გაუგებარი ფორა – რუსულ დიპლომატიას

გაუგებარი ფორა – რუსულ დიპლომატიას

        2003 წლის ნოემბრის გარდატეხის შემდეგ, სავსებით ბუნებრივია, ახალი ხცელისუფლების ძალისხმევისა და ყურადღების უმთავრესი მიმართულება რუსეთი გახდა, რაც იმაზე მეტყველებს უდავოდ, რომ მას კარგად ესმის საქართველოს სტრატეგიულ პრობლემათა პირველწყარო: რუსეთთან ურთიერთობის გარკვევის გარეშე ამ პრობლემათა გადაწყვეტის მართებული ფორმულის შემუშავება შეუძლებელია. მაგრამ მეორე მხრივ, ახალი ხელისუფლება თავად შეიძლება აღმოჩნდეს იმ მითების მსხვერპლი, რომელიც შექმნა და, რომელთაც, ამჟამად, რუსეთის ხელისუფლება ძალიან ოსტატურად უღვივებს.
        მაგალითად, სულ უფრო მაღალი დონიდან ხდება იმ აზრის კულტივირება, რომ რუსეთ-საქართველოს პრობლემათა საფუძველი ედუარდ შევარდნაძის «არაშეთანხმებადობა» იყო. ხოლო რაკი ამჟამად ეს პრობლემა მოიხსნა და მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად შეუძლია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებანი – ყველა საკითხი თანდათანობით (ან მყისიერად) გადაწყდება.

        რეალურად, საქმე ბევრად უფრო რთულად იყო და ამგვარი მითის კულტივირებამ შეიძლება ძალიან დიდი საფრთხეც შეუქმნას ახალგაზრდა ხელისუფლებას. მოსკოვში ამას გრძნობენ და სწორედ ამიტომ იწუწუნა პუტინმა (მისი გაიძვერა მრჩევლების «მიწოდებით») ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას, აქაოდა, ედუარდ შევარდნაძესთნა, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერაფერი გამომივიდა – რაზეც შევთანხმდით, არაფერი შეეასრულაო.
        სამართლიანობა მოითხოვს დაზუსტდეს, რა იგულისხმება კონკრეტულად: თუ პუტინს მხედვლეობაში ჰქონდა, მაგალითად, სოჭის შეხვედრა, _ იქ, მართლაც, ქართულმა მხარემ იკისრა ვალდებულება, აფხაზეთის გავლით, რკინიგზის აღდგენის შესახებ. ოღონდ (ყველას კარგად გვახსოვს) «ლტოლვილთა დაბრუნების სინქრონულად». უეჭველად ივარაუდებოდა რუსეთის ძალისხმევა, რომელსაც უნდა დაერწმუნებინა აფხაზური მხარე, დათანხმებოდა ლტოლვილთა გარანტირებულ დაბრუნებას (ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნის გარეშე კი ასეთ გარანტიას მათ ვერავინ მისცემდა) თუნდაც სამურზაყანოში, ანუ გალის რაიონში.
        სოხუმის ხელისუფლებას ამის გაგონებაც არ სურდა. მოსკოვმა თავის მოკავშირეს არ აწყენინა, ხოლო ამჟამად სურს ყველაფერი ქართულ მხარეს (კონკრეტულად ედუარდ შევარდნაძეს) გადააბრალოს. ამ თამაშს ახალი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს, თორემ რუსული დიპლომატია მას ისეთ ოსტატურ მახეს დაუგებს, რომლიდანაც თავის დაღწევა ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც ძალიან გაუჭირდება.
        ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის «შედეგებმა» (ანუ აბსოლუტურმა ნულმა) ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა: მოსკოვი არც ბაზების გატანას აპირებს, არც აფხაზეთში პოლიტიკის შეცვლას, არც სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მაგრამ სურს ეს ყოველივე «შეფუთოს» საქართველოსთან ახალი ურთიერთობების დაწყების დეკლარირებით _ თანაც თბილისისავე ინიციატივით.
        ქართული მხარე კი ვერ ამჩნევს: «ახალი ფურცლიდან ურთიერთობათა დაწყების სურვილი», თუ დიპლომატიური ენიდან გადმოვთარგმნით, იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ყველა ადრე არსებულ პრობლემაში სწორედ და მხოლოდ მისი წინამორბედი ქართული ადმინისტრაცია იყო დამნაშავე – ამ წინადადებას ხომ ახალი ხელისუფლება აყენებს, ხოლო რუსეთი მრავალმნიშვნელოვნად დუმს ან უფრო მეტიც _ წინააღმდეგია «სუფთა ფურცლიდან ურთიერთობათა დაწყებისა».
        მაშასადამე, მოსკოვს ერთი მხრივ, სურს შეინარჩუნოს ყველაფერი, რაც 12 წლის განმავლობაში მისთვის სასარგებლო მოიპოვა, ხოლო მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართულ მხარეს დააკისროს _ არა აქვს მნიშვნელობა «ძველ» თუ «ახალ» ხელისუფლებას – ქართული მხარე ხომ რუსეთთან მიმართებაში ერთიანი სუბიექტია?
        ასე ჩვენ რუსეთთან აბსოლუტურად ყველა «პარტიას» წავაგებთ. თუ მიხეილ სააკაშვილიც იგივე «ამოსავალი დებულებიდან» დაიწყებს მოსკოვთან ურთიერთობას (რომ მთავარი პრობლემა «ედუარდ შევარდნაძის არაშეთანხმებადობა იყო», ესე იგი ყველაფერში, ისევ და ისევ, ქართული მხარეა დამნაშავე) მაშინ რუსეთი მისთვის უაღრესად მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება.
        მომავალი სტრატეგიული დიალოგის დროს ყველა იმ მტკივნეულ საკითხზე, რაც საქართველოს აღელვებს: აფხაზეთიდან – სამხედრო ბაზებამდე და სეპარატულ სავიზო რეჟიმებამდე რეგიონებთან. მივაქციოთ ყურადღება, რომ განსხვავებით ქართული მხარისგან, რუსეთის არც ერთ ოფიციალურ (!) წარმომადგენელს არასდროს კრინტი არ დაუძრავს რუსული მხარის (თუნდაც წინა ხელისუფლების, _ ბორის ელცინის) შეცდომებზე საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ჩვენგან განსხვავებით, მათ შესანიშნავად ესმით, რომ ამგვარი აღიარება ქვეყნის დიპლომატიას წამგებიან პოზიციაში ჩააყენებდა.
        ცოტა არ იყოს გაუგებარია, თავად რატომ ვირთულებთ პოზიციას მაშინ, როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს _ არც ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების ლოგიკიდან (უკვე) და არც რუსეთთან ურთიერთობათა აწყობის აუცილებლობიდან გამომდინარე.
        შეიძლება ითქვას, მომავალი, გარდაუვალი და სასიცოცხლოდ აუცილებელი დიალოგის წინ, ქართული მხარე, რატომღაც, თავად აძლევს «ფორას», ფუჭად სწირავს «ხარისხს» მოწინააღმდეგე-პარტნიორს (საერთაშორისო პოლიტიკაში ეს ერთი და იგივეა) და ამით უდავოდ ირთულებს მდგომარეობას, ანუ «საწყის პოზიციას» ურთულესი პარტიის დებიუტშივე.

დილის გაზეთი, 27 დეკემბერი, 2003 წელი