საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ნოემბერი. 2024 წელი

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ (1991 წელს) ყოფილი „მოსკოვური დერჟავას“ ტერიტორიაზე ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც შეედრებოდა (ანუ „შესადარი“ მაინც იყო) რუსეთს მოსახლეობის რაოდენობით, სამხედრო პოტენციალით, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსით, ზოგადად ინდუსტრიული პოტენციალით, სასოფლო-სამეურნეო „შავმიწა ნიადაგის“ ფართობით, წიაღისეულით (ფიქლის გაზით, ფერადი ლითონების მარაგით და ა.შ) ასევე საინჟინრო-ინტელექტუალური პოტენციალით, მუშა-ხელის კვალიფიკაციით, დაზგა-დანადგარების ხარისხით (ეს ძალიან მნიშვნელოვანია) მის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული და სარაკეტო პოტენციალით ......იყო მხოლოდ უკრაინა!

ყაზახეთი ტერიტორიით უკრაინაზე დიდია, მაგრამ აი ყველა სხვა ჩამოთვლილი რესურსით უკრაინას ჩამოუვარდებოდა.

დიდმა ამერიკელმა მეცნიერმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა, რომ უკრაინასთან ერთად რუსეთი იქნება ზესახელმწიფო, ხოლო უკრაინის გარეშე ვერასოდეს გახდება ზესახელმწიფო.

ოღონდ ბჟეზინსკი მხოლოდ ხსენებულ რესურსთა კალკულაციას გულისხმობდა, რაც არასრული აღქმა და შეფასებაა.

იმიტომ, რომ მხოლოდ რესურსებში არ არის საქმე - უკრაინა რუსეთისთვის იდენტობის ფაქტორია:

კიევი არის Мать городов русских ანუ „რუსულ სამყაროს“ დედაქალაქად მიაჩნიათ.

 

ისტორიული სინამდვილე ისაა, რომ „რუსეთი“, როგორც კულტურული ფენომენი და სახელმწიფო, სწორედაც კიევიდან და თანამედროვე უკრაინის (ეს სახელწოდება ბევრად გვიანდელია) დაიწყო X-XI საუკუნეში.

ამიტომაც ჯერ ელცინს, შემდეგ პუტინს, რომლებიც ფარულად თუ ღიად (ელცინი უფრო ფარულად, პუტინი უფრო ღიად) „დერჟავას“ აღდგენაზე ოცნებობდნენ, უპირველეს ამოცანად, სამკვდრო-სასიცოცხლო ეგზისტენციალურ აუცილებლობად მიაჩნდათ უკრაინის, როგორც მინიმუმ, დატოვება რუსეთის ახალი სახელმწიფოს ჯერ გავლენის სფეროში, მასთან ყოველმხრივი ინტეგრაცია და მომზადება საფუძვლისა ისეთი პირდაპირი აგრესიისთვის, როგორსაც რუსეთი ამჟამად ახორციელებს: 2014 წლიდან „დაბალი ინტენსივობის ომის“, ხოლო 2022 წლიდან სრულმასშტაბური აგრესიის ფორმით.

არც ერთ სხვა ტერიტორიას ყოფილ საბჭოეთში და არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას რუსეთისთვის არ ჰქონია და არც ექნება ისეთი მნიშვნელობა როგორც უკრაინას ზემოთჩამოთვლილი ორი ფუნდამენტური მიზეზის გამო:

ა) რესურსები

ბ) იდენტობის ფაქტორი.

 

შესაბამისად, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოსკოვმა დაიწყო გავლენის რესურსთა, მათ შორის სპეცსამსახურთა „მიმართვა“ უპირველეს ყოვლისა სწორედ უკრაინისკენ.

1992-2013 წლებში მოსკოვი ამზადებდა „პლატფორმებს“, ესე იგი, სპეცსამსახურთა ტერმინოლოგიით „ოპერატიულ პოზიციებს“ გავლენის მოსაპოვებლად და განსახორციელებლად.

პირველ ეტაპზე ეს იყო უკრაინის დატოვება (ვიმეორებ) გავლენის სფეროში, რომელიც გაფორმდა, როგორც СНГ – Содружество независимых государств და მაქსიმალურად „მიბმა“ რუსულ ენერგომატარებლებზე, რუსულ გაზზე, რუსულ ნავთობზე, რუსულ ბაზრებზე უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის.

ამ ეტაპზე მოსკოვი მოქმედებდა სამი სპეცსამსახურის ხელით.

ა) Главное разведовательное управление Генерального штаба российской армии (ГРУ) ანუ სამხედრო დაზვერვა.

აქ აღსანიშნავია, რომ ГРУ-ს ჰქონდა ლეგალური და ლეგიტიმური ბაზა თვით უკრაინის ტერიტორიაზე: ე.წ. „შავი ზღვის ფლოტი“ ყირიმში!

ქალაქი სევასტოპოლი ამ ბაზის ნაწილი იყო ისევე, როგორც მთელი ყირიმი.

შესაბამისად, სამხედრო დაზვერვას შეეძლო განეხორციელებინა ოპერაციები მთელი უკრაინის ტერიტორიაზე- საზღვრების და რაიმე შეზღუდვების გარეშე.

 თანაც იმ ობიექტური მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ყირიმი, მისი 2 მილიონიანი, რუსულენოვანი და ეთნიკურად რუსული მოსახლეობით, ამოუწურავი „წყარო“ იყო აგენტთა „დასავერბოვკებლად“.

თუმცა იმ დროს ჯერ კიდევ მოსკოვი ამ აგენტურულ ქსელს არ იყენებდა სამხედრო დივერსიებისა და ტერაქტებისთვის, თუმცა „პოლიტიკური დივერსიები“ უკრაინულ ელიტებში არანაკლებ მნიშვნელოვანი და სახიფათო იყო.

 

ბ) საგარეო დაზვერვა - Служба внешней разведки (СВР), რომელსაც СНГ-ს ფარგლებში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ამ ქვეყნებში არ უნდა ემუშავა, თუმცა მუშაობდა რასაკვირველია.

ოღონდ აქ გავითვალისწინოთ, რომ ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ სამუშაო „ასპარეზი“ „საგარეო დაზვერვის“ სპეცსამსახურისთვის არ არის მაინცდამაინც უშუალოდ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე: СВР-ს უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა ემუშავა ამერიკაშიც, ბელგიაშიც, პარაგვაიშიც, ახალ ზელანდიაშიც და ავსტრალიაშიც.

 

გ) რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (Федеральная Служба Безопасности – ФСБ), რომელსაც ასევე, თანამეგობრობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების თანახმად, თითქოს უკრაინის ტერიტორიაზე და СНГ-ს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე არ უნდა ემუშავა, თუმცა მუშაობდა უკრაინაშიც და მუშაობდა საქართველოშიც, რადგან სამხედრო ბაზები რუსეთს ყირიმშიც ჰქონდა და ახალქალაქშიც.

აქვე უნდა ითქვას, რომ ФСБ პოსტსაბჭოურ პერიოდში ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე ГРУ, რადგან სსრკ სამხედრო დაზვერვა დაასუსტა ყოფილი „მოკავშირე რესპუბლიკების“ უმრავლესობიდან ჯარების გამოყვანამ, ხოლო ФСБ-მ „გადმოიბარა“ ყოფილი КГБ-სგან ის „Data-ბაზა“, ესე იგი აგენტთა მონაცემები, რაც საბჭოთა პერიოდში შეიქმნა.

ეს ქსელი განსაკუთრებით მძლავრი იყო სწორედაც უკრაინაში, მათ შორის კიევში, დონეცკში, ლვოვში.

 

 პირველი პრეზიდენტების, ლეონიდ კრავჩუკის (1992-1994წწ)  და ლეონიდ კუჩმას (1994-2004) დროს, მოსკოვი ცდილობდა მისი „ბერკეტები“ გამოეყენებინა უკრაინულ ელიტებში განხეთქილების, შფოთის, დაპირისპირების შესატანად და ძალიან წარმატებულადაც მოქმედებდა ამ მიმართულებით, რაკი 1990-იანი წლები უკრაინაშიც და ყველა ყოფილ სსრკ რესპუბლიკაშიც „დიდი პრივატიზების“, ყოფილი საბჭოთა საწარმოო გიგანტების, რესურსების, წიაღისეული და გადამამუშავებელი საწარმოების პრივატიზების ეპოქაა, ხოლო რაკი საბჭოთა კავშირში  „კოოპერაციის“ დონე ძალიან მაღალი იყო, ანუ ცალკე აღებული საწარმო ბევრს ვერაფერს ააწყობდა სხვა რესპუბლიკებში, (რუსეთში დამზადებული „მაკომპლექტებელი ნაწილების“ გარეშე), სწორედაც ამ პროცესში რუსული სპეცსამსახურები ერთის მხრივ აპირისპირებდნენ უკრაინულ ბიზნეს-ჯგუფებს, რომელთაგან ყველაზე გავლენიანნი ფლობდნენ ტელევიზიებს, მეორეს მხრივ ეყრდნობოდა ყოფილ კომუნისტურ პარტიას, რომელიც ძველი სოციალური მოტივატორებით „კაპიტალიზმისა და კაპიტალისტების წინააღმდეგ“ ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ პრივატიზებას, ეწინააღმდეგებოდა დასავლური კაპიტალის მოზიდვას, რითაც ტოვებდა საკუთარ ქვეყანას განუვითარებლობის ჭაობში.

 

მოსკოვისთვის მთავარი იყო იმ პერიოდში უკრაინას ვერ მოეხერხებინა საწარმოთა ეფექტიანობის, წარმადობის ამაღლება და არა ის, რომ მაგალითად რუსულ კაპიტალს განეხორციელებინა პრივატიზება.

ეს პერიოდი მოგვიანებით დადგა.

როგორც წინა მიმოხილვაშიც მოგახსენეთ, უკრაინა თავიდანვე ანუ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე იყო დემოკრატიული სახელმწიფო - პლურალისტური პარლამენტით (რადათი) სადაც მუდმივად მიმდინარეობდა პარტიათა ჭიდილი და რაც მთავარია, უკრაინაში პრეზიდენტი, მისი მთავრობა არ ყოფილა ერთმმართველი, როგორც ბორის ელცინი იყო რუსეთში, - მისი 1993 წლის ტოტალიტარული, არადემოკრატიული კონსტიტუციით.

აქ უდიდესი ასპარეზი არსებობდა რუსული სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის მოსაპოვებლად, ასევე  ელიტებში დაპირისპირების გასაღვივებლად, საინფორმაციო დივერსიების განსახორციელებლად ერთი სტრატეგიული მიზნით; უკრაინის სახელმწიფოებრიობის (როგორც ასეთის) და არა მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების დასუსტება.

კლასიკური მაგალითია პრეზიდენტ კუჩმას დროს ეთნიკური წარმომავლობით ქართველი გიორგი გონგაძის მკვლელობა უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ, რაც პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას „გადაგდების“ საბაბი გახდა.

პირველი „მაიდნის“ შედეგად, 2004 წელს პრეზიდენტი გახდა ვიქტორ იუშჩენკო. იგი კრემლმა პირველი დღიდანვე აღიქვა, როგორც მოსისხლე მტერი, რაკი NATO-ს მიმართა უკრაინის წევრობაზე, რაც კრემლის „წითელი ხაზი“ აღმოჩნდა.

ამ დროს რუსული სპეცსამსახურები არა მხოლოდ პრეზიდენტ იუშჩენკოსა და პრემიერ მინისტრ იულია ტიმოშენკოს შორის, შესაბამისად მათი მხარდამჭერი ბიზნეს-ჯგუფებისა და მედიების ურთიერთდაპირისპირებას პროვოცირებს, არამედ თანდათან ამზადებს „ბაზას“ აღმოსავლეთ უკრაინაში მომავალი აგრესიისთვის.

კრემლი „დონბასის“ ბიზნეს-კლასტერს ეყრდნობოდა მაშინაც ძირითადად.

საბოლოოდ ამ კლასტერის მეშვეობით ვიქტორ იანუკოვიჩი მაინც მოიყვანეს ხელისუფლებაში 2010 წელს და „ბაზა“ ამ სპეცოპერაციისთვის ისევ და ისევ დონეცკი, ლუგანსკი, მთლიანად დონბასი და ყირიმი იყო.

2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში აღმოჩნდა „უკანასკნელი ზარი“, რადგან რომ შეგეხედათ უკრაინის იმდროინდელი ელექტორალური რუკისთვის, ორ ნაწილად, ორ ფერად - ლურჯად და ოქროს ფერად ზუსტად შუაში იყო გაყოფილი: აღმოსავლეთ უკრაინა მთლიანად, ტოტალურად პრორუსული, ხოლო დასავლეთ უკრაინა - ოქროსფერი - პროდასავლური.

მაგრამ კიევი მაინც უფრორე პროდასავლური - ამიტომაც იბრძოდა პუტინი სწორედ კიევისთვის. ანუ უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების დასაბევებლად და მისთვის „კომფორტული“ იყო ვიქტორ იანუკოვიჩი, მისი გუნდით, რომელსაც მაშინ ებრძოდა იულია ტიმოშენკოს პროდასავლური დაჯგუფება.

რუსულ სპეცსამსახურთა უდიდესი რესურსი, ამ პერიოდში, იყო უკრაინული საზოგადოების რუსულენოვანობა და ის გარემოება, რომ თითქმის ყველა რუსულ ენას იყენებდა როგორც „პოლიტიკურს“, ანუ სოციალური აქტივობისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციის ენად.

მთლიანობაში, მაინც, ეს პერიოდი რუსული სპეცსამსახურების „მუშაობისა“ უკრაინაში, შესაძლოა შეფასდეს, როგორც „გავლენის პოზიციათა“ მოპოვება მომავალი აგრესიისთვის, რაკი იმ დროს, როგორც ჩანს, მოსკოვში ხვდებოდნენ, რომ აგრესიის გარეშე უკრაინის დასავლეთისკენ სწრაფვას ვერ შეაჩერებდნენ

(პირველი ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება)