საქართველოს ფედერალიზაცია გარდაუვალია

საქართველოს ფედერალიზაცია გარდაუვალია

  

    გასულ კვირას საქართველოში «არაოფიციალური ვიზიტით» მყოფმა ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძასოხოვმა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტულობა აღიარა.
    რამდენად გულწრფელია ეს განცხადება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა» ფორმალური თვალსაზრისით საეჭვო არ ხდება. არც ერთ ქვეყანას, არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, ეს გარემოება საეჭვოდ არ მიაჩნია. ეს წვრილმანი არავის ეგონოს - ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
    აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» კუთვნილება უეჭველადაა მიჩნეული, მაშინ როცა მაგალითად, ყარაბაღის მიმართ ასეთი ერთსულოვნება როდია მიღწეული.
    რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანა აპირებს ცნოს «მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის» დამოუკიდებლობა - მიუხედავად აზერბაიჯანის უმწვავესი ნეგატიური რეაქციისა.
    თვით აფსუა და ოსი სეპარატისტებიც იძულებულნი არიან, ამ რეალობას ანგარიში გაუწიონ. არც ვლადისლავ არძინბას და არც ლუდვიგ ჩიბიროვს არასდროს უთქვამთ პირდაპირ, რომ ისინი საქართველოდან გამოყოფას აპირებენ. რასაკვირველია არა სეპარატიზმზე უარის თქმის გამო - უბრალოდ, შესანიშნავად ხვდებიან მსოფლიო თანამეგობრობის, კონფლიქტის მოწესრიგებაში ჩართული ყველა სუბიექტის შესაძლო ნეგატიურ რეაქციას და არ სურთ, წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
    ასეთი ვითარების შექმნა (თუმცა, იგი მეტწილად ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული) ქართული დიპლომატიის ერთგვარ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ; ოღონდ აქვე შევნიშნავ: ამ წარმატებას შეიძლება ბოლო მოუღოს ეგრეთ წოდებულმა «ჟენევის პროცესმა», ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, შვეიცარიის დედაქალაქში მიმდინარე მოლაპარაკებები «საგარეო საქმეთა მინისტრების» დონეზე - ამ მოლაპარაკებათა შინაარსის მიუხედავად, ჩვენთვის სრულიად მიუღებელ რეალობას აფიქსირებს. რეალობა კი პოლიტიკის ქვაკუთხედია.
    სწორედ რეალობიდან გამომდინარეობს ალექსანდრე ძასოხოვის განცხადებაც, - მიუხედავად იმისა, რომ თავად ძასოხოვს, რა თქმა უნდა, ერჩია «ორი ოსეთის გაერთიანებაზე» ესაუბრა.
    სხვათა შორის, ალექსანდრე ძასოხოვი არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ რუსულ ისტებლიშმენტშიც საკმაოდ გავლენიან პოლიტიკოსად მიაჩნიათ; ამდენად, მისი სიტყვები, გარკვეულწილად, ამ ისტებლიშმენტის აზრადაც შეიძლება ჩაითვალოს.
    ძასოხოვი გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატია და დიპლომატიურ ტექნოლოგიასაც უზადოდ ფლობს; როგორც ჩანს, ყოფილ «სამხრეთ ოსეთის» ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებით ნამდვილად მწიფდება გარკვეული კომპრომისი და არც ამ კომპრომისის არსის ამოცნობაა რთული: საქართველოს ხელისუფლება თანდათან ამზადებს საზოგადოებრივ აზრს იმისათვის, რათა მოხდეს უმნიშვნელოვანესი, თვისებრივი «გარღვევა» სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში: ნაცვლად ეგრეთ წოდებული «რთული უნიტარული სახელმწიფოსი» (სწორედ ასეთ სახელმწიფოთა რიგს განეკუთვნებოდა ჩვენი ქვეყანა დღემდე) - იგი იქცეს ფედერაციულ რესპუბლიკად, ოღონდ არა საქართველოს, აფხაზეთის, აჭარის და «სამხრეთ ოსეთის» ფედერაციად (რასაც მოითხოვენ აფსუა და ოსი სეპარატისტები, აგრეთვე, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, გარკვეული ძალები აჭარაში), არამედ კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და საქართველოს სხვა მხარეთა ფედერაციულ გაერთიანებად. ამ შემთხვევაში შესაბამისი შესწორება შევა საქართველოს კონსტიტუციაში.
    ალექსანდრე ძასოხოვი გულისხმობდა, რომ საქართველო უნდა შეურიგდეს «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» არსებობის ფაქტს. სამაგიეროდ, «სამხრეთელმა ოსებმაც» უნდა ცნონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაერთიანდნენ «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის» შემადგენლობაში, რაც შეეხება ასიმეტრიულობას - ესეც ბუნებრივია, ვინაიდან ვითარება აჭარაში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კარდინალურად განსხვავდება.
    თუ საქართველო იქცევა «ასიმეტრიულ ფედერაციულ სახელმწიფოდ», მაშინ მის მთლიანობას, იურიდიული თვალსაზრისით, საფრთხე არ დაემუქრება, ვინაიდან ასეთი ტიპის ფედერაციაში პრიორიტეტი ენიჭება ფედერალურ კონსტიტუციას, რომელშიც შეიძლება ჩაიდოს სეცესიის (გამოყოფის) ამკრძალავი დებულება ან იგულისხმებოდეს, რომ ამა თუ იმ სუბიექტის გამოყოფა დასაშვებია მხოლოდ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული საერთო-სახალხო კენჭისყრის (რეფერენდუმის) შედეგად; ზუსტად ასეთივე ყაიდაზეა მოწყობილი რუსეთის ფედერაცია, რომლის სუბიექტები არიან არა მხოლოდ ყოფილი ავტონომიები, არამედ ოლქებიც (ობლასტი).
    სულ სხვა პოლიტიკური რეალობა იქმნება, თუ ფედერაციას შექმნიან არა საქართველოს მხარეები და ყოფილი ავტონომიები, არამედ საკუთრივ საქართველო და (ცალკე) აფხაზეთი, აჭარა, სამხრეთ ოსეთი . . . . სწორედ ამას მოითხოვენ აფსუა და ოსი სეპარატისტები. მაგრამ ეს დამღუპველი იქნებოდა საქართველოსათვის, ვინაიდან, ჯერ ერთი, დაფიქსირდებოდა, რომ საქართველო ცალკე სუბიექტია, ხოლო (ვთქვათ) აფხაზეთი - სხვა სუბიექტი.
    მაშასადამე, ახალი სახელმწიფოს სახელწოდება უკვე «საქართველო» აღარ იქნებოდა. არძინბა მოითხოვს, ამ ქვეყანას ეწოდოს «საქართველო-აფხაზეთის უნია», შემდეგ ოსებსაც გაუჩნდებათ სახელწოდების პრეტენზია: «საქართველო-აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კავშირი» ან რაღაც ამდაგვარი და ასე შემდეგ.
    რაც მთავარია, საქართველოს კონსტიტუცია უკვე ვეღარ აუკრძალავს «ცალკე სუბიექტებს» ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენლობიდან გასვლას.
    კვლავ და კვლავ ვიმეორებ, რომ შექმნილ ვითარებაში საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, საქართველოს დაესწრო მოვლენათა განვითარებისათვის და პარლამენტის გადაწყვეტილებით მიეღო «ქვეყნის ფედერალური მოწყობის» კონსტიტუციური კანონი, რომელიც გაითვალისწინებდა «ასიმეტრიული ფედერაციის» დაფუძნებას საქართველოს მხარეებისა და ყოფილი ავტონომიებისაგან. შემდეგ კი შეეთავაზებინა ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმება ყოფილი ავტონომიებისათვის, რომლებიც კონსტიტუციის შესაბამისად «რესპუბლიკებად» იქცეოდნენ. თუ ისინი უარს იტყვიან ამ წინადადებაზე, მაშინ პოლიტიკურად კიდევ უფრო წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
    თუმცა საეჭვოა, დღევანდელ ვითარებაში პარლამენტმა ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეძლოს. სამწუხაროდ, «უნიტარისტთა პოზიცია» ამ საკითხში დაემთხვევა იმათ პოზიციას, ვინც ასიმეტრიული ფედერაციის შექმნის წინააღმდეგია და «თანასწორსუბიექტურობას» მოითხოვს. ორივე გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგი იქნება - სხვადასხვა მოტივით, მაგრამ ერთნაირი გააფთრებით. შედეგი კი იდენტური აღმოჩნდება.
    რაოდენ სამწუხაროა, რომ არსებობს ძალიან სერიოზული ეჭვი ამ საკითხში აჭარის პოზიციის თაობაზე. ბევრი დამკვირვებელი არცთუ უსაფუძვლოდ უკავშირებს ფრაქცია «აღორძინების» ფაქტობრივ გასვლას პარლამენტიდან - საქართველოს ფედერალიზაციის საკითხის განხილვას.
    სწორედ ეს არის ნამდვილი, სიღრმისეული მიზეზი და არა ედუარდ სურმანიძის პრობლემა. თუმცა, პირდაპირ ამას არ ამბობენ. როგორც ჩანს, აჭარის ისტებლიშმენტიც იმ აზრისკენ იხრება, რომ მხარეებთან აჭარის შინაარსობრივი გათანაბრება (თუნდაც მხარეებსა და რესპუბლიკებს სხვადასხვა სტატუსი ჰქონდეთ) მისთვის მიუღებელია.
    ამიტომაც, რაკი გრძნობენ «საკითხის მომწიფებას», არ სურთ ამ პროცესში მონაწილეობა - ბოიკოტს უცხადებენ მას, ოღონდ ნამდვილ მოტივს არ ასახელებენ, რათა ბრიყვი «უნიტარისტები» გამოიყენონ უნებურ მოკავშირეებად.
    თუმცა, სხვა გზა უკვე არ არის, - საქართველოს პრეზიდენტი 25-26 მაისს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას საბოლოოდ ჩამოაყალიბებს თორმეტსუბიექტიანი ქართული ფედერაციის შექმნის გეგმას. უმალვე გამოჩნდება, ვინ არის საქართველოს ერთიანობის შენარჩუნების მომხრე (თუნდაც როგორც ფედერაციული სახელმწიფოსი), ხოლო ვინ - ფაქტობრივად მხარს უჭერს სისხლისმსმელ ავაზაკ არძინბას ანტიქართულ მოთხოვნებს «საქართველოს და ყოფილი ავტონომიების თანასწორსუბიექტურობის შესახებ».
   

ბორის ბერეზოვსკიმ საქართველოში დიდ გარდაქმნათა მოახლოება იგრძნო
   

    დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ახალარჩეული «აღმასრულებელი მდივანი» თბილისში სწორედ მაშინ ჩამოვიდა, როცა ყველა ნიშნით, ქვეყნის ფედერაციული მოწყობისთვის ძალიან სერიოზული ცვლილებები მზადდება; მისი ახალი ფუნქცია კი სწორედ ის არის, ეკონომიკურად უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრა პოსტსაბჭოურ სივრცეში - რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.
    სხვათა შორის, უკვე სავსებით აშკარაა, რომ ღვივდება დაპირისპირება ბორის ბერეზოვსკისა და ევგენი პრიმაკოვს შორის. ტელეკომპანია ОРТ - სთვის მიცემულ ინტერვიუში პრიმაკოვმა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პოზიცია გამოხატა დსთ-ს ქვეყნებში ბერეზოვსკის აქტიურობის თაობაზე.
    მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკას აყალიბებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო მინსკში მდებარე დსთ-ს სამდივნოს ამ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს - მას შეუძლია მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია შეასრულოს.
    პრიმაკოვი ნამდვილად გაღიზიანებულია - რაც იმას ნიშნავს, რომ ბერეზოვსკის ფიგურაში იგი უკვე ხედავს მძლავრ კონკურენტს. ეს მხოლოდ «უწყებრივი დაპირისპირება» როდია. ბორის ბერეზოვსკი მართლაც უმაქნისი რომ იყოს, - პრიმაკოვი ასე არ გაღიზიანდებოდა. ეს უკანასკნელი საკმაოდ ღვარძლიანი და ამბიციური პიროვნება გამოდგა. გარდა ამისა, იგი შესანიშნავად ხვდება: ბერეზოვსკის მეშვეობით ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს სურთ, უშუალო კავშირი დაამყარონ რუსულ ისტებლიშმენტთან, რათა ეკონომიკურად ითანამშრომლონ მასთან, მაგრამ, იმავდროულად არც სუვერენიტეტი დათმონ.
    «სმოლენსკის მოედანზე» სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევენ ლეონიდ კუჩმას, ნურსულთან ნაზარბაევისა და სხვა ლიდერების მცდელობას, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ რუსული კაპიტალის «აპოლიტიკურობა». ეს კაპიტალი მოგებასა და გამორჩენასაც ეძებს, რაც არ ეთანადება რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მოსალოდნელია, რომ ამ ნიადაგზე პრიმაკოვსა და ბორის ბერეზოვსკის შორის დაპირისპირება სულ უფრო გაღრმავდება.
   

აფხაზეთში ანტირუსული აქცია მოეწყო
   

    საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, სოხუმში გაიმართა საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ «მთიელთა რესპუბლიკის» 80 წლისთავს მიეძღვნა.
    ზეიმში მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკის წარმომადგენლები, ჩეჩნეთის გარდა. იჩქერიის ხელმძღვანელები აფსუათა ლიდერებმა ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, ვინაიდან გაღიზიანებულნი არიან ჩეჩნეთ - საქართველოს ბოლოდროინდელი დაახლოებით.
    ამას წინათ გროზნოში ორგანიზებულ ფორუმზე ჩეჩნებმა, თავის მხრივ, არ მიიწვიეს აფხაზეთის ამჟამინდელი «ბელადები» - სხვაგვარად, საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებდა.
    სამაგიეროდ, სოხუმში ჩავიდნენ ადიღეველები, ყაბარდოელები, ჩერქეზები, დაღესტნელები, ოსები «მთიელთა რესპუბლიკის» წლისთავის აღსანიშნავად. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ტელევიზიამ და პრესამ ამ მოვლენას თითქმის წაუყრუა. მიზეზი ადვილად ასახსნელია: «მთიელთა რესპუბლიკა» გამოცხადდა 1918 წლის მაისში, დაახლოებით მაშინ, როცა გამოცხადდა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.
    ფაქტობრივად, მთიელებმა (მათ შორის აფსუებმაც) შექმნეს ახალი სახელმწიფო თუ სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომელიც უპირისპირებდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთსაც.
    «მთიელთა რესპუბლიკა» ებრძოდა როგორც რუს ბოლშევიკებს, აგრეთვე, დენიკინის ლაშქარსა და «თეთრგვარდიელებს», ამრიგად, ეს ფაქტობრივად, ანტირუსული გაერთიანება იყო, რომელიც მიზნად ისახავდა მთიელი ხალხების ძალების შეკავშირებას, დამოუკიდებლობის ერთობლივად დაცვას. სხვა საქმეა, რომ ეს «რესპუბლიკა» გამოცხადდა აფხაზეთში მცხოვრები ქართველების, აგრეთვე, პროქართულად განწყობილი აფხაზების ნების საწინააღმდეგოდ, რასაც ბუნებრივად მოჰყვა ომი აფხაზეთში.
    მაგრამ ამჯერად უფრო სხვა მომენტია საინტერესო: პირველად 1993 წლიდან ვლადისლავ არძინბამ გაბედა, მკვეთრად გამოხატული ანტირუსული აქციის გამართვა. მანამდე მხოლოდ 9 მაისს აღნიშნავდნენ ზეიმით: აგრეთვე, «აფხაზეთის რუსეთთან შეერთების იუბილეებს».
    ზოგადად, ეს აფსუა სეპარატისტთა ტაქტიკაა - მათ სურთ, აგრძნობინო რუსეთს, რომ თუ გაგრძელდება აფხაზეთის ბლოკადა, - სოხუმი შეიცვლის ორიენტაციას.
    სინამდვილეში, რასაკვირველია, სოხუმს «პრორუსული ორიენტაცია» არც არასდროს ჰქონია. იგი მხოლოდ ასეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რეალურად კი არძინბა უფრო ანკარისაკენ იყურებოდა, ვიდრე მოსკოვისკენ, მაგრამ დღემდე ამ ორიენტაციის დემარში მას არ გამოუხატავს.
    გარდა ამისა, არძინბა ცდილობს, წინასწარ «დაიბევოს» ჩრდილოკავკასიელთა მხარდაჭერა ომის შესაძლო განახლებისას. ჩრდილოეთკავკასიელებს მყარი ანტირუსული განწყობა აქვთ - ისინი ასევე ოცნებობენ რუსეთისაგან დამოუკიდებლობაზე, როგორც აფსუები - საქართველოსაგან გამოყოფაზე.
    საქართველო და რუსეთი მათ ერთნაირად მიაჩნიათ «მტრად», ოღონდ რუსეთს, რა თქმა უნდა, იმდენს ვერ გაუბედავენ, რასაც საქართველოს.
    მაგალითად, ჩეჩნეთის ომის დროს ჩრდილოკავკასიელები, რომლებიც ასეთი «ვაჟკაცები» იყვნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისას - სადღაც სოროში შეძვრენ თაგვებივით. მათი «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» კრინტის დაძვრას ვერ ბედავდა, როდესაც რუსული ავიაგამანადგურებლები ჩეჩნეთის ქალაქებსა და სოფლებს მიწასთან ასწორებდნენ. სამაგიეროდ, 1994-1995 წლებშიც კი «მრისხანე განცხადებებს» აკეთებდა, როგორც კი დაიძაბებოდა ვითარება გალის რაიონში. ერთი სიტყვით, ჩვენთან ჰქონდათ და აქვთ «დიდი გული». როცა ამ ჯურის ხალხს ეკითხები, რუსეთის წინააღმდეგ რატომ არ გაილაშქრეთ ჩეჩნეთის ომის დროსო - თავხედურად გპასუხობდნენ: «Россия сильна». ამავე დროს, აფსუები საქართველოსაც ანამუსებენ: «არა გრცხვენიათ, რუსეთის მეშვეობით რატომ ცდილობთ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტასო» - თითქოსდა თვითონ რუსეთის მეშვეობით არ «გაიმარჯვეს» ომში.
    არძინბა ჩრდილოეთკავკასიელებს მიზანმიმართულად და საკმაოდ ოსტატურად უქმნის ისეთ განწყობას, რომ აფხაზეთის «თავისუფლებაზე» მათი მომავალი ეროვნული განვითარება, მომავალი დამოუკიდებლობა და «მთიელთა რესპუბლიკის» აღდგენაა დამოკიდებული.
    რამდენად რეალურია ამ რესპუბლიკის აღდგენა - სხვა საკითხია, მაგრამ სეპარატისტთა გაქნილი ლიდერი მიაღწევს იმას, რომ აფხაზეთში ომის განახლებას უეჭველად მოჰყვება ჩრდილოეთკავკასიელთა მორიგი «ლაშქრობა» საქართველოს წინააღმდეგ.
    სოხუმში გამართული «ზეიმის» დედააზრიც სწორედ ეს იყო: ერთობლივი განცხადების თანახმად, თუ საქართველო შეეცდება ძალით მოახვიოს თავს აფხაზეთს დსთ-ის სამიტის გადაწყვეტილებები უშუალოდ ან მესამე ძალის მეშვეობით - ჩრდილოეთ კავკასია აფხაზეთს აღმოუჩენს «ყველანაირ საჭირო დახმარებას.»
    ეს უკვე აშკარა მუქარაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის მიმართ.
   

ნავთობსადენის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია
   

    რამდენიმე დღის წინ, პოპულარული გადაცემა «იტოგის» წამყვანმა ევგენი კისელიოვმა რუს ტელემაყურებლებს უაღრესად სამწუხარო ამბავი ამცნო.
    სწორედ ასე ითქვა, სიტყვა-სიტყვით: ძალიან სამწუხარო ამბავია რუსეთისთვის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის განცხადებით, დიდი ნავთობსადენი საქართველოზე გაივლის და არა რუსეთზე.
    მოსკოვი ამ ინფორმაციით ნამდვილად შეშფოთებულია. აზერბაიჯანის მიმართ მუქარა და შანტაჟი სულ უფრო ძლიერდება. ჰეიდარ ალიევს დაბადების დღეზე ბორის ელცინმა უზარმაზარი საათი აჩუქა, ეს, რა თქმა უნდა. დიპლომატიური ენით გამოთქმული მინიშნება იყო: «არც ისე დიდი დრო დაგრჩა, საათის ისრები შენი აღსასრულის მოახლოებას მოასწავებს». არადიპლომატიური ნაბიჯი იქნებოდა ალიევის ეს «სამახსოვრო საჩუქარი» იქვე რომ დაეფშვნა თავზე გაიძვერა ივანე რიბკინისათვის, თუმცა პასუხად ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვის დემარშიც იკმარებს. მან აზერბაიჯანელ «კოლეგას» პირადი იარაღი (ნაგანი) აჩუქა, რომლებიც მთელი ომის განმავლობაში განუყრელად თან ჰქონდა და «მტერზე გამარჯვება უსურვა ისევე, როგორც ჩეჩნეთმა დაამარცხა მტერი».
    ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, ჰეიდარ ალიევი «ნავთობსადენზე» მსჯელობისას ერთმნიშვნელოვნებას გაურბოდა და მიკიბულ-მოკიბულად პასუხობდა «შუბლში» დასმულ კითხვებს. გავიხსენოთ მისი ადრინდელი გამონათქვამები: «საქართველოს მარშრუტი მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია... გრძელდება დისკუსია... საბოლოო გადაწყვეტილებას კონსორციუმი მიიღებს და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, იმ დროს ალიევს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რუსეთთან «ყარაბაღის» საკითხში კომპრომისს მიაღწევდა. მაგრამ, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ასეთი კომპრომისი უკვე ყოვლად შეუძლებელია. რუსეთს არც სურს და რეალურად არც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სომხებზე, რათა მათ რაიმე დათმონ ყარაბაღის საკითხში. უფრო მეტიც - ნაცვლად მეტ-ნაკლებად ლიბერალი და ზომიერი ლევონ ტერ პეტროსიანისა, რომლებიც ნამდვილად მზად იყო გარკვეული დათმობისათვის, სომხურმა ელიტამ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტობა არგუნა ექსტრემისტ-ფანატიკოს რობერტ ქოჩარიანს. ალბათ სწორედ ეს მოვლენა იქცა «უკანასკნელ წვეთად» რკინის ჰეიდარისთვის, რის შემდეგაც მან დიპლომატიურ თამაშს თავი ანება და ერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა დიდ ნავთობსადენთან დაკავშირებით. ალიევის დემარში იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე ნავთობის კონსორციუმი სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვინაიდან აზერბაიჯანის ხელისუფლება მტკიცე ბერკეტებს ფლობს, რათა საკუთარი ნება მოახვიოს თავს ყველა პარტნიორს. არ დაიჯეროთ, თითქოს აქ ეკონომიკური მოსაზრებები «გადასწონის» გეოპოლიტიკურს. რუსულ-სომხური პროპაგანდა რამდენიც არ უნდა ეცადოს იმის დამტკიცებას, თითქოს «ნავთობზე ფასი განუხრელად ეცემა», რაც აბსურდად აქცევს «საუკუნის პროექტს» - სინამდვილეში XXI საუკუნე ნავთობის უკანასკნელ რესურსთა ამოწურვის საუკუნედ იქცევა, რის შემდეგაც კაცობრიობა ენერგიის ახალ წყაროებზე იფიქრებს. ამრიგად, კასპიის აუზი (მით უმეტეს, ყაზახეთის კოლოსალურ სიმდიდრეთა გათვალისწინებით) უკანასკნელი «მსოფლიო რეზერვუარია». თუ საქართველომ მიაღწია საკუთარ ტერიტორიაზე სტრატეგიული ნავთობსადენის გატარებას არა მხოლოდ კასპიის ზღვის, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ნავთობის ტრანსპორტირებისათვის- ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა განუზომლად გაიზრდება. იმდენად, რომ საქართველო მსოფლიოს გეოპოლიტიკური წონასწორობის ერთ-ერთ საყრდენად იქცევა. აქ არავითარი გადაჭარბება არ არის - ეს უკვე რეალობაა.

დილის გაზეთი, 18 მაისი, 1998 წ.