შევარდნაძემ აბრეშუმის ჭიის მისია უნდა იკისროს - მოქსოვოს დემოკრატიის ბადე და... წავიდეს

შევარდნაძემ აბრეშუმის ჭიის მისია უნდა იკისროს - მოქსოვოს დემოკრატიის ბადე და... წავიდეს

  

    ედუარდ შევარდნაძემ დაბადების 70 წლისთავი უაღრესად ვიწრო წრესთან, ანუ მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ რეზიდენციაში - ჭავჭავაძეთა წინანდლის მამულში აღნიშნა.
    მისივე თქმით, იგი თბილისიდან «გაიპარა», რათა გულაჩუყებულ ხელქვეითთა და «საზოგადო მოღვაწეთა» არმია არ დასხმოდა თავს, იუბილეს მისალოცად.
    რა თქმა უნდა, შევარდნაძის ამგვარი «თავმდაბლობა» უპირველესად პოლიტიკური ჟესტია. საქართველო სხვა მენტალიტეტის ქვეყანაა. ამდენად, ის რაც ბუნებრივია (ვთქვათ) აზერბაიჯანისათვის, რომლის პრეზიდენტმა თბილისში დაახლოებით ისეთი სიტყვა თქვა, როგორსაც ბრეჟნევის დაბადების დღეზე ამბობდა - მიუღებელია საქართველოში და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ეს შესანიშნავად იცის. 70 წლის შესრულებაც მან უპირველესად იმისათვის გამოიყენა, მთელი პოლიტიკური «ბომონდი» და ფართო საზოგადოებაც დარწმუნებულიყვნენ: ედუარდ შევარდნაძე არათუ პენსიაზე აპირებს გასვლას, არამედ უკვე გადაწყვეტილი აქვს, კენჭი იყაროს 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ანუ იბრძოლოს იმისათვის, რათა 2005 წლის 26 მაისამდე (კონსტიტუციით განსაზღვრულ ინაუგურაციის დღემდე) ფლობდეს ძალაუფლებას.
    ამჟამად შექმნილ ვითარებაში ეს განაცხადი სავსებით რეალურია, ვინაიდან მოქმედ პრეზიდენტს, ჯერჯერობით, სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. ჯუმბერ პატიაშვილი და იგორ გიორგაძე უფრო პოლიტიკური ფანტომები არიან, ვიდრე ანგარიშგასაწევი ფიგურები.
    რაც შეეხება ხანდაზმულობას - ედუარდ შევარდნაძე, ამ თვალსაზრისით, პოლიტიკურ ზენიტში იმყოფება. რონალდ რეიგანი, რომელმაც, ფაქტობრივად, გადაარჩინა დასავლური სამყარო, პირველად 70 წლის ასაკში (1980 წ) გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და 78 წლის ასაკში დატოვა ეს თანამდებობა.
    ამრიგად, შევარდნაძის ჯანმრთელობა არ არის ძირითადი პრობლემა. მთავარ პრობლემად კვლავ და კვლავ ის რჩება, რომ საქართველოში ჯერ ვერ მოხერხდა ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც არ იქნებოდა მთლიანად დამოკიდებული ერთი პიროვნების ყოფნა-არყოფნაზე (ხაზს ვუსვამ არა «ნება-სურვილზე», არამედ სწორედ «ყოფნა-არყოფნაზე»).
    მოსწონს ვინმეს თუ არა, საზოგადოებრივი სტაბილურობისა და სახელმწიფოებრივი მდგრადობის საფუძვლად საქართველოში კვლავ ერთი პიროვნების კულტი რჩება. ამჟამად, ჩვენს ქვეყანაში კლასიკური ავტორიტარული წყობაა, თუმცა ეს იმდენად თვით შევარდნაძის ბრალი არ არის, რამდენადაც საზოგადოებრივი მენტალიტეტის თავისებურებისა. ამიტომაც არ მოაქვთ შედეგი რეფორმებს. მიუხედავად ნამდვილი დემოკრატიული კონსტიტუციისა, საკმარისია სისტემას ძირითადი ღერძი (ავტორიტეტული პოლიტიკოსი) გამოაცალო და მთელი სისტემა ხუხულასავით დაინგრევა.
    ამგვარი მდგომარეობა ქვეყნისათვის ძალზე საშიშია, ვინაიდან ზოგიერთ ჩვენს «მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოს» ნამდვილად უჩნდება ცთუნება, «ერთი დარტყმით» გადაწყვიტოს რთული გეოპოლიტიკური პრობლემა.
    გარდა ამისა, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც დარჩება გარეშე დამკვირვებელს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივმა სისტემამ თვითკმარი, თვითრეგულირებადი ფუნქცია ვერ შეიძინა. კვლავინდებურად ვცხოვრობთ ადმინისტრირებულ სახელმწიფოში, რომელშიც ხელისუფალი კი არ არეგულირებს, ზემოდან მართავს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ერთი და იგივე.
    დიდ შედეგად ვერ მიიჩნევა თუ მართვის სეგმენტი შედარებით შემცირდება და თითოეული საპარიკმახეროს ან სამკერვალო საამქროს ბედს უმაღლეს სახელისუფლებო არეოპაგში არ განიხილავენ - სახელმწიფო სტრუქტურა ხომ ძველებურად ფუნქციონირებს და მაინც ვერ იძენს ზემოთხსენებულ «თვიკმარ» ფუნქციას.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, ქართული სახელმწიფო მექანიზმი ძველებურად საჭიროებს «ზემოდან დაქოქვას» და ყოველდღიურ პედალირებას - სხვაგვარად იგი გაჩერდება და დამბლა დაეცემა.
    ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში უახლოესი ორი წლის განმავლობაში. შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს ან პირიქით - უცვლელი დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, ედუარდ შევარდნაძის რთული და წინააღმდეგობრივი მოღვაწეობა შეიძლება დადებითად შეფასდეს და მისი ხელმეორედ არჩევა პოზიტიურ მოვლენად ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ასეთ «თვითკმარ, თვითრეგულირებად» სახელმწიფო მექანიზმს დააფუძნებს და ძალაუფლების უმტკივნეულო გადაცემის პრეცედენტსაც შექმნის.
    თუნდაც, 2005 წლისთვის მაინც.

7 დღე, 28 იანვარი, 1998 წ.