საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ნოემბერი 2022 წელი
აფხაზეთში ემზადებიან 2023 წელს ე.წ. `გამარჯვების` აღსანიშნავად. ანუ სრულდება 30 წელი სოხუმის დაცემიდან და ქართველების გენოციდიდან აფხაზეთში. ეთნიკური წმენდაც გენოციდის ფორმაა.
აფხაზეთის მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტში 150 მილიონი რუბლი გამოჰყო საზეიმო ღონისძიებებისთვის. ამაზე გალის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, თემურ ნადარაიამ (გააფხაზებული ქართველი, რომლის ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები ზუგდიდელები არიან-დ.) დაწერა, რომ დიდი გამარჯვება კი იყო 1993 წელს, თუმცა მთელი თავდაცვის ბიუჯეტი სულ 450 მილიონი რუბლია და ამ ფონზე 150 მილიონი ზეიმისთის რა ამბავიაო.
აფხაზები რუსეთზე ნაწყენნი არიან იმის გამო, რომ 2008 წლის შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულებებით, მოსკოვს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსათვის იარაღი უნდა გადაეცა, მაგრამ არ გადასცა. სინამდვილეში რუსეთს სულაც არ ეპიტნავება, აფხაზეთს ჯარი ჰყავდეს და თანამედროვე შეიარაღება ჰქონდეს.აფხაზეთი მას საკუთარ გუბერნიად სჭირდება.
თუმცა მეორეს მხრივ, სეპარატისტული მთავრობის ლოგიკაც გასაგებია: რაში სჭირდება აფხაზეთს არმია, როდესაც ათეულობით დიდი და პატარა რუსული სამხედრო ბაზაა აფხაზეთში? `საქართველოზე გამარჯვება` კი `გასაფიარებელი` თემაა.
ამავე დროს, ბევრი აფხაზი ლიდერი ამბობს: საქართველო ომისთვის ემზადება, ესე იგი აფხაზეთის დასაბრუნებლადო. მაგალითად აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ასლან კობახიამ თქვა: `ქართველების დუმილმა არ უნდა მოგვატყუოს - თითქოს ჩუმად არიან, თუმცა დადგება დრო და აფხაზეთის წინააღმდეგ ომს აუცილებლად განაახლებენო`.
რომელ `დროს` გულისხმობს აღარ დაუზუსტებია.
. . . . . . . . . . . . . . .
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიავისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სოჭში, პუტინის შუამავლობით, სრულიად უშედეგო აღოჩნდა. ეს მკაფიოდ ჩანს საბოლოო ერთობლივ კომიუნიკეში, სადაც არაფერია ზოგადი ფრაზების გარდა `ძალის არგამოყენების` შესახებ. ამგვარი დეკლარაცია მხარეებს უამრავი გაუფორმებიათ 30 წლის განმავლობაში.
კვლავინდებურად გადაუწყვეტელია ფუნდამენტური პრობელმა, რისი გადაჭრის გარეშეც აზერბაიჯანი და სომხეთი მყარ მშვიდობას ვერ დაამყარებენ: ალიევი მოითხოვს, სომხეთმა ყარაბაღიდან გაიყვანის ჯარები და გააფორმოს ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც გაითვალისწინებს სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას საერთაშორისოდ ცნობილ საზღვრებში.
. . . . . . . . . . . . . . .
მას შემდეგ რაც სომხეთის მთავრობამ სომხეთში შესვლა აუკრძალა კონსტანტინე ზატულინს და მარგარიტა სიმონიანს, აკრძალვა შეეხო ასევე რუსეთში მცხოვრებ სომეხ პოლიტოლოგს ანდრანიკ მიგრანიანს.
სამივე ეს პერსონაჟი `პროსომხურად` ითვლებოდა, მაგრამ ბოლო დროს მათ დაიწყეს იმ ნარატივის განვითარება, რომ სომხეთი დაღუპა ფაშინიანმა. და რომ ფაშინიანმა `სომხეთი შეატრიალა დასაველთისკენ...... ზურგი აქცია რუსეთს და ა.შ.
ფაშინიანის გადაწყვეტილება პუტინს რასაკვირფელია არ მოეწონებოდა: კონსტანტინე ზატულინი სახელმწიფო სათათბიროს (რუსული პარლამენტის) დეპუტატია და დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია; მარგარიტა სიმონიანი კი საერთოდ ყველაზე გავლენიანი სომეხია, ვინც კი რუსეთში ცხოვრობს: იგი სათავეში უდგას პროპაგანდისტულ კონგლომერატს `Спутник`. ასევე პროპაგანდისტულ ტელევიზიას `Russia Today` და პუტინის ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლება.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა ჯერ-ჯერობით ვერ გაბედა იმ ხორბლით დატვირთული გემების ბლოკირება, რომლებიც უკვე გასულნი იყვნენ ოდესის პორტიდან. მაგრამ გემების დიდი რაოდენობა კვლავინდებურად ელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დასავლეთისა და თურქეთის მხრიდან. პუტინი ამ ბლოკადის გასამართლებლად ამბობს, რომ თურმე ეს ხორბალი ევროპას მიეწოდება და არა მშიერ აფრიკასო.
ეს არის დემაგოგია! იმიტომ, რომ ევროპას თუკი მიეწოდება, რაკი გეოგრაფიულად ახლოსაა, სამაგიეროდ აფრიკას სამხრეთ ამერიკიდან მიეწოდება ხორბალი. ანუ ხდება ჩანაცვლება. თუ ევროპას აღარ ექნება საშუალება, უკრაინიდან წამოიღოს ხორბალი, მაშინ სამხრეთ ამერიკული ხორბალი წამოვა ევროპაში და არა აფრიკაში. მილიონობით ადამიანი აღმოჩნდება შიმშილით სიკვდილის საფრთხის ქვეშ ამის გამო.
პუტინის ბერკეტი ერდოღანის მიმართ ისაა, რომ ერდოღანს ძალიან მოსწონს პუტინის იდეა თურქეთში ევროპის ენერგეტიკული ჰაბის შექმნის შესახებ, ანუ პუტინი ანკარას ჰპირდება, რომ გაიყვანს შავი ზღვის ფსკერზე ახალ გაზსადენებს, რათა თურქეთიდან მიეწოდებოდეს სამხრეთ და ცენტრალურ ევროპას ბუნებრივი აირი.
რასაკვირველია, ეს ძალიან მომხიბლავია ერდოღანისთვის, რაკი იძენს ახალ ბერკეტს ევროპაზე ზეწოლის განსახორციელებლად. თურქეთის ევროკავშირში მიღების პროცესი უკვე 50 წლის განმავლობაში ჰაერშია გამოკიდებული.
. . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ უპილოტო წყალქვეშა საბრძოლო დრონები, რომლითაც უკრაინამ შეუტია რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, კანადური წარმოებისაა.
კანადაში მრავალრიცხოვანი უკრაინული დიასპორა ცხოვრობს. შესაბამისად, კანადა აქტიურად ეხმარება უკრაინას საბრძოლო ტექნიკით და ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრულია NATO-ს სახელმწიფოთა შორის.
. . . . . . . . . . . . . . .
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკული ნავთობკომპანიების მოგებას `მეტისმეტად` და `აღმაშფოთებლად` მიიჩნევს.
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საგადასახადო განაკვეთი გაიზრდება, თუ ფირმები არ შეიტანენ წვლილს ბენზინის ფასებთან ბრძოლაში.
ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა, რომ გასული ექვსი თვის განმავლობაში ექვსმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი მიიღო. ”მოგების ასეთი ოდენობა აღმაშფოთებელია”, - თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იგი სულაც არ ეწინააღმდეგება კორპორაციათა „სამართლიან ანაზღაურებას` ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მოგება მიდის ინვესტიციებსა და ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებაში.
„მაგრამ ასე არ ხდება. ნავთობკომპანიებმა რეკორდული მოგება იმიტომ კი არ მიიღეს, რომ რაღაც ახალი ან ინოვაციური გააკეთეს. მათი მოგება ომისგან მიღებული მოგებაა“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა. იგი გულისხმობდა, რომ ამერიკულ ნავთობკომპანიათა ბონუსები პირდაპირ კავშირშია უკრაინის ომთან და ევროპის ენერგოკრიზისთან.
ჯო ბაიდენის თქმით, ნავთობკომპანიები ვალდებულნი არიან ინვესტიციები განახორციელონ თვით ამერიკაში, გაზარდონ წარმოებისა და გადამამუშავებელი სიმძლავრეები.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კორპორაციათა მორალური და პატრიოტული ვალდებულებაა, წვლილი შეიტანონ საწვავის ფასების შემცირებაში. „თუ ამას არ გააკეთებენ, გადაიხდიან უფრო მეტ ჭარბ მოგების გადასახადს და მათ დაემუქრებათ ასევე სხვა შეზღუდვები. ჩემი გუნდი იმუშავებს კონგრესთან, რათა განიხილოს საჭირო ვარიანტები“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ამერიკული პრესა იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ენერგეტიკული კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. ამ მეთოდით ის აპირებს გაუგზავნოს მესიჯი ენერგოკომპანიებს, რომ მისი ადმინისტრაცია დიდხანს არ მოითმენს ნავთობკომპანიათა ზემოგებას.
პრეზიდენტის მთავარი მოტივი აბსოლუტურად გასაგებია: მაშინ, როდესაც გიგანტური ამერიკული ნავთობკომპანიები, მსოფლიო ბაზრებზე ოპერირებით, უზარმაზარ მოგებას იღებენ, თვით ამერიკაში ბენზინის ფასები იზრდება.
როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ, ამერიკის ერთ-ერთი თავისებურებაა, რომ არაფერი ისე არ აბრაზებთ ამერიკელებს, როგორც ბენზინზე ფასების ზრდა. შესაბამისად, პრეზიდენტ ბაიდენს სურს, მოგების დიდი ნაწილი კომპანიებმა იმაზე დახარჯონ, ახალი ეტქნოლოგიები შექმნან და ბენზინზე ფასები გააიაფონ.
ბაიდენის ამ განცხადებამ უდიდესი რეაქცია გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაშიც და ბიზნეს - წრეებშიც, რადგან ამერიკული ნავთობინდუსტრია, მათ შორის კომპანიები, რომლებიც მთელს მსოფლიოში მუშაობენ, ამერიკისთვის `სისტემაშემოქმედი` დარგია ეკონომიკის რეალურ სექტორში. საავტომობილო და სამხედრო ინდუსტრიასთან ერთად.
. . . . . . . . . . . . . . .
უკრაინაში მოკლეს ბატალიონ `ოსეთის` მეთაურის მოადგილე ვიქტორ ჟიდაევი.
ეს ინფორმაცია იმითაა საინტერესო, რომ როგორც ირკვევა, `ოსური ბატალიონი` შედის პრიგოჟინის `კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის` შემადგენლობაში. ანუ ფაქტიურად ოსები იმ ომში არა მოხალისეები არამედ დაქირავებულები არიან და `ოსეთის` ხელისუფლებამ, - როგორც ჩრდილო ოსეთმა, ასევე ცხინვალმა - უკრაინაში ომი ბიზნესად აქციეს.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში ოფიციალურად მობილიზაცია თითქოს დამთავრდა; შედეგად ასეულობით ათასი რუსიდან, ვინც მობილიზაციას გაექცა, დიდი ნაწილი ისევ რუსეთში ბრუნდება. მათ შორის საქართველოდან. ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი ბრუნდება.
ჩვენი ქვეყნისთვის ამას ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს, რადგან შემცირდება რუსეთიდან სავალუტო გადმორიცხვები და ეკონომიკური აქტივობა.