უკრაინა - რუსეთი უკრემლოდ

უკრაინა - რუსეთი უკრემლოდ

      

        საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გიორგი არსენიშვილი, უკრაინის მთავრობის მიწვევით, კიევში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. სარწმუნო წყაროს ცნობით, ვიზიტის შინაარსი შეთანხმებულია პრეზიდენტთან, რომელმაც სახელმწიფო მინისტრს უკრაინასთან ურთიერთობის «კურირება» დაავალა.
        ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა კი მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. საკმარისია ითქვას, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხენლშეკრულება არა მხოლოდ «მეგობრობისა და თანამრომლობის», არამედ «ურთიერთდახმარების» შესახებ, რაც არცთუ ისე ხშირი მოვლენაა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე.
        საერთოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე სწრაფად და აქტიურად თანამშრომლობა სწორედ უკრაინასთან ვითარდება. უკრაინა საქართვლეოსთვის, თუ შეიძლება ითქვას, იქცა იმავე რუსეთად, ოღონდ «კრემლის გარეშე». იგულისხმება უზარმაზარი (არანაკლები, ვიდრე რუსეთის) ბაზარი, შეთავსებადი ტექნოლოგიები და ნედლეულის მიღების წყარო.
        სამაგიეროდ, რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას საქართველოსადმი ჰეგემონისტური პრეტენზიები არა აქვს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი არსი (თუ, რასაკვირველია, ძმობისა და ურთიერთსიყვარულის განცხადებებს არ ჩავთვლით) ალტერნატიული სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარებაში მდგომარეობს.
        იგულისხმება, რასაკვირველია, რუსეთის ალტერნატიული საკომუნიკაციო დერეფანი: კასპიისპირეთი-უკრაინა. ამ მაგისტრალის განვითარებას უკრაინისთვისაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს სატრანსპორტო ბერკეტებს პოლიტიკური ზემოქმედებისთვის.
        მაგალითად, 1999 და 2000 წლის გაზაფხულზე, უკრაინაში ხვნა-თესვის სამუშაოები კინაღამ ჩაიშალა, ვინაიდან რუსეთში სწორედ იმ დროს «საცობები შეიქმნა» რკინიგზაზე. რომ არა აზერბაიჯან-საქართველოს დერეფანი, უკრაინაში სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნებოდა.
        რასაკვირველია, ეს ძალიან «ეწყინებოდათ» მოსკოვში. ამჟამად საქართველო და უკრაინა ცდილობენ «გააიაფონ» სამხრეთ კავკასიური დერეფანი და გაზარდონ მისი კონკურენტუნარიანობა სატრანსპორტო ტარიფების შემდგომი 20 პროცენტიანი შემცირებით.
        ნიშანდობლივია, რომ სულ რამდენიმე თვის წინათ, რუსეთმა შეამცირა სატრანსპორტო ტარიფები 30 პროცენტით სწორედ იმ მიზნით, რათა მისთვის გეოპოლიტიკურად «თავსატკივარი» სამხრეთკავკასიური დერეფნის პოტენციალი ამოეწურა.
        თუმცა, არა მხოლოდ უკრაინა და აზერბაიჯანი, ან საქართველო, არამედ ცენტრალური აზიისა და თვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც კი უკვე აღიქვამენ ამ მაგისტრალს მინიმუმ «სათადარიგოდ», მაქსიმუმ «ალტერნატიულად».
        ეს მინიმუმიც კი ხელს უშლით რუსებს, გამოიყენონ თავისი სატრანსპორტო პრეროგატივები ზემოქმედების ბერკეტად. სწორედ აქ არის საძიებელი მათი ანტიქართული «გაცოფების» მიზეზი. თუმცა, «ალტერნატივის» არსებობა უკვე რეალობაა. მით უმეტეს, რომ მას ევროკავშირის მრავალმილიარდიანი «ტრასეკას» პროექტი უმაგრებს ზურგს.
       გია არსენიშვილი კიევში უეჭველად «ნულოვანი ვარიანტის» საკითხსაც შეეხება. უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ დოკუმენტის რატიფიცირება აგრეთვე აუცილებლად მიაჩნია, მაგრამ უკრაინის უმაღლეს რადაში მისი «გატანა» ვერ შეძლო.
        გარდა ამისა, არსენიშვილი კუჩმასთან განიხილავს სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა) გაერთიანების პერსპექტივებს.
        პირველი სამიტი უმაღლეს დონეზე მარტის დასაწყისში, ყირიმში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს ღონისძიება რუსეთის «ღრენის» შედეგად გადაიდო აზერბაიჯანისა და მოლდოვას წინადადებით.
        ერთმა «ეს» მოიმიზეზა, მეორემ «ის», საბოლოოდ კი სამიტის ჩატარების თარიღი გაურკვეველია. საქართველო და უკრაინა, შესალძოა, ახალ თარიღზე შეთანხმდნენ. კიდევ ერთი, საკმოად დელიკატური საკითხია ქართული წარმოშობის უკრაინელ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძესთან დაკავშირებული ამბავი.
        ამის გამო, ლეონიდ კუჩმა შეიძლება გადადგეს, ხოლო უკრაინაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება. ოფიციალური თბილისი თავს იკავებს ამ სკანდალში რაიმე სახის ჩარევისგან, რაც უკრაინაში ბევრს აღიზიანებს - ქართული თემა იქ აქტიურად მუსირებს ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით.
        ოღონდ, თუ თბილისი უშუალოდ არ ერეოდა საქმეში, ან კუჩმას მხარდამჭერ განცხადებას არ აკეთებდა, ეს იმიტომ კი არა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა ამის გაკეთება - უბრალოდ, თბილისი მოქმედებდა პრინციპით, «არა ავნო».
        მიუხედავად ამისა, მხარდაჭერის გარკვეული სიგნალები კიევში თბილისიდან მაინც მიდიოდა. საკმარისია, გავიხსენოთ შევარდნაძე-კუჩმას შეხვედრა (დსთ-ს სამიტის დროს თბილისის ინიციატივით) და გავითვალისწინოთ სახელმწიფო მინისტრის ამჟამინდელი ვიზიტიც.

დილის გაზეთი, 23 თებერვალი, 2001 წელი