საერთაშორისო მიმოხილვა. 4 სექტემბერი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 სექტემბერი. 2022 წელი

როგორც არაერთხელ გაცნობეთ, აფხაზეთის ე.წ. `არმია` ანუ ოფიციალური ქვედანაყოფები უკრაინის ომში არ მონაწილეობენ - იქ სულ რამდენიმე აფხაზი ე.წ. `მოხალისეა`.

როგორც სჩანს ეს მოსკოვს არ მოსწონს - სისხლით ერთგულების დადასტურებას ითხოვს.

მით უმეტეს ამჟამინდელი, სულ უფრო გამწვავებული დაპირისპირების ფონზე - ბიჭვინთის ტერიტორიის გამო.

ამიტომ აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსულმა არმიამ აფხაზეთის რამდენიმე ქალაქსა და დაბაში გახსნა პუნქტები, სადაც აფხაზებს შეუძლიათ კონტრაქტი გააფორმონ რუსულ არმიასთან და უკვე კონტრაქტის (არა მოხალისეთა სტატუსით), - ესე იგი როგორც რუსული არმიის ოფიციალური კონტრაქტორები, - გაემგზავრონ უკრაინაში საომრად.

რატომაც არა? აფხაზების 100% რუსეთის მოქალაქეა და სად წერია, რომ რუსულ არმიას მოსკოვში შეუძლია კონტრაქტების გაფორმება და სოხუმში არ შეუძლია?

საკმაოდ დიდი თანხებიცაა გათვალისწინებული კონტრაქტით. მსურველები უეჭველად იქნებიან.

მაგრამ აფხაზეთის საზოგადოებას და აფხაზეთის ხელისუფლებას ეს ამბავი ძალიან არ მოსწონს: `ისედაც ცოტანი ვართ აფხაზები და......``სულ 100 000 ვართ, რუსეთი 145 მილიონია და......` `აფხაზური გენოფონდი განადგურდება და.......`

კომიკურია, რომ ამგვარი `დაკონტრაქტების` მოწინააღმდეგეები აპელირებენ აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსზე`, რომლითაც `დაქირავებული მებრძოლობა` (Наёмничество) სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე სისხლის სამაღთლის დანაშაულია აფხაზური კოდექსით უცხო ქვეყანაში კონტრაქტით საომარ მოქმედებებში მონაწილეობა და ისჯება 8 წლამდე ციხით.

ოღონდ......იმას არ ითვალისწინებენ,  თვითონ არიან რუსეთის მოქალაქეები და რაკი რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის არმიას კონტრაქტების გაფორმება კი არა მათი ჩვეულებრივ ჯარში გაწვევაც კი შეუძლია.

აფხაზები  მოითხოვენ ამგვარი `რეკრუტირების` შეჩერებას, თუმცა აფხაზეთში დისლოცირებული რუსული არმია პროცესის შეჩერებას არ აპირებს, - აფხაზეთის `ხელისუფლებას` კი არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, იგი შეაჩეროს.

საქართველოსთან დიალოგზე მაინც ჩლუნგად უარს ამბობენ ყველანი: ჯერ ჩვენი დამოუკიდებლობა სცანითო და კატეგორიულად არ სურთ გაიგონ, შეიგნონ, შეუროგდნენ, რომ საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არასდროს აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ სცნობს! და რომ ეს წინაპირობა ჩიხია მაშინ, როცა სავსებით შესაძლებელია დიალოგი, კომპრომისები, აღიარების გარეშე რაღაც კონკრეტულ საკითხებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის ფრონტებზე სიახლეები არ არის. რუსეთმა საბედისწერო ტაქტიკური (და ალბათ სტრატეგიული) შეცდომა დაუშვა, როცა მდინარე დნეპრი გადალახა, ხერსინი აიღო, მაგრამ საბედნიეროდ უფრო შორს ვერ წავიდა. დარჩა დნეპრის მარჯვენა ნაპირზე - ხერსონში.

ახლა კი უკრაინული არტილერია ანადგურებს ხიდებს დნეპრზე ისე, რომ გაწყვიტოს ლოჯისტიკური ხაზები.

დნეპრი უკრაინისთვის `სისტემური მდინარეა`იმ აზრით, რომ არა მხოლოდ კომუნიკაციაა, არამედ უკრაინის გეოგრაფიულად გამყოფიც. არსებობს `მარჯვენა ნაპირის უკრაინა` და `მარცხენა ნაპირის უკრაინა`.

ხერსონის მონაკვეთი ერთადერთია, სადაც რუსული არმია `მარჯვენა ნაპირის` უკრაინაში` გადავიდა, მაგრამ მისი შენარჩუნება ძალიან უჭირს ახლა. ხიდები განადგურებილია.

და თუ იქედან `დაგორდა`.... ყირიმის დატოვებაც მოუწევს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი დაესწრო მიხეილ გორბაჩოვის გასვენებას.

ერთადერთი ევროპელი ლიდერი გახდა, რომელიც ამ საბაბით (!) მოსკოვში ჩავიდა.

სხვა ევროპელი ლიდერები, მიუხედავად გორბაჩოვისადმი სენტიმენტებისა როგორც `ცივი ომის დამასრულებლის`, მოსკოვში არც ამ საბაბით ჩასულან - რათა მიხეილ გორაბჩოვისთვის უკანასკნელი პატივი მიეგოთ.

ეს კიდევ ერთი საბუთია, რომ ორბანი აგრძელებს ევროკავშირში მოსკოვის `ტროას ცხენის` როლის შესრულებას. ნებისმიერ საბაბს იყენებს საამისოდ.

სხვათა შორის, პუტინი გორბაჩოვის გასვენებას არ დაესწრო. სამაგიეროდ დაესწრო ექს-პრეზიდენტი მედვედევი.

მედვედევმა გუშინ დაწერა, რომ უკრაინის დახმარებით და უკრაინაში ბირთვული ზესახელმწიფოს, რუსეთის დამარცხების მცდელობით, ამერიკა და დასავლეთი, თურმე `ჭადრაკს ეთამაშება სიკვდილს`.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ამჟამად მისმა ოპოზიციონერმა ანდრეი ილარიონოვმა სენსაციურ ინტერვიუში ბრალად დასდო პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ამერიკის პრეზიდენტს არც ერთხელ არ უხსენებია `უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა` მის განცხადებებში.

ანუ `უკრაინის დამოუკიდებლობას` ხშირად ახსენებს, თუმცა `ტერიტორიულ მთლიანობას, ესე იგი ყირიმის და დონბასის რუსეთისთვის დაბრუნების აუცილებლობას`  - არა.

ილარიონოვი ამის გამო ვარაუდობს (თუმცა ეს ვარაუდი ბოლომდე დასაბუთებული არ არის), რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია მზადაა თვალი დახუჭოს ყირიმის ანექსიაზე, დონბასის ანექსიაზე, თუ პუტინი უფრო შორს არ წავა და მთელი უკრაინის დაპყრობას არ შეეცდება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ჩეჩნეთის სრულიად სამარცხვინო მიკრო-დიქტატორმა, რამზან კადიროვმა, რომელიც პუტინის ხელდასმით ჩეჩნეთს 16 წელია ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ `მისი დრო მოვიდა`. იგულისხმება, რომ `მისი დრო წავიდა` ანუ აპირებს გადადგეს.

კრემლის ეს სატრაპი წასვლას ამჯერად მართლა აპირებს (თუ გაუშვა პუტინმა, რაც საეჭვოა) და ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა: კადიროვმა ათასობით ჩეჩენი მეომარი გააგზავნა უკრაინის წინააღდმეგ, სადაც ჩეჩნებმა ძალიან შეირცხვინეს თავი.

ჯერ ერთი, ვერც იომეს და ამით გააცამტვერეს მითი ჩეჩნების რაღაც მითოსური ძლევამოსილების შესახებ, რაკი თანამედროვე ომს დისციპლინა, წლობით მუშტრა, მომზადება, წვრთნა სჭირდება და არა ბაქი ბუქი.

მეორეც, თავი შეირცხვინეს ქალების მასობრივი გაუპატიურებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რის გამოც თვით პუტინის რეჟიმიც კი იძულებული გახდა ბევრი მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღეძრა.

და რაც მთავარია, ეს ომი კატასტროფულად არაპოპულარული აღმოჩნდა ჩეჩნურ საზოგადოებაში. ჩეჩნები სვამდნენ კითხვას: რატომ ვიბრძვით უკრაინაში? რა დაგვიშავეს უკრაინელებმა? რატომ და რისთვის დაიხოცა იქ ასეულობით ჩეჩენი?

ნამდვილად დაიხოცა ასეულობით ჩეჩენი - იმ ისტორიულ ფონზე, რომ 100 000 ჩეჩენი მოკლეს რუსებმა 1994 წლიდან ორი ჩეჩნური გენოციდის  დროს.

კიდევ მსხვერპლი უნდოდათ ჩეჩნებს?

მამაკაცები ლამის გაწყდნენ ბოლო 30 წლის განმავლობაში და....

თუმცა პუტინისთვის ეს არაფერია: პუტინის რეჟიმი მოხარულიც კი იქნება, თუ ბრძოლისუნარიანი ჩეჩნები გაწყდებიან უკრაინაში, რაკი იცის (არც ცდება ამაში), რომ საკმარისია კრემლს `ფეხი დაუცდეს` სადმე, მაგალითად იმავე უკრაინაში, რომ `იჩქერიის დამოუკიდებლობის იდეა` ჩეჩნეთში კვლავ იფეთქებს. და სწორედ ეს ჩეჩნები იომებენ მოსკოვის წინააღმდეგ.

ჩეჩნურ-რუსული საუკუნოვანი ომების ისტორიაში ამგვარი რამ არაერთხელ მომხდარა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა მთლიანად გააჩერა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება `ჩრდილო ნაკადის` გაზსადენით.

ოღონდ სხვა მილსადენებით, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე რომ გადის, გაზის მიწოდებას ევროპისთვის მაინც აგრძელებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს განსაკუთრებით მწვავე პრობლემები შეუქმნას სწორედ გერმანიას და ჩრდილო ევროპის სხვა ქვეყნებს.

მაშინ, როდესაც სამხრეთ ევროპაში, რომელსაც ბუნებრივი აირი სხვა მილსადენებით მიეწოდება, ბევრი მოსკოვისადმი ლოიალური სახელმწიფოა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკამ უბრალოდ თავსლაფი დაასხა რუსეთს ამ დღეებში იმით, რომ ჯერ-ჯერობით არც ერთ რუს დიპლომატს (56 დიპლომატიდან!), ვინც აპირებდა გაეროს გენერალური ასსამბლეის ყოველწლიურ სხდომას დასწრებოდა ნიუ იორკში....... ვიზა არ მისცა!

კიდევ უარესი: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვსაც კი არა აქვს ამერიკული ვიზა, არადა ის აპირებდა გამოსულიყო გენასსამბლეის სხდომაზე.

შესაძლოა ბოლო მომენტში კიდეც მიიღოს ამგვარი ვიზა ლავროვმა და რამდენიმე დიპლომატმა ამ დელეგაციიდან, მაგრამ ეს გადაწყვეტილი არ არის.

თუ ასე მოხდა, მაშინ გაეროს გენერალური ასსამბლეის სხდომაზე, ყოვლად სამარცხვინოდ, მოუწევთ გამოსვლა იმ რუს დიპლომატებს, ვინც მუშაობს გაეროში რუსულ წარმომადგენლობაში, ანუ უკვე იმყოფება ნიუ იორკში. მაგალითად ამ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ნებენზიას.

აბსოლუტურად უპრეცედენტო სიტუაციაა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში.

საბჭოთა კავშირის დროსაც კი, მსგავსი არაფერი მომხდარა, როცა ხრუშჩოვი გაეროს მაგიდასთან საკუთარ ფეხსაცმელს აბრახუნებდა `პროტესტის` ნიშნად: გაიძრო ფეხსაცმელი, დაიჭირა წვეროთი და ქუსლით აბრახუნებდა.

მოსკოვისთვის მართლაც სამარცხვინო ამბებია! თუმცაღა.... არ შეიმჩნევენ. ვითომცა არაფერი. აბა სხვა რა ქნან?

ამ დიპლომატიური დემარშით, ამერიკა მოსკოვს იმასაც აჩვენებს, რომ ამერიკაა ნამდვილი ზესახელმწიფო და არა რუსეთი.- ნიუ იორკშია მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნა და იმ ტრიბუნასთან ამერიკა ვისაც უნდა მიუშვებს, ვისაც არ უნდა არ მიუშვებს.