საერთაშორისო მიმოხილვა. 18 ივლისი 2022 წელი-II
21-22 ივლისს გაირკვევა, აღადგენს თუ არა მოკოვი გერმანიისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას `ჩრდილო ნაკადი-1`-ის (North stream-1) მილსადენი სისტემით, რაც გერმანული ელიტის, პირველ რიგში კანცლერ ანგელა მერკელისა და ექს-კანცლერ გერჰარდ შრიოდერის დიდი ძალისხმევით გაიყვანა პუტინმა 2010-2012 წლებში.
ამაზე კი შეთანხმდნენ მაშინ ისტორიულად გერმანელი მემარცხენეები და მემარჯვენეები ანუ სოციალ-დემოკრატი შრედერი და ქრისტიან-დემოკრატი მერკელი.......
დიახ, მრავალთა აზრით სრულიად უპასუხისმგებლოდ შეთანხმდნენ მაშინ გერმანული ელიტები, - თავისი ქვეყანა და მთელი ევროპა დამოკიდებული გაეხადათ რუსულ გაზზე ესე იგი კრემლზე.
დაახლოებით 70%-30%-ია ალბათობა, რომ 21-22 ივლისს პუტინი აღადგენს გაზის მიწოდებას ევროპისთვის, რადგან მან უკვე გამოივაჭრა ამ შანტაჟით რუსული ტრანზიტი კალინინგრადის ანკლავში.
ევროკავშირმა (არა ლიტვამ, რომლის ტერიტორიაზეც გადის ეს ექსტერიტორიული ტრანზიტი, არამედ სწორედ ევროკავშირმა გერმანიის თხოვნით) აქ უკან დაიხია და ლიტვას ნება დართო ტრანზიტი აღედგინა.
პუტინს ძალიან უნდოდა კიდევ ორი მილსადენი აეგო ბალტიის ზღვის ფსკერზე (`ჩრდილო ნაკადი-2`-ის - North stream-2) საერთო სახელწოდებით.
თითქმის აგებულია, მაგრამ შეუვალ სანქციებში მოხვდა ამერიკის კატეგორიული მოთხოვნით (ჯერ კიდევ ტრამპის დროს), ამიტომ `დაერთებული` არ არის. ოღონდ ბევრიც არ აკლია. გერმანიამ სერტიფიკატი არ გასცა უკრაინის გამო.
აქვე გიგზავნით სქემას, რომელზეც ძალიან კარგად ჩანს რუსული გაზსადენი ქსელით როგორ არის `ბადეში გახვეული` მთელი ევროპა და ეს `ბადე` ჯერ-ჯერობით მხოლოდ იზრდება: ამ ქსელს ოთხი სტრატეგიული მიმართულება აქვს
- ჩრდილო ნაკადი, რომლის პირველი ნაწილი, როგორც მოგახსენეთ, დასრულებულია, მოქმედია, ხოლო მეორე დაერთებული ჯერ არ არის.
`ჩრდილო ნაკადი-1`-ის (North stream-1) საერთო საპროექტო სიმძლავრეა 55 მილიარდი კუბური მეტრი (კბმ) ბუნებრივი აირი ყოველწლიურად, რაც ძალიან ბევრია.
თუმცა 62 მილიარდიც შეუძლია გაატაროს. და რაც მთავარია ეს სიმძლავრე უკვე მოქმედებს. North stream-1 შედგება ორი პარალელური მილსადენისგან ბაკტიის ზღვის ფსკერზე.
იმავე `ჩრდილო ნაკადის` მეორე ნაწილი, (`ჩრდილო ნაკადი-2 - - - North stream-2) ასევე ორი მილსადენისგან შედგება. მისი სიმძლავრე ანალოგიურია ანუ დაახლოებით 55 მილიარდი კბმ ბუნებრივი აირი ყოველწლიურად. მაშასადამე ჯამში, მხოლოდ NS-1 და NS-2-ით პუტინს შეუძლია გერმანიას მიაწოდოს სულ მცირე 100 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ყოველწლიურად.
ოღონდ როდესაც North stream-2 მზად იყო 99%-ით, მას `მოუსწრო` ამერიკულმა და ევროპულმა სანქციებმა უკრაინის წინააღდმეგ აგრესიის გამო. NS-2-მ ვერ მიიღო გერმანიის მთავრობის სერტიფიკატი. თუმცა მზადყოფნა 99%-ია. რეალურად ამჟამად უმოქმედოა.
- მეორე სტრატეგიული ხაზი, რომელიც სქემაზე კარგად ჩანს, არის `იამალ-ევროპა`, ბელორუსისა და პოლონეთის გავლით - ევროპაში. ფუნქციონირებს 1999 წლიდან. სიმძლავრე 33მილიარდი კბმ. ამჟამად ეს ხაზი გადაკეტილია უკრაინის წინააღდმეგ აგრესიის გამო, პოლონეთის ინიციატივით. ანუ რუსეთიდან მხოლოდ ბელორუსს მიეწოდება ამ არხით ბუნებრივი აირი, ხოლო პოლონეთს და გერმანიას - აღარ. თუმცა ვიგულისხმოთ და ანგარიშში ჩავდოთ ეს ციფრი: `ჩრდილო ნაკადის ორივე არხთან ერთად იამალ-ევროპა მთლიანობაში უკვე 130-140 მილიარდი კუბური მეტრის სიმძლავრისა გამოდის საპროექტო და პიკური მოცულობებით
- ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გაზსადენი ქსელისა, რითაც მოსკოვმა `შებოჭა` ახლა ევროპა, არის გაზსადენების სისტემა, რაც გადის უკრაინის ტერიტორიაზე. კვლავ იხილეთ სქემა: `ურენგოი-პომარი-უჟგოროდ` სისტემა სამი მილსადენისგან და რამდენიმე ქვემილსადენისგან შედგება. ამ სისტემის მშენებლობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო უნგრეთის გავლით-გერმანიაში; ცენტრალურ ევროპაში და სამხრეთ ევროპაში. 1980-იანი წლების დასაწყისში ბევრი იბრძოლა აშშ დიდმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, რათა გერმანელები დაერწმუნებინა ასე ძალიან ნუ ჩამოეკიდებოდნენ რუსულ გაზს, იყო სხვა ალტერნატივები (ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ) მაგრამ გერმანელები მაშინაც გაჯიქდნენ და არაფრის დიდებით არ თქვეს უარი იაფ რუსულ გაზზე.
მით უმეტეს, რომ სადღაც 1982-1984 წლებიდან გერმანიაში ძალას იკრებს ფანატიკური `მწვანეთა მოძრაობა` და გერმანული ელიტები ხვდებოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ატომური ელექტროსადგურების დახურვა, ასევე ქვანახშირის გამოყენებაზე უარის თქმა მოუწევდათ. ორგზის უმეტეს 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ. `ურენგოი-პომარი-უჟგოროდ`- უკრაინა გაზსადენი სისტემა პოტენციურად შემძლეა 300 მილიარდამდე (!!!) კბმ ბუნებრივი აირის გაატაროს ყოველწლიურად. თუმცა ამ მოცულობის დიდი ნაწილი უკრაინას ერგება ტრანზიტის საფასურად. 2021 წელს, უკრაინასთან პრობლემების გამო რუსეთმა შეძლო უკრაინის გავლით მხოლოდ 40-45 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი ევროპაში. მაგრამ თუ ახლა პუტინი ომს მოიგებს და უკრაინას მთლიანად დაიპყრობს, კიევში მარიონეტს დასვამს, მის ხელთ იქნება უკრაინის მთელი გაზსადენი სისტემა საერთო სიმძლავრით 300 მილიარდი კუბური მეტრისა.
- რუსეთმა შავი ზღვის ფსკერზე ააგო მილისადენი: `თურქული ნაკადი` იგივე `ცისფერი ნაკადი` . `თურქული ნაკადი` 2020 წელს ამოქმედდა და მისი დადგმული სიმძლავრე 32 მილიარდი კუბური მეტრია. ოღონდ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ სიმძლავრის თითქმის 100% უშუალოდ თურქეთს აქვს დაკონტრაქტებული და აქედან ევროპას არაფერი ერგება. რაც შეეხება დაპროექტებულ `სამხრეთის ნაკადს`, ისიც შავი ზღვის ფსკერზე შენდება, მაგრამ ჯერ მხოლოდ შენდება. მისი სიმძლავრე, ჩანაფიქრის თანახმად 60 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი უნდა იყოს სამხრეთ ევროპაში. მაგრამ ამ მოცულობის დიდ ნაწისაც თურქეთი აიღებს.
ანუ, რომ შევაჯამოთ, რუსეთს აქვს პოტენციური, თეორიული შესაძლებლობა, ამ გაზსადენებით ევროპას მიაწოდოს დაახლოებით 400-500 მილიარდი კბმ ბუნებრივი აირი ყოველწლიურად. იმ შემთხვევაში, თუ აშენდება `ჩრდილი ნაკადი-2`, `სამხრეთის ნაკადი` და უკრაინის სისტემა იქნება პუტინის ხელში.
მაგრამ რამდენს აწვდის რეალურად?
სათვლელად და თვალსაჩინოდ უნდა ავიღოთ 2021 წელი, როცა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ უკრაინაში აგრესია პუტინს ჯერ არ ჰქონდა დაწყებული.
2021 წელს რუსეთმა ევროპას მიაწოდა სულ 180 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.
ეს ძალიან ბევრია: ევროპული მოხმარების 40%-ია!
კატასტროფულად ბევრია მართლაც: იგულისხმება, რომ ეს ბუნებრივი აირი ხმარდება როგორც მოსახლეობის გათბობას (ზაფხულობით გაზსაცავების შევსება, მერე ზამთარში მათი გამოყენება) ასევე ეკონომიკას, მრეწველობას და ა.შ.
საფრანგეთი ამ მხრივ მხოლოდ 17%-ითაა დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს 17% ერთბაშად `ამოვარდა` მოხმარებიდან, ურგენტულად, მყისიერად ისეთი პრობლემებს შექმნის, რომ საფრანგეთში სერიოზული სოციალური პრობლემები წარმოიშობა: იფეთქებს `ყვითელი ჟილეტების მოძრაობა`, ბუნტები არაბულ კვარტლებში და ა.შ.
აი გერმანიის დამოკიდებულება კი 55%-ია!
ბულგარეთის - 85%.
ოღონდ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური ფაქტორებიც: მაგალითად რუსეთს არ შეუძლია ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს ბულგარეთს, რომელმაც მკაცრად ანტიიმპერიალისტური პოზიცია დაიკავა უკრაინის საკითხში, რადგან ასეთ შემთხევვაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება რუსეთის მოკავშირე სერბეთსაც, რაკი გაზსადენი ბულგარეთზე გადის.
ჩამოვწეროთ რუსეთზე დამოკიდებულების ცხრილი:
უნგრეთი -80%
ფინეთი-80%
ბულგარეთი - 80%
ავსტრია 80%
გერმანია - 55%
იტალია - 40%
ნიდერლანდი - 30%
საფრანგეთი -17%.
ესპანეთი - 0!
თქვენს მიერ დასმულ კითხვას რომ ვუპასუხოთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა რეგიონებში რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესახებ, რეგიონებს შორის ამ მხრივ სხვაობა თითქმის არ არის.
იმიტომ, რომ მაგალითად გერმანიაში, ძალიან კარგად განვითარებული გაზსადენი ქსელის მეშვეობით, ბუნებრივი აირი საჭიროების მიხედვით თანაბრად ნაწილდება. ეს თუ ვსაუბრობთ მოსახლეობის მოხმარებაზე. ხოლო მრეწველობასაც - საჭიროების მიხედვით.
ბუნებრივია ზამთარში ჩრდილოეთ გერმანია, ჰამბურგის მხარე, მეტს მოიხმარს ვიდრე მაგალითად ბავარია, ოღონდ ბუნებრივი აირი ნაწილდება გაზის საერთო ბალანსიდან.
სხვა შემთხვევაში ეს ფედერალური კანონმდებლობის დარღვევა იქნებოდა და ასევეა ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოში.
შარშან რუსეთმა სულ 700 მილიარდი კბმ ბუნებრივი აირი მოიპოვა და აქედან 400 მილიარდი თვითონ მოიხმარა. ანუ რომც წარმოვიდგინოთ, მოსკოვს უცბად მიეცა საშუალება 500 მილიარდი კბმ მიაწოდოს ევროპას, თვითონ საკუთარ მოსახლეობას გათოშავს სიცივით და საკუთარ მერწველობას ჩამოაქცევს?
რუსეთში კორუფციისა და ლოჯისტიკური პრობლემების გამო, ბუნებრივი აირის დანაკარგი, ანუ `ჰაერში გაშვება` კოლოსალურად დიდია. ამიტომ 140 მილიონიანი ქვეყანა დაახლოებით იმდენივეს მოიხმარს ყოველწლიურად რასაც 450 მილიონიანი უზარმაზარი ევროპა.
რუსეთს სურს ბუნებრივი აირი ევროპის ნაცვლად ჩინეთში გაყიდოს, მაგრამ ჯერ ერთი, ჩინეთი იმის მეათედს თუ გადაუხდის რასაც ევროპა უხდის (ბოლო ევროპული ფასია 1200 დოლარი/ევრო 1000 კბმ) და რაც მთავარია, არ არსებობს ლოგისტიკური სიმძლავრეები ანუ მილსადენი ქსელი.
ამიტომ 2021 წელს რუსეთმა ჩინეთში სულ 20 მილიარდი კბმ გაყიდა. ეს მიზერია/
საოცნებოდ აქვთ 100 მილიარდის გაყიდვა ჩიენთში და ეს იმ დროს, როცა ევროპაში 180 მილიარდი გაყიდეს შარშან.
შეუძლია თუ არა ევროპას აბსოლუტურ ნულზე დაიყვანოს (ესპანეთივით) დამოკიდებულება რუსულ გაზზე?
რა თქმა უნდა! ოღონდ....არა ხანმოკლევადიან, არამედ მხოლოდ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.
ანუ ევროპას ნამდვილად შეუძლია ააგოს ახალი გაზსადენები ჩრდილოეთ აფრიკიდან, (ალჟირიდან) ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე; ნამდვილად შეუძლია ააშენოს გაზის განთხევადების ქარხნები და გამოიყენოს ამერიკული ფიქალის გაზი. ასევე ფიქალის გაზი მთელი მსოფლიოდან, რაც უდიდესი მარაგია;
ასევე ააგოს ახალი დიდი გაზსადენები ახლო აღმოსავლეთიდან, სირიიდან, ცენტრალური აზიიდან და ა.შ.
აგრეთვე, ახალი ტექნოლოგიებით შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება, ანუ თვითონ მოითხოვოს ბევრად ნაკლები ბუნებრივი აირი როგორც მრეწველობისთვის, ასევე ადამიანთა გასათბობად!
უკიდურეს შემთხვევაში, ევროპას თეორიულად შეუძლია აღადგინოს ატომური ელექტროსადგურების პროგრამა, რაც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტდა ამ პრობლემას .
ოღონდ, ამას ყოველივეს დასჭირდება 2-3 წელი.
ანუ პუტინის შანსია სწორედ ეს მოკლევადიანი პერიოდი (2-3 წელი), როცა ასეთ გრანდიოზულ `გადაწყობას` ესოდენ მოკლე ვადაში ევროპა ვერ მოასწრებს. მით უმეტეს ძალიან სერიოზული ეკონომიკური და სოციალური რისკების გარეშე.
ანუ ეს 2-3 წლიანი პერიოდია ახლა პუტინის `ფანჯარა` ისტორიულად, რათა მოასწროს უკრაინის პრობლემის გადაწყვეტა და ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე (ბალტიის გარდა) ახალი მოსკოვური სახელმწიფოს აღდგენა - - - - ევროპის დამოკიდებულების გამოყენებით და ევროპაში სხვადასხვა სოციალური კატაკლიზმების პროვოცირებით/\
2-3 წელი! - - - - 2025 წლამდე მაქსიმუმ.