მეგობრობისთვის რას არ დათმობ - აზერბაიჯანის ტარიფები საქართველოს ერგო
ედუარდ შევარდნაძესთან ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, რომელზეც საბოლოოდ გაცხადდა, რომ «აზერბაიჯანი ტარიფების საკუთარ წილს უთმობს საქართველოს» - ჩვენი ქვეყნის «მაღალი» სტუმარი, ჰეიდარ ალიევი ერთობ მაჟორულ განწყობაზეც იყო, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანული დელეგაციის სხვა წევრებზე, კერძოდ, აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელებზე, რომელთა «მჟავე» სახეები აშკარად მეტყველებდა, რომ ეს დათმობა მათ ძალიან ძვირად დაუჯდათ.
ბუნებრივია – აზერბაიჯანმა მხოლოდ ამ კომპრომისით დაახლოებით წელიწადში 25 მილიონი დოლარი დაკარგა (საქართველოს «დაუთმო»), მაგრამ სხვა გზაც არ ჰქონდა, ვინაიდან თავისი პოზიცია არც საქართველომ დათმო და არც «ბრითიშ პეტროლიუმმა», ანუ დათმობა აზერბაიჯანს სწორედ იმის გამო მოუწია, რომ მისი პოტენციური მოგება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის რეალიზაციით ყველაზე მეტია.
სამაგიეროდ, ჩაშლის პირას მისული პროექტი გადარჩა და ალიევსაც მიეცა შესაძლებლობა, თავისი «იმიჯი» აემოქმედებინა - «ფართო ღიმილი» მისი მარადი «ხატია» - ჯერ კიდევ კომუნისტური ეპოქიდან დაწყებული, როდესაც პირველმაისობაზე აზერბაიჯანის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის გრანდიოზული სურათები ამშვენებდა ბაქოს.
და მაინც, საქმე ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მიყვანილი - «ანსკ»-ს პრეზიდენტის, ნატიკ ალიევის განცხადებით, მხარეები უახლოეს დღეებში დააზუსტებენ საბოლოო ხელშეკრულებას «მასპინძელ ქვეყანასა და ნავთობსადენის მშენებლებს» შორის.
ისიც ნიშანდობლივია, რომ პარლამენტში გამოსვლისას ალიევმა სთხოვა ქართველ დეპუტატებს, დაეჩქარებინათ დოკუმენტის რატიფიცირება. ეს განცხადება უეჭველად გამოხატავს ედუარდ შევარდნაძის მთავარ არგუმენტს აზერბაიჯანის ლიდერთან ფარული, ცხარე დისკუსიისას: «მოგვიმატეთ სატრანზიტო ტარიფი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი არ დაამტკიცებს ხელშეკრულებას».
ალიევმა ეს გაფრთხილება ირწმუნა, რაშიც უდავოდ დიდი როლი შეასრულა ზურაბ ჟვანიას მიერ განხორციელებულმა ოსტატურმა პოლიტიკურმა ინტრიგამ – აზერბაიჯანთან და სომხეთთან «საპარლამენტო დონეზე» მოლაპარაკების დროს.
7 დღე, 24 მარტი, 2000 წელი