ქართველი ერი არაპასსიონარული აღმოჩნდა

ქართველი ერი არაპასსიონარული აღმოჩნდა

«რუსთაველის თეატრის» გაკვეთილი
   

    შაბათს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უნდა გამართულიყო ტელემარათონი «რუსთაველის თეატრის გადასარჩენად», რომელიც, როგორც ცნობილია, სერიოზულადაა დაზიანებული და, ფაქტობრივად, ინგრევა.
    შენობის აღსადგენად აუცილებელია რამდენიმე მილიონი ლარი, რისი შეგროვებაც რუსთაველის თეატრმა სწორედ ასეთი, სავსებით მიღებული და ჩვეულებრივი ფორმით (ტელემარათონით) გადაწყვიტა, მაგრამ, სამწუხაროდ, აქცია, ფაქტობრივად, ჩაიშალა. ყოველ შემთხვევაში, მან ორგანიზატორთა იმედები ვერ გაამართლა. ფილარმონიის დარბაზში სულ რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. ამის გამო, რუსთაველის თეატრის მსახიობები აღშფოთებას ვერ მალავდნენ. ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ ბევრმა მათგანმა საერთოდ მიატოვა საკონცერტო დარბაზი.
    ერთი შეხედვით, თითქოს, ეს უცნაურობა (საზოგადოების გულგრილობა) მატერიალური გაჭირვებით აიხსნება, მაგრამ ამგვარი ახსნა აშკარად უსუსურია - ორი ათასი ადამიანი, რომელსაც შესწევს უნარი (როგორც მინიმუმ) ფილარმონიის ბილეთი მაინც შეიძინოს (თუნდაც 10 ლარად), თეატრს დაეხმაროს, საქართველოში ნამდვილად მოიძებნება. ორი ათასიც მოიძებნება, ასი ათასიც და ორასი ათასიც.
    ჩვენს ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბდა ელიტარული კასტა, რომლისთვისაც ათასი დოლარი არცთუ დიდი ფულია, ხოლო ასი დოლარი - «საერთოდ არ არის ფული»; მაგრამ აქ მხოლოდ ელიტაში არ გახლავთ საქმე. საქართველოს მოსახლეობის დიდ, საკმაოდ დიდ ნაწილს, ისე არ უჭირს, თუნდაც 1 ლარი ვერ გაიღოს რუსთაველის თეატრის დასახმარებლად, რაც ელიტის მიერ გადარიცხულ «ათასებთან» ერთად საკმარისი იქნებოდა შენობის გასამაგრებლად. სწორედ ეს მომენტი (საზოგადოების სრული გულგრილობა) იყო ყველაზე მეტად საცნაური და მნიშვნელოვანი, რაშიც არათუ «თეატრალური საზოგადოების», თუნდაც მთელი ქართული საზოგადოების, არამედ თვით ქართველი ერის უდიდესი, საზარელი მანკიერი თვისება გამოიხატა.
    საქმე ისაა, რომ ჩვენ, როგორც ჩანს, არა ვართ პასიონარული ერი, ეს უკვე ბევრმა დამკვირვებელმა შენიშნა. ერის პასიონარულობა ვიღაცის მოგონილი, წარმოსახვითი თვისება არ გეგონოთ - იგი სავსებით რეალური ფენომენია. «პასიონარულობა ერისა» გამოიხატება ერთობლივი ქმედების, საერთო ინეტერესთა გაცნობიერების კოლექტიური ძალისხმევის აქტებში - უზენაესი ეროვნული ინტერესების დასაცავად.
    თუმცა, ძალიან ხშირად, ეს თვისება წვრილმანებშიც ვლინდება. უფრო ზუსტად, ვითომდა წვრილმანში.
    დარწმუნებული ვარ, მაგალითად, ისრაელში ასეთივე მნიშვნელობის ეროვნულ თეატრს, როგორც ჩვენთვის რუსთაველის თეატრია, რაიმე საფრთხე რომ დაემუქროს, მთელი ისრაელი, მთელი მსოფლიოს ებრაელობა ფეხზე დადგება. რასაკვირველია, ისრაელს სახელმწიფო დოტაციის გამოყოფაც კი გაუჭირდება, მაგრამ თუნდაც ვერ გამოიძებნოს თანხები (რაც წარმოუდგენელია), ასეთსავე «ტელემარათონზე» დარბაზი გადაჭედილი იქნებოდა; პატარ-პატარა შემოწირულობებით (რიგითი მოქალაქეებისაგან) მილიონობით დოლარი სულ მალე შეგროვდებოდა.
    შესაძლოა ისრაელი ვიღაცას ცუდ მაგალითად მოეჩვენოს, აქაოდა, «სად ებრაელთა შესაძლებლობანი და სად ჩვენაო»; მაშინ დავანებოთ თავი ისრაელს - სომხეთში, რომელიც არცთუ დალხენილია, ანალოგიურ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა - ყოველ შემთხვევაში, პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღებისა და «არაგულგრილობის» თვალსაზრისით.
    რუსთაველის თეატრთან დაკავშირებით კი სწორედ ეს უყურადღებობა ყველაზე მეტად საგანგაშო და საგულისხმო.
    სომხებიც და ებრაელებიც, ისევე როგორც გერმანელები, რუსები, ფრანგები თუ ფინელები, იაპონელები და სხვა ნებისმიერი ცივილიზებული ერი - პასიონარულია თავისი თვისებრიობით და სწორედ ამიტომ შეძლეს მძლავრი (სტრუქტურულად მძლავრი) და სტაბილური სახელმწიფოებრიობის შექმნა;
    აქ სიტყვამ «ცივილიზებული» არავინ შეიყვანოს შეცდომაში. პასიონარულობაა სწორედ ყველაზე მეტი ცივილიზებულობა. ჩეჩნებს დიდი კულტურა არა აქვთ, ბუნებრივია, მაგრამ მათი პასიონარულობა სხვა მხრივ ვლინდება. ისევე როგორც აფხაზების, ოსებისა და ასე შემდეგ.
    ქართველი ერი კი, სამწუხაროდ, არაპასიონარული აღმოჩნდა - სწორედ აქ, ამ თვისებაში უნდა ვეძიოთ ახსნა-განმარტება მრავალი საზარელი და დამანგრეველი პროცესისა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს;
    თუ არაპასიონარულობა ჩვენთვის კვლავაც თვისებრივი მანკი იქნება (ამ მანკის წარმოშობის მიზეზებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს), მაშინ ლოგიკური გახდება დასკვნა: «ქართველი ერი ვერც კორუფციას აღმოფხვრის, ვერც ეროვნულ-სახელმწფიოებრივ სტრუქტურებს ჩამოაყალიბებს და, საერთოდ, ვერც სახელმწიფოს დააფუძნებს, ვინაიდან სახელმწიფოდ არსებობა მხოლოდ პასიონარულ ერს ძალუძს. ანუ ერს, რომელსაც შესწევს უნარი, გააცნობიეროს საერთო-ეროვნული ინეტერესი და გააერთიანოს ძალისხმევა საერთო მიზნის მისაღწევად - იქნება ეს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება თუ თითქოსდა ნაკლებ მნიშვნელოვანი - რუსთაველის თეატრის მსგავსი კულტურული საგანძურის გადარჩენა.
    აქვე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ პასიონარულობის გარკვეული «მარაგი» ქართველ ერსაც გააჩნდა რასაკვირველია; მაგრამ იგი მეტად მცირე იყო (იმთავითვე), ამიტომ «მოძრაობას», რომელიც ჩვენს ქვეყანაში 1988 წლის ნოემბრიდან დაიწყო, ეროვნული ენერგიისა და ენთუზიაზმის უფრო გონივრულად, უფრო ყაირათიანად ხარჯვა მართებდა.
   

პოლიტიკური სპეკულაციები ეკონომიკის თემაზე კვლავაც გრძელდება

    გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში «დიდი დებატები» გაიმართა ეკონომიკის თემაზე. საკანონმდებლო ორგანომ მოისმინა «ეკონომიკური ბლოკის» მინისტრთა, აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრთა მოხსენებები.
    საერთო სურათი არცთუ სასიხარულოა - ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საქართველო «ამოვარდა» ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის კალაპოტიდან და მიუახლოვდა იმ ზღვარს, საიდანაც წარსულში შეიძლება დაბრუნდეს; ანუ სახელმწიფო რეგულირებისა და, ეგრეთ წოდებული «შეღავათიანი კრედიტების» ჭაობში.
    სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მართალია კრიზისს აქვს ობიექტური მიზეზებიც (მაგალითად, რუსეთის ფინანსური კოლაფსი), მაგრამ სავალუტო კრიზისის ნიშნები საქართველოში ჯერ კიდევ 1996 წელს გამოჩნდა, როდესაც საგადასახადო და საბაჟო სამსახურებმა პირველად ვერ შეასრულეს გეგმა ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით.
    1997 წელი, აგრეთვე, «ჩავარდა»; 1998 წელს კი დანაკლისმა თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა. თუ ჩავთვლით, რომ ამ თანხის ნახევარი (ვთქვათ, 100 მილიონი ლარი) რუსეთის ეკონომიკის დამხობამ და გვალვამ გვაზარალა, სულ ერთია, რჩება მეორე 100 მილიონი, რომელიც მთლიანად საქართველოს სახელმწიფოებრივი არასრულყოფილების გამოვლენად და შედეგად უნდა მივიჩნიოთ.
    გადასახადების აკრეფა ვერ ხერხდება ერთი მხრივ საგადასახადო და საბაჟო სამსახურების კორუმპირებულობის, მათი უუნარობის, მეორე მხრივ კი, საქართვლოსთვის დამახასიათებელი ახალი სახელმწიფოებრივი, მათ შორის საგადამხდელო კულტურის არარსებობის გამო.
    მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გააქტიურებამ გადასახადების მოსაზიდად, «ბიზნესმენთა» საშინელი რეაქცია გამოიწვია. რაც მთავარია, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ სძალავენ იმას, რისი გადახდაც არ ეკუთვნით. არგუმენტი ასეთია: «არ გადავიხდით, ვინაიდან გადასახადი მეტისმეტად დიდია».
    ასე ცხოვრება არ შეიძლება. ქართველ ბიზნესმენს, როგორც ჩანს, ევროპელი ან ამერიკელი კოლეგებისგან თვისებრივად განსხვავებული მენტალიტეტი აქვს. მას ვერ წარმოუდგენია, რომ განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად მხოლოდ «მცირე» (მისი გაგებით) მოგება დარჩეს. არადა, საქართველოში გადასახადები არცთუ ისე დიდია. ევროპელმა ან ამერიკელმა ბიზნესმენმა მთელი წელი შეიძლება იმუშაოს და 10 ათასი დოლარი დარჩეს მოგების სახით. ქართველი ბიზნესმენი კი «უაზრობად» მიიჩნევს, თუ წლის ბოლოს 100 ათასი დოლარის მოგება არ დარჩა და მთელი წელი «რაღაც კაპიკებისთვის იშრომა». ხაზს ვუსვამ, რომ საუბარი მაქვს «წმინდა მოგებაზე».
    აი, აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული. ქართველებმა ფულის ყადრი ნაკლებად ვიცით და შრომის კულტურაც განსხვავებული გვაქვს.
    მაგალითად, ვაშინგტონში, დილით, ქუჩაში რომ გამოხვიდეთ, მაღაზიაში 100-დოლარიან კუპიურას ადვილად ვერ დაახურდავებ - გამყიდველები მხრებს იჩეჩენ: ამდენი ფული ჯერ არ გვაქვსო. თბილისში კი 100 დოლარი ზოგჯერ «ფული» საერთოდ არ არის. აქაც მჟღავნდება ზოგიერთი თვისება. მეორე მხრივ, პოლიციის გააქტიურება უცნაურ წინააღმდეგობას წააწყდა: «ხელისუფლებამ დაიწყო სახელმწიფო რეკეტი მეწარმეების წინააღმდეგ».
    დავაკვირდეთ რა გამოდის: როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ეკონომიკურ პროცესებში არ ერეოდა და არ მონაწილეობდა გადასახადთა აკრეფაში, მაშინ ოპოზიციის დიდი ნაწილი გაიძახოდა, რომ პოლიცია არგადამხდელი ბიზნესმენების «კრიშაა», მათ «წილში უზის» და სწორედ ამიტომ არ იღებს გადასახადებს; მაგრამ როგორც კი პოლიცია ამ თვალსაზრისით გააქტიურდა - უმალვე გაჩნდა საპირისპირო ბრალდება, რომ იგი «ბიზნესმენებს ავიწროებს» და «ახრჩობს მეწარმეობას საქართველოში».
    არადა, სინამდვილეში, ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, ზოგიერთი ნამუსგარეცხილი «ბიზნესმენის» თუ «გაწუწკებული» მეწარმის დასჯა - ერთადერთი გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან.
    აშკარა დემაგოგიაა მავანთა განცხადება - «ხელისუფლება ცდილობს ჯოხი მეწარმეებზე გადატეხოს» და ასე შემდეგ. აბა სხვა ვისზე უნდა გადატეხოს? საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს სხვა შემოსავალი არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს, - გარდა გადასახადების აკრეფისა.
    ამით უნდა არჩინოს მან ჯარიც, პოლიციაც, სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი მასწავლებელიც და ბიუროკრატიული აპარატიც. ოღონდ მთელს ამ ძალისხმევაში ერთი უსამართლობა ნამდვილად შეინიშნება: მართლა არ შეიძლება «ჯოხის გადატეხვა» მხოლოდ მსხვილ ბიზნესმენებზე; ისინი, უპირველეს ყოვლისა ჩანან, მაგრამ ეგრეთ წოდებული, «წვრილი მეწარმეები» გაცილებით უფრო მეტს იპარავენ და მალავენ.
    მათი გამოვლენა ძნელია; არადა, მთლიანობაში ეს უფრო დიდი თანხა გამოდის.
    დასავლეთში «საგადასახადო დეკლარაციათა» წარდგენის დღე ყველაზე საზარელ დღედ ითვლება. თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში «ფინინსპექტორთა» სიმბოლური ფიტულები იყიდება, რომელთაც გაცოფებული ამერიკელები ნაკუწ-ნაკუწ აქცევენ ხოლმე, ანუ სპეციალურად ყიდულობენ, რათა თავისი სიძულვილი და ბოღმა ფიტულზე მაინც გადმოანთხიონ და მასზე «იყარონ ჯავრი»; გადასახადების გადახდა არავის არასდროს უხარია, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.
    თუ საგადასახადო კულტურა არ ამაღლდა (დაწყებული მოხმარებული ელექტროენერგიიდან - დამთავრებული დამატებითი ღირებულების გადასახადით) მაშინ ამ ქვეყანას სახელმწიფოებრივი პერსპექტივა საერთოდ არ გააჩნია და სულ მალე ხუხულასავით დაინგრევა.
    მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, ჯუდი ო კონორმა შევარდნაძესთან შეხვედრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის ყველაზე დიდი და ცნობილი «არგადამხდელი მეწარმეების» სამაგალითო დასჯა, - მათი დაპატიმრება და ციხეში გაშვება. ეს მისი სიტყვებია: «სხვაგვარად, როგორც ჩანს, არაფერი გამოგივათ».
    ფაქტობრივად, იმავე რეკომენდაციას შეიცავს სავალუტო ფონდის ცნობილი განცხადება. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საქართველოს ხელისუფალნი დაარწმუნა, რომ ახალი კრედიტები აუცილებლად გამოიყოფა «უახლოეს მომავალში», მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ხელისუფლება შეასრულებს უმთავრეს პირობას: შეძლებს აკრიფოს გადასახადები დაგეგმილ დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად ლარის დევალვაციისა, კრედიტებს ვერ მივიღებთ.
    ვაშინგტონში, ფონდის «დონორი» ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზეც, ფაქტობრივად, იგივე ითქვა: საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ვალუტის კურსის გათავისუფლებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი: კრედიტების მისაღებად, სავალუტო რეზერვის შესავსებად აუცილებელია გადასახადების აკრეფა.
    ჯერჯერობით მოვლენები ქვეყნის ეკონომიკაში უფრო ოპტიმისტური სცენარით ვითარდება, ვიდრე პესიმისტურით. ლარის დევალვაცია გაცილებით ადვილად ასატანია, ვიდრე რუბლისა - რუსეთში. ხელისუფლება არ აპირებს ემისიის განხორციელებას, რაც ერთადერთი საშუალებაა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
    როგორც კი ეროვნულ ბანკში დამატებითი ფული «მოიჭრება», ლარი უმალვე გაუფასურდება არათუ 40, არამედ 1000 პროცენტით. ამჟამად საქართველოს წარმოება საწყის ეტაპზე იმყოფება. რუსეთში ექსპორტი, ფაქტობრივად, შეჩერებულია რუბლის გაუფასურების გამო. თუ ქართულმა წარმოებამ ალტერნატიული ბაზარი არ იპოვა, იგი ვერ ამუშავდება, მაგრამ მეორე მხრივ, იმპორტის «გაძვირება» შესანიშნავ პირობებს ქმნის საკუთარი ბაზრის დასაპყრობად.
    სამწუხაროდ, ქართველ მეწარმეებს ელემენტარული ჭკუა არ ჰყოფნით, ისარგებლონ შექმნილი მდგომარეობით, თავადაც მოიგონ და ქვეყანაც ახეირონ.
    ვნახოთ, რა ხდება ბაზრობებზე: გაძვირდა არა მხოლოდ იმპორტული საქონელი, არამედ მთლიანად (ნედლეულთან ერთად) საქართველოში წარმოებული პროდუქციაც; სხვათა შორის, ამით დადასტურდა, რამდენად მცდარი იყო შეხედულება, თითქოს საბაჟო ტარიფების გაზრდა და იმპორტული პროდუქციის «გაძვირება» ქართული წარმოების განვითარებას შეუწყობდა ხელს.
    ლარის დევალვაციამ იმპორტი ფაქტობრივად გააძვირა, მაგრამ ქართველმა მეწარმეებმა, ნაცვლად იმისა, ბაზრის დაპყრობა-დაბრუნებაზე ეფიქრათ, თვითონაც უმალვე გააძვირეს პროდუქცია! არადა, ხომ გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა (მათივე ინტერესებიდან გამომდინარე), ესარგებლათ შექმნილი ვითარებით, არ აყოლოდნენ სიხარბეს, არ «გაღორებულიყვნენ», არ გაეძვირებინათ პროდუქცია, რათა ბაზრიდან საბოლოოდ განედევნათ უცხოელი კონკურენტი.
    მათი ამჟამინდელი მოქმედება კი მხოლოდ ერთ შედეგს გამოიღებს: იმპორტიორი საკუთარ მოგებას შეამცირებს (სხვა გამოსავალი არ ექნება) და წონასწორობა აღდგება ახალ დონეზე - თვისებრივად არაფერი შეიცვლება.
    კიდევ კარგი, ხელისუფლება არ აჰყვა დემაგოგიურ მოწოდებას «საბაჟო ტარიფების გაზრდისა და ამით ადგილობრივი მეწარმეების გადარჩენის შესახებ», ვინაიდან ჯერ ერთი, ქვეყანა სავალუტო ფონდის სასიცოცხლოდ აუცილებელ «ისააფის» კრედიტს დაკარგავდა, ხოლო რეალურად კი, არაფერი გამოვიდოდა, ვინაიდან ჩვენი «შესანიშნავი» მეწარმეები უეჭველად ისარგებლებდნენ შექმნილი ვითარებით არა იმისთვის, რომ ბაზარი დაეპყროთ და წარმოება განევითარებინათ, არამედ ისევე როგორც ახლა, თავადაც გაზრდიდნენ ფასებს, უმოკლეს ვადაში მაქსიმალური მოგების მისაღებად - პერსპექტივის ხარჯზე.
   

გალის რაიონში სეპარატისტები ახალ პროვოკაციას ამზადებენ
   

    მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძეზე 9 თებერვლის თავდასხმაში ეჭვმიტანილმა მესხიამ სოფელ ნაბაკევთან ორი «ბობოლა» სეპარატისტი მოკლა, არძინბას ბრძანებით გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში დაიწყო მორიგი სადამსჯელო ოპერაცია. სეპარატისტები წვავენ და ანადგურებენ ქართველთა სახლებს სიდასა და თაგილონში - თუ რამე გადაურჩათ მაისის მოვლენების დროს.
    იმავდროულად, არძინბა ვერ ფარავს ბოღმას იმის გამო, რომ ვერ შეძლო პრეზიდენტის «ჩატყუება» სოხუმში, სადაც საქართველოსთვის დამღუპველი დოკუმენტების პარაფირება უნდა მომხდარიყო. მაშასადამე, სოხუმის ხელისუფლება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - რუსეთში ციტრუსების მასობრივი გატანაც კი ფერხდება, რაც გვალვიანი წლის შემდეგ მოსახლეობას შიმშილს უქადის.
    შექმნილ ვითარებაში არძინბას დარჩა ერთადერთი გამოსავალი - ძალისმიერი მეთოდებით აიძულოს თბილისი, ხელი მოაწეროს ზემოთნახსენებ დოკუმენტებს - ოქმს «ლტოლვილთა დაბრუნების, აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ» და «შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის დამატებითი ღონისძიების თაობაზე».
    სეპარატისტთა ეგრეთ წოდებული «უშიშროების მინისტრის» ვალერი აგრბას განცხადებით «ქართველები გალის რაიონის დაპყრობას გეგმავენ»; თურმე, არსებული გეგმით, ჯერ უნდა ამოქმედდენ პარტიზანული შენაერთები, «ტყის ძმები», «თეთრი ლეგიონი», შემდეგ კი საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფები.
    სეპარატისტები გვემუქრებიან, რომ ამ «ახალ ავანტიურას» კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება, ვიდრე მაისში გალის მოვლენებს. არ არის გამორიცხული, აგრბას განცხადება მორიგი პროპაგანდისტული ფანდი იყოს და მიზნად ისახავდეს საზოგადოებრივი აზრის შემზადებას საიმისოდ, რომ განხორციელდეს ახალი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ - არა მხოლოდ გალის, არამედ ზუგდიდსა და წალენჯიხის რაიონებშიც.
    არც ის არის გამორიცხული, არძინბამ მოითხოვოს რუსეთის «სამშვიდობო ძალთა» გაყვანა კონფლიქტის ზონიდან, რათა «ხელ-ფეხი გაეხსნას» ზუგდიდის, წალენჯიხის და დასავლეთ საქართველოს საწინააღმდეგოდ. მისი მთავარი სამიზნე ფოთი და სუფსა იქნება, - ამით რუსი შოვინისტების გულსაც მოიგებს, რომლებსაც ძალიან აღიზიანებთ «ნავთობპროექტების» განხორციელებაში საქართველოს პრიორიტეტი.
    ამ პრიორიტეტს კი დაცვა სჭირდება. ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები მოითხოვს, რომ როგორც არ უნდა უჭირდეს ფინანსურად სახელმწიფოს, უპირველეს ყოვლისა, დააფინანსოს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სუფსა-ფოთ-ზუგდიდის საზღვაო და სახმელეთო მონაკვეთზე დისლოცირებული სამხედრო შენაერთები, ვინაიდან უეჭველად სწორედ ისინი მიიღებენ პირველ დარტყმას.
    იმავდროულად, შექმნილ ვითარებაში უდიდესი შეცდომა იქნებოდა რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანა კონფლიქტის ზონიდან: დსთ-ს უმაღლესი დონის სამიტზე მათი მანდატი (განურჩევლად იმისა, როგორ ასრულებენ ამ მანდატს) აუცილებლად უნდა გახანგრძლივდეს. სხვა საქმეა, რომ სახელმწიფო (საიდუმლოდ) აქტიურად უნდა დაეხმაროს ქართულ პარტიზანულ რაზმებს, რომლებიც მოქმედებენ გალის რაიონში. ისინი სეპარატისტებს მოსვენების საშუალებას არ მისცემენ და სიცოცხლეს გაუმწარებენ. არძინბა არ იმჩნევს, თორემ პარტიზანთა მოქმედებამ სეპარატისტულ აფხაზეთს არანაკლები ზიანი მიაყენა, ვიდრე თვით ომმა 1992-1993 წლებში.
    ეკონომიკურ ბლოკადასთან ერთად ეს ფაქტორი აშკარად ამწვავებს შიდაპოლიტიკურ ვითარებას აფხაზეთში, რაც საბოლოოდ, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო შეასუსტებს სეპარატისტულ რეჟიმს.
    მთავარია, პარტიზანებმა ჯერჯერობით არ გადაინაცვლონ აფხაზეთის სხვა რაიონებში, - ყოველ შემთხვევაში, არ მიმართონ დივერსიებს «მშვიდობიანი აფხაზური მოსახლეობის წინააღმდეგ», რათა სეპარატისტებმა მორიგი პროპაგანდისტული კოზირი არ მიიღონ.
    მთლიანობაში, არძინბას არც ისე კარგად აქვს საქმე, როგორც თავად სურს წარმოადგინოს, - ეს უახლოეს დადასტურდეს.

დილის გაზეთი, 14 დეკემბერი, 1998 წ.