როგორ დაბანეს ქართველებმა ფეხები გრაჩოვს

როგორ დაბანეს ქართველებმა ფეხები გრაჩოვს

 ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ამა თუ იმ «ისტორიული ვიზიტის» გარემოებანი და წვრილმანები გარკვეული ხნის შემდეგ ეცნობება საზოგადოებას. რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიზიტი ქვეყნისათვის და რაც უფრო მეტად საბედისწერო გადაწყვეტილებები მიიღება ამ ვიზიტების დროს, მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ყოველ წვრილმანს.
    მაგალითად, 1994 წლის თებერვალში, რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ვიზიტის დროს (რომელიც 1837 წ. აღმოსავლეთ საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I სტუმრობას ჰგავდა), სასტუმრო «მეტეხში» გამართულ გრანდიოზულ ბანკეტზე, როდესაც «საყვარელ სტუმარსა» და მისი ამალის წევრებს ისრიმ-მაყვალში ჩაწყობილი მწყერი მიართვეს უზარმაზარი ლანგრებით, ელცინის პრეს-მდივანმა ვიაჩესლავ კოსტიკოვმა ოფიციანტს ხმამაღლა, ყველას გასაგონად ჰკითხა: «А эта не лягушка?!».
    აქ შეიძლებოდა გვემსჯელა თემაზე: ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო, მაგრამ ღირსების გრძნობა ვირს კი არა, იმას მოეთხოვება ვინც მას ხურმას სთავაზობს.
    ბოლო დროს, საქართველოში კვლავ იჩინა თავი «ორი ბოთლი კონიაკის სინდრომმა». ჩვენში ჯერ კიდევ ჰგონიათ, თითქოს მოსკოვში ანუ «მოსკოვთან» დამოუკიდებლობის «ჩაწყობა» შეიძლება. სინამდვილეში დამოუკიდებლობის «ჩაწყობა» შეუძლებელია. ყველაფერს ჩააწყობ მოსკოვში, - ამის გარდა.
    თუმცა, «თავისი ჭკუით» სწორადაც იქცევიან რადგან ორი ბოთლი კონიაკით დამოუკიდებლობას ვერ «ჩააწყობ», თორემ თანამდებობის შენარჩუნება კი შეიძლება! მით უმეტეს, როდესაც საქმე რუსეთთან გაქვს. ამ ქვეყანაში ატომური იარაღის კოდები ჩვეულებრივ, წითელცხვირა ლოთს უპყრია ხელთ; ერთხელ ეს ლოთი ნიუ-იორკიდან - მოსკოვში მოფრინავდა და დუბლინში შეჩერებისას იმდენად მთვრალი იყო, ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად ვერ გააღვიძეს. როგორ გგონიათ, «რამე რომ იყოს», ატომური პოტენციალის სამართავად შეძლებენ მის გაღვიძებას?

    1995 წლის 20-22 მარტს საქართველოს საგანგებო ვიზიტით ესტუმრა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, პავლე გრაჩოვი. ვიზიტის დროს ბევრი რამ მოხდა ისეთი, რაც ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის, თუმცა კი უნდა იცოდეს. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ გრაჩოვმა ნათელ იღო ანანურში, მაგრამ ძნელად თუ წარმოვიდგენთ იმ სუფრის ზღაპრულ სიდიადეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ამ «ღირსშესანიშნავ მოვლენას» მოჰყვა.
    უფრო მეტად საინტერესოა სხვა დეტალებიც: ერთ-ერთ სუფრაზე გრაჩოვი რომ კარგად გამოთვრა და თანამეინახეთა დიდი ნაწილიც «მიაძინა» (უნდა აღინიშნოს, - გრაჩოვმა თურმე აშკარად დაგვჯაბნა არყის სმაში) ქართველ მაღალჩინოსან მოღვაწეს (ქარაგმულ ზედ სახელად «ხისთავას») პირდაპირ უთხრა «А мы, скоро, всю эту вашу оппозицию к той самой матери…» ალბათ, ქართველი მოღვაწე დიდად გაიხარებდა რუსი თამადის ამ ქადილისდა გამო. თუ გავითვალისწინებთ კავკასიაში დისლოცირებული მოძმე არმიის საიდუმლო განყოფილებათა შესაძლებლობებს, უნდა დავასკვნათ: გიორგი ჭანტურიას და სხვა ოპოზიციონერთა მკვლელობებს «გახსნა» ნამდვილად არ უწერიათ.
    პაველ სერგეიჩის მეუღლე (ტანია თუ ნატაშა - ამას დიდი მნიშვნელობა ისტორიისათვის ალბათ არა აქვს-ავტ.), ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში ჩამობრძანებულა საქართველოში ჩვენი «ხისთავიანების» მოწვევით, რომლებიც საპატივცემულო ქალბატონსა და მის ჯალაბს ცივ ნიავს არ აკარებდნენ და ფანტასტიკური პირობებიც შეუქმნეს დასასვენებლად დაბა გუდაურში.
    იქ «ისვენებდა» თურმე ქალბატონი გრაჩოვა მთელი ერთი თვის განმავლობაში, სანამ ბედკრულ საქართველოს მისი მრისხანე მეუღლე მოევლინებოდა.
    შემდგომ, როგორც ამბობენ, გრაჩოვმა და მაყრიონმა გაქრისტიანების უმალ «ცოლოურში» ინებეს აბრძანება და ანანურიდან - გუდაურისკენ გაემართა ღორივით მთვრალი სახელმწიფო მოღვაწეებით სავსე კორტეჟი.
    გუდაურში ჩასულებს გრაჩოვა ადგილზე არ დახვედრიათ . . . . ამ დროს იგი, თურმე, თხილამურებზე სასრიალოდ იყო წაბრძანებული. არის გუდაურში ასეთი ძვირადღირებული სიამოვნება: ჩაგსვამენ ვერტმფრენში და ციმ-ციმ ჩამოგსვამენ მთის წვეროზე; შემდგომ ვერტმფრენი სასადილოდ სასტუმროში ჩაგაფრენს, ისევ ამოგაფრენს და ა.შ.
    გრაჩოვა, თურმე, სწორედ იმ სტადიაში იმყოფებოდა, როდესაც ვერტმფრენს სასადილოდ უნდა ჩამოეყვანა. «პაშას» შესაძლო სტუმრობა მას ალბათ დიდად არც აღელვებდა, რადგან მიუხედავად ქმრის მინისტრობისა იგი, ისევე როგორც რუს ქალთა უმრავლესობა, უდავოდ პრინციპული და დამოუკიდებელი ადამიანია.
    სწორედ ამ დროს, ანუ «госпожа Грачова»-სთან ერთად, მეორე მხრიდან, ზემოხსენებული გალეშილი ბრბო მიადგა გუდაურს - პაველ გრაჩოვი ნათელღების შემდეგ აღელვებული იყო და რაკი დალოცვილი კახური ღვინოც მოჰკიდებოდა, გაგრილება გადაწყვიტა.
    არის გუდაურში კიდევ ერთი სასიამოვნო ატრაქციონი, - ევროპული ყაიდისა: განსაკუთრებით საპატივცემულო სტუმრებისათვის პირდაპირ აუზში შლიან სუფრას. რა ჯობია ნაბახუსევზე ტანთ რომ გაიხდი, თბილ წყალში გადაეშვები და ცივ შამპანურსაც გადაივლებ გულზე. . . . ჰოდა, გადაეშვნენ ეს ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეები «ბასეინში», თან წყალში ლაღობდნენ, თან საქართველო-რუსეთის «საუკუნო მეგობრობის» სადღეგრძელოსაც სვამდნენ.
    ქალბატონმა გრაჩოვამ ეს სურათი რომ დაინახა, თავადაც მოუნდა წყალში განავარდება, მაგრამ, რაკი სათხილამურო კოსტუმი ეცვა, ქართველი ჩინოსნები მიცვივდნენ და გახდაში დაეხმარნენ მაღალ სტუმარს.
    მთელი ეს დიპლომატიური ღონისძიება (იგი უეჭველად შევა ორი ქვეყნის მეგობრობის ისტორიაში) გვიანობამდე გაგრძელდა, ხოლო რაკი პაველ სერგეევიჩი მეორე დღეს საქართველოდან გასამგზავრებლად ემზადებოდა და აღარც «ნატაშკას» თუ «ტანკას» დატოვება სურდა გუდაურში, სტუმარ-მასპინძელი აიბარგა. ქართული დელეგაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სასტუმროს უცხოელ მეტროდოტელს 11 ათასი (თერთმეტი ათასი!) დოლარი ჩაუთვალა. სწორედ ამდენი დაჯდა სასიქადულო სტუმრის მეუღლის პატივისცემა ერთი თვის განმავლობაში.
    გაურკვეველია, ეს თანხა იყო თუ არა გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ესოდენ დიდი ომითა და ცოდვის ტრიალით მიიღო საქართველოს პარლამენტმა იანვარში. თუმცა, ზემოთაღწერილი ისტორიის შინაგანი ლოგიკიდან გამომდინარე, ესეც წვრილმანად აღიქმება.

«მსგეფსი», 26 მაისი, 1995 წელი.