საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ოქტომბერი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ოქტომბერი. 2022 წელი

ჩინეთში ჩატარდა კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობა, რომელზეც ანტიდასავლური, კონფრონტაციული სფიჩით გამოვიდა `რესპუბლიკის თავმჯდომარე` სი ძინპინი.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მისი მესამე ვადით არჩევამ პარტიის ლიდერად, დაარღვია დაწერილი და დაუწერელი ტრადიცია, რაც არსებობდა მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ, რომ ჩინეთის ლიდერები მხოლოდ ორ ვადით (ათი წლით) იკავებდნენ პარტიის თავმჯდომარის პოსტს.

მართალია `დაწერილი კანონი` პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობამ რამდენიმე წლის წინ შეცვალა, თუმცა მთავარი მაინც დაუწერელი ტრადიცია იყო. მით უმეტეს ჩინეთში, სადაც ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

თვით დენ სიაოპინსაც კი არ ჰქონია პრეტენზია ეს ტრადიცია დაერღვია და ორი ვადის შემდეგ გადადგა, - თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა ანუ არაფორმალური ლიდერი იყო არმიის ძალით.

სი ძინპინმა მოხსენებაში თქვა, რომ პარტიის გაახალგაზრდავებისკენ ისწრაფვის. ეს ცოტა არ იყოს უცნაური განცხადებაა, რაკი საყოველთაოდ ცნობილია, რომ მას სწორედ უფრო მეტად კონსერვატიული ფრთა უჭერს მხარს კომუნისტური პარტიისა, მაშინ როდესაც `ახალგაზრდა კომკავშირელები` ანუ პარტიულ ელიტათა ახალგარზდული ფრთა უფრო რეფორმისტულად და პროდასავლურად არიან განწყობილნი.

არ არის გამორიცხული, სი უბრალოდ თამაშობდეს - `ნიშნებს აძლევდეს` რეფორმატორებს და იმავდროულად ცდილობდეს კონსერვატორთა მხარდაჭერა შეინარჩუნის. ანუ ბალანსირებს.

 მაგრამ თუ ამას თამაშობს და აქ ბალანსირებს,  სულაც არ არის გამორიცხული, იმასაც თამაშობდეს, თითქოს დასავლეთთან რაიმე სერიოზულ კონფრონტაციას აპირებს მაშინ, როდესაც ჩინეთის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული სწორედ დასავლურ ინვესტიციებზე.

`სი` - მ ხაზი გაუსვა ჩინეთის მზარდ ძლიერებას და მსოფლიოში გავლენის ზრდას მისი ხელისუფლების პირველი ათწლეულის განმავლობაში, რაც სრული სიმართლეა.

ამას ვერავინ უარყოფს, რომ რეფორმების პროცესში, რომელიც დენ სიაოპინმა დაიწყო 1980 იან წლებში, სწორედ ჩინეთის საგარეო გავლენის ზრდის თვალსაზრისით სი ძინპინის მმართველობის ათი წელი იყო გამორჩეული.

იმავე სფიჩში სი ძინპინმა ილაპარაკა `საგარეო გამოწვევებზე და რისკებზე`. მან პირველ რიგში აღნიშნა ჰონ კონგის პრობლემა და ტაივანის საკითხი.

ეს ორი სხვადასხვა თუმცა მსგავსი პრობლემებია: ჰონკონგი ჩინეთმა დაიბრუნა 1997 წლის 1 ივლისს იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ტახტმა გააფორმა ჩინეთის იმპერატორთან 100 წლის წინ. საზეიმო ცერემონიალს დაესწრო პრინცი ჩარლზი - ამჟამინდელი მეფე. დედოფალმა ელისაბედმა უარი განაცხადა ჩასვლაზე და მოიქცა, როგორც ყოველთვის, ჭკვიანურად.

ბოლო წლებში კი ჩინურ ჰონკონგში, სადაც ცხოვრების დონე და მით უმეტეს დემოკრატიული მმართველობის დონე ბევრად მეტია ვიდრე ჩინეთის სხვა ტერიტორიაზე, უკმაყოფილება გამოთქვეს ჩინეთის ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გამო და ანტისამთავრობო გამოსვლებიც მოაწყვეს, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ასე თუ ისე მოაგვარა. თან სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის გარეშე.

რაც შეეხება ტაივანს, სი გულისხმობს, რომ `კუნძულოვანი ჩინეთის` საკითხში მას უმწვავესად უპირისპირდება დასავლეთი, პირველ რიგში ამერიკა, რომელიც არ აძლევს საშუალებას `გაამთლიანოს ჩინეთი`.

თუმცაღა პირველ რიგში ამას ეწინააღმდეგება თვით ტაივანი და მისი მოსახლეობა, რომელიც, ისევე როგორც ჰონკონგი, ბევრად განვითარებულია ჩინეთის კუნძულოვან ნაწილზე; გარდა ამისა, ტაივანი დემოკრატიის პირობებში ცხოვრობს.

სიმ მრისხანედ თქვა და უდიდესი ოვაციაც დაიმსახურა, რომ ჩინეთი `ისწრაფვის გაერთიანებისკენ` და შემდეგ ამერიკა გააფრთხილა:  „ჩვენ არასდროს არავის დავპირებივართ, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე ქვეყნის გასამთლიანებლად; ამდენად, ვიტოვებთ შესაძლებლობას გამოვიყენოთ საამისოდ საჭირო ყველა საშუალება“.

„ისტორიის ბორბლები მიდის ჩინეთის გაერთიანებისა და ჩინელი ერის გაახალგაზრდავებისკენ. ჩვენი ქვეყნის სრული გაერთიანება უნდა განხორციელდეს“, - თქვა სიმ ასევე მქუხარე აპლოდისმენტთა ფონზე.

Xi-მ (ასე აღნიშნავენ მას ინგლისურენოვან სამყაროში)  ხაზი გაუსვა "საერთაშორისო ვითარების სწრაფ ცვლილებებს" - ჩინეთსა და დასავლეთს შორის გაფუჭებულ ურთიერთობებს, რომლებიც კიდევ უფრო დაიძაბა პეკინის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის გამო.

Xi-მ ასევე პირობა დადო, რომ გააძლიერებს ძალისხმევას სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA) "მსოფლიო კლასის არმიად" გადაქცევისთვის; დაიმუქრა, რომ გააძლიერებს  არმიის უნარს დაიცვას ეროვნული სუვერენიტეტი და შექმნას სტრატეგიული შეკავების მექანიზმები. იგულისხმება ამერიკის `შეკავება` და ეს ხომ პირდაპირ ცივი ომის რიტორიკაა?

 ტერმინი "უსაფრთხოება" ჩინეთის ლიდერმა თავის სიტყვაში დაახლოებით  50-ჯერ ახსენა.

დალი იანგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, აღნიშნავს რომ Xi-ს, თავის სიტყვაში გამოწვევებზე და ბრძოლაზე ხაზგასმით,  ამართლებს „ძლიერი პარტიისა და მისი დიდი ლიდერის საჭიროებას“.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სი ძინპინმა ამ სფიჩით ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება შეინარჩუნებს იმ გენერალურ ხაზს, რაც თავის დროზე დაამკვიდრა დენ სიაპინმა: ანუ კვლავ იქნება ერთპარტიულობა, კვლავ იქნება ცენზურა და მედიის დათრგუნვა, კვლავ ჩაეხშობა ყველანაირი განსხვავებული აზრი, თუმცა ეკონომიკაში იქნება ლიბერალიზმი, კაპიტალიზმი, კომერცია, კერძო ინიციატივათა წახალისება, ანუ მოდელი, რაც ჯერ `სინგაპურის სასწაულის` შემოქმედმა, ლი ქუან იუმ, შემდეგ კი ჩინეთში დენ სიაპინმა დაამკვიდრეს: `ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა და პოლიტიკური დიქტატურა` - ესაა ამ მოდელის არსი, რაც კატეგორიულად ეწინააღდმეგება ევროპული ცივილიზაციის გამოცდილებას, სადაც დემოკრატია და ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა ერთმანეთთან ჰარმონიულ კავშირში და ერთმანეთზე დამოკიდებულებით ვითარდებოდა.

თუმცა ჩინეთი თავისთავადი ცივილიზაციაა.

უფრო ზუსტად, თვითონ არის ცალკე, გრანდიოზული  ცივილიზაცია.

. . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ ამერიკა აუცილებლად ჩაერევა სამხედრო კონფლიქტში ანუ, მარტივად თუ ვიტყვით `დაარტყამს რუსეთს სამხედრო ძალით`, თუკი რუსეთი გაბედავს უკრაინის წინააღდმეგ თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას.

ჯეკ სალივანი ითვლება საკვანძო ფიგურად პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში. იგი `ახმოვანებს` თვით ბაიდენის ანუ უმაღლესი მხედართმთავრის პოზიციას. ამაზე უკვე ვწერდით კიდეც, თუმცა ასე მკაფიოდ ეს `წითელი ხაზი` გასიტყვებული არ ყოფილა: იგულისხმება, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსული არმია უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამერიკული არმია და NATO განახორციელებს დარტყმას ჩვეულებრივი იარაღით რუსულ ჯარებზე და მთლიანად გაანადგურებს იმ ქვედანაყოფს, რომელიც გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

ხოლო თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ნატოს წევრი ქვეყნის წინააღდმეგ, მიიღებს სრულმასშტაბურ ბირთვულ დარტყმას რუსეთის ტერიტორიაზე.

როგორც ჩანს, ამ საკითხზე ამერიკულ ელიტებში და ევროატლანტიკურ ელიტებში გადაწყვეტილება მიღებულია, სრული კონსენსუსი მიღწეულია და პუტინმა ეს იცის. უფრო მეტად რომ `იცოდეს`, სწორედ ამიტომ გაავლო საჯაროდ წითელი ხაზი სალივანმა პრეზიდენტის დავალებით.

ამიტომაც ვერ ბედავს პუტინი, საბედნიეროდ, ბირთვული იარაღის გამოყენებას.

ხოლო ჯონ ბოლტონმა, რომელსაც იგივე თანამდებობა ამერიკის უშიშროების საბჭოში ეკავა პრეზიდენტ ტრამპის დროს, კიდევ უფრო მძაფრად თქვა: `თუ პუტინი გამოიყენებს უკრაინაში ბირთვულ იარაღს, ამით ხელს მოაწერს საკუთარ სასიკვდილო განაჩენს`

. . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ქალიშვილმა ლიტვის ანუ ევროკავშირის და NATO-შ წევრი სახელმწიფოს  მოქალაქეობა მიიღო.

შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ეს არის კიდევ ერთი შტრიხი იმისა, რამდენად გახრწნილია რუსული ელიტა, რომელიც ვითომ დასავლურ ცივილიზაციას ებრძვის Русский мир-ისთვის უკრაინაში; თუმცა გამორიცხულია ასეთი გახრწნილი და კორუმპირებული ელიტების მართვის ქვეშ მყოფმა სახელმწიფომ ეს დიდი ომი მოიგოს.

Русский мир-ის მეორე დიდი `ამაგდარის`, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის (კალანტარიანი) ქალიშვილი საერთოდ ამერიკის მოქალაქეა და ამერიკაში ცხოვრობს - ნიუ იორკში.

აღარაფერს ვამბობ, რომ თვით პუტინის ორივე ქალიშვილი სულ ბოლო მომენტამდე ევროპაში ცხოვრობდა სანამ არ გამოაგდეს იქედან. ერთ-ერთი მათგანი ევროპელზეა გათხოვილი და პუტინს ძალიან არ უყვარდა, როცა ამას ახსენებდნენ ხოლმე ზოგჯერ უცხოელი ჟურნალისტები პრეს-კონფერენციაზე.

. . . . . . . . . . . . . . .

გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა, პრამილა პატენმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები იყენებდნენ პრეპარატ ვიაგრას - მასობრივი გაუპატიურებების დროს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ შორის კიევის მახლობლად მდებარე ბუჩაში.

ეს განაცხადა არა უკრაინის წარნომადგენელმა, არამედ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ეყრდნობოდა გაეროს საგანგებო კომისიის დასკვნას.

კომისია გაეროს გენერალურმა მდივანმა შექმნა (რუსეთი მის გადაწყვეტილებას ვერ დაავეტოვებდა). შემდეგ კომისია გაემგზავრა ბუჩაში და შეისწავლა საკითხი ადგილზე, -  ჩაატარა ყველანაირი კვლევა მსხვერპლი ქალების.

სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ ასეთი მასობრივი გაუპატიურებები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.