საერთაშორისო მიმოხილვა. 12 მაისი 2024 წელი
ძალიან შემაშფოთებლად ვითარდება მოვლენები ფრონტზე აღმოსავლეთ უკრაინაში.
ჯერ-ჯერობით ტრაგიკული, მით უმეტეს კატასტროფული არაფერია, მაგრამ რუსეთის არმიამ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწია რამდენიმე მიმართულებით და რაც მთავარია, ფლობს სამხედრო ინიციატივას, რისი უმთავრესი, სისტემური მიზეზი გახდა 6 თვიანი დაგვიანება ამერიკული სამხედრო დახმარების გადაცემაში.
ეს პირდაპირ აღიარა რამდენიმე დღის წინ თეთრი სახლის (National security advisor ოფისის) სტრატეგიულ კომუნიკაციათა კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
მან განაცხადა, რომ ეს „დაგვიანება“ ძირითადი მიზეზი გახდა რუსული საოკუპაციო არმიის „წინ წაწევისა“, თუმცა კირბის ის არ უთქვამს, რატომ აჭიანურებს ვაშინგტონი უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემას, როდესაც ეს გადაწყვეტილება სულაც არ იყო დამოკიდებული კონგრესში დახმარების პაკეტის გატანაზე.
F-16 მოდერნიზებული ავიაგამანადგურებლების (უფრო ზუსტი იქნებოდა ამ შესანიშნავი თვითმფრინავისთვის გვეწოდებინა „მრავალფუნქციური საავიაციო კომპლექსი“) მიღებას უკრაინელებისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ 3 დღის წინ, ზელნსკის ადმინისტრაციამ ერთ მაღალჩინოსან სამხედროს ათქმევინა: „რაღაცას გვეთამაშებიან ამერიკელები - ჯერ ზაფხულისთვის გადადეს ამ თვითმფრინავების მოწოდება და ახლა შემოდგომისთვისო“.
ანუ კირბის განცხადება, შესაძლოა, სხვა არაფერია თუ არა ამერიკის ხელისუფლების სხვადასხვა შტოთა მხრიდან პასუხისმგებლობის „ერთმანეთზე გადაკისრება“ და „ერთმანეთზე გადაბრალება“
ყველა სამხედრო სპეციალისტისთვის ცხადია, რომ F-16 თვითმფრინავებს და მათ „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ იმ ძირითადი ფაქტორის განეიტრალებაში, რამაც განაპირობა რუსული არმიის ტაქტიკური წარმატებები ფრონტზე: СУ-34 და მათ მიერ დიდი სიშორიდან გაშვებული 2 ტონიანი „მოფარფატე“, „პლანირებადი“, გამანადგურებელი ძალის საავიაციო ბომბები.
სწორედ ამ ბომბებმა, დრონებთან კოორდინაციაში, მისცეს საშუალება რუსულ საოკუპაციო არმიას დაეპყრო ავდეევკა და ბოლო 2 კვირის განმავლობაში წინ მიიწევს ავდეევკას ჩრდილოეთით - თანდათან არღვევს უკრაინული თავდაცვის სტრატეგიულ ზღუდეს, რაც უკრაინელებმა 2014 წლის შემდეგ ააშენეს.
ეს უკრაინული სტრატეგიული სამხედრო თავდაცვის უკანასკნელი ზღუდეა - მის მიღმა ქალაქ დნეპრისა და თვით კიევისკენ ამ რანგის ზღუდეები აღარ არის.
თუ რუსებმა მისი გარღვევა მოახერხეს, შესაძლო არათუ დნეპრის, არამედ კიევის დაპყრობაც სცადონ და პარალელურად ისევ შეიჭრნენ ბელორუსიიდან კიევის მიდამოებში, როგორც 2022 წელს.
რატომ აყოვნებენ ამერიკელები F-16 გადაცემას? იმიტომ რომ ამ თვითმფრინავებით შესაძლებელია „ჰაერი-ზედაპირი“ რაკეტების გამოყენება არათუ რუსეთის მიმდებარე ტერიტორიების არამედ ოკუპირებული ყირიმისა და მოსკოვის, ასევე პეტერბურგის მიმართულებით.
სამწუხაროდ, ბევრს უჩნდება ეჭვი, რომ დასავლური, მათ შორის ამერიკული სტრატეგიაა არ დაუშვან რუსეთის გამარჯვება, ოღონდ ისე, რომ არც მისი დამარცხება არ დაუშვან, რაკი ძალიან ეშინიათ პუტინის რეაქციის და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისა.
პუტინის ბრძანებით ამ იარაღის გამოყენების სწავლებები (და არა ბირთვული მუხტის გამოცდა- ეს სხვაა) უკვე გაიმართა მათ შორის ბელორუსიაში, სადაც რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღია განთავსებული.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „ტაქტიკური“ კი ჰქვია ამ იარაღს, თუმცა ეს მუხტები შესაძლოა 1945 წელს იაპონურ ჰიროშიმაში და ნაგასაკიში ამერიკელების მიერ გამოყენებულ ატომურ ბომბებზე ათჯერ (!) ძლიერიც კი იყოს.
ის ამერიკული ბომბები თითოეული დაახლოებით 15 კილოტონა სიმძლავრის იყო.
შესაბამისად, აღარც ის არის გასაკვირი, რომ პუტინი და მისი გენერალიტეტი, რაკი დონბასის ფრონტზე, ავდეევკას დაპყრობის შემდეგ ტაქტიკური უპირატესობა და სტრატეგიული ინიციატივა მოიპოვა, ახლა უკვე ცდილობს (ბოლო კვირების ტენდენცია სწორედ ესაა) ისარგებლოს იმ „კომფორტით“, რომ უკვე შეუძლია განახორციელოს მანევრირება და შეტევები სხვა მიმართულებითაც:
ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები ხარკოვის მიმართულებით. იქაც შეინიშნება გარკვეული წინწაწევა ამ დიდი ქალაქისკენ. როგორც ჩანს პუტინი ცდილობს შეასრულოს თავისი მუქარა, რომ ხარკოვის მიდამოებში შექმნის „ბუფერულ ზონას“, რათა იქიდან უკრაინელებმა ვეღარ შეძლონ ბელგოროდისა და კურსკის დაბომბვა.
ოღონდ თუ რუსული არმია ხარკოვს შორსმსროლელი არტილერიის წვდომის მანძილზე მიუახლოვდება (30-40კმ) არ არის გამორიცხული მოხდეს ყველაზე უარესი: რუსებმა ულტიმატუმი წაუყენონ ხარკოვის მოსახლეობას ევაკუაციის შესახებ და შემდეგ გეგმაზომიერად დაიწყონ ქალაქის განადგურება კვარტალ-კვარტალ რაც პოლიტიკური მიზეზებით არ გაუკეთებიათ 2022 წელს.
და მერე შევიდნენ უკვე დანგრეულ და განადგურებულ, მოსახლეობისგან დაცლილ ქალაქში.
ეს ბევრად ხელსაყრელია პუტინისთვის, ვიდრე ქუჩის ბრძოლები, ათი ათასობით ჯარისკაცის დაკარგვა, ქალაქის ოკუპაცია და შემდეგ არალოიალური, მტრული მოსახლეობის პარტიზანული შეტევების მოგერიება.
დაახლოებით იგივე მოხდება დნეპრის მიმართაც, თუ ამ ქალაქს ახლა რუსული არმია შორსმსროლელი არტილერიის წვდომის მანძილზე მიუახლოვდება.
შორსმსროლელი არტილერია, მათ შორის თვითმავალი ქვემეხები (Самоходная артиллерийская установка – САУ) არის საზარელი იარაღი, რომლისგანაც თავდაცვა არ არსებობს, თუკი წვდომის მანძილზე მიუახლოვდება ქალაქს.
ეს იარაღი ამ მხრივ ბევრად უარესი, ვიდრე ე.წ. „ზალპური ცეცხლის დანადგარები“. ამ დანადგარებით, რაოდენ შორსმსროლელნიც არ უნდა იყონ (ზოგიერთის წვდომის სიშორე 100 კილომეტრია!) ქალაქს ვერ დაანგრევ!
არტილერიით კი დაანგრევ პირწმინდად - გეგმაზომიერი დაბომბვის შედეგად!
ყველას გვაქვს ნანახი ლიბიის ქალაქები, სირიის ქალაქები - ტოტალურად დანგრეული საცხოვრებელი კვარტლები....... პუტინმა (ვიმეორებ) პოლიტიკური მიზეზით არ მიიღო ეს გადაწყვეტილება 2022 წელს, როცა კიევს ალყა შემოარტყა და არც „ქუჩისა ბრძოლები“ არ აწყობდა. შესაბამისად არტილერია კიევის წინააღდმეგ არ გამოუყენებია თუმცა სულ ადვილად შეეძლო - ქალაქის მიდმებარედ ჰქონდა განლაგებული ასეულობით САУ.
ქუჩის ბრძოლები და უდიდესი დანაკარგი ქალაქის აღებისას არც ახლა აწყობს, თუმცა „ცუდად“ და „ავისმომასწავებლად“ უახლოვდება რუსული არმია ხარკოვს (დნეპრი ჯერ შორსაა საბედნიეროდ) არტილერიის წვდომის მანძილზე.
ანუ, გასული 1 თვის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო არმიამ რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრი დაიპყრო დონბასში...... აიღო ავდეევკა, რომელიც „სოლივით“ იყო შეჭრილი დონეცკის მიმართულებით, მაგრამ უკრაინელებს კვლავინდებურად აქვთ საშუალება დაბომბონ არა მხოლოდ დონეცკი, არამედ ბელგოროდი და აქტიურად ბომბავენ დრონებით რუსეთის ტერიტორიას.
პირველ რიგში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით ხშირად - ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. თანაც საკმაოდ შორსაც (500-600კმ.) უკრაინის საზღვრიდან.
განსახილველ პერიოდში აღსანიშნავი მომენტი ის არის, რომ რაკი იარაღის მიწოდება შეყოვნდა, ხოლო ამერიკელებმა, ასევე ბრიტანელებმა თავიდანვე აუკრძალეს უკრაინელებს მათი იარაღის (Himars რაკეტების, ასევე Storm shadow) გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, დახმარების პაკეტის შეყოვნების „კომპენსირებისთვის“ ნება დართეს გამოეყენებინათ ეს იარაღი ყირიმში!
„ესეც საქმეა“.
საოცრებაა, რომ ხარკოვში რუსული შეტევის კოორდინირება ნაწილობრივ ხდება ამერიკული (ილონ მასკის) საკომუნიკაციო სისტემის Starlink მეშვეობით. პენტაგონმა განაცხადა, რომ იღებს ზომებს ილონ მასკის კომპანიასთან (SpaceX) ერთად, რათა ეს პრაქტიკა შეწყვიტოს თუმცა ამგვარი მოცემულობა ძააააალიან სერიოზულ ეჭვებს კი იწვევს კიევში და არა მხოლოდ კიევში: რა გახდა ამ პრობლემის გადაწყვეტა, როდესაც ყველა „ღილაკი“ და „ჩამრთველ-გამომრთველი“, ასევე თანამგზავრები, საიდანაც სიგნალი ვრცელდება, ტოტალურად ამერიკის ხელშია?
პოლიტიკური კონტური.
გრძელდება მზადება შვეიცარიის სამშვიდობო კონფერენციისთვის, თუმცა ბევრი რამ უცნობია ჯერ-ჯერობით.
მაგალითად უცნობია, მიიწვევენ თუ არა ამ კონფერენციაზე პუტინის წარმომადგენელს. ეს რომ ღიად, ერთმნიშვნელოვნად არ უთქვამთ (ანუ არ უთქვამთ, რომ ეთანხმებიან კიევის პოზიციას: იქ მოსკოვის ადგილი არ არის, სანამ აგრესია გრძელდება) ძალიან სახიფათო ტენდენციაა
აქ მოსკოვის სტრატეგია იმდენად ის კი არ არის, რომ ჩაშალოს შვეიცარიის კონფერენცია (სავარაუდოდ ივნისის დამდეგს) არამედ „გადღაბნოს“ მისი პოლიტიკური მესიჯი.
ახლა მიმდინარეობს ურთულესი თამაში დიპლომატიისა და სპეცსამსახურების დონეზე, „გლობალურ სამხრეთში“, ანუ არაბულ სამყაროში, აზიაში, სამხრეთ ამერიკაში - ესე იგი იმ ქვეყნებში და იმ რეგიონებში, სადაც ადგილობრივ ელიტებს თუნდაც ნეიტრალური პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ რუსული აგრესიის მიმართ, ანუ არ დაგმონ რუსული აგრესია და „თანაბრად-ნეიტრალურად“ მიუდგნენ როგორც მსხვერპლს, ასევე აგრესორს.
ბუნებრივია, უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩინეთის პოზიციას.
ახლა კრემლის პოლიტიკური ტაქტიკა ის არის, რომ შესაძლოა თვითონ არ მიიღონ მონაწილეობა ამ კონფერენციაში (ერთმნიშვნელოვნად არ უთქვამთ არც „კი“ არც „არა“), მაგრამ ჩინეთი კი აქტიურად მონაწილეობდეს, რაკი ასეთი „მძიმეწონოსანი“ სახელმწიფოს მონაწილეობა, როგორიც ჩინეთია, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა „გლობალური სამხრეთი“ მერყეობს კრემლსა და ვაშინგტონს შორის, თავისთავად ანტიუკრაინული მადესტაბლიზირებელი ფაქტორია.
ბევრს უჩნდება კითხვა: როგორ ახერხებს მოსკოვი რომ ამ „მოედანზე“ თანაბრად ეთამაშოს დასავლეთს, მაშინ როდესაც რუსეთის რესურსები „გლობალურ სამხრეთში“ ვერც კი შეედრება დასავლეთის გავლენის და ზემოქმედების კოლოსალურ პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსებს იმ რეგიონებში?
ეს როგორ ხდება?
აქ გასათვალისწინებელია ის საკვანძო მომენტი, თუ რომელ „მოედანზე“ ხდება რუსული და დასავლური ძალის პროეცირება.
ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად, სადაც „გლობალური სამხრეთის“ ინტერესები მეტია, დასავლეთს ნამდვილად მეტი რესურსი აქვს სიტუაციაზე ზემოქმედებისთვის, ვიდრე რუსეთს; მაგრამ უკრაინაში, სადაც ამ „გლობალური სამხრეთის“, იგივე არაბული სამყაროს და აზიის ინტერესები ბევრად ნაკლებია, უკვე რუსეთს აქვს მეტი ბერკეტი „სამხრეთის“ პოზიციაზე ზემოქმედებისთვის მინიმუმ მესიჯის „გასადღაბნად“, რაც ამ კონფერენციასთან დაკავშირებით ახლა მოსკოვის მთავარი ამოცანაა. პროგრამა მინიმუმი. მაქსიმუმზე პუტინი ვერ იოცნებებს.
და ეს ამოცანა ბევრად მიღწევადია (უკრაინის შემთხვევაში), ვიდრე დასავლეთის მცდელობა „კონსოლიდირებული მესიჯის“ გამომუშავებისა „გლობალურ სამხრეთთან“ ერთად კრემლის საწინააღმდეგოდ.
ვშიშობ, ამგვარი მცდელობა დასავლეთის მხრიდან იმთავითვე წაგებულ თამაშში შესვლას ნიშნავდა: სრულიად საკმარისი იქნებოდა ევროატლანტიკური სივრცის კონსოლიდირებულების დემონსტრირება ყოველგვარი „გლობალიზაციის„ გარეშე, სადაც პუტინი მინიმუმ არ წააგებს. თუმცა შეიძლება კიდეც მოიგოს უარეს შემთხვევაში.