩვევანი, სივრცენი, ურთიერთქმედებანი, პერსპექტივანი, სოციალური კლასტერები, ნიშანი და ა.შ.

მაგრამ იქვე არის სხვა კატეგორიის მოტივაცია ოღონდ ისიც კონკრეტული მოტივაციაა: აფროამერიკელი და `ლათინოსი` უფრო დემოკრატებს აძლევს ხმას ტრადიციულად (აბსოლუტურად გასაგები მიზეზების გამო), ხოლო WASP (white, anglo saxon, protestant) უფრო ტრამპს და რესპუბლიკელებს.

ან/და ის, ვისაც სახელმწიფო პატერნალიზმის გაძლიერება აწყობს (!) - დემოკრატებს, ხოლო ის, ვისთვისაც სახელმწიფოს როლის შემცირებაა ხელსაყრელი და გასაგები (!) - რესპუბლიკელებს.

დეტროიტელი მუშა თავგადაკლული ტრამპისტი იმიტომაა, რომ ამერიკული მანქანათმშენებლობის ეს გენიალური ინდუსტრიული ქალაქი 1970-იანი წლებიდან იაპონური `მცირელიტრაჟებიანების` იმპორტმა დაანგრია, ვირთხების საბოგანოდ აქცია, ტრამპი კი ჰპირდება: საკუთარ ბაზარს დაიცავს ექსპორტისგან, ქარხნებს ჩინეთიდან ამერიკაში დააბრუნებს და მის სამშობლო-ქალაქს ააღორძინებს....... და ა.შ და ა.შ.

ეს ამერიკაში და ევროპაშია `ასე`.

აი საქართველოში კი.....ამ ქვეყნის ერთერთი თავისებურება (და პათოლოგია!) რასაც 35 წელია ვაკვირდები ისაა, რომ პოლიტიკური არჩევანი, პოლიტიკური მიკერძოება ვერავითარი რაციონალური კონკრეტული მოტივაციით ვერ იხსნება.

რანაირად `ღრმადაც` არ უნდა ჩახედო.....ვერ იპოვი კორელაციებს რა.....

კიდევ უფრო მეტი და ორგზის უარესი: მე ვიცნობდი და ვიცნობ ადამიანებს, ვინც აბსოლუტურად ყველა ხსენებული ინდიკაციით, ელემენტარული ლოგიკიდან და განსჯიდან გამომდინარე, `ამის` თავგადაკლული მომხრე უნდა ყოფილიყო და რეალურად, თვალებს დაგთხრის` იმდენად `იმის მომხრეა`.

სამგზის უარესი: ვიცნობდი და ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც `ორჯერ-ორის` კალკულაციით პიროვნულად, ოჯახისმიერად, ყოფისმიერად, პერსპექტიულად, სტაბილურად ან `ცვალებადობისეულად` და მისივე ფუნდამენტური ცხოვრებისეული ინტერესებიდან გამომდინარე, `იმის` მომხრე უნდა იყოს და მაინც `ამის` მომხრეა. ან პირიქით.

თან უმრავლეს შემთხვევაში ისე, რომ არც `იმას` დაუშავებია რამე (ზოგჯერ პირიქით) და არც `ამას` მოუტანია რაიმე სიკეთე მისთვის და მისი ოჯახისთვის.

სხვაგვარად თუ ვიტყვით... რაღაცას რომ აიკვიატებს......მორჩა!...აი სადგისს რომ იყრიან ხოლმე უადგილო ადგილას. ვერ გადაარწმუნებ, -

გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა! 

ნუ, გასაგებია ახლა რასაც მეტყვიან: `ღირებულებები` და რამე..... მაგრამ არ დაიჯეროთ, თითქოს ღირებულებებს ნორმალურ ქვეყანაში რაციონალური ახსნა არ გააჩნიათ. დემოკრატიულ და ელექტორალურ კონტექსტში დიახაც რომ `გააჩნიათ`.

ასე მუშაობს დემოკრატია ყველა ქვეყანაში. სხვაგვარად ის დიდებული ცივილიზაცია ვერ ჩამოყალიბდებოდა.

(აქვე: ზოგს `ღირებულებები` - `მიყვარს-არმიყვარს` ჰგონია. ეს ხომ საერთოდ ტოტალური პათოლოგიაა.)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოკლედ...ტრაგიკომედიაა რა....ოღონდ ისეთი, ზოგჯერ სისხლიან ჰორორ-კომედიაში რომ გადაიზრდება (ხოლმე)

ამიტომ ამ ქვეყანაში (საბოლოოდ ვამბობ და ჩემი მხრივ ვწყვეტ!) პოლიტიკაზე კამათს აზრი არა აქვს (წერტილი)

აბა `რწმენის სიმბოლოსთან` როგორ და რატომ უნდა იკამათო, თუ თავად არა ხარ პათოლოგი და მანიაკი?

დათო