რას გულისხმობთ «აფხაზეთის დაბრუნებაში?»

რას გულისხმობთ «აფხაზეთის დაბრუნებაში?»

        როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკური დაძაბულობის ზრდასთან ერთად (რაც თავის მხრივ, საარჩევნო ციკლის დაწყებას უკავშირდება), სულ უფრო აქტიურად განიხილება აფხაზეთის პრობლემატიკა. აფხაზეთი აქ ერთგვარი კატალიზატორია, თუმცა, საუბედუროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის, ამ კატალიზატორის «აღმძრავი» მნიშვნელობა სულ უფრო კლებულობს, ვინაიდან, საზოგადოებაში (დევნილთა მასაშიც კი) მატულობს აპათია.
        ამჟამად პრობლემის არსი დავიდა აბაშიძე-ნადარეიშვილის დაპირისპირებაზე. ეს ორი ფიგურა, თავის მხრივ, განასახიერებს კონფლიქტის გადაწყვეტის ორ კონცეფციას. ორივე მათგანს საკმაოდ ბევრი მომხრე და აქტიური მოწინააღმდეგე ჰყავს: «მშვიდობიანი გზა» და «ძალისმიერი მეთოდი».
        აქვე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ ორ პოლიტიკოსს შორის არის თვისებრივი განსხვავება: თუ ასლან აბაშიძე «თბილისურ ასპარეზზე» თამაშობს და, უპირველეს ყოვლისა, აჭარის პრობლემატიკა (აჭარის რეალური სტატუსის შენარჩუნება) აღელვებს, ესე იგი, აფხაზეთი მისთვის მხოლოდ ინტერესთა სპექტრის ნაწილია, თამაზ ნადარეიშვილისთვის აფხაზეთი ყველაფერია – მთელი ცხოვრებაა, ანუ არსებობის აზრი, შელახული თავმოყვარეობა და ღირსება, შურისძიების წყურვილი და ასე შემდეგ.
        ბუნებრივია, თამაზ ნადარეიშვილი ყოველთვის «ძალისმიერი გზის» მომხრე იქნება, ოღონდ, არა მხოლოდ შურისძიების და აფსუა-ფაშისტთა დასჯის სურვილით, არამედ იმიტომ, რომ ის, რასაც ნადარეიშვილი გულისხმობს «აფხაზეთის დაბრუნებაში», მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით მიიღწევა.
        ასლან აბაშიძეს, ჯერჯერობით, ხმამაღლა არ უთქვამს, რას გულისხმობს «მშვიდობიან გზაში», ანუ რა კონკრეტული ნაბიჯები იგულისხმება ამ მიმართულებით. სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ შეიძლება, აჭარის ლიდერმა არც დააკონკრეტოს ოდესმე ეს პროგრამა (გარდა «ლეგიტიმური ხელისუფლების» გაუქმების სურვილისა), ვინაიდან, მთლიანობაში ეს პრობლემა მისთვის «ზედმეტი თავის ტკივილია». მისმა მომხრეებმა, პირდაპირ განაცხადეს კიდეც, რომ იგი იძულებული იყო ედუარდ შევარდნაძის წინადადებას დათანხმებოდა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იტყოდნენ, რომ «შევთავაზეთ და უარი თქვაო».
        მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება ვივარაუდოთ, რა იგულისხმება «მშვიდობიან გზაში». უპირველესად (კონცეფციის ავტორთა აზრით) ეს გზა ეკონომიკურ თანამშრომლობას გულისხმობს. გაიხსნას რკინიგზა: დაიწყოს მიმოსვლა, ვაჭრობა, ეკონომიკური კოოპერაცია; ფულად-საკრედიტო ურთიერთობა და ასე შემდეგ.
        ავტორები გულისხმობენ, რომ გარკვეული პირობებით, აფხაზები შეიძლება, დათანხმდნენ «ლარის ზონაში» შემოსვლას, თუ (აჭარის მსგავსად) აკრეფილი გადასახადები ადგილზე დარჩება. მაგრამ ეს ილუზიაა. რა თქმა უნდა, ლარის ზონაში შემოსვლას დიდი ეკონომიკური მოგება შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთისთვის, მაგრამ სეპარატისტები (როგორი მომგებიანიც უნდა იყოს) ამას არასდროს დაეთანხმებიან სწორედ პოლიტიკური მოსაზრებებით, ვინაიდან, მათი მიზანია ღიად და დემონსტრაციულად გაემიჯნონ საქართველოს.
        რაც შეეხება რკინიგზისა და სხვა სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენას, აქ არათუ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სარგებლობაც საეჭვოა საქართველოსთვის. მივაქციოთ ყურადღება, რომ დღესაც კი ენგური ნამდვილი «კონტრაბანდის ჩანჩქერია». ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება, თუკი აღდგება კომუნიკაციები და, პარალელურად, საქართველოს იურისდიქცია ვერ განხორციელდება აფხაზეთში. ამასთან შედარებით, «ერგნეთის ბაზრობა» საბავშვო ბაღად მოგვეჩვენება აფხაზეთის კონტრაბანდა მთლიანად დაანგრევს საქართველოს ეკონომიკას.
        მაგრამ დავანებოთ თავი ეკონომიკურ პრობლემატიკას. თუ ჩვენ თანახმა ვართ, აფხაზეთთან გვქონდეს, ფაქტობრივად, კონფედერაციული ურთიეროთბები, ანუ იქ არ ვრცელდებოდეს საქართველოს იურისდიქცია, გალის რაიონში ქართველი ბავშვები სწავლობდნენ ისტორიას აფხაზურიდან და რუსულიდან ნათარგმნი სახელმძღვანელოებით, დევნილთა მხოლოდ მესამედი დაბრუნდეს (ისიც სამურზაყანოში), მაგრამ თბილისის მცხოვრებს «უვიზოდ» შეეძლოთ აფხაზეთში მოგზაურობა, მაშინ «მშვიდობიანი გზა» ნამდვილად პერსპექტიულია.
        ოღონდ, საეჭვოა, ეს «აფხაზეთის დაბრუნება» იყოს, ხოლო ის, რასაც თამაზ ნადარეიშვილი გულისხმობს «დაბრუნებაში», მართლაც მხოლოდ ომით თუ მიიღწევა.

დილის გაზეთი, 9 აგვისტო, 2002 წელი