რატომ აშენებს მიშა ლაზიკას?

რატომ აშენებს მიშა ლაზიკას?

    საქართველოს პრეზიდენტი სულ უფრო ხშირად საუბრობს ქალაქ ლაზიკაზე. შეიძლება ითქვას, „მომავლის ქალაქი“ მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი თემა გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არასდროს (ან თითქმის არასდროს) არაფერს აკეთებს და ამბობს საზოგადოებრივი რეაქციის „დატესტვის“ გარეშე, შეიძლება მაღალი ალბათობით დავასკვნათ, რომ ეს თემა კარგად „იტესტება“. არა იმ აზრით, რომ ყველას მოსწონს, ან 500 ათასიანი ქალაქის აშენება მოსახლეობის უმრავლესობას რეალურად მიაჩნია. ამ შემთხვევაში „კარგად იტესტება“ იმას ნიშნავს, რომ იგი ინტერესს იწვევს (!) - ამ თემაზე მსჯელობენ, ზოგჯერ კამათობენ, კრიტიკულ აზრს გამოთქვამენ, თუნდაც ანეგდოტებს ყვებია და ა.შ.
        აი, ზოგიერთ სატელევიზიო გადაცემაში რომ არის ხოლმე ინტერაქტიული რეიტინგები - კარდიოგრამის მსგავსი - იმის გასარკვევად, რესპოდენტის თუ დისკუსიაში მონაწილის რომელმა გამონათქვამმა გამოიწვია მსმენელის ან მაყურებლის ყველაზე დიდი ინეტრესი. „ინტერესი“ ჯერ კიდევ არ ნიშნავს მოწონებას, მით უმეტეს თანხმობას. შეიძლება საერთოდაც არ ნიშნავდეს ამას, ანუ უმრავლესობას არ სჯეროდეს, არ ეთანხმებოდეს და ა.შ. „ინტერესი“ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ინტერესს მეტს არაფერს. მაგრამ როდესაც ხელისუფლების ესა თუ ის ინიციატივა თუნდაც ინტერესს იწვევს, - ეს უკვე მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ეს უკვე სერიოზული წარმატებაა.
        სააკაშვილმა (შევარდნაძის გამოცდილებით) იცის, რომ ყველაზე უარესი ისაა, როდესაც ხელისუფლების ინიციატივები უკვე აღარავის აინტერესებს. თუ გახსოვთ, „კომპიუტერული რევოლუციის“, „ციფრული განხეთქილების“ და „კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ იდეა პირველად, 2002 წელს, ედუარდ შევარდნაძემ გამოთქვა. გახსოვთ? არ გახსოვთ! არ გახსოვთ იმიტომ, რომ არავინ დაინტერესდა. რეაქცია იყო აბსოლუტურად გულგრილი. უფრო ზუსტად, საერთოდ არ იყო.
        სააკაშვილი კი ლაპარაკობს ლაზიკაზე და ეს ინტერესს იწვევს. ამ ეტაპზე მას სხვა მიზანი არც აქვს. რაც შეეხება იმას, რამდენად რეალურია ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენება - სულ სხვა საკითხია. მაგრამ დავაკვირდეთ ერთ უცნაურობას: უფრო ხშირად მსჯელობენ არა იმაზე, თუ როგორ აშენდება ამოდენა ქალაქი მისი გზებით, კვარტლებით, კორპუსებით, ცათამბჯენებით, ხიდებით, ესტაკადებით და საიდან მოიტანს ხელისუფლება ამოდენა სახსრებს, არამედ იმის შესახებ, თუ „ვინ იცხოვრებს იქ“ და „სად იპოვის“ პრეზიდენტი ნახევარ მილიონ ქართველს, რომელიც ლაზიკაში გადასახლდება.
        ამ საინტერესო რეაქციის თაობაზე ქვემოთ. ახლა კი, სანამ საგნობრივ მსჯელობას დავიწყებდეთ, გავითვალისწინოთ, რომ „მზის ქალაქი“ (იგივე „მზიური“) ევროპული, მაშასადამე საკაცობრიო აზროვნების განუყოფელი ნაწილია. გავიხსენოთ თუნდაც ტომაზო კამპანელა. მართალია იტალიელი მოაზროვნე „მზიურს“ სოციალური სამართლიანობის დისკურსში უფრო განიხილავდა, მაგრამ ამჯერად ეს არ არის არსებითი. საგულისხმოა, რომ ამ იდეამ თავის დროზე ლამის მთელი ევროპა შეძრა და უმნიშვნელოვანეს სააზროვნო მიმართულებებს დაუდო სათავე. ებრაელ ერსაც აქვს ამგვარი ხატი: „ბრწყინვალე ქალაქი მთაზე“. ოღონდ ეს უკვე სხვა შინაარსის ხატია და იერუსალიმზე ოცნებას უფრო უკავშირდება. მაგჰრამ ამ ორ „ქალაქს“ საერთო მსაზღვრელი აქვთ: „ურბანიზმი“, როგორც იდენტობის, თავისუფლების და ბედნიერების მთავარი პირობა
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ძნელი სათქმელია, აცნობიერებს თუ არა ამას თვით მიხეილ საააკშვილი, მაგრამ ლაზიკა, როგორც „მზიური“ ან „კაშკაშა ქალაქი მთაზე“ მის მენტალურ ურბანისტობას ამჟღავნებს. სააკაშვილი, ისევე როგორც მთელი მისი გუნდი, - რამდენიც არ უნდა ლანძღოს ვაკე - ვერა - საბურთალო - „ქალაქელია“ იმ გაგებით, რომ სწორედ და მხოლოდ ქალაქი მიაჩნიათ საკუთარი იდენტობის მსაზღვრელად, რაკი ქალაქი პიროვნული თავისუფლების და ინდივიდუალიზმის არა მხოლოდ სიმბოლო, არამედ გარანტია.
        ამ მენტალობის ადამიანისათვის უბრალოდ წრმოუდგენელია როგორ უნდა იცხოვრო და იყო ბედნიერი სადმე სხვაგან და სხვა პირობებში, გარდა ქალაქისა - მისი ხმაურიანი ქუჩებით, სოციალური მობილობითა და კომფორტით. პასტორალური სიუჟეტები კი მასში დეპრესიას იწვევს.
        ასეთი ურბანისტები საქართველოში ბევრია. უფრო მეტიც: გავბედავ ვთქვა, რომ ჩვენი ეროვნული ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, უკვე უმრავლესობაცაა და ეს არ აიხსნება მოლოდ სოფელში სათანადო პირობებისა და კომფორტის არარსებობით. მახსოვს, ერთი ნაცნობი თბილისელი მიყვებოდა: ვიღაც გიჟი ამერიკელი მხატვარი ჩამოსულა კახეთში ნიუ იორკიდან, იქ სამუდამოდ დასახლდა და სულ ხატავსო. მეზობლები დასცინიან თურმე: „ქალაქში ბინა მქონდეს და სოფელში როგორ ვიცხოვრებ ტო?“
        ეს რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის, ასე ვთქვათ, „მენტალურ იმპულსს“, რამაც მას ლაზიკის იდეა გამოთქმევინა, თუმცა ეს თემა მაინც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ჩანს და ბევრად უფრო სერიოზულ პროექტებს უკავშირდება. თავიდანვე უნდა უარვყოთ მოსაზრება, თითქოს მიშამ ეს ისე, - სიტყვისა და ფრაზის მასალად თქვა და ამ ინიციატივას არაფერიც არ მოჰყვება. ანუ უბრალოდ თქვა, მაგრამ ხვალ დაავიწყდება და ისე მოიქცევა, თითქოს არც უთქვამს.
        გამორიცხულია! - ამგვარი რამ სააკაშვილის სტილს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პირიქით, მთელი მისი პრეზიდენტობა ადასტურებს, რომ თუ ერთხელ იტყვის, აუცილებლად შეეცდება (შეეცდება მაინც!) ნათქვამი შეასრულოს. ბევრი დარწმუნებულია, მაგალითად, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის სხდომის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთხელ წამოცდა: „26 მაისს პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში გაიმართებაო“. ანუ შეეშალა და წამოცდა, მაგრამ რაკი თქვა, უკვე ყველაფერს აკეთებს, რათა სხდომა მართლაც გაიმართოს 26 მაისს. თუნდაც მხოლოდ პლენარული სხდომების დაბაზი იყოს მზად და მთელი შენობა კი - დაუსრულებელი.
        ანუ, მართლაც გამორიცხულია, სააკაშვილი „ლაზიკაზე“ ისე ლაპარაკობდეს, რომ საერთოდ არაფრის გაკეთებას არ აპირებდეს. „რაღაცას“ ნამდვილად აპირებს კოლხეთის დაბლობზე. საკითხავია რას და რატომ, რა მიზნით.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        „ლაზიკის“ რაობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მათგან ყველაზე გავრცელებული ორია.
        პირველი: სააკაშვილი ნამდვილად ააშენებს, მაგრამ ააშენებს თურქებისთვის, ირანელებისთის, ნაწლობრივ სომხებისთის, რომლებიც იმ ქალაქში იცხოვრებენ.
        მეორე: სააკაშვილი ააშენებს სახლებს ამერიკელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საქართველოში დასახლდებიან ანუ ლაპარაკია სამხედრო ბაზაზე და არა ქართულ ქალაქზე.
        ისევ და ისევ მიაქციეთ ყურადღება: ორივე შემთვევაში ეჭვს არ იწვევს, რომ სააკაშვილი „რაღაცას“ იქ ნამდვიალდ ააშენებს, ანუ მისი განცხადებები ლიტონი სიტყვები არ არის. უბრალოდ, ქართველებისთვის კი არა აშენებს, არამედ . . . თურქებისთვის, ან ამერიკელი რეინჯერებისთვის და ა.შ.
        მაინც რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში? ორი ზემოთხსენებული ვერსია სერიოზული დისკურსისთვის არ გამოდგება. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ლაზიკის პროექტი უფრო იმ სიტუაციას უკავშირდება, რაც საქართველოში სოფლად, მათ შორის სოფლის მეურნეობაში შეიქმნა. ნურავინ იჩქარებს „ეს რა შუაშიაო“. შუაში კი არა თავშია!
        ეჭვი არ მეპარება, რომ ლაზიკის ლამაზი პანორამის მიღმა ქართული რეფორმების მთავარი იდეოლოგის და ნამდვილი ავტორის, კახა ბენდუქიძის ვეება აჩრდილი იმალება. როგორც ცნობილია, ბენდუქიძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო სოფლის მეურნებისთვის სახელმწიფო დოტაციების განოყოფისა. თანაც, არა მხოლოდ და არა იმდენად იმ მოსაზრებით, რომ სახელმწიფო დოტირება და პატერნალიზმი ეწინააღმდეგება საბაზრო ლიბერალური ეკონომიკის კანონებს, არამედ უფრო ღრმა და შორსმიმავალი საზრისით: ბენდუქიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული კატასტროფული სიტუაციის მთავარი მიზეზი არა სახელმწიფოს მხრიდან დოტაციებზე უარის თქმა, არამედ ის გარემოებაა, რომ ქართველები ბუნებით ურბანისტებად ჩამოვყალიბდით და მიწაზე შრომა გვეზიზღება.
        არგუმენტად მოჰყავთ, რომ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც სომხური და აზერბაიჯანული თემები ცხოვრობენ, რატომღაც, ყოველგვარი სახელმწიფო დოტაციის გარეშეც, სოფლის მეურნეობა ბევრად უფრო წარმატებულია. ყოველ შემთვევაში, მათ მიწაზე შრომა არ რცხვენიათ და არ ეხამუშებათ; მაშინ როდესაც ქართველებს შორის მასობრივია შემთხვევა, როდესაც ბარაქიანი მიწის პატრონი ამ მიწაზე არსებულ მამა-პაპეულ სახლს აგირავებს (იმავე აზერბაიჯანელზე, ვთქვათ გარდაბანში), „მერსედესს“ ყიდულობს და თბილისში „ტაქსაობს“, - ოღონდ კი მიწაზე ხელი არ გაისვაროს და „გლეხი“ არ ეწოდოს.
        „შესაბამისად - ამბობენ და აგრძელებენ მსჯელობას ბენდუქიძისტები - სოფელი მძიმე დეპრესიამ მოიცვა: ქართველებს მიწაზე შრომა ეზიზღებათ, მაგრამ არც ქალაქში წასასვლელი აქვთ, რადგან არსებული საქალაქო ინფრასტრუქტურა ყველა მსურველს ვერ დაიტევს“. მეორეს მხრივ, სოფელად, ჯერ-ჯერობით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, ანუ მცირემიწიანობა პრობელმად რჩება, ეს კი (მცირემიწიანობა) სოფლის მეურნების მთავარი მტერია: თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს: წარმატებულია მხოლოდ ის მეურნეობა, რომელიც დიდ მიწათმფლობელობას ანუ ლატიფუნდიებს ეყრდნობა.
        თუ ამ მოსაზრებას „გადმოვთარგმნით“, ასეთ სურათს მივიღებთ: სასოფლო მეურნეობები ატომიზებულია, ანუ წვრილ-წვრილ გლეხურ მეურნეობადაა დაშლილი, რომელთაც საკუთარი მფლობელების გამოკვების უნარიც არა აქვთ., მით უმეტეს ტექნოლოგიურად განუვითარებელი და ნაკლებად უზრუნველყოფილი მეურნეობის პირობებში, როდესაც მთავარი გამწევი ძალა არა ტექნიკა, არამედ იგივე მამა-პაპეული ხარია. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ დასავლეთ საქართველოში. ადამიანებს წასასვლელი არა აქვთ, მაგრამ არც თავის პატარა მიწის ნაკვეთებს ელევიან.
        როგორ მოვიქცეთ? - კითხულობს ქართული რეფორმების მამამთავარი - და თავად პასუხობს: უნდა აშენდეს ქალაქი. ახალი ქალაქი! თანაც არა უბრალოდ ქალაქი, არამედ დიდი, მძლავრი ქალაქი, - მისი განვითარებული ინფრასტრუქტურით. სულ მალე, ქალაქის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, იგი უზრუნველყოფს სოციალურ მობილობას მაცხოვრებელთათვის, ანუ შექმნის სამუშაო ადგილებს - დაწყებული სახაჭაპურეებით და საპარიკმახეროებით, დამთავრებული მსხვილი წამოებით „არავის მიწებზე“. შესაბამისად, ეს ქალაქი „შეიწოვს“ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც სინამდვილეში ოცნებობს იცხოვროს ქალაქად და არა სოფლად. სოფლად კი წარმოიშობა ლატიფუნდიები, მსხვილი, მათ შორის ფერმერული მეურნეობები, რაც სტიმულს მისცემს ზოგადად, სოფლის მეურნების განვითარებას, რადგან მსხვილი მეურნეობა უფრო გაუწევს კონკურენციას თურქული და ირანული საქონლის ნიაღვარს. ზემოგება კი სოფელს პრესტიჟულობას დაუბრუნებს.
        ბუნებრივია, ეს მხოლოდ ჩვენი ვერსია და მოსაზრებაა. რამდენად შეესაბამება იგი რეალურად არსებულ პროექტს - მომავალი გვიჩვენებს. ისევე, როგორც მომავალი გვიჩვენებს განხორციელებადია თუ არა იგი საერთოდ. მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პასუხი კითხვაზე: „რა არის ალზიკა და რისთვის სჭირდება იგი საააკშვილს?“, სწოერდ აქ, ანუ ამ „მიდამოებში“ უნდა ვეძიოთ და არა მითიურ „თურქების ჩამოსახლებაში“ ან ამერიკული ბაზის გახსნაში.
        სინამდვილეში, თუ ბოლომდე გულწრფელნი ვიქნებით, გაუგებარი აქ მხოლოდ ისაა, სად იპოვის ხელისუფლება ინვესტორს, რომელიც მზად იქნება ნახევარმილიონიანი ქალაქის ასაშენებლად, მოსაწყობად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად აუცილებელი ათელობით მილიარდი დოლარი ჩადოს ლაზიკაში.
        ეს არის მხოლოდ საკითხავი, თორემ არავითარ ეჭვს არ იწვევს, რა პასუხს გასცემს დღეს ნებისმიერი სოფლად მცხოვრები ქართველი კითხვას: „ქალაქში რომ ბინა მოგცე და სამუშაოც გიშოვიო, იქ გადახვალ საცხოვრებლად თუ სოფლად დარჩენას და მიწაზე მუშობას ამჯობინებო?“. პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ კითხვას „სოფლის ბირჟაზე“ მდგომ უსაქმურებს დავუსვამთ, რადგან ისინიც „ქალაქის ბირჟას“ ამჯობინებენ. თუმცა . . . . . . ნამდვილი ქალაქი იმის ქალაქია, რომ ადრე თუ გვიან „ბირჟებს“ ანადგურებს. „თბილისის ბირჟის“ შესახებ (ადრე რუსთაველზე, - ლაღიძის წყლებთან რომ იყო) რამდენი ხანია აღარაფერი გსმენიათ?

2012