გოგიაშვილმა შეიძლება წყალბადის ბომბი ააფეთქოს

გოგიაშვილმა შეიძლება წყალბადის ბომბი ააფეთქოს


        სკანდალი, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი

        დისკუსიამ კანონპროექტზე «თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის (დაბრუნების) შესახებ» სკანდალური სახე შეიძინა. ედუარდ შევარდნაძის პოზიცია მოკლედ ასე შეიძლება გამოიხატოს: «კანონპროექტს მხარს ვუჭერ, კორუფციას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ არა კომუნისტური და ტოტალიტარული მეთოდებით».
        როგორც ჩანს, პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს თუ მასში კვლავაც იგულისხმება უდანაშაულობის პრეზუმფციის შეზღუდვა, თუნდაც თანამდებობის პირების, მით უმეტეს, მათი ოჯახის წევრებისა და «დაახლოებული პირების» მიმართ.
        თუმცა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არცა აქვს - არათუ იუსტიციის სამინისტროში მომზადებული კანონმდებლობა, არამედ მოქმედი საკანონმდებლო აქტებიც სავსებით საკმარისია საიმისოდ, რათა სახელისუფლებო სტრუქტურებში «დიდი წმენდა» მოეწყოს - თანაც სავსებით კანონიერად, ჩვეულებრივი მეთოდებით, «ველოსიპედების გამოგონების» გარეშე.
        მთლიანობაში ამ სკანდალმა კიდევ უფრო გააძლიერა ფონი, რაც აუცილებელია საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. არ არის გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილი და «გუნდი», რომელთან შეთანხმებითაც იგი მოქმედებდა, ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა «მაქსიმუმის მოთხოვნის» პრინციპით.
        «მინიმუმი» კი უდავოდ ის იქნება, რომ შეიქმნას ახალი ნორმატიული აქტები «ქონებრივ დეკლარაციებთან» დაკავშირებით, რათა უკვე არსებულ «თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმცაიო ბიუროს» ჰქონდეს ქმედითი მექანიზმები, თავად გადაამოწმოს დეკლარირებული ქონების კანონიერება. ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე დეკლარირებული და რეალური ქონების შედარების თვალსაზრისით მაინც.
        გუშინვე პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ედუარდ შევარდნაძისა და ზურაბ ჟვანიას საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, მაგრამ ზოგიერთი ცნობით, ძირითადი თემა სწორედ ხსენებული კანონპროექტი იყო.
        ორმა უმაღლესმა ხელისუფალმა, როგორც ჩანს, მოილაპარაკა, რომ კანონპროექტი დაიხვეწება, გარკვეულწილად შერბილდება (ამოიღებენ მუხლს «პრეზუმფციული იმუნიტეტის» გაუქმების შესახებ), სამუშაოში ჩაერთვებიან ცნობილი იურისტები, მაგრამ საბოლოოდ, პრეზიდენტი კანონს უეჭველად მოაწერს ხელს და პარლამენტში წარგზავნის განსახილველად.
        ოპოზიცია კვლავ (უკვე მერამდენედ) კანონის მიღებას შეეწინააღმდეგება. «მოქალაქეთა კავშირი» კი კვლავ მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება.
        ეს სულაც არ გამორიცხავს რეალურ ნაბიჯებს: არც ედუარდ შევარდნაძეს და არც მისი პარტიის ელიტას დასაკარგი არაფერი აქვთ: ფინანსური ოლიგარქიის მხარდაჭერა არჩევნებზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება არა ახალი პარტიის (რუსულ ტერმინს თუ მოვიხმობთ) «რასკრუტკას», არამედ უკვე ჩამოყალიბებულ პარტიას, საკუთარი ელექტორალური პოტენციალითა და პოლიტიტკური ნიშით - ლანდშაფტზე.
        ეს არგუმენტაცია შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს, თუ «ანტიკორუფციული კანონმდებლობა» მოიაზრება «მინისტრთა კაბინეტისა» და კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანის კონტექსტში.
        რამდენიმე დღის შემდეგ კი პრეზიდენტი მოიწვევს საგანგებო «გაფართოებულ თათბირს», რომელზეც მოხდება კონკრეტული პროგრამის პრეზენტაცია.
        გახმაურებული კანონი ამ პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილია. პროგრამა, რომელსაც მირიან გოგიაშვილი წარმოადგენს სხდომაზე, წინასწარი მონაცემებით, შეიძლება კიდევ უფრო მწვავე აღმოჩნდეს, ვიდრე თვით კანონპროექტი, ანუ მთავრობის სხდომაზე თუ ატომური ბომბი აფეთქდა, მირიან გოგიაშვილმა შეიძლება წყალბადის ბომბი ააფეთქოს.

დილის გაზეთი, 14 აგვისტო, 2001 წელი