მხედრიონი

მხედრიონი - ეროვნული მოძრაობა

მხედრიონი

ზოგჯერ, ისტორიის თხრობისას, სულ მცირე დეტალიც კი საშუალებას გვაძლევს, შინაარსობრივად «გავხსნათ» ამა თუ იმ პერიოდში მიმდინარე პროცესი. ერთგან, თავის მემუარებში, ჯაბა იოსელიანი საინტერესო ამბავს ყვება: 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე, გივი გუმბარიძის მმართველობისას, თბილისში, ერთ-ერთ ბინაზე შეკრებილან ჯაბა იოსელიანი, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და უმსჯელიათ საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის ალტერნატიულ კანდიდატურაზე.
    ჯაბა იოსელიანს გივი გუმბარიძე თვალში არ მოსდიოდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი «ზვიადს არ ებრძოდა» და, როგორც ჩანს, თავად ჯაბას მნიშვნელობასაც არ აფასებდა სათანადოდ.
    მართალია გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი ჯაბას გეგმას (გივი გუმბარიძის - გურამ მგელაძით შეცვლის თაობაზე) სკეპტიკურად შეხვდნენ, მაგრამ იმაში შეთანხმებულან, რომ გუმბარიძეს მგელაძე სჯობდა.
    ყველაზე საინტერესო ნიუანსი კი წერეთლისა და ჭანტურიას სკეპტიციზმის მიზეზია. ისინი ამ საკითხში არ ერეოდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ არ მიიჩნევდნენ საჭიროდ კომუნისტური ნომენკლატურის საქმეებში ჩარევას. თორემ თუ მოინდომებდნენ (თავად ასე მიაჩნდათ და არც ცდებოდნენ) ნამდვილად შეძლებდნენ გივი გუმბარიძე შეეცვალათ გურამ მგელაძით ან ნებისმიერი სხვა კანდიდატურით. ჯაბა იოსელიანმაც სწორედ ამიტომ ითათბირა მათთან.
    ამ «საიდუმლო სერობისას», ალბათ, ქართველ კომუნისტთა ყველა თაობა (ფილიპედან-სტალინამდე) საფლავში გადაბრუნდა.
    თუმცა, რაკი შესაძლებელი გახდა ამგვარ შეკრებაზე ასეთ ხალხს ემსჯელა ვინ იქნებოდა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი, - ეს პარტია ყველაფრის ღირსია.
   
        «მხედრიონისა» და ჯაბა იოსელიანის ფენომენი ქართული ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა და უდიდესი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, არამედ ეთნოფსიქოლოგიური და ცნობიერი პროცესების განვითარებაზე. ოღონდ აქ უკუკავშირიც არსებობს - თვით ეს ფენომენიც ამ ეთნოფსიქოლოგიური და ცნობიერი პროცესებიდან ამოიზარდა. ამრიგად «მხედრიონი» ქართული საზოგადოებისა და ეროვნული მოძრაობის განუყოფელი, თვისებრივი ნაწილია.
    1988 წლამდე ეროვნული მოძრაობა ყველა საზოგადოებრივ ფენას ემიჯნებოდა. იგი არსებობდა განყენებულად, საკუთარი სოციალური ნიშის გარეშე. ეს ძალიან რთული თემაა, რომელზე მსჯელობამაც შეიძლება შორს წაგვიყვანოს. ამიტომ ვიმეორებ ადრე ნათქვამს: «ძველბიჭური ელემენტის» შემოტანა ეროვნულ მოძრაობაში დაიწყო დაახლოებით 1988-1989 წლების მიჯნაზე. მანამდე «მოძრაობის» წრეში სხვა ატმოსფერო სუფევდა. მაგალითად, «კანონიერი ქურდი» და მისი იდეოლოგია საბჭოთა წყობის განუყოფელ ნაწილად აღიქმებოდა.
    ეროვნული მოძრაობის ახალ თვისებრიობაში გადასვლა დაიწყო მაშინ, როდესაც ამ «მოძრაობის» ახალგაზრდულმა თაობამ სწორედ ეს «ქუჩურ-ძველბიჭური» ელემენტი შემოიტანა პროცესში. ამით «მოძრაობამ» საკუთარ ნიშას მიაგნო იმდროინდელ სოციალურ სტრუქურაში და შესაბამისი ფენის იდეოლოგიაც შეისისხლხორცა. გარდაქმნა ერთჯერადი აქტი არ ყოფილა - იგი თანდათანობით, ეტაპობრივად, მაგრამ პერმანენტულად მიმდინარეობდა.
    «დისიდენტური იდეოლოგიისათვის» - «ქურდული იდეოლოგია» კატეგორიულად მიუღებელი და უცხო იყო, მაგრამ როგორც კი დამთავრდა დისიდენტური ეპოქა და დაიწყო ფართო საზოგადოებრივი ფენების ამოძრავება, უმალვე გაჩნდა ახალი სოციალური ჰიბრიდიც.
    გავიხსენოთ ისევ «სინდისის სასამართლო» ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ: იგი ხომ ქურდული სამყაროსათვის ჩვეულ «გარჩევას» უფრო დაემსგავსა, ვიდრე დისიდენტთა წრეში მიღებულ «სინდისის სამსჯავროს?!»
    კიდევ ერთი მაგალითი: აზერბაიჯანელთა მღელვარების დროს, თბილისიდან - ქვემო ქართლში ავტობუსებით წავიდნენ «ძველი ბიჭები», ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს უკანასკნელნი (მაშინაც და დღესაც «ანტიზვიადისტები») სპეციალურად გაჰყოლოდნენ ავტობუსს «ძველბიჭებთან» ერთად. როგორც კი დრო იხელთეს, ავტობუსი გააჩერეს და მილიციას ყვირილით მიმართეს: ესენი პროვოკატორები არიან, ქვემო ქართლში კონფლიქტის გასაჩაღებლად მიდიან, კრემლის დავალებას ასრულებენ და შეაჩერეთო. ამის თქმა იყო და ერთ-ერთმა მომავალმა «მხედრიონელმა» ისეთი ხეთქა ცხვირ-პირში მომავალ ცნობილ პოლიტიკოსს (გვარს არ დავასახელებ), ალბათ დღემდე ახსოვს.
    ბუნებრივია, ასეთი საქციელი ქურდული გაგებით «ბ....»-ად ითვლებოდა, მაგრამ დისიდენტისათვის ამგვარ ფასეულობათა სისტემა არ არსებობდა. ადამიანის «ჩაშვება» მანამდე მისთვის სხვა თვალსაზრისით იყო მიუღებელი, ვიდრე «შავებისათვის».
    «კანონიერი ქურდების» სოციალური ინსტიტუტი (სწორედ სოციალური ინსტიტუტი, საკუთარი სოციალური ნიშითა და იდეოლოგიური სქემით) საბჭოთა კავშირის ყველა ერს ჰქონდა, ვინაიდან იგი საბჭოთა პენიტენციური სისტემის პროდუქტია, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ შეუძენია მას ისეთი ფენომენალური მნიშვნელობა, როგორც საქართველოში. კომპარტიის ცკ-ში შეგროვებული ფული მოსკოვში, «პირველ ხელთან» სწორედ პლეხანოველ და ნახალოვკელ «კანონიერ ქურდებს» მიჰქონდათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი ზოგჯერ «რაიკომის მდივნებს» შორისაც არჩევდნენ საქმეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძალიან ახლოს იყვნენ «ელიტარულ ინტელიგენციასთან» და ოჯახებითაც მეგობრობდნენ.
    ტყუილია, თითქოს ამით «ელიტარული ინტელიგენცია» არსებული რეჟიმისადმი პროტესტს გამოხატავდა. «კანონიერი ქურდები» არათუ არსობრივად რეჟიმის  წინააღმდეგნი იყვნენ, არამედ ამ წყობის განუყოფელ ნაწილს, მის სოციალურ პროდუქტს წარმოადგენდნენ და მასვე ემსახურებოდნენ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად.
    იგივე ინტელიგენცია, რომელიც ცნობილ კანონიერ ქურდებთან მეგობრობდა, ახლოსაც არ იკარებდა (უმცირესი გამონაკლისის გარდა), მაგალითად, მერაბ კოსტავას, ვინაიდან არსებულ სტრუქტურაში მას სოციალური ნიშა არ გააჩნდა და სრულიად «უსარგებლო» ფიგურა იყო. თანაც, კოსტავასთან მეგობრობა მართლა საშიში გახლდათ. ყოველ შემთხვევაში უფრო მეტად, ვიდრე ადრე მკვლელობისა და ყაჩაღობისათვის მრავალგზის ნასამართლევ «კანონიერ ქურდთან».
    ამრიგად, ეს ფენომენი მხოლოდ «საბჭოთა წყობის» სიბინძურით ვერ აიხსნება. მიზეზი უფრო ღრმად არის საძიებელი - თვით ქართული საზოგადოების, «ქართული ცხოვრების წესის» შინაარსში.

    მხედრიონელთა შეკრებები 1989 წლიდან დაიწყო. თუმცა, მაშინ ორგანიზაციას «მხედრიონი» ჯერ კიდევ არ ერქვა.
    იმ სოციალურმა ფენამ (იგი ყველა საზოგადოებაში არსებობს), რომელიც შემდგომ მხედრიონში გაერთიანდა, სახელმწიფოებრივი წნეხის მოდუნებისთანავე იგრძნო, - მისი დრო დგებოდა და უკვე შეეძლო, ჯერ ნახევრადლეგალურ, შემდეგ კი ლეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყო.
    თავდაპირველად ოქროსუბნელი, ვაკელი, ვერელი, საბურთალოელი «ძველი ბიჭები», რომლებიც წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს ქუჩიდან (საერთო ძმაკაცები ჰაყვდათ, ხშირად წამალზე ერთად «ჩალიჩობდნენ», ერთი სიტყვით, «იმ ცხოვრებით ცხოვრობდნენ»), - ვაკეში, ფიზკულტურის ინსტიტუტთან იკრიბებოდნენ. იქ იმართებოდა პირველი «სხადნიაკები».
    ჯერ იმაზე მსჯელობდნენ, რა ეღონათ, რა ეკეთებინათ შექმნილი საერთო ვითარების გათვალისწინებით. მაშინ ჯაბა იოსელიანი არსად ჩანდა. შემდგომ გამოჩნდა, დაესწრო ერთ-ერთ «სხადნიაკს» და ავტორიტეტული სიტყვა თქვა - ბიჭებს რაღაც ურჩია და თან დაუმატა: თუ ვინმემ რამე გკითხათ, უთხარით, რომ თქვენთან არის ჯაბა იოსელიანი!
    მხედრიონის მომავალ ბირთვსაც მეტი რა უნდოდა და სჭირდებოდა: პროფესორი, ლექტორი, ხელოვნებათმცოდნე, იმავდროულად, ყოფილი «ვსესაიუზნი გიმელი» ანუ ქურდთა შორის ქურდი, «გამკეთებელი» და ა.შ. ჯაბას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა ამ თვალსაზრისით არ ჰყავდა და არც შეიძლებოდა ჰყოლოდა.
    თუმცა, სულ მალე მოხდა განხეთქილებაც. «ოქროს უბნელთა» ერთი ნაწილი, ავთო მანაგაძის ხელმძღვანელობით, «მხედრიონს» გამოეყო ჯაბასთან უთანხმოების გამო და შექმნა «თეთრი გიორგი». მათ ზოგიერთი საბურთალოელი და ვერელიც გაჰყვა. ახალი ორგანიზაცია უფრო ახლოს ზვიადთან იყო. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა მაინც ჯაბას გარშემო დარჩა.
    უთანხმოების მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის. ალბათ უფრო (ტრადიციულად, როგორც ხდება საქართველოში) ამბიციათა შეჯახება იყო. ზოგიერთებს ჯაბას ამბიცია გადაჭარბებულად მიაჩნდათ. არც ის მოსწონდათ, რომ იოსელიანი გურამ მგელაძესთან მეგობრობდა და თბილისის ქუჩებში არაქურდულ «პატრულირებას» ახორციელებდა - მგელაძის ორგანიზაცია «თბილისელის» დავალებით.

    მხედრიონმა ბინა «ჭადრაკის სასახლეში», ყოფილ «ალინისტთა კლუბში» დაიდო.
    9 აპრილის შემდეგ, თბილისსა და მთელ საქართველოში იარაღით ქუჩაში სიარული ნებისმიერ ადამიანს შეეძლო - ამისთვის არავინ დაგაპატიმრებდა, უბატონონ ხმასაც ვერ გაგცემდნენ. მით უმეტეს, თუ იტყოდი, მხედრიონელი ვარო. იარაღის აუცილებლობას «ეთნოკონფლიქტებით» ხსნიდნენ. რა თქმა უნდა, ეს ძირითადი მიზეზი არ ყოფილა. უფრო საბაბი იყო, რაც არ გამორიცხავდა «მხედრიონის» რეალურ მონაწილეობას ეთნოკონფლიქტებში.

    დილის ათი საათიდან «მხედრიონელები» ჭადრაკის სასახლესთან იკრიბებოდნენ. მათი დიდი ნაწილი ჩვეულებრივი (ხშირ შემთხვევაში უწყინარი) თბილისელი «ძველი ბიჭი» იყო. ისინი ამ წრისათვის დამახასიათებელი ცხოვრების წესით, შავი რომანტიკით ცხოვრობდნენ: ჩხუბობდნენ, «კაიფობდნენ», «გულაობდნენ», ძმაკაცობის ყადრიც იცოდნენ, იარაღიც უყვარდათ და ქალებში «მარიაჟიც».
    მაგრამ სულ მალე გამოჩნდა (და მტკიცე ადგილი დაიმკვიდრა) სხვა კატეგორიის ხალხი ანუ, როგორც თავს უწოდებდნენ, «პრესტუპნიკები» - ციხეში ნამყოფნი, «ნახიშტარნი». ისინი უკვე მაშინ დადიოდნენ «საქმეზე» (თბილისში იხსნებოდა პირველი «კომერციული მაღაზიები»). იწყებოდა «მცირე რეკეტის» ეპოქა, რომელიც შემდგომში, შინაარსობრივად ასეთივე, ოღონდ უფრო მასშტაბურ მოვლენაში გადაიზარდა და «მხედრიონის» ზოგიერთი ლიდერი «საქართველოს წილში» ჩაჯდა.
    ამასთანავე, მხედრიონში თავიდანვე იყვნენ სსრკ მრავალრიცხოვან სპეცსამსახურთა «გავლენისა» და ნამდვილი აგენტები. რამდენიმე წლის შემდეგ ზოგიერთი მათგანი ამას თვითონ აღიარებს.
    КГБ-სა და ГРУ-ს ინტერესი მხედრიონისადმი გასაკვირი ნამდვილად არ არის. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხოლოდ ამით აიხსნას ჯაბა იოსელიანის ფენომენი.
    უდავოა, რომ საბჭოთა სპეცსამსახურები ათეული წლების განმავლობაში მუშაობდნენ კრიმინალურ წრეში და სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან განსხვავებული მოტივაცია და მიზანი ჰქონდათ. მაგრამ ჯაბა მაინც უფრო რთული და მრავალწახნაგოვანი მოვლენაა.
    ის, ვინც ციხეში არ ყოფილა, ალბათ მის განწყობასა და სულისკვეთებას ვერასდროს გაიგებს. ჯაბა ათწლეულობით ნატანჯი ადამიანი იყო - ციხე ხომ მართლაც საშინელი ტანჯვაა, განურჩევლად იმისა, რა სტატუსით იმყოფები კამერაში: ქურდის, მუჟიკის თუ ბ....ს. საშინელი ტკივილი ნელ ნელა შემოდის და სამუდამოდ მკვიდრდება ძვალ-რბილსა და სულში. ჯაბას შეურიგებლად სძულდა სახელმწიფო (როგორც ასეთი) - «მოძრაობამ», ინტელიგენციამ და, განსაკუთრებით, ზვიად გამსახურდიას უნიათო რეჟიმმა, მას შურისძიების საშუალება მისცა და ამ ნატვრის დარწყულების შანსს იგი, რასაკვირველია, ხელიდან არ გაუშვებდა. კონკრეტულად ზვიადთან დაპირისპირება და მის «დიქტატურასთან» ბრძოლა ჯაბა იოსელიანისათვის მხოლოდ საშუალება იყო ნეტარი შურისძიებისა - საძულველ სახელმწიფო მანქანაზე. ამ სახელწიფოს «კომუნისტურ» შინაარსს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჯაბა ზოგადად, სახელმწიფოს მოძულე იყო, ვინაიდან სახელმწიფო მანქანამ სტანჯა იგი.
    ეს ფაქტორი ყოველი რევოლუციის დროს მოქმედებს. სწორედ ამიტომ იყენებდა ყველა რევოლუცია შესაბამის სოციალურ ფენას: საფრანგეთის 1789 წლის დიდი რევოლუციიდან - რუსეთის 1917 წლის დიდ რევოლუციამდე. თუმცა, რევოლუციის დასრულების შემდეგ, ახალი საპყრობილეები იგებოდა და სახელმწიფოს მარადიული მოწინააღმდეგეები ისევ ციხეებში ბრუნდებოდნენ. ასე იკვრებოდა წრე.
    ამ მომენტის გათვალისწინების გარეშე, ჯაბას ფენომენს ბოლომდე ვერ შევიცნობთ. რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ჯაბა, სინამდვილეში, ერთი ნატანჯი, არც თუ შინაგანად, სისხლხორცეულად ბოროტი და საკმაოდ სუსტი პიროვება იყო.
    ამას აბა ვინ დაიჯერებს (ჯაბა და სუსტი?!) მაგრამ ნამდვილად ასეა.
    და საერთოდ, მთელი ის «მოძრაობა» - «სუსტი კაცების» მოძრაობა იყო, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.

    ოქროსუბნელების გარდა «მხედრიონის» ელიტაში შედიოდა ცაგერელი «ბუღა», რომელიც, თავდაპირველად, ერთადერთი «სოფლელი» გახლდათ, მაგრამ გავლენითა და ავტორიტეტით თბილისელებს ტოლს არ უდებდა.
    შემდგომ, დაახლოებით 1990 წლის ზაფხულიდან, ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სხვა რაიონებიდან ჩამოსულ «ძველ ბიჭებსაც» შეხვდებოდით.
    ყოველდღე, 12 საათისათვის, იმართებოდა «სხადნიაკი» ანუ მოდიოდა ჯაბა (ყოველთვის თანმხლებთან ერთად) და იწყებოდა საუბარი აქტუალურ თემებზე: რა ეშველათ ეროვნული მოძრაობისათვის და როგორ ჩა....თ ზვიად გამსახურდია. სულ მალე საუბრების თემატიკა და ტონალობა ნაწილობრივ შეიცვალა. მაგრამ გამსახურდია კვლავაც «ნომერ პირველ» მტრად აღიქმებოდა ჭადრაკის სასახლეში. თავდაპირველად, არც ირაკლი წერეთელს და სხვა «ლიდერებს» სწყალობდნენ მაინც და მაინც. კვლავ შეგახსენებთ მის განცხადებას ერთ-ერთ ფორუმზე: „აგდებული დამოკიდებულების შესახებ მხედრიონში - ეროვნული მოძრაობის მიმართ“.
    იმ ფორუმებზე ჯაბაც გამოდიოდა სიტყვით: «როცა საქართველო გახდება დამოუკიდებელი და შეიქმნება ეროვნული არმია, ჩვენ ყურმოჭრილი მონები ვიქნებით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსი». შემდგომ გამოჩნდა, რა «ყურმოჭრილ მონებადაც» იქცნენ.
    ამგვარი დამოკიდებულება ჯაბა იოსელიანსა და ირაკლი წერეთელს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა: «ზვიადას» წინააღმდეგ ბრძოლამ ისინი სულ მალე შეარიგა.
    დღის ორი საათისათვის, ჭადრაკის სასახლეში ფანჯრიდან (ყოველთვის სწორედ ფანჯრიდან) გადააწოდებდნენ ხოლმე «პერედაჩს» ანუ ძეხვს, ზოგჯერ ყველსაც, პურსა და მდოგვს. საჭმელი უახლოესი გასტრონომის დირექტორს ჰქონდა «შეწერილი».
    მხედრიონი იმ დროს უკვე ოფიციალურად იყო რეგისტრირებული ანუ საბანკო ანგარიშიც ჰქონდა. ეს კი ნიშნავდა, რომ საწარმოებიდან («ნეფტებაზიდან», ქარხნებიდან და ა.შ.) ფულის გადარიცხვაც შეიძლებოდა. მხედრიონის რიგითი წევრები ზოგჯერ ხელფასის სახით ორას მანეთს იღებდნენ. ძნელი მისახვედრი არ არის, - მხედრიონის ელიტა ათჯერ და ოცჯერ მეტს ირგებდა. ნაწილი ამ ფულისა იარაღში იხარჯებოდა.
    იარაღს ინახავდნენ შავნაბადაზე (ყოფილი კომკავშირული ქალაქი «ბორის ძნელაძე»), რომელიც მხედრიონის ბაზად იქცა. იქვე იყო «დოსააფიდან» წამოყვანილი მანქანები: ჯაბა იოსელიანმა განაცხადა, რომ სამოქალაქო თავდაცვა, სახანძრო უწყება და სხვა ამგვარი ორგანიზაციები მხედრიონში უნდა გაერთიანებულიყვნენ.
    იმავდროულად, მხედრიონი არც საძულველი «ძაღლობის» ტერორიზებას ივიწყებდა. ჯაბას ბრძანებით, მანქანებში განთავსებული, იარაღასხმული მხედრიონელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქალაქის სამმართველოს შენობებს დემონსტრაციულად არტყავდნენ წრეს, რის შემდეგაც, ბობოლა მილიციელები შეშინებულნი ურეკავდნენ ჯაბა იოსელიანს «შტაბში» და ეხვეწებოდნენ: «ბატონო ჯაბა, გვითხარით რა გნებავთ, რა დაგიშავეთო».
    რომელიმე მხედრიონელი თუ რაიმე საქმეზე «ჩავარდებოდა», ჯაბა იოსელიანი ერთ ამბავს სტეხდა, ურეკავდა სამინისტროში «ვიღაც–ვიღაცეებს» და დედას აგინებდა, - ყოველივეს პოლიტიკურ ელფერს აძლევდა (მით უმეტეს არჩევნებში გამსახურდიას გამარჯვების შემდეგ).
    მისი ბრძანებით, შავნაბადადან უმალვე ჩამოჰყავდათ ე.წ. «ახალწვეულები», რომლებსაც აკეტვინებდნენ თბილისის ქუჩებს (ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას) და ა.შ.
    საინტერესოა, რომ 1989 – 1990 წლებში (მხედრიონის «ვერცხლის ხანა») ჯაბასთან საქმის «ჩასაწყობად» მიდიდნენ «საქმოსნები», რომლებიც სთხოვდნენ (დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია) აღმასკომის თავჯდომარედ, ღვინის ქარხნის დირექტორად, «დამზადების უფროსად» დანიშვნას: «თქვენს გარდა, დღეს საქართველოში ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს ბატონო ჯაბა!» ჯაბაც არ აწბილებდა: «მოგვეცით ჩვენი პატეფონი, წაიღეთ თქვენი გრამაფონი» - ჯაბას საყვარელი გამოთქმაა 30-40-იანი წლების თბილისიდან.

    მხედრიონი დღითი დღე ძლიერდებოდა და იზრდებოდა - ქმნიდა რეგიონალურ ორგანიზაციებს, ყიდულობდა იარაღს და ა.შ. 28 ოქტომბრის შემდეგ ჭადრაკის სასახლე პოლიტიკური აქტივობის ცენტრადაც იქცა. ჯაბას ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლდა «ელიტარული ინტელიგენციის» თვალში. ამ არეოპაგის ბევრი, საქვეყნოდ ცნობილი წარმომადგენელი «შტაბის» ხშირი სტუმარი გახდა. ყველაფერთან ერთად მათთვის ეს ყმაწვილობაში დაბრუნებასაც ნიშნავდა, ვინაიდან ჯაბა წლების განმავლობაში მათი კერპი იყო - მას ეთაყვანებოდნენ და აღმერთებდნენ. ამიტომაც აქციეს თავისი რომანებისა და ფილმების გმირად

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა