საქართველო «შავ ოქროზე» ვაჭრობს; კასპიის რეგიონის გარშემო გეოპოლიტიკური ქარბორბალა ტრიალებს

საქართველო «შავ ოქროზე» ვაჭრობს; კასპიის რეგიონის გარშემო გეოპოლიტიკური ქარბორბალა ტრიალებს

        ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებით საოცარი ამბები ხდება. ბაქოში მეორე კვირაა გრძელდება მოლაპარაკება «ტარიფების» შესახებ. ეს თითქოს არაფერია, მრავალ საკითხზე, სხვადასხვა ქვეყანას შორის მოლაპარაკება შეიძლება უფრო ხანგრძლივიც იყოს, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ბაქოში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა დისკუსიაში.
        ნებისმიერი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ან ოფიციალური ვიზიტი სხვა ქვეყანაში ყოველთვის საგანგებო შემთხვევაა, წინასწარ მუშავდება პროტოკოლი, თანხმდება დღის წესრიგი და ა.შ. ისევე, როგორც პრეზიდენტის ან პრემიერის ვიზიტის დროს.
        როგორც ჩანს, აქ, მართლაც, საგანგებო შემთხვევასთან გვაქვს საქმე: აზერბაიჯანელი და ქართული მხარეები ცდილობენ მოასწრონ დოკუმენტის შეთანხმება ალიევის საქართველოში ვიზიტამდე. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს, როგორც მოსალოდნელია, 2-3 მარტს ეწვევა და სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში მოეწერება ხელი საბოლოო შეთანხმებას აზერბაიჯანის ნავთობის საოპერაციო კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის ნავთობსადენის მშენებლობის თაობაზე, რითაც წერტილი დაესმება მრავალწლიან დისკუსიას და დაიწყება პროექტის კონკრეტული განხორციელება.
        მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება აღარ ცდილობს პარტნიორებს ასიამოვნოს (ისინი იმავეს არასდროს ცდილობენ ჩვენ მიმართ) და მტკიცედ იცავს საქართველოს ინტერესებს. აზერბაიჯანის განაწყენება მესამეხარისხოვანი საკითხია.
        დააკვირდით, როგორ ვითარდება მოვლენები დიდ გაზსადენთან დაკავშირებით: თურქმენები და აზერბაიჯანელები არათუ ახლო ნათესავები, არამედ «სისხლისმიერი ძმები» არიან. მიუხედავად ამისა, დიდი გაზსადენის მშენებლობის თაობაზე ვერა და ვერ მოილაპარაკეს, ვინაიდან მათი ინტერესები ამ საკითხში არ ემთხვევა ერთმანეთს: თურქმენეთს სურს ააშენოს გაზსადენი თურქმენეთიდან, კასპიის ზღვის ფსკერზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, - თურქეთისაკენ.
        აქ გაზსადენი შეუერთდება თურქეთის მილსადენ სისტემას. თურქმენეთი კი ამით მოიპოვებს უფლებასა და საშუალებას, გაყიდოს ბუნებრივი აირი ევროპაში, ანუ თავი დააღწიოს რუსული «გაზპრომის» მარწუხებს.
        მაგრამ აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მოითხოვს, ამ გაზსადენით თურქეთში გაიყიდოს აზერბაიჯანული გაზიც, რასაც თურქმენეთი არ თანხმდება, ვინაიდან ეს შეამცირებს მის კვოტას.
        თურქმენეთის უარით განრისხებულმა აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ, საერთოდ არ გაატარებს გაზს «მოძმე თურქეთში».
        აი, ისე იცავენ თავიანთ ინტერესებს «მოძმე ხალხები», რომლებიც, ფაქტობრივად, ერთ ენაზე ლაპარაკობენ. მათმა წარმომადგენლებმა მოლაპარაკებისას ლამის ცხვირ-პირი დაამტვრიონ ერთმანეთს, თუმცა ეს სრულებითაც არ უშლის ხელს (ყოველგვარი ირონიის გარეშე) ჩვეულებრივ რიგით თურქმენებს და აზერბაიჯანელებს და თურქმენებს ერთმანეთისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი.
        ბუნებრივია, თუ საქართველოც ასევე მტკიცედ დაიცავს საკუთარ ინტერესებს.
        ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა გადაწყვიტოს საქართველოში (ერთხელ და სამუდამოდ) ენერგეტიკული პრობლემა. ეს სავსებით რეალურია, თუ ქვეყანა მიიღებს თუნდაც ნაწილს იმ 50 მილიონი ტონა ნავთობისა, რაც უნდა გადაიტვირთოს დასავლეთში საქართველოს ტერიტორიაზე გავლით.
        პროექტი 60 Mწლიანია. ერთი სიტყვით, დღეს წყდება, ფაქტობრივად, საქართველოს მომავალი განვითარების პერსპექტივა, ამიტომ ირაკლი მენაღარიშვილი და გია ჭანტურია სისხლის დასაღვრელად უნდა იყვნენ მზად და ყველაფერზე უნდა წავიდნენ.

მერიდიანი, 25 თებერვალი, 2000 წელი