ჩაესვენება თუ არა ამერიკის მზე?

ჩაესვენება თუ არა ამერიკის მზე?

სირიაში ამერიკა საბედისწერო გამოცდას აბარებს, რომელიც საქართველოში ვერ ჩააბარა

გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი და კულტუროლოგი, ოსვალდ შპენგლერი წერდა უკვდავ თხზულებაში, რომელიც ქართულად ნათარგმნია, როგორც „ევროპის მზის ჩასვენება" (Der Untergang des Abendlandes): ყველა კულტურას აქვს აღმავლობის, სტაგნაციისა და „ჩასვენების", ესე იგი თანდათანობითი კვდომის პერიოდები. ამა თუ იმ კულტურის კვდომა, მისი აზრით, მაშინ იწყება, როცა იგი ცივილიზაციად ტრანსფორმირდება. ანუ, ცნების თანამედროვე გაგებითა და „დიდი პირობითობით", ზესახელმწიფოდ იქცევა.

ეს ნაშრომი მაშინ იწერებოდა, როდესაც მოაზროვნე ადამიანებისთვის ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ ნათელი უშუალო ბმა ცივილიზაციასა და მის ღირებულებათა გლობალურ გავრცელებას შორის. ანუ, რა კორელაცია აკავშირებს სახელმწიფოებრივ მდგრადობასა და მის საერთაშორისო პრესტიჟს.

ოსვალდ შპენგლერიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ, პოლონური წარმომავლობის ამერიკელმა „გეოპოლიტოლოგმა" ზბიგნევ ბჟეზინსკიმ გამოაქვეყნა პოპულარული წიგნი „დიდი საჭადრაკო დაფა". შპენგელრთან ბჟეზინკის ხსენება, რა თქმა უნდა, სირცხვილია. მაგრამ ეს დისკურსი ერთი რამითაა საინტერესო: როდესაც ზესახლემწიფოებრიობის ნიშნებს ჩამოთვლის, ბჟეზინკსკი ასახელებს სამხედრო ძლევამოსილებას, ეკონომიკურ სიძლიერეს, ტექნოლოგიურ ნოვატორობას და (რაც ყველაზე ნიშანდობლივია) „მიმზიდველობას" დანარჩენო მსოფლიოსათვის. ბზეჟინსკი ვერ მიხვდა, შპენგლერისათვის კი მეტისმეტად ადრე იყო, რომ იგივე ცნება ერთი „სნობური" ტერმინით გამოიხატება: „პრესტიჟი!!!".

ამერიკა - ამერიკაა მანამ, სანამ საჯაროდ არ დაამცირებენ და არ „დააჩმორებენ!". ამერიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება ამერიკად, თუ შეძლებს იმოქმედოს მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი ღირებულებების და ვალდებულებების შესაბამისად! კიპლინგისეული მონადირე მგლისა არ იყოს, საკმარისია ერთხელ შეცდეს, ერთხელ „ააცილოს" და . . . . .
ჩვენში ბევრს ჰგონია, თითქოს 2008 წელი ამერიკისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა. ანუ დიდი ვერაფერი ზიანი მიიღო იმით, რომ მის მოკავშირეს რუსეთმა ტერიტორიები წაართვა, დაბომბა, დაამარცხა, გაანადგურა, ამერიკამ კი ვერაფერი იღონა. არადა, „ხუთდღიანი ომის" დასრულებისთანავე, ბენ ლადენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც არა მხოლოდ ამერიკის მოძულეთ, არამედ მოკავშირეებსაც მიმართავდა: „ხომ ხედავთ ამერიკამ თავისი მოკავშირე რა ადვილად მიატოვა, თქვენც იგივე ბედი გელითო".

არ იმჩნევენ ამერიკელები, თორემ საქართველოსთან დაკავშირებული ეპიზოდი მათთვის, სანამდვილეში, ძალიან მწარე დარტყმა იყო. შესაძლოა პირველად მაშინ დარწმუნდნენ, რაოდენი უფსკრულია პრაგმატიზმსა და ზესახელმწიფოებრიობის სტატუსს შორის. ფართოდ გავრცელებული ბრიყვული შეხედულების მიუხედავად, ზესახელმწიფო პრაგმატული ვერ იქნება, იგი შეიძლება მხოლოდ „იდეალისტური" იყოს! ანუ, „უკანმოუხედავად" მოქმედებდეს საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად.

მოსწონს ვინმეს თუ არა, 2008 წელს რუსეთმა დაამტკიცა, რომ ამ თვალსაზრისით, დიახაც არის ზესახელმწიფო, რაკი იმოქმედა და თავისი გაიტანა მარტომ, საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების მიხედვით ისე, რომ არავის არანაირი ყურადღება არ მიაქცია და, რაც მთავარია, საპასუხოდ ვერავინ ყურებზე ხახვიც ვერ დააჭრა: ვერც ამერიკამ მათ შორის.

სულ სხვა საკითხია, ქართველებმა რატომ „მოვიწყეთ" ისე საქმე ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომ სწორედ ჩვენ გავხდით კრემლის გლობალური პრესტიჟის აღდგენის პოლიგონი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორ იქცევა ამერიკა სირიაში? აშკარად ყოყმანობს, „დაარტყას" თუ არა კაციჭამია ასადს, ვინც 1400 ადამიანი, მათ შორის 400 ბავშვი ნერვულ-პარალიტური გაზით დახოცა და ამით პირდაპირ მიაფურთხა ამერიკას, რაკი ვაშინგტონი სულ აფრთხილებდა: ქიმიური იარაღის გამოყენება „წითელ ზოლად" იქცევაო.

ამერიკა აქ უპატიებელ სისუსტეს, თანაც სისტემურ სისუსტეს ავლენს: ეხვეწევა სხვებს მხარი დაუჭირონ (რუსეთი არავის არაფერს ეხვეწებოდა 2008 წელს), ხოლო ბრიტანეთი ამ მხარდაჭერაზე უარს ამბობს. ამასობაში პუტინი აშკარად დასცინის: „ბაშარ ალ ასადი ქიმიურ იარაღს რატომ გამოიყენებდა, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით უტევს მეამბოხეებსო". არადა, სინამდვილეში, სირიის დიქტატორი ბაღდადის შემოგარენშიც ვერ ახერხებდა ჩვეულებრივი იარაღით მათ საბოლოოდ დამარცხებას.

ამერიკამ ეს ომი თუ წააგო, სიტყვა ვერ შეასრულა, მის იმედად მყოფნი თუ კვლავ მიატოვა (როგორც საქართველოში), ან სიმბოლური დარტყმებით შემოიფარგლა, მის პრესტიჟს, ესე იგი ზესახელმწიფოებრიობას უკვე ვეღარაფერი გადაარჩენს. სიმბოლურ დარტყმებს სჯობს საერთოდ არ დაარტყას.

რამდენიც არ უნდა იკაკანონ „სასარგებლო იდიოტებმა", რომ „ჩარევა არ შეიძლება" და „მშვიდობა სჯობია ომს", ამერიკა ზესახელმწიფო მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მოქმედებდა დიდი რონალდ რეიგანის მაქსიმით: „არსებობს მშვიდობაზე დიდი ღირებულებები!". ესე იგი, მან უნდა აირჩიოს, რა ურჩევნია: მშვიდობა თუ ზესახელმწიფოსა და მსოფლიო ლიდერის სტატუსი!

ასადის საბოლოო გამარჯვება (ანუ მის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება) ამერიკის დასასრულის დასაწყისი გახდება და „მშვიდობისმოყვარე ამერიკელებს" ილუზიები ნუ ექნებათ: თუ მათ ქვეყანას სამსოფლიოდ ისევ მოჭრიან თავს და ამოსვრიან ტალახში, ის ვეღარ უშველით, რამაც საქართველოს შემთხვევაში უშველათ, როცა ისეთი სახე მიიღეს და შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს არც არაფერი მომხდარა და მათ არ შეხებიათ.

ღირსების დაკარგვის შემთხვევაში, სულ მალე დაჭკნება, დაკარგავს ელვარებას და მიმზიდველობას ყველაფერი, რასაც ამერიკის ძლევამოსილება ეყრდნობოდა გასული ასი წლის მანძილზე: დოლარიდან - ამერიკულ კულტურამდე!

ამერიკული ცივილიზაცია სწორედაც ღირსებასა და „ოცნების შუვალობას" ეფუძნებოდა. ამის გარეშე იგი დაკნინდება და ისტორიულად მცირე ვადაში გადაგვარდება. ისტორიკოსები კი შემდეგ აუცილებლად შენიშნავენ, რომ ამერიკული ცივილიზაცის დამხობის პროცესი სულ პატარა, თითქმის შეუმჩნეველი მარცხით დაიწყო, რომელსაც მაშინ ყურადღება არავინ მიაქცია: 2008 წლის 12 აგვისტოს.