მიშა და მისი ძალაუფლებრივი PR მიგნება.
ერთი საინტერესო ნიუანსი შევნიშნე, რომელიც შესაძლოა ისტორიულ მოვლენადაც (!) კი ჩაითვალოს ჩვენი ქვეყნისთვის.
არ არის იოლი და ადვილად განსამარტი თემა.
კითხვით დავიწყოთ: შეგიძლიათ მითხრათ ვინ არის „თბილისის პოლიციის უფროსი?“
ანუ.... აი რასაც ოდესღაც, შევარდნაძის ეპოქაში ვუწოდებდით „თბილისის პოლიციის უფროსს“?.......იყო რომან გვენცაძე....იყო დემურ მიქაძე....ხომ გახსოვთ?
ჰოდა ვიმეორებ კითხვას: ვინ არის დღეს თბილისის პოლიციის უფროსი?!
ნუ აჩქარდებით მეგობრებო.
არც ისე იოლი საპასუხოა ეს კითხვა.
საქმე ის გახლავთ, რომ არსებობს „თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი“, იმავდროულად არსებობს „თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსი“, არსებობს შსს შესაბამისი „დეპარტამენტის უფროსი“ და ა.შ და ა.შ.
ისინი (მიზანმიმართულად, ანუ პოლიტიკური ხაზის და შესაბამისი კონცეპტის ფარგლებში) ფიგურირებენ და პოზიციონირებენ საჯარო სივრცეში თუ ტელეეკრანებზე იმგვარად, რომ გამოკვეთილი ფიგურა (!) ვინც PR თვალსაზრისით იქნებოდა ახალი დროის „დემურ მიქაძე“ ან „რომან გვენცაძე“ არ შეიქმნას, არ „გამოიძერწოს“ და არ ჩამოყალიბდეს.
ეს ძალიან მახვილგონივრული და ღრმა მიგნებაა, რომელიც ეკუთვნის არა დღევანდელ ხელისუფლებას, არამედ მიხეილ სააკაშვილს!
მიშამ შესანიშნავად იცოდა არა მხოლოდ ქართული ჟურნალისტიკის ზნე, არამედ ქართული სოციუმის ჩვეულებაც პერსონიფიცირებისა;
ამიტომ მიზანმიმართულად (და საკმაოდ მახვილგონივრულად) ქმნიდა იმგვარ სისტემებს სხვადასხვა სფეროში (არა მხოლოდ პოლიციაში), რომლებიც პირადად მისი პერსონალიზების პირობებში (ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა) ნიველირებდნენ ბიუროკრატიულ სიღრმეებში პერსონალიზებას
და ასეთმა მიდგომამ ნამდვილად გაამართლა როგორც ძალაუფლების განხორციელების ტექნოლოგიამ.
ანუ არა მხოლოდ ბიუროკრატიულ იერარქიაში შიდა კონკურენციის შექმნას უწყობდა ხელს, არამედ PR სივრცეში „კონცენტრირებული ფიგურანტების“ და შესაბამისი სტერეოტიპული წარმოდგენების გენერირებასაც აფერხებდა.
მიშას ეყო მახვილგონიერება ამას მიმხვდარიყო!
ხოლო „ოცნებას“ ეყო ჭკუა, ეს სისტემა არ შეეცვალა, რაკი მის მნიშვნელობას ისიც ჩასწვდა.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მეორე მაგალითი იმავე სახელისუფლებო ტექნოლოგიისა:
შეგიძლიათ მითხრათ ვინ იყო მიშას დროს მისი პრეს-მდივანი?
კვლავ ვიმეორებ: არ არის ასე იოლად პასუხგასაცემი კითხვა, როგორც უცბად მოგეჩვენებათ.
მიშამ (ისევ და ისევ ძალიან ჭკვიანურად) იმ სფეროშიც იგივე ტექნოლოგია გამოიყენა:
არსებობდა მისი სფოუქსპერსონი ცალკე (ეს არ არის იგივე, რაც „პრეს-მდივანი“-დ), რომელიც ბრიფინგებზე აჟღერებდა პრეზიდენტის განცხადებებს (მანანა მანჯგალაძე თუ არ ვცდები), იყო სახელმწიფო კანცელარიის პრეს-მდივანი ცალკე (ნათია ბანძელაძე), მანამდე ადმინისტრაციის პრეს-მდივანი ცალკე (თავის დროზე ვერულაშვილი) და ა.შ და ა.შ.
სხვა პერსონების დასახელებაც შეიძლება და ისინიც პერიოდულად პოზიციონირებდნენ საჯარო სივრცეში მონაცვლეობით იმგვარად, რომ ერთი კონკრეტული ფიგურა არ გამოკვეთილიყო და ჩვენი დიდებული ჟურნალისტიკა „პირდაღებულ ბოჩოლას“ დამსგავსებოდა, რაკი ვერაფრით გაიგებდა ვის უნდა დაურეკოს, რათა კითხვაზე მიიღოს პასუხი როდესაც „ყველა ერთმანეთისკენ გაიშვერდა ხელს“;
ანუ „ეს მე არ მეხება - იმას დაურეკე.....“
მე მგონი, თუკი ვაკვირდებით მოვლენებს, პროცესებს, ეს საინტერესო ნიუანსია „ძალაუფლების ტექნოლოგიისა“ და ქართულ Deep state-თან ანუ Decision maker ბიუროკრატიასთან ძალაუფლების პირველწყაროთა და „ფოკუს-ჯგუფთა“ მიმართების თვალსაზრისით.
ჩვენ, დიახათაც, ვცხოვრობთ „ყმაწვილურად ინფანტილურ“ სოციუმში, რომელსაც ე.წ. „კოლექტიური სოციალური გონი“ (განსხვავებით ევროპელი ერებისგან) ჯერ არ გააჩნია, ხოლო სოციო-ფსიქოლოგიურ დომინანტებს ექსპანსიურ/ექსპრესიული პასიონარული იდიოტები ქმნიან ისტორიულად.....
შესაბამისად „აქ“ სხვანაირად არ გამოვა.......ანუ ამგვარი ეშმაკობების გარეშე.
ვიმეორებ: „საავტორო უფლება“ ეკუთვნის მიშას, თუმცა „ოცნებას“ ეყო ჭკუა, იმავეს მიმხვდარიყო და ეს მიგნება სათანადოდ დაეფასებინა.
დათო