ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს და ქართული ბიუროკრატიის წყვდიადსაც

ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს და ქართული ბიუროკრატიის წყვდიადსაც

 

    ქონების დეკლარირებამ, ანუ ბიუროკრატიის მიერ თავისი საკუთრების დოკუმენტურმა დაფიქსირებამ და სახელმწიფოსათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებამ საქართველოში შეიძლება ტრაგიკომიკური ელფერი შეიძინოს. როგორც ცნობილია, ამ წესის თანახმად, ყველა სახელმწიფო მოხელე ვალდებულია სათანადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია შემოსავლისა და ქონების თაობაზე, რომელშიც ყოველწლიურად უნდა აღნუსხოს, როგორი იყო მისი ფულადი შემოსავალი, რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობს და ა.შ.
    რა თქმა უნდა, ამგვარი დეკლარაცია არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ქართველ ბიუროკრატთა და სახელმწიფო მოხელეთა მრავალრიცხოვანი არმია დღესვე მზადაა, შეავსოს სათანადო ფურცელი და ლამაზად «ჩამოაწიკწიკოს», თუ რა ქონება გააჩნია. ამ დოკუმენტთა შეჯერებისა და ანალიზის შემდეგ ნათელი გახდება, რომ სახელმწიფო მოსამსახურეები უმწიკვლოების, პატიოსნებისა და მოუსყიდველობის ნიმუშები არიან. მათი მოწამეობრივი მოღვაწეობა აგიოგრაფებმა უნდა აღწერონ, ხალხმა რომ იცოდეს, როგორი წმინდა და სპეტაკი ადამიანები იღვწიან მისი კეთილდღეობისთვის.
    დოკუმენტის (დეკლარაციის) კონკრეტული შინაარსი იმ შემთხვევაში შეიძლება გავიაზროთ, თუ მინისტრების დანიშვნის წინ (1995 წლის ნოემბერში) საპარლამენტო კომიტეტებში გამართულ «მოსმენებს» გავიხსენებთ. მინისტრთა უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი 20-30 ლარს არ აღემატება და მიწის ნაკვეთი რომ არა, შიმშილით ამოხდებოდა სული. შიმშილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენი მინისტრების (სახელმწიფო მოხელეების) აბსოლუტურ უმრავლესობას არც «კომუნისტურ ეპოქაში» აკლდა რაიმე, არც «პერესტროიკის» დროს. ხელფასი (ანუ ოფიციალური შემოსავალი) მათთვის მხოლოდ სიმბოლური ცნებაა. აკი ლენინიც მოუწოდებდა პარტიის აქტივისტებს, ყოველთვიურად ეხადათ საწევრო.
    «ქონების დეკლარაციას» საქართველოში არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეთნოფსიქოლოგიური რეალობაც აქცევს ფიქციად. ჩვენში საკუთრება შეიძლება გაფორმდეს ოჯახის წევრის სახელზე და სინამდვილეში სწორედ მოხელის მიერ იყოს «შეძენილი» სხვადასხვა მაქინაციათა და სამსახურეობრივი მდგომარეობის სარფიანი გამოყენებით.
    ამავე დროს, ნებისმიერი სახის კონტროლი ამ პროცესში შეუძლებელი იქნება, ვინაიდან მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელიც ადამიანია და დროისა თუ თანამდებობის ფუჭად ხარჯვა არც მას ეპიტნავება. ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს და ქართული ბიუროკრატიის წყვდიადსაც. ამ ფულის შუქზე დაწერილ «დეკლარაციას», რა თქმა უნდა, ფასი არ ექნება.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, «დეკლარაციამ» მაინც შეიძლება გამოიღოს შედეგი, თუ მისი გამოქვეყნება წესად დამკვიდრდება: თუ, მაგალითად, ყოველი მინისტრი ვალდებული იქნება, არა მხოლოდ სათანადო ორგანოს წარუდგინოს ეს დოკუმენტი, არამედ გამოაქვეყნოს კიდეც იგი. ამგვარი ტრადიცია ფსიქოლოგიურ დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს ცრუპენტელა მინისტრებს, რომელთა უმრავლესობა სასაცილოდ გაიხდის თავს დეკლარაციაში მიზერული თანხის მითითებით, ეს კი საზოგადოების ერთადერთი და უკანასკნელი შურისძიება იქნება.

მერიდიანი, 15 აპრილი, 1997 წ.