საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ივნისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ივნისი. 2023 წელი

თემა: პრიგოჟინის პუტჩი

ის, რაც მნიშვნელოვანია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დამდგარი შედეგი On the ground

 

24 ივნისს, უკვე მას შემდეგ, რაც პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის `ვაგნერი` (Частная военная компания - ЧВК - «Вагнер») აიღო ვორონეჟი და მიუახლოვდა მოსკოვს, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშინკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ პუტინის თხოვნით, ლუკაშენკომ გამართა მოლაპარაკება `ვაგნერის` მფლობელ და მეთაურ ევგენი პრიგოჟინთან, რის შედეგადაც პრიგოჟინი დათანხმდა გადასულიყო ბელორუსში და შეეწყვიტა `სამართლიანობის მარში მოსკოვზე`..

სულ მალე კრემლმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და საგანგებოდ აღნიშნა (პუტინის პრეს-მდივან პესკოვის პირით), რომ სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინის წინააღმდეგ შეწყდება (მაშასადამე, საქმე აღძრული იყო არა უბრალოდ `ფაქტზე` არამედ პერსონალურად პრიგოჟინის წინააღმდეგ(აც), შესაბამისად, პუტჩის მონაწილე არც ერთი მეომარი და არც თვით პრიგოჟინი არ დაისჯება.

ეს არის რუსული სახელმწიფოებრიობის და პირადად პრეზიდენტ პუტინის უდიდესი მარცხი, - მისი რენომეს, ავტორიტეტისა და `ხატების` შერყვნა.

იმიტომ, რომ სულ რამდენიმე საათით ადრე პუტინმა პუტჩის მონაწილეებს `სამშობლოს მოღალატეები` უწოდა. რუსული ტრადიციით კი `სამშობლოს მოღალატეებთან` გარიგება დაუშვებელია.

(აღარ არიან სამშობლოს მოღალატეები?)

ოღონდ `შერყვნაა` არა მხოლოდ ე.წ. `ხალხის` თვალში, რაც პუტინისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანიც კია, არამედ, რაც ყველაზე არსებითია, ბიუროკრატიის, მათ შორის საშუალო და მაღალი დონის `გადაწყვეტილების მიმღებთა` თვალში, რაც ამგვარი ტიპის სახელმწიფოში (როგორიც პუტინმა ააშენა) უეჭველად იმას ნიშნავს, რომ  ბიუროკრატიის თვალწინ `უმაღლესი ხელისუფალი` მიწას დაენარცხა, მისი ძალა ილუზორული აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ, ეს `მორიგება`, მით უმეტეს ლუკაშენკოს მონაწილეობით და არა პირდაპირი მოლაპარაკების ან რაიმე ულტიმატუმის შედეგად, პუტინის უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივ/დერჟავული მარცხია.

პრიგოჟინმა, სანამ როსტოვიდან გავიდოდა (ვორონეჟისა და მოსკოვისკენ მან თავისი 25 000 -იანი არმიის მხოლოდ ნაწილი გააგზავნა) თქვა, რომ `არც ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრია თავისი მეომრებისა`.

ჰო, მაგრამ სამაგიეროდ მან გვარიანი სისხლი დაღვარა რუსეთის ოფიციალური არმის მეომრების: ვორონეჟთან პრიგოჟინის მეომრებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა. ჩამოაგდეს იმიტომ, რომ `ვაგნერის` დაზვერვამ დაასკვნა - მედესანტეები გადმოჰყავთ ჩვენს შესაჩერებლადო.

გარდა ამისა, ვორონეჟის ჩრდილოეთით `ვაგნერმა` ჩამოაგდო პუტინის საამაყო საბრძოლო ვერტმფრენი КА-52, რომელიც ამერიკული` აპპაჩის` ანალოგია.

ისევ და ისევ, ძალაუფლების განხორციელების ელემენტარული კანონებიდან გამომდინარე, ამის შემდეგ სად უნდა გამოჰყოს თავი თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ? ან გენერალური შტაბის უფროსმა გერასიმოვმა? რა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეთ მათ არმიაში, როდესაც მეამბოხეებმა მეომრები დაუხოცეს და......არაფერი?!

შესაძლოა ისინი არც გადააყენოს პუტინმა, რაკი ეს სულ მთლად გათახსირება იქნებოდა (პრიგოჟინმაპუტჩი ხომ გერასიმოვისა და შოიგუს გადადგომის მოთხოვნით დაიწყო?!), მაგრამ ზიანი მაინც იმდენად დიდია, მისი კომპენსირება შეუძლებელია.

 

ლუკაშენკოს როლი

 

ბელორუსის პრეზიდენტის პრეს-მდივნის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, მხოლოდ პრიგოჟინი გადადის ბელორუსში თუ მთელი მისი არმიაც ბელორუსში დისლოცირდება?

მეორე ვარიანტს ლუკაშენკლო არ დათანხმდებოდა: მას არაფერში სჭირდება მისი `სამფლობელოს` ტერიტორიაზე 25 000 კბილებამდე შეიარაღებული, ბრძოლებში გამოცდილი მეომარი. ეს უბრალოდ სახიფათოა.

შეგახსენებთ, რა მწვავე რეაქცია მოჰყვა რამდენიმე წლის წინ მისი მხრიდან სულ რაღაც 50 ვაგნერელის (უიარაღოდ) გამოჩენას მინსკთან, საიდანაც ისინი თითქოს ვენესუელაში გაფრენას გეგმავდნენ ვითომდაც ნავთობჭაბურღილთა დასაცავად.

სინამდვილეში ეს უკრაინული სპეცსამსახურების ოპერაცია იყო. მაგრამ ლუკაშენკომ `ვაგნერელები` დააპატიმრა და მხოლოდ დიდი ხვეწნის შემდეგ გადასცა პუტინს.

ახლა  ლუკაშენკო 25 000 იან არმიას მოითმენს?

მაშასადამე იგულისხმება მხოლოდ პირადად ევგენი პრიგოჟინის `დაბუდება` ბელორუსის ტერიტორიაზე, ხოლო მისი არმია უკრაინაში დაბრუნდება, სადაც გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთის ფრონტზე.

თუმცა......ვაგნერელთა დიდი ნაწილი მაინც არავის დაემორჩილება გარდა Батя პრიგოჟინისა. მათი განიარაღების ნებისმიერი მცდელობა კი სისხლისღვრას გამოიწვევს.

არადა ეს რუსული სახელმწიფოს დავრდომილობის კიდევ ერთი მაჩვენებელია: აბა ერთხელ რომ აჯანყდება და საკუთარი არმიის მეომართა სისხლს დაღვრის, იმათი (იმ შენაერთის-Unit) ისევ შეიარაღებულ ძალებში დაბრუნება და  ნდობა როგორ შეიძლება? ეს ხომ ელემენტარული საკაცობრიო წესია?

გამოდის, პრიგოჟინი იჯდება მინსკში და იქედან უხელმძღვანელებს `ვაგნერს`. ეს ერთადერთი ლოგიკური დასკვნაა.

მარტო პრიგოჟინმა თუ `დაიბუდა` მინსკში, ძალიანაც აწყობს ლუკაშენკოს, რომელიც საკუთარ თამაშს გაამძაფრებს პუტინთან. სინამდვილეში ის პუტინს ძალიან რთულ `საჭადრაკო პარტიას` ეთამაშება უკვე მრავალი წელია და მისი `ყურმოჭრილი მონა` სულაც არ არის.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ პუტინი მის ძალაუფლებას შეეხო, ლუკაშენკო პრიგოჟინს პუტინის დასაშანტაჟებლად გამოიყენებს.

სასაცილოა იმის გაფიქრებაც კი, რომ პრიგოჟინი ოდესმე გაბედავს ბელორუსის დატოვებას და რუსეთში დაბრუნებას.

ამ დამცირებით გაცოფებულ პუტინს ან შოიგუ/გერასიმოვს როგორღა ენდობა?

 

რა მოხდა `ვაგნერის` ბანაკში 23 ივნისს

 

ძალიან საინტერესო და ჯერ კიდევ საკვლევი თემაა, რა გახდა პრიგოჟინის `შეიარაღებული ამბოხის`საბაბი. არა მიზეზი, არამედ საბაბი.

თვითონ პრიგოჟინი 23 ივნისის საღამოდან აცხადებდა, რომ მისი `არმიის` მოსასვენებელი პოზიციები (ზურგში) დაბომბა რუსულმა არმიამ მას შემდეგ, რაც დილით მან განაცხადა, რომ უკრაინის ომი იყო იდიოტიზმი, ხოლო აღმოსავლეთ უკრაიანში მცხოვრებ რუსებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ; და  რომ არანაირი `უკრაინული ფაშიზმი` არ არსებობს, რომ რუსეთი ამ ომს აგებს და ა.შ და ა.შ.

სულ მალე კი მისი Тыловые лагеря დაიბომბა!

ანუ, ჯერ ერთი, ეს განცხადებები თავისთავად იყო დიდი გამოწვევა პუტინისთვის, რომელმაც 2014 წლიდან გააჩაღა ომი უკრაინის წინააღმდეგ და მეორეც, სხვა რა უნდა ეფიქრა პრიგოჟინს, როცა ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში მისი ბანაკი იბომბება?

ბუნებრივი და ლოგიკური ჩანს ეფიქრა, რომ პუტინმა მისი დასჯა გადაწყვიტა და არმიას დაავალა `ვაგნერისთვის დაერტყა.

თუმცა არსებობს ვერსია, რომ ეს დაბომბვა სინამდვილეში უკრაინული საგარეო დაზვერვის ბრწყინვალე სპეცოპერაცია იყო, ხოლო დაბომბვა განახორცეილა უკრაინულმა არმიამ, ოღონდ ისეთი პერიმეტრიდან, `ვაგნერელებს` დარჩენოდათ შთაბეჭდილება, `ზურგიდან გვბომბავენო`.

 

ვინ არის პოლკოვნიკი უტკინი?

 

ევგენი პრიგოჟინი სამხედრო პირი არ არის. იგი მილიარდერი, ოლიგარქი, `ვაგნერის`დამფუძნებელი და მფლობელია.

რეალურად `ვაგნერს` სამხედრო თვალსაზრისით მართავს რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი ოფიცერი, პოლკოვნიკი უტკინი. ხოლო `ვაგნერში` უამრავი მისი კოლეგაა ინფლიტრებული.

ანუ იქ არა მხოლოდ ციხეებიდან თუ ლაგერებიდან გათავისუფლებული კრიმინალები არიან, არამედ რუსეთის `ძალისმიერ სტრუქტურათა` ყოფილი ოფიცრებიც.

რასაკვირველია მათ კავშირი აქვთ ყოფილ კოლეგებთან; ანუ ის, რაც მოხდა, რუსულ ძალისმიერ სტრუქტურებში და შესაბამის ელიტებში სერიოზული განხეთქილების მაჩვენებელიცაა.

დასავლურ მედიაში არაერთხელ დაიდო კვლევა, რომ რუსეთის ძალისმიერ სტრუქტურათა შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი (ისევ და ისევ საშუალო და მაღალ დონეზე) 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ავანტიურის კატეგორიული წინააღდმეგი იყო, რაკი ზუსტად გათვალეს უკრაინული არმიის მოტივაციაც, უკრაინული სოციუმის პატრიოტული კონსოლიდაციის ხარისხიც და რაც მთავარია, დასავლეთის რეაქციაც.

მაშასადამე, პუტინი, მიუხედავად ამ პუტჩის თითქოს ჩაცხრომა/გაწოვისა («Рассосалось кажется») შიშით უნდა ძრწოდეს - მან უბრალოდ არ იცის, როდის ჩასცემენ ისევ ზურგში.

შეგახსენებთ ასევე, რომ პრიგოჟინი უკვე რამდენიმე თვეა ლობირებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დასანიშნად `გენერალ არმაგედონად` წოდებულ სუროვიკინს, რომელიც პუტინმა ანტიუკრაინული აგრესიის სარდლად დანიშნა, ხოლო მანამდე სირიაში რუსულ არმიას ხელმძღვანელობდა.

გენერალ სუროვიკინს დაძაბული ურთიერთობა აქვს თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან და გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვთან.

ელემენატრული საღი აზრიც გვკარნახობს მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ როდესაც ამ სისხლიან (!) პუტჩს იწყებდა, პრიგოჟინმა იცოდა არმიის უმაღლეს შემადგენლობაში არსებული უთანხმოების შესახებ.

 

ისტორიული რაკურსი

მომხდარი აბსოლუტურად უპრეცდენტოა რუსეთის ისტორიაში. ამ მხრივ მას ვერც ერთი მოვლენა ვერ შეედრება: რუსეთის სახელმწიფოს, მის ნებისმიერ `წყობაში`, არ გააჩნია წარმატებულ და `ბოლომდე მიყვანილ` სამხედრო გადატრიალებათა `ტრადიცია`.

სამაგიეროდ უხვად აქვს `სამეფო კარზე გადატრიალებათა` ბექგრაუნდი: (პავლე პირველის მკვლელობა (1801წ), ხრუშჩოვის ჩამოგდება (1964) ასევე სტრელცების აჯანყება (1682წ) პეტრე პირველის წინააღდმეგ ან გენერალ კორნილოვის ამბოხი  1917 წელს.

თუმცა ყველა მათგანი წარუმატებელი იყო: რუსეთში სამხედრო დიქტატურის არც ერთი ისტორიული პრეცედენტი არ არსებობს. როგორც ჩანს ამ სახელმწიფოს ისტორიულ `მატრიცას` ეწინააღდმეგება.

 

პუტინის სასტიკი მარცხი

 

ყველაზე ნიშანდობლივი იყო რუსული საზოგადოების სრული აპათია მომხდარის მიმართ.

მასა სრულიად გულგრილად უყურებდა მიმდინარე მოვლენებს დაახლოებით ქართული გამოთქმის თანახმად: `დაგიხოციათ ერთმანეთი` ანუ შექსპირისეული `ჭირი ორსავე სახლსა თქვენსა`.

რუსული სოციუმი მ ო ქ ა ნ ც ა  წარუმატებელმა ომმა!

ასეთ სულიერ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება კი აუცილებლად დამარცხდება ომში, რომელსაც პუტინისთვისაც და თვით რუსეთისთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს.