საერთაშორისო მიმოხილვა. 8 თებერვალი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 8 თებერვალი. 2024 წელი

რუსეთმა 44 რაკეტა ესროლა კიევს და უკრაინის სხვა ქალაქებს. გამოყენებულია ფრთოსანი რაკეტები, ასევე საზენიტო რაკეტები (С-300) და ბალისტიკური რაკეტები.

ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთი ფრთოსანი რაკეტა მიფრინავდა პოლონეთის მიმართულებით და 20 კილომეტრზე მიუახლოვდა პოლონეთის (ანუ NATO-ს) საზღვარს; პოლონეთის საჰაერო ძალებმა რამდენიმე ავიაგამანადგურებელი მოიყვანეს მზადყოფნაში, რათა რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოეგდოთ, თუ კიდევ უფრო მიუახლოვდებოდა პოლონეთს; მაგრამ რაკეტა, მოულოდნელად, 180 გრადუსით შემოტრიალდა და კიევისკენ გამოფრინდა.

რუსული, ისევე როგორც ამერიკული ფრთოსანი რაკეტების დიდი ნაწილი მართვადია, ამიტომ ეს მანევრი  გასაკვირი არ არის; თუმცა რუსებმა, როგორც ჩანს, ამით დემონსტრაცია მოაწყვეს: პოლონეთს პირდაპირ დაემუქრნენ. საეჭვოა ამ ეტაპზე პუტინს გადაწყვეტილი ჰქონოდა პოლონეთზე დარტყმა, მაგრამ დემონსტრაცია კი გამოუვიდა.

საინტერესოა, რა მოხდებოდა, პოლონურ ავიაგამანადგურებელს, „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის ანტირაკეტით რუსული ფრთოსანი რაკეტა უკრაინის ტერიტორიაზევე რომ ჩამოეგდო.

ეს უკვე სამხედრო ინციდენტი იქნებოდა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის.

უკრაინამ პასუხად კვლავ დაბომბა ბელგოროდი. თანდათან იქმნება ვითარება, როდესაც პუტინი მძიმე არჩევანის წინაშე დგება: ან უნდა განახორციელოს ბელგოროდის სრული ევაკუაცია, ან შეურიგდეს იმას, რომ ეს რუსული ქალაქი მუდმივი დარტყმის ობიექტი იქნება.  

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის „ვერხოვნა რადამ“ მიიღო პატრიოტული გადაწყვეტილება და პირველი მოსმენით დაამტკიცა ახალი კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მკაცრ ზომებს იმ მოქალაქეთა მიმართ, ვინც მობილიზაციაზე უარს იტყვის.

 მათ შორის იგულისხმება, მაგალითად, ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევა, საბანკო ანგარიშების გაყინვა, საზღვარგარეთ მყოფთათვის ახალი დოკუმენტების გაცემაზე უარის თქმა და ა.შ.

მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, რომლის გადადგომის შესახებ ხმები აქტიურად დადიოდა, განხილვას არ ესწრებოდა. ამით მან ხაზი გაუსვა უთანხმოებას პრეზიდენტ ზელენსკისთან;

ზალუჟნის, როგორც სამხედრო ადამიანს, მიაჩნია, რომ სანქციები, რასაც ახალი კანონი ითვალისწინებს დეზერტირთა წინააღმდეგ, არ არის საკმარისი და ვერ უზრუნველყოფს დამატებით 500 000 მეომრის მობილიზაციას, რაც უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება დონბასის ფრონტზე, სადაც რუსეთი წნეხს აძლიერებს უდიდესი მსხვერპლის მიუხედავად.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნები როგორც იქნა შეთანხმდნენ, რომ მკაცრ ზომებს მიიღებენ იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, ვინც რუსეთს უქმნის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ - მსოფლიო ოკეანეში ნავთობის გადასაზიდად.

როგორც ცნობილია, 2022 წლის დეკემბერში ამერიკამ და ევროპამ მიიღეს კონსოლიდირებული გადაწყვეტილება: დაუწესეს რუსეთს ნავთობის გაყიდვის ზღვრული ფასები. 60 დოლარი ბარელზე.  სხვაგვარად რუსული ნავთობტანკერები ვერ იმოძრავებდნენ მსოფლიო ოკეანეში. მაგრამ რუსეთმა გამოიყენა „მესამე მსოფლიოს“ სახელმწიფოთა დაინტერესება და იმათი დროშის ქვეშ შექმნა ეს ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობს ბევრად ძვირად ყიდდა.

რატომ ვერ მიღო ზომები დასავლეთმა დღემდე ამ ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ? იმიტომ, რომ იგი დიდწილად დაცურავდა იმ სახელმწიფოთა „დროშის ქვეშ“, რომლებიც ადრე შედიოდნენ დიდი ბრიტანეთის იმპერიაში, ახლა კი შედიან ბრიტანეთის „თანამეგობრობაში“. ლონდონს არ აწყობდა მათი განაწყენება. თუმცა „კოლეგებმა“ უთხრეს, რომ ახლა ბევრად მეტი დევს სასწორის იმ პინაზე, რომელიც პუტინის არათუ შეკავებას, არამედ მის სასტიკ დამარცხებას მოითხოვს ევროატლანტიკური ცივილიზაციისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ილჰამ ალიევმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. მიიღო ხმების 92,1%.

არავის გაჰკვირვებია რა თქმა უნდა: მას შემდეგ, რაც ალიევმა გადაჭრა მისი ქვეყნის ისტორიული პრობლემა -  მტკიცედ და სამუდამოდ დაუბრუნა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს, - ბევრი დამკვირვებელი აზერბაიჯანშიც და მთელს მსოფლიოშიც პროგნოზირებს, რომ ალიევმა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ შვილიშვილსაც კი გაუნაღდა „მარადი პრეზიდენტობა“.

ისტორიას ახასიათებს „შეუქცევადის“ ცნება. „ყარაბაღის დაბრუნება“ უკვე ასეთი შეუქცევადი მოცემულობაა: ბოლოს და ბოლოს იქ სომეხი საერთოდ აღარ დარჩა და ვინც გამოვიდა, კატეგორიულად აცხადებს, რომ ყარაბაღში აღარასოდეს დაბრუნდება.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო, ისრაელმა კატეგორიულად უარყო ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინადადება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების ეტაპობრივი გათავისუფლების (უფრო ზუსტად, მათი პალესტინელ პატიმრებზე გაცვლის) შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ამის შესახებ განუცხადა აშშ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს (მეხუთედ ჩადის უკვე ახლო აღმოსავლეთში)  და მაშინვე დასძინა, რომ ისრაელი განაგრძობს შეტევას სამხრეთ ღაზის მიმართულებით, სადაც გადაიყვანეს მძევლები; ყველა მათგანს ძალით გაათავისუფლებს, ხოლო ისრაელის სპეცოპერაცია არა წლები, თუმცა თვეები კიდევ გაგრძელდება.

მეორეს მხრივ, ისრაელი მაინც სერიოზულად რისკავს სამხრეთ ღაზაზე შეტევით, რადგან იქ ამჟამად კონცენტრირებულია მილიონამდე არაბი ლტოლვილი და „ჰუმანიტარული ფასი“ შესაძლოა ძალიან დიდი აღმოჩნდეს.

ამის შესახებ უკვე განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. თუმცა, როგორც ჩანს, ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ სხვა გზა უბრალოდ არა აქვთ; „ღაზის პრობლემა“ სტრატეგიულად უნდა გადაიჭრას: „ტაქტიკურ გადაწყვეტას“ ისრაელის საზოგადოება არ მიიღებს ამოდენა მსხვერპლის შემდეგ.

„სტრატეგიული გადაწყვეტა“ კი ღაზიდან „ჰამასის“ აღმოფხვრა და როგორც მინიმუმ ამ ტერიტორიაზე მკაცრი კონტროლის დამყარებაა ან თვით ისრაელის, ან ისეთი საერთაშორისო აქტორის (მაგალითად ეგვიპტის) მიერ, რომელსაც თავის მხრივ ისრაელის მიმართ ექნება მტკიცე ვალდებულება, რომ ღაზაში ტერორისტულ ძალთა კონცენტრაციას და ისრაელზე ახალ დარტყმას არ დაუშვებს.

სხვათა შორის ეგვიპტე სულაც არ არის ამის წინააღმდეგი. 1967 წლის ომამდე ღაზა ეგვიპტის ნაწილი იყო. ამჟამად ეგვიპტეს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა (გენერალი ასისი) თანახმა იქნებოდა ღაზაზე დაამყაროს ერთგვარი „კონდომინიუმი“ ანუ ერთობლივი მართვა ისრაელთან ერთად.

ბუნებრივია, ეს ვერ გადაწყვეტს ისრაელ-არაბთა ისტორიულ, ბიბლიურ კონფლიქტს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

პირადად ნეთანიაჰუს ისედაც ცუდად აქვს საქმე: უეჭველად გამოძიება და (შესაძლოა) ციხე ელის იმის გამო, რომ ჯერ ერთი, გაუაზრებელი და უდროო „სასამართლო რეფორმით“ გახლიჩა და დაასუსტა ისრაელი და მეორეც, ფაქტია, მისმა ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა 7 ოქტომბრის თავდასხმის თავიდან აცილება, რის შედეგადაც 1 300 ისრაელელი დაიღუპა.

სწორედ ამიტომ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლა ცდილობს ღაზის პრობლემა მაინც გადაჭრას სტრატეგიულად, რათა  მომავალი გამოძიების პროცესში „სათქმელი“ ჰქონდეს.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

გრძელდება სკანდალი რუსი ციგურებზე მოსრიალის, კამილა ვალიევას დოპინგში მხილების გამო. მას ჩამოართვეს ჩემპიონობა.

რუსეთის სპორტული ადმინისტრაცია ცდილობდა საერთაშორისო ანტიდოპინგ-უწყებისთვის დაემტკიცებინა, რომ თურმე კამილამ ჯერ კიდევ  ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ხის დაფაზე დაამზადა მარწყვის დესერტი (!) ეს დესერტი თან წაიღო ოლიმპიადაზე და შეჯიბრებების წინ მიირთვა. მერე კი აღმოჩნდა, რომ იმავე ხის დაფაზე ბაბუამისს, თურმე რაღაც გულის წამალი დაუჭრია, რომელიც ნივთიერება ტრიმეტაზიდინს შეიცავდა.

თუმცა მალევე გაირკვა, რომ ვალიევას ბაბუა დიდი ხანია გარდაიცვალა, ამიტომ საერთაშორისო  ანტიდოპინგ უწყებებმა და სპორტულმა არბიტრაჟმა რუსებს განუცხადეს: „აქ მთლად ასეთი იდიოტებიც არ ვართო!“

   . . . . . . . . . . . . . . . . .

მნიშვნელოვანი სიახლეა (არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთისთვის), რომ მეფე ჩარლზ III აღმოაჩნდა სიმსივნე.

მის ფუნქციებს უელსის პრინცი უილიამი შეასრულებს.

ეს ფუნქციები კი საკმაოდ დიდია სინამდვილეში. საკმარისია ითქვას, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, მოკავშირეთა არმიის საფრანგეთში დესანტირების (1944წ) 80 წლის იუბილეზე, როგორც ჩანს დიდ ბრიტანეთს უილიამი წარმოადგენს ნაცვლად მონარქისა. პრინცი უილიამი მიიღებს მონაწილეობას ყველა იმ ღონისძიებაში, რაც მონარქს ეკისრება ზოგადად.

უილიამი ტახტის პირდაპირი მემკვიდრეა.

    . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვის მერიამ აკრძალა კაფე-ბარებში ე.წ. „შიშველი შოუების“ ჩატარება ცნობილი სკანდალის შემდეგ, როდესაც რუსი „სელებრიტები“ ლამის დედიშობილა ატარებდნენ დროს ერთ-ერთ კაფეში.

საინტერესოა, რომ ამგვარ შოუთა ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ღონისძიებებს მოსკოვიდან თბილისში გადმოიტანენ. თუმცა ჯერ არ არის ცნობილი სად და როდის.