საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ნოემბერი. 2023 წელი
ბევრი ელოდა ლიბანის შიიტური დაჯგუფების მეთაურის, შეიჰ ჰასან ნასრალლას მიმართვას ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. არსებობდა მოლოდინი, რომ იგი ომს გამოუცხადებდა ისრაელს.
მაგრამ ასე არ მოხდა: ნასრალლამ დაახლოებით საათნახევარი ილაპარაკა `ყველაფერზე და არაფერზე`, თუმცა ბევრი ვერაფერი ვერ გაბედა.
ამას ორი სისტემური მიზეზი აქვს:
ა) ამერიკული დამრტყმელი საავიამზიდო ჯგუფები (Strike groups), რომლებიც განლაგებულია სწორედ ლიბანის სანაპიროსთან და პირველ რიგში `დამიზნებულია` ჰესბოლლას პოზიციებზე. ნასრალლამ იცის: მიწაში ასი მეტრის სიღრმეზეც რომ ჩაძვრეს, იქაც მისწვდებიან და ლიბანის სამხრეთ, სადაც `ჰესბოლლა` არის განლაგებული, ერთიანად `დაადუღებენ` ყველაფერს. შესაბამისად ვერაფერს ბედავს.
ბ) მეორე მიზეზი უფრო ღრმაა: `ჰესბოლლა` პროირანული შიიტურ დაჯგუფებაა, ხოლო `ჰამასი` განეკუთვნება სუნიტურ მუსლიმურ `უმმას`, რომლის წევრები არიან არაბული ქვეყნები, თურქეთი და ა.შ.
უკვე მრავალი წელია, `ჰესბოლლა` და `მუსლიმური საძმო` ერთმანეთს ეომება სირიაში: `ჰესბოლლა`, ირანის მითითებით, მხარს უჭერს სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადის ალავიტურ დაჯგუფებას.
`ალავიტები` შიიზმთან მიტმასნილი რელიგიური დაჯგუფებაა.
შესაბამისად, `ჰესბოლლა` მთელს `მუსლიმურ საძმოს` ანუ სუნიტებს, მათ შორის ჰამასს მიიჩნევს მტრებად სირიაში. და თუ ასეა, განსაკუთრებული მოტივაცია რატომ ექნებოდა ახლა, სუნიტებს დახმარებოდა ისრაელში?
ისრაელი `ჰესბოლლას` არანაკლებ სძულს ვიდრე `ჰამასს`, თუმცა სირიის ომმა მათი მოტივაციის ტრანსფორმირება მოახდინა.
არ არის გამორიცხული, მომავალში ეს რეალობა შეიცვალოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისრაელმა სწრაფად (!) ვერ მოახერხა `ჰამასის` განადგურება და ღაზას სექტორის პრობლემის გადაწყვეტა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ღაზის სექტორში განხორციელებულ ოპერაციასთან და ჰუმანიტარულ Collateral damage ანუ თანამდევ მსხვერპლთან დაკავშირებით, დასავლეთში ახლა იდეების ფონტანირებაა: საუბრობენ ოპერაციის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში საერთაშორისო სამშვიდობო ჯარების შეყვანაზე, რომელიც ჰამასის ნაცვლად იკისრებს ამ რეგიონის მართვას ანუ ადმინისტრაციის ფუნქციას;
ბევრი ანალიტიკოსი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმამ შესაძლოა დააჩქაროს `Two state solution` ანუ ორი (ებრაული და არაბული) სახელმწიფოს ჩამოყალიბება პალესტინაში, 1947 წლის გაეროს რეზოლუციის შესაბამისად.
ისრაელი პირველ ვარიანტს თანხმდება, ანუ ღაზის სექტორში საერთაშორისო ადმინისტრაციის შეყვანას მას შემდეგ რაც `ჰამასს` პირწმინდად გაანადგურებს.
მეორე ვარიანტს კი ისრაელი ამჟამად, ისტორიის ამ ეტაპზე, უკვე არ დათანხმდება არავითარ შემთხვევაში;
და მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რომ `ორი სახელმწიფო`, უსაფრთხოების მომენტებიდან გამომდინარე, ისრაელისთვის მიუღებელია, არამედ მეორე სისტემური მიზეზი: ისრაელი ვერ დაუშვებს, რომ პალესტინელებმა 7 ოქტომბრის შედეგად მიაღწიონ იმას, რასაც ვერ აღწევდნენ ხანგრძლივი მოლაპარაკებებით მრავალი წლის განმავლობაში.
ანუ გამოვა, რომ უდანაშაულო ებრაელების დახოცვით მიიღეს ისრაელისგან ის, რასაც ვერ იღებდნენ მოლაპარაკებების შედეგად?!
ამგვარ პრეცედენტს ისრაელი ვერ დაუშვებს, ანუ არაფრის დიდებით არ დათანხმდება, რომ პალესტინელები იქცნენ ბენიფციარებად (სარგებლის მიმღებებად) 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად.
მაშასადამე, `Two state solution` დიდი ხნით გადაიდება, ხოლო საერთაშორისო ადმინისტრაცია, კი ბატონო, შესაძლებელია ღაზაში დამკვიდრდეს მას მერე რაც `ცახალი` რადიკალურ მოძრაობას`ჰამას` მთლიანად გაანადგურებს.
რაც შეეხება `ორი სახელმწიფოს` კონცეპტს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 1993 წელს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისცხაკ რაბინმა და `პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის` ლიდერმა იასერ არაფატმა მიაღწიეს ე.წ.`ოსლოს` ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობდა პალესტინის ავტონომიის (!- და არა სახელმწიფოს) შექმნას იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც 1947 წლის გაეროს რეზოლუციით პალესტინის სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბებულიყო.
ამ ტერიტორიებს ისრაელი აკონტროლებდა და აკონტროლებს 1967 წლის `ექვსდღიანი ომის` შედეგად.
სრულფასოვან პალესტინურ სახელმწიფოსაგან ეს `ავტონომია` იმით განსხვავდება, რომ მის საზღვრებს (ანუ ღაზის საზღვარს ეგვიპტესთან და `West Bank`-ის, ესე იგი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს საზღვარს სახელმწიფო იორდანიასთან ისრაელი აკონტროლებს და ისრაელისაა სუვერენიტეტი ამ ტერიტორიაზე.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისრაელის არმია, ასევე ისრაელის სხვა ძალოვანი სტრუქტურები როცა კი მიზანშეწონილად ჩათვლიან, შევლენ `ავტონომიის` ტერიტორიაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსასრულებლად; თუმცა მანამდე ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებში თითქოს არ ერევიან.
ზუსტად ეს არის სუვერენიტეტი: ანუ სახელმწიფოს უნარი განახორციელოს ნებისმიერ გადაწყვეტილება.
ამიტომაც, ისრაელი სუვერენული, სრულფასოვანი სახელმწიფოა, ხოლო პალესტინის `ავტონომია`- არა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლურ მედიაში არა და არ წყდება პროვოკაციული პუბლიკაციები, რომლის ავტორები ამტკიცებენ, თითქოს დასავლეთი აიძულებს პრეზიდენტ ზელენსკის, მიაღწიოს რაღაც კომპრომისს პუტინთან და `გაყინოს` ფრონტის ხაზი ამჟამინდელი მდგომარეობით, როცა პუტინმა ასე თუ ისე დაიპყრო დონბასის დიდი ნაწილი და მოიპოვა სახმელეთო გასასვლელი ყირიმში.
პუბლიკაციები იმდენად პრობლემატურია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იძულებული გახდა განცხადება გაეკეთებინა: არავინ დასავლეთიდან ჩვენზე ზეწოლას არ ახორციელებს, რათა მოსკოვთან მოლაპარაკება გავმართოთო`. ასევე, ზელენსკიმ ხაზგასმით ტქვა, რომ არავიტარი `ჩიხი` ფრონტის ხაზზე არ არის და უკრაინა აგრძელებს შეტევას.
შესაძლოა ეს პროვოკაციული პუბლიკაციები იმ დასავლურ ძალთა `ნიადაგის მოსინჯვა` იყოს, ვინც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე ახლა ცდილობს `უკრაინული თავის ტკივილი` მოიშოროს. მით უმეტეს, რომ პუტინმა კიევი ვერ აიღო და მუდმივად აგზავნის დასავლეთში სიგნალებს, რომ მზადაა დაკმაყოფილდეს დონბასით, ასევე `დერეფნით` ყირიმში.
თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთში ამგვარი კაპიტულანტური განწყობის პროდუცირებას, სრულიად მოულოდნელად, ხელი შეუწყო უკრაინის შეიარაღებულ ძალთა სარდლის, გენერალ ზალუჟნის ინტერვიუმ გამოცემას `The Economist`, რომელშიც ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინული შეტევა `ჩიხში შევიდა`, ხოლო ფრონტზე პატური სიტუაციაა.
და ეს იმ ფონზე, როდესაც სრულიად ობიექტური მიზეზებით, ანუ გარემო-პირობების და შემოდგომით გზების ატალახების გამო, დიდი შეტევა გაზაფხულამდე ობიექტურადაც აღარ იქნება შესაძლებელი.
მარტში უკრაინამ უნდა აირჩიოს ახალი პრეზიდენტი - ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა ეწურება.
უცნობია, გამოიყენებს თუ არა უკრაინული ხელისუფლება კონსტიტუციის იმ მუხლს, რომელიც კრძალავს არჩევნებს საომარი მდგომარეობის დროს.
`მრჩეველი ალექსანდრე არესტოვიჩი` სულ უფრო ხშირად აკეთებს ასევე უკიდურესად პროვოკაციულ განცხადებებს, რომ უკრაინა არ იმარჯვებს და ვერც გაიმარჯვებს პუტინთან ომში.
ზელენსკიმ ამ თემაზე ჯერ-ჯერობით ერთადერთი განცხადება გააკეთა: თუ გავიმარჯვებთ ამ ომში, კენჭს აღარ ვიყრი და თუ ომი გაზაფხულამდე არ დასრულდა, მაშინ კი აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას არჩევნებშიო.
კიდევ ერთხელ გვიხდება იმის განმეორება, რომ თუკი ვინმემ მოიგო ისრაელ-ჰამასის ომით, მოიგო პუტინმა!
. . . . . . . . . . . . . . . . .
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოხდა ძალიან სახიფათო სამხედრო ინციდენტი: ჩინური ავიაგამანადგურებელი 30 მეტრით მიუახლოვდა კანადის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენს, რომელიც კანადური გემიდან `ოტტავა` აფრინდა, რათა ჩინურ წყალქვეშა ნავს გამოჰკიდებოდა.
მიახლოების შემდეგ, ჩინურმა თვითმფრინავმა გაუშვა რაკეტსაწინააღმდეგო მაშხალები, რომლებსაც საფრენი აპარატები უშვებენ ხოლმე მაშინ, როცა მათი მიმართულებით რაკეტას დააფიქსირებენ.
სამხრეთ ჩინეთის ზღვა გარკვეულწილად სადავოა ჩინეთსა და ამ რეგიონში ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირეებს შორის. მაგრამ აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამხედრო ინციდენტში მონაწილეობდა კანადური (!) გემი; რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკისა და კანადის სოლიდარობა ვრცელდება არა მხოლოდ ევროპაზე და ატლანტიკურ რეგიონზე, არამედ წყნარი ოკეანის რეგიონზეც.
არც ამერიკა და არც კანადა წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთისთვის რაიმეს დათმობას ნამდვილად არ აპირებენ. შესაბამისად, რაკი აშშ და კანადა NATO-ს უმნიშვნელოვანესი წევრები არიან, სულ მალე`ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაცია` უკვე ოფიციალურადაც განავრცობს თავის გავლენას წყნარ ოკეანეზე.
მით უმეტეს, როცა ამ რეგიონში მათ ყკვე ჰყავთ ისეთი მძლავრი მოკავშირე, საიმედო დასაყრდენი, როგორიცაა ავსტრალია და არსებობს AUKUS ანუ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის სტრატეგიული სამხედრო კავშირი.
აქედან გამომდინარე, ნამდვილად შორს აღარ არის ის დრო, როცა სამხედრო-სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად წყნარ ოკეანეზე ალიანსის წევრ სხვა სახელმწიფოებსაც ვიხილავთ.