ცხინვალი მოლაპარაკებებს თანხმდება

ცხინვალი მოლაპარაკებებს თანხმდება

           

        გუშინ «სამხრეთ ოსეთის» პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა, პირველად ბოლო წლების განმავლობაში (ალბათ, არჩევის დღიდან), როგორც იქნა, ადამიანური ენით გადაწყვიტა ელაპარაკა საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებზე.

        მანამდე ცხინვალიდან მხოლოდ ულტიმატუმები ისმოდა, ედუარდ კოკოითი კი მხოლოდ მას შემდეგ აპირებდა მოლაპარაკებათა დაწყებას (რაკი წინა პირობებში დიალოგი არც კი უწარმოებია), რაც თბილისი, ფაქტობრივად, «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობას აღიარებდა.
        ოსები არათუ თბილისში ან ცხინვალში, არამედ მოსკოვშიც კი აღარ თანხმდებოდნენ მოლაპარაკებას. მაგრამ გუშინ ცხინვალში ჩასულმა გამობრძმედილმა რუსმა დიპლომატებმა _ ვალერი ლოშჩინინმა და მიხეილ მაიოროვმა როგორც იქნა, გააგებინეს «კუნთმაგარ და გონებასუსტ» ედუარდ კოკითს, რომ დიალოგზე ასე აშკარად უარის თქმა მისთვის წამგებიანი იქნებოდა. ამდენად, უმჯობესი იყო მოჩვენებით «რაუნდებში» ისიც ჩართულიყო, როგორც მისი აფხაზი კოლეგები.
        მით უმეტეს, რომ ეს მოლაპარაკება, სინამდვილეში, ოსურ მხარეს არაფერს ავალდებულებს. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დიალოგი, ალბათ, მართლაც გაიმართება _ შესაძლოა, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა შეხვედრის პარალელურად, მაგრამ რეალურ შედეგებს არ უნდა ველოდოთ. ჯერ-ჯერობით, ერთადერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც ამ რეგიონში ქართულმა პოლიტიკამ მიაღწია, ის არის, რომ მართლაც შემცირდა კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანა საქართველოს შიდა რეგიონებში, რაც, სხვათა შორის, სულაც არ გულისხმობს, რომ კონტრაბანდის ტალღამ როკის გვირაბის გავლით იკლო: უბრალოდ, საქონელი ჯავასა და ცხინვალში საწყობდება, რაკი კონტრაბანდისტებმა და მათმა ცხინვალელმა პარტნიორებმა შესანიშნავად იციან, რომ შიდა ქართლის რეგიონის მთლიანად გადაკეტვა შეუძლებელია და «ავრალის მდგომარეობა» დიდხანს ვერ გაგრძელდება.
        ერგნეთის ბაზრობა, უბრალოდ, გადაინაცვლებს ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საიდანაც ათეულობით საურმე გზა გადადის ყველა მიმართულებით _ დასავლეთით, სამხრეთით თუ აღმოსავლეთით.
        რაც შეეხება ულტიმატუმს, რომელიც შეინაგან საქმეთა მინისტრმა წაუყენა ოსურ მხარეს, ედუარდ კოკოითმა მას უპასუხა გამომწვევი სამხედრო სწავლებებით ქართული სოფლების მახლობლად, ანუ სროლები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
        ჩრდილო ოსეთიდან რეგიონში კვლავინდებურად შედის იარაღი, რომლის კონცენტრირება ხდება იმავე ჯავის რაიონში, საიდანაც მათუ გადასროლა ცხინვალის მიდამოებში სულ რამდენიმე საათის საქმეა.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, რიცხობრივად არ გაზრდილა, მაგრამ ხარისხობრივად და შეიარაღებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა რუსული კონტიგენტი. აქვე, აღსანიშნავია, რომ რუსეთი პრინციპულად არ აპირებს გენერალ სვიატოსლავ ნაბდზოროვის გაწვევას კონფლიქტის ზონიდან, მიუხედავად ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნისა.
        როგორც ჩანს, სერგეი ივანოვი კვლავინდებურად აღრენილია საქართველოზე და არ სურს « ქართველების ულტიმატუმებს დაემორჩილოს», რაკი ეს რუსეთისათვის მორიგი სირცხვილი იქნება _ ინგუშეთში მომხდარი თავსლაფდამსხმელი ინციდენტის შემდეგ, სადაც მრავალათასიანი სამხედრო კონტიგენტი პირდაღებული შესცქეროდა ასიოდე «ბოევიკის» რეიდს.
        თუ ზოგიერთი განცხადების მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად გრძნობს იმ ზღვარს, რომლის მიღმაც ომი იწყება და ამ ზღვრის გადალახვა არ უნდა. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ზურაბ ჟვანიას წინადადება, მეზობელი სახელმწიფოებიდან წამოსული ტვირთების როკის გვირაბით და ტრანსკავკასიური მაგისტრალით გატარების შესახებ.
        ძნელი დასაჯერებელია, პრემიერ-მინისტრი მართლაც მხოლოდ უცხოელ ბიზნესმენებზე ზრუნავდეს. მაგრამ ეს იყო გასაგები «მესიჯი» ოფიციალური ცხინვალისათვის, რომ ცენტრალური ხელისუფლება არსად არ ჩქარობს და ომის განახლებას ნამდვილად არ აპირებს.
        მიღწევად ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ ოსებს შორისაც არ არის ერთიანობა საქართველოსთან მოლაპარაკების თაობაზე. ჩრდილოეთ ოსეთის ელიტას ცეცხლივით ეშინია ინგუშთა გააქტიურების, რომლებიც ოსებს არასდროს აპატიებენ 1992 წლის დარბევას _ რუსების მეშვეობით.
        ამიტომ, ვლადიკავკაზიდან ცხინვალში გამაფრთხილებელ-შემაკავშირებელი სიგნალებიც მოდის და «კუნთმაგარი-ჭკუასუსტი» კოკითის დატკბობა, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული.
        მთლიანობაში, საქმე მიდის ხანგრძლივი სტატუს-კვოსაკენ, თუ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისთვის ჩვეული რაიმე მოულოდნელი და ექსპანსიურ-რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღო.

25 ივნისი, პარასკევი, 2004 წელი
        დილის გაზეთი