რუსეთი მეზობლებს ატომური ბომბით ემუქრება

რუსეთი მეზობლებს ატომური ბომბით ემუქრება

        რუსეთის სამხედრო დოქტრინაში უკვე ოფიციალურად ჩაიწერა, რომ ეს ქვეყანა იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ატომ-ბირთვული იარაღი, თუკი ექნება ვარაუდი (თუნდაც ვარაუდი!) რომ სხვა ქვეყანა მის წინააღმდეგ მტრულ გეგმებს ამზადებს.
        ესე იგი, ატომური ბომბი გამოიყენოს არა რომელიმე სხვა ქვეყნის კონკრეტული მოქმედების, არამედ თუნდაც ვარაუდის(!!!) შემთხვევაშიც კი.
        როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ქალბატონ ჰილარი კლინტონს ეს კითხვა დაუსვეს და კომენტარი სთხოვეს, მან საკმაოდ უსუსური, მიკიბულ-მოკიბული პასუხი გასცა. არადა, პუტინის ახალი თავხედური ინიციატივა, ისევე, როგორც ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან უპრეცედენტო სამხედრო სწავლებების გამართვა, არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მოსკოვს ბევრი რამ «გაუვიდა» 2008 წლის აგვისტოში და ადეკვატური პასუხი ვერ მიიღო. ხოლო თანამედროვე გერმანიის ზოგიერთი პროსტიტუირებული მოღვაწის მოქმედებით («გაზპრომში» რომ გადადიან სამუშაოდ) ტალიავინის დასკვნაშიც ზოგი რამ ისეთი ჩაიწერა, რომ მოსკოვს დაუსჯელობის სინდრომი კიდევ უფრო გაუმყარდა.
        თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, რუსეთის «ატომ-ბირთვული აგრესია» მიმართულია, პირველ რიგში, სწორედ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. კრემლთან დაახლოებული ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, აგრესიული ჩანაწერი გულისხმობს არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებას. გასაგებია, რომ სტრატეგიული ატომური იარაღი (მათ შორის ტრანსკონტინენტური რაკეტები) მიმართულია ამერიკისა და დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ, ხოლო ტაქტიკური – დამიზნებულია მეზობლებზე. მათ შორის საქართველოზე, უკრაინაზე, ბალტიაზე და ასე შემდეგ.
        ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს თითქოს რუსეთის ხელისუფლება სრულ ჭკუაზე აღარ არის, მაგრამ სინამდვილეში, მან ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს – პირველ რიგში დასავლეთის ყოყმანისა და სისუსტის შედეგად. მისი მიზანია სწორედ მეზობლების დაშინება და მათი იძულება, წავიდნენ რუსეთთან ინტეგრაციაზე, აღიარონ რეგიონში მისი დომინირება – უნდათ თუ არა ეს. და სრულად გაითვალისწინონ რუსეთის ინტერესები.
        მათ შორის, ბალტიის ქვეყნებში მცხოვრები რუსების სტატუსის ამაღლება, უკრაინის მიერ ყირიმიდან რუსული ფლოტის გაყვანის მოთხოვნაზე უარის თქმა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შემდგომი აღიარება.
        ამ ვითარებაში, პუტინის სულ უფრო აგრესიული და სულ უფრო თავხედი რუსეთის წინააღმდეგ ერთადერთი რეალური საპირწონე შეიძლება მხოლოდ უკრაინა იყოს. დასავლეთმა ეს ქვეყანა 1992 წელს აიძულა, უარი ეთქვა ატომურ იარაღზე და მის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული მუხტები რუსეთისთვის გადაეცა. მაგრამ უკრაინის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ შესაბამის დოკუმენტში მაინც ჩაწერა, რომ დასავლეთი სანაცვლოდ კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველჰყოს უკრაინის სუვერენიტეტი.
        ასეთი გარანტიის არარსებობის შემთხვევაში კი, უკრაინა იტოვებს უფლებას, დაუბრუნდეს ატომურ სტატუსს, რისი მეცნიერული, ტექნოლოგიური და მატერიალური შესაძლებლობაც ამ ქვეყანას (ერთადერთს რუსეთის მეზობლად) ნამდვილად აქვს. ხოლო დასავლეთმა ბოლოს და ბოლოს უნდა გაიგოს, რომ პუტინის რუსეთი მისთვის პოტენციურად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე აჰმადინეჟადის ირანი.