საერთაშორისო მიმოხილვა. 28 აგვისტო. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 აგვისტო. 2022 წელი

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაფაციცებით ელის ზამთარს.

ბევრ ისტორიკოსს დაუწერია ისტორიულად, რომ ჰიტლერთან ომშიც და ნაპოლეონთან ომშიც რუსეთი ზამთარმა და სიცივემ გადაარჩინა.

ახლა რუსები ზამთარს იმიტომ ელიან, რომ ჯერ ერთი, რუსული გაზის ნაკლებობის გამო ევროპას მართლა შეექმნება მომავალ, მოახლოებულ ზამთარს სერიოზული პრობლემები (ამისთვის `დიდი მადლობა` უთხრან ანგელა მერკელს, გერჰარდ შრედერს და მსგავსთა მათთა) და უკრაინაც მძიმე დღეში ჩავარდება.

აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიპყრო, უკრაინას ელექტროგენერაციის 30% (!!!) დააკლდა. ზამთარში ეს დეფიციტი განსაკუთრებით გამწვავდება, რადგან გენერაციის სხვა ობიექტების გაძლიერება, მაგალითად ქვანახშირზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე გენერაციის გამომუშავების ზრდა პრობლემატურია.

2-3 წელიწადში კი მოხერხდება, თუმცა უკვე ნათელია, რომ პუტინი 2022 - 2023 წლების `ენერგეტიკულ სეზონზე` დებს ფსონს და ცდილობს `უკრაინის სახელმწიფოებრიობის პრობლემა` მაქსიმუმ მომავალ გაზაფხულამდე გადაწყვიტოს, რაკი დასავლეთიც და უკრაინაც ყველანაირად შეეცდებიან იპოვონ ენერგეტიკული  ალტერნატივები.

ალტერნატივების მეტი რა არის, მაგრამ მათ მოპოვებას და ამუშავებას დრო სჭირდება! მოსკოვის მიერ ათწლეულობით ნაქსოვი ენერგეტიკული  `ობობას ქსელისგან`გათავისუფლება ასე იოლი როდია.

. . . . . . . . . . . . . .

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები რუსების ევროპაში და ამერიკაში რეგულარული მოგზაურობის, ასევე შენგენის ვიზების გაუქმებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით.

ეს ძალიან ნიშანდობლივია, რადგან არც ერთ სხვა სანქციას რუსული საზოგადოების (ე.წ. `კრეატიული კლასის`) მხრიდან ასეთი მძვინვარე, გააფთრებული რეაქცია არ მოჰყოლია.

რაც ადასტურებს, რომ სწორედ ეს სანქცია (შენგენის ვიზების გაუქმება და მათი გაცემის შეწყვეტა) იქნებოდა რუსებისთვის ყველაზე მტკივნეული -  სოციალური აღქმისა და სოციალური სასჯელის თვალსაზრისით, რათა ამ საზოგადოებამ გააცნობიეროს: წარმოუდგენელია მათი ხელისუფლება ასეულობით ბავშვს ხოცავდეს უკრაინაში და ამ დროს თვითონ ისინი `მხრებს იჩეჩნდნენ` (აბა ჩვენ რა შუაში ვართ.....) ანუ განცხრომაში იყვნენ მათ საყვარელ კომას ტბაზე, პარიზში თუ კურშაველში.

სამწუხაროდ, ევროპა ამ უძლიერესი სანქციის შემოღებას ჯერ-ჯერობით ვერ ბედავს. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის მსგავსი `ტროას ცხენები` წინასწარ აცხადებენ, რომ `ვიზაბანს` ჩაშლიან, ხოლო ევროკავშირი მათ ვერ უბრძანებს, რაკი ეს საკითხი ბრიუსელის კომპეტენციას არ განეკუთვნება: ყველაფერი, რაც უკავშირდება ვიზებს, ევროპაში ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება.

მაგრამ.....აქ წარმოიშვა ერთი პრობლემა, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ გამწვავდება: რუსეთის სახელმწიფოს უკვე უჭირს ბიომეტრული პასპორტების გაცემა.

საქმე ის გახლავთ, რომ `მიკროჩიპებს` ბიომეტრიული პასპორტისთვის ამზადებდა კორპორაცია `სისტემა`, რომელიც ეკუთვნის რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს. ეს ის ევტუშემკოვია, ბიძინას რომ ურეკავდა ხორბლის ექსპორტის თაობაზე.

ევტუშენკოვი სანქცირებულია ისევე, როგორც მისი კორპორაცია.

აღმოჩნდა, რომ `სისტემა` ბიომეტრული პასპორტებისთვის აუცილებელ მიკრო-ჩიპებს ამზადებდა მხოლოდ და მხოლოდ დასავლურ ნანო-ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და დასავლური კომპონეტების გამოყენებით.

შესაბამისად, რაკი `სისტემა` სანქცირებულია, ამ კომპონენტებს ვეღარ იღებს ამერიკიდან, ევროპიდან და აზიის ტექნოლოგიურად წარმატებული ქვეყნებიდან; ამიტომ ვეღარც ბიომეტრულ  პასპორტებს გასცემს რუსეთი, ხოლო ბიომეტრული პასპორტების გარეშე რუსებს არც ევროპაში, არც ამერიკაში უბრალოდ არ შეუშვებენ - გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ ბიომეტრული პასპორტი ინახავს სრულ ინფორმაციას მფლობელზე, მათ შორის თითის ანაბეჭდებს.

სანამ ძველი ბიომეტრული პასპორტები აქვთ და ევროპა/ამერიკას ვიზების გაცემა არ გაუუქმებია ან მოქმედი ვიზების ანულირება არ განუხორციელებია, რუსებს კიდევ შეუძლიათ იმოგზაურონ, მაგრამ როცა ეს პასპორტები შეივსება ვიზებით (მათ ხომ უვიზო რეჟიმი არა აქვთ ჩვენგან განსხვავებით?!) და საზღვრის გადაკვეთის შტამპებით, ვერსადაც ვეღარ წავლენ, რაკი ბიომეტრულ პასპორტებს ვერ აიღებენ.

ანუ, ადრე თუ გვიან ეს `სანქცია` მაინც თავისით `დადგება`

 

ამასობაში, პრესაში `გაჟონა` (დასავლური პრაქტიკის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში ეს `გაჟონვა` სპეციალურად ხდება ხოლმე) ინფორმაციამ იმ `რეკომენდაციის` შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ სულ მალე, - აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის პირველ რიცხვებში საგანგებო სამიტზე `ვიზების` შესახებ: ამ რეკომენდაციის თანახმად (კვლავ შეგახსენებთ, რომ ეს შესაძლოა მხოლოდ `რეკომენდაცია` იყოს და არა `აუცილებელი ღონისძიება`) ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც შედიან `შენგენის ზონაში`, ჯერ ერთი, შესამჩნევად უნდა გაუძვირონ ტურისტული ვიზები რუსებს და მეორეც, ვიზები უნდა გასცენ არა მასობრივად, არამედ დააკმაყოფილონ მხოლოდ სტუდენტების, სხვადასხვა სპეციალისტების, მეცნიერების, ხელოვნების მოღვაწეთა, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ფიგურათა აპლიკაციები; გარდა ამისა, მაქსიმალურად გაართულონ, გაახანგრძლივონ ვიზის მიღების პროცესი.

ეს პროექტი მოამზადა გერმანიამ და საფრანგეთმა (ევროკავშირის ორმა საკვანძო და ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფომ, რომლებიც `ქმნიან ამინდს`), რაც იმას ნიშნავს, რომ ტოტალურად არა, თუმცა შენგენის ვიზების აღების პროცესი მილიონობით რუსს ნამდვილად გაურთულდება.

 

ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფინეთზე.

საქმე ის გახლავთ, რომ ევროპამ ჯერ კიდევ 3 თვის წინ დაბლოკა ავიარეისები რუსეთიდან. ამიტომ ის რუსები, რომლებიც ფლობენ `შენგენის ვიზებს`, ევროპაში მოგზაურობენ Connection flight - ებით ფინეთის გავლით.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის, ანუ რუსეთის ჩრდილო ნაწილის მაცხოვრებელთათვის. არადა ფინეთი აპირებს ჯერ სანახევროდ, შემდეგ კი მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი.

დარჩება თურქეთის Connection flight - ები, თუმცა ბევრს დაავიწყდა, რომ სანქციების შემოღებიდან პირველი კვირეების განმავლობაში Pegasus-მა და Turkish airline - მა აკრძალეს ტრანზიტი, ანუ რუსებს მხოლოდ უშუალოდ თურქეთში შეეძლოთ ჩაფრენა, იქედან ვეღარსად გაფრინდებოდნენ. Pegasus-მა და Turkish airline - მა მაშინ უბრალოდ  გააუქმეს ყველა გაყიდული სატრანზიტო ბილეთი, რომლებიც რუსებს ჰქონდათ ნაყიდი და ფულიც არ დაუბრუნებიათ.

პუტინს ერდოღანისთვის დიდი ხვეწნა-მუდარა დასჭირდა და მიაღწია Connection flight - ების აღდგენას ივნისიდან.

აი ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რამდენად დამოკიდებულია დღეს რუსეთი (პუტინი) ერდოღანზე (თურქეთზე) და რატომ ითმენს პუტინი იმას, რასაც ალიევი უშვრება კავკასიაში მის სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანმა დაიპყრო ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს აკავშირებდა ყარაბაღთან და ახლა სომხებს უწევთ ძალიან მოუხერხებელი შემოვლითი გზით მოძრაობა.

თანაც დარჩნენ გაზსადენის გარეშე, რომელიც ლაჩინზე გადიოდა.

მოსკოვი კი უბადრუკად დუმს. სომხეთს მხარს არ უჭერს! ვერაფრით ეხმარება, რომ აზერბაიჯანი, შესაბამისად მისი `უფროსი ძმა` თურქეთი არ გააღიზიანოს.

რუსი ანტიევროპელები და ანტიამერიკელები 30 წელია იძახიან `დასავლეთისგან დამოუკიდებლობა უნდა მოვიპოვოთო` და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში თურქეთზე აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი!

. . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპი რომ ასე იოლად არ დანებდება `დემოკრატთა` შეტევას, თავიდანვე ცხადი იყო. იგი ხომ, ბოლოს და ბოლოს მილიარდერია, პოპულარული ფიგურაა...მან აიყვანა საუკეთესო, მრავალმილიონიანი ადვოკატები, რომლებმაც დაიწყეს იურიდიული ომი აშშ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ იმ შესაძლო სისხლის სამართლის საქმის ძირშივე აღსაკვეთად, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლიდან გაიტანა და საკუთარ სახლში გაუგებარი მიზნით შეინახა (მალე ნაწილობრივ არქივს გადასცა) `საიდუმლო` და `ზესაიდუმლო` კვალიფიციური დოკუმენტების ნაწილი.

ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს, რომ მოსამართლემ დანიშნოს ე.წ. `იურიდიული აუდიტორი`, დამოუკიდებელი მეთვალყურე, რომელიც დააკვიდება ამ პროცესს.

ამერიკაში კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს ანუ მოსამართლეს შეუძლია დანიშნოს ამგვარი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი დამკვირვებელი.

ოღონდ, საქმე ის გახლავთ, რომ ამ დამკვირვებლის თუ `იურიდიული აუდიტორის` დანიშვნის პროცესში, ტრამპის ადვოკატებმა მოითხოვეს,  იუსტიციის სამინისტრომ და FBI-მ გამოაქვეყნონ ან ამ აუდიტორს გადასცენ იმ დოკუმენტების სრული სია რაც ამოიღეს ტრამპის ფლორიდის ვილლადან.

ეს იუსტიციის სამინისტროსთვის მძიმე გადაწყვეტილებაა, რადგან ჯერ ერთი ამ დოკუმენტების კონფიდენციალურობა დადგება ეჭვქვეშ და შესაძლოა იძულებული გახდეს `გახსნას` იმ კონფიდენტთა, წყაროთა, ფარული აგენტების სია, რომლებიც ჩანერგილნი ჰყავდათ ტრამპის მომსახურე პერსონალში (დამლაგებლები, მძღოლები, პირადი დაცვა.....) ამ სპეცოპერაციის განსახორციელებლად.

ადვოკატებმაც და ტრამპმაც იციან, რომ ასეთ გადაწყვეტილებას FBI არ მიიღებს და წყაროებს, კონფიდენტებს საფრთხის ქვეშ არ დააყენებს, სულ ქვეყანა რომ დაინგრეს!

ამით სარგებლობენ და ახლა `იურიდიულ ომს` უმარტავენ ხლისუფლებას ძირშივე  გამოძიების დისკრედიტაციისათვის.

დემოკრატიული ქვეყნის მართლმსაჯულება ხომ, ობიექტურად ტოვებს  უამრავ საშუალებას, ინსტრუმენტს, როდესაც საქმე ეჭვმიტანილის უფლებათა დაცვას ეხება. იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი ამერიკაში აბსოლუტურად ეჭვმიუტანელია.

თანაც ეს მხოლოდ დასაწყისია.

დონალდ ტრამპს, სინამდვილეში, დასაკარგი ბევრი არაფერი აქვს, რაკი მისი პრიორიტეტი უკვე საკუთარი ისტორიული პოზიციის დაცვაა. ანუ ადგილისა ისტორიაში.

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ფული მართლა არაფერია საკუთარ ისტორიულ Legacy-სთან  შედარებით.