ხელისუფლება, რომელიც «მხედრიონის» ძვლებზე დგას, ანადგურებს მხედრიონს"

ხელისუფლება, რომელიც «მხედრიონის» ძვლებზე დგას, ანადგურებს მხედრიონს"

 

    ხუთშაბათს გამართული ბობოქარი საპარლამენტო სხდომის პერიპეტიები მთელმა საქართველომ იხილა. ჩემი აზრით, ამ სხდომაზე ყველაზე საინტერესო და საგულისხმო იყო დეპუტატ ბორის კაკუბავას გამოსვლა, რომელმაც განაცხადა: «იმ ადამიანებს, რომლებსაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოში მოგყავდათ, უნდა გცოდნოდათ, რომ ადრე თუ გვიან ან ციხეში აღმოჩნდებოდით, ან მიწაში».
    ბოლო დროს მართლაც შეინიშნება ტენდენცია, როდესაც ედუარდ შევარდნაძე უპირისპირდება იმ ადამიანებს, რომელთაც იგი საქართველოს სათავეში დააყენეს. გავიხსენოთ: 1992 წლის გაზაფხულზე, პოლიტიკურ წრეებში უკვე მომწიფებული იყო აზრი, რომ ქვეყანას «მსოფლიო დონის პოლიტიკოსის» გარეშე კრიზისიდან გამოსვლა გაუჭირდებოდა. «ელიტარული ინტელიგენციის» ის ნაწილი, რომელიც ტკბილად და უზრუნველყოფილად ცხოვრობდა შევარდნაძის «ცკ»-ს მდივნობის პერიოდში და პირში «მსუქანი დუმა» ჰქონდა გაჩრილი - ზოგ შემთხვევაში ქვეშეცნეულად, ზოგჯერ კი სავსებით გაცნობიერებულად ისწრაფოდა აღედგინა ვითარება, როდესაც კომუნისტური ხელისუფლება მათ პრივილეგირებულ მდგომარეობას უქმნიდა.
    ამ ინტელიგენციის ბევრ წარმომადგენელს ზვიად გამსახურდიამ «კრიმინალური ინტელიგენცია» უწოდა რაც, რასაკვირველია, პრინციპულად სწორი და ზუსტი შეფასებაა, - თუ გავითვალისწინებთ მათ კავშირს კომუნისტური რეჟიმისდროინდელ კრიმინალურ სამყაროსთან. იმ პერიოდში არსებობდა ერთგვარი ალიანსი კორუმპირებულ სამეურნეო მაფიას (ე.წ. «ცეხავიკებს») და ინტელიგენციის «თვალსაჩინო წარმომადგენლებს» შორის.
    პირველთ ისინი სჭირდებოდათ ერთგვარ «ფარად» იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საქმიანობის წარმოებისათვის ხელისუფლების რისხვა დაატყდებოდათ თავს. რასაკვირველია, თავად ვალში არ რჩებოდნენ, ამრიგად, «საარსებო წყარო» მარად ამოუწურავი იყო.
    ეს კონგლომერატი, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო ეროვნული რევოლუცია და გაჩნდა რეალური შანსი დამოუკიდებლობის მოპოვებისა, - ფაქტობრივად უპერსპექტივო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამდენად, მისი სწრაფვა და ერთგულება «წარსული ლიდერისადმი» სავსებით ბუნებრივი იყო.
    მიუხედავად ამისა, შევარდნაძის მომხრეები, 1992 წლის თებერვალ-მარტში, ძალზე სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდნენ კიტოვან-სიგუას ტანდემის მხრიდან. ეს წყვილი (რა თქმა უნდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე) კატეგორიულად წინააღმდეგი იყო შევარდნაძის საქართველოში ჩამოყვანისა, მაგრამ სწორედ აქ იჩინა თავი «მხედრიონის» დაინტერესებამ. ეს სამხედრო - პოლიტიკური ორგანიზაცია და მისი ლიდერი ერთსულოვნად მოითხოვდნენ, რომ «საქართველომ გამოიყენოს ის უდიდესი შესაძლებლობანი, რომელიც აქვს ედუარდ შევარდნაძეს»; «როგორ შეიძლება კაცს ჰქონდეს განძი და ამ განძზე უარს ამბობდეს» და ა.შ.
    სხვათა შორის, როდესაც საუბარია, რომ ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა სიგუა-კიტოვანი აითვალწუნა (ეს უკვე ფაქტია), ამის მიზეზი სწორედ იმდროინდელ დაპირისპირებაში უნდა ვეძიოთ.
    «მხედრიონმა» და ჯაბა იოსელიანმა თავისი გაიტანეს და მარტის დასაწყისში ედუარდ შევარდნაძე საქართველოში ჩამობრძანდა. თუნდაც მაშინდელ გაზეთებში გამოქვეყნებული ფოტომასალებიდან ჩანს, რომ მას თვითმფრინავის ტრაპზე მოსკოვიდან გამოყოლილი «მხედრიონელები» ახლდნენ.
    «მხედრიონმა» უდიდესი როლი შეასრულა შევარდნაძის ხელისუფლების განმტკიცებაში. ფაქტობრივად, ეს იყო ძალა, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ეყრდნობოდა მთელი ორი წლის განმავლობაში. 1993 წლის სექტემბერში კი, ედუარდ შევარდნაძემ, სპეციალური ბრძანებულებით, მთელი ძალაუფლება გადასცა ჯაბა იოსელიანს.
    მაგრამ დამოკიდებულება ამ ორ პიროვნებას შორის (ისინი ერთმანეთს ხშირად უწოდებდნენ «მეგობრებს»), შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჯაბა იოსელიანმა ჩამოაყალიბა საკუთარი პარტია და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, რათა ხელისუფლებას მთელი სისრულით დაუფლებოდა.
    ჯაბას საზოგადოება «არჩევნები» ყველა თვალსაზრისით ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელსაც გააჩნია ყველაფერი, რაც დღევანდელ საქართველოში გამარჯვების წინაპირობად ითვლება: მას მხარს უჭერს ფინანსური ოლიგარქიის საკმაოდ მძლავრი და გავლენიანი ნაწილი; აგრეთვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი, ჯაბა იოსელიანი ამავე დროს «ქართველ მაშველთა კორპუსის» (ყოფილი «მხედრიონის») საპატიო თავმჯდომარეა.
    იოსელიანის პარტიამ ყველა არჩევნებზე დაჯაბნა ედუარდ შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირი». ამ უკანასკნელისათვის, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მტკივნეული იყო ვაკის არჩევნები, რომელზეც «მხედრიონელმა» ვახტანგ ბეგიაშვილმა «მოქალაქეთა» კანდიდატს მოუგო. სწორედ აქ უნდა ვეძიოთ დაპირისპირების ნამდვილი, სიღრმისეული მიზეზი - ედუარდ შევარდნაძე ხედავს, რომ თუ უახლოეს მომავალში იგი ვერ შეძლებს ჯაბა იოსელიანის გავლენის შემცირებას, შესაძლოა მომავალ არჩევნებში მისმა პარტიამ კრახი განიცადოს.
    თუმცა, მას ეს არც დაუმალავს, - ერთ-ერთ გამოსვლაში პირდაპირ განაცხადა: «მხედრიონის» მიერ გამოჩენილი ქველმოქმედება იმას ნიშნავს, რომ ისინი უკვე ამომრჩეველთა ხმებზე ფიქრობენო.
    დაპირისპირების ახალი ტალღის ფორმალური მიზეზი გახდა ე.წ. «რუსთავის ინციდენტი», რომლის დროსაც, «მაშველთა კორპუსის» წევრები შეიჭრნენ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულის კაბინეტში და, ლევან მამალაძის თქმით, მას თავი გაუტეხეს.
    შემდგომ, ამას საკმაოდ უცნაური ამბები მოჰყვა: «მაშველთა კორპუსის» თავმჯდომარემ, გიგა გელაშვილმა და ლევან მამალაძემ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო: «ჩვენ არ დავუშვებთ დაპირისპირებას ორ სახელმწიფო უწყებას შორის». ფაქტობრივად, ამით ხელისუფლებამ უკან დაიხია.
    შემდგომ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მან მაშინ «მხედრიონს» აპატია, მაგრამ სინამდვილეში, იგი მხოლოდ დროს იგებდა - ახალი შეტევის განხორციელებისათვის და აი, ეს შეტევაც განხორციელდა: 1995 წლის 1-3 მაისს, კახეთში, რომელიც რუსთავთან ერთად «მხედრიონის» უმთავრესი ბაზა იყო ყოველთვის, განხორციელდა მორიგი ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომლის დროსაც დააპატიმრეს ათეულობით «მხედრიონელი». ამოღებულია ამ ორგანიზაციის კუთვნილი დიდძალი იარაღი და ასე შემდეგ.
    5 მაისს გამოქვეყნდა სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება, რომლის ძალითაც «მაშველთა კორპუსს» ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ გვარდიას დაევალათ «ამ ბრძანებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები», ანუ ძალით ამოიღონ იარაღი, ვინაიდან სავსებით ნათელია, რომ «მხედრიონელები» იარაღს ნებით არ ჩააბარებენ.

    ედუარდ შევარდნაძე ამ შემთხვევაში ძალზე გაბედულად და უკანმოუხედავად მოქმედებს, რაც ნამდვილად არ ჰგავს მისთვის ჩვეულ «ფრთხილ» და «შემპარავ» ტაქტიკას. როგორც ჩანს, იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უკან დასახევი გზა აღარ დარჩა და (რაც მთავარია) - მას გააჩნია საკმარისი ძალა იმისათვის, რათა მიღებული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანოს.
    დღეს ჯაბა იოსელიანი გაცილებით  სუსტია, ვიდრე იყო (ვთქვათ) ერთი წლის წინ - ამას სახელმწიფოს მეთაურმა მიაღწია მიზანსწრაფული პოლიტიკის შედეგად. იგი ღიად, საჯაროდ, ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის «მეგობრულ», განსაკუთრებულად «კეთილგანწყობილ» დამოკიდებულებას ჯაბა იოსელიანი მიმართ. ამ დროს კი, პოლიცია ახორციელებდა ფართომასშტაბიან ოპერაციებს, რომლის დროსაც აპატიმრებდნენ მხედრიონელებს (სხვადასხვა დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით), ჯაბა იოსელიანს კი არ ჰქონდა საშუალება, ეშველა თავისი მებრძოლებისათვის - რაც აკნინებდა მის ავტორიტეტს და ზღუდავდა «მაშველთა კორპუსის» სოციალურ ბაზას.
    როგორც ჩანს, მაისის დასაწყისისათვის სიტუაცია იმდენად «მომწიფდა», რომ შევარდნაძემ გამოსცა ბრძანებულება «მხედრიონისათვის» იარაღის ჩამორთმევის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს დაპირისპირებას, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურს ამ დაპირისპირებისა უკვე აღარ ეშინია - მის ხელთაა ძალისმიერი სტრუქტურების სამართავი ყველა ბერკეტი. პოლიცია, შინაგანი ჯარები და ეროვნული გვარდია ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე «მხედრიონი», ხოლო თუ ამას დავუმატებთ თავდაცვის სამინისტროს ძალებსა და მათ უკან მდგომ რუსეთის არმიას, დავრწმუნდებით: შევარდნაძე, ფაქტობრივად, წაუგებელ პარტიას თამაშობს: ხალხის ფართო მასები ჯაბა იოსელიანს არ დაიცავენ, ხოლო ის პოლიტიკოსები, რომლებიც მათ დასაცავად თავს გამოიდებენ - ბევრს დაკარგავენ მომავალ ამომრჩეველთა თვალში, რაც, რასაკვირველია, აგრეთვე შედის შევარდნაძის ინტერესებში.

    რაც შეეხება პირადად ჯაბა იოსელიანს, მან ოპოზიციასთან (ფართო გაგებით) მისასვლელი გზა თავად მოიჭრა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ მისი დანიშვნა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე დელეგაციის ხელმძღვანელად, იმთავითვე ისახავდა მიზნად დაპირისპირების პროვოცირებას ოპოზიციასა და «მხედრიონის» ლიდერს შორის.
    ოპოზიცია არასდროს არ აპატიებს ჯაბა იოსელიანს აფხაზეთთან დაკავშირებულ დოკუმენტებს; ყველას ძალიან კარგად ახსოვს კამათი იმის თაობაზე, ნიშნავს თუ არა სიტყვები «От реки Энгури» სივრცეს მხოლოდ ენგურის მარჯვენა სანაპიროზე და ა.შ.
    ფაქტობრივად, სახელმწიფოს მეთაურს უკვე გადაწყვეტილი აქვს «მხედრიონის» მოცილება - იგი მას აღარ სჭირდება, რადგან სხვა, უფრო ძლიერი და მისთვის სანდო ბერკეტები მოიპოვა ქვეყანაში თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად.

«მსგეფსი», 12 მაისი, 1995 წელი.