ნობელის პრემია – ამერიკას და ამერიკელ ხალხს

ნობელის პრემია – ამერიკას და ამერიკელ ხალხს

        ოსლოში მდებარე «ნობელის მშვიდობის კომიტეტმა» სენსაციური გადაწყვეტილება მიიღო და 2008 წლის ნობელის ყველაზე პრესტიჟული პრემია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მიაკუთვნა.
        პრესტიჟი – პრესტიჟად, მაგრამ, ამასთანავე, ნობელის პრემიის ეს ნაირსახეობა მილიონნახევარი დოლარია! თუმცა ფულად გამოხატულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს და ამერიკის პრეზიდენტმაც, რომელიც დილის 5 საათზე გააღვიძეს ამ სიახლის შესატყობინებლად, მაშინვე განაცხადა: თანხას მთლიანად ამერიკელ უპატრონო ბავშვებს და გაჭირვებულებს დავურიგებო. ესე იგი ხალხს, რომელმაც იგი პრეზიდენტად აირჩია.
        ოსლოს სამეფო სასახლეში, ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში შეკრებილი ჟურნალისტებისა და «ელიტური საზოგადოების» უკმაყოფილო ხორხოცი მოჰყვა. აქაოდა ობამამ ნობელის პრემია რით დაიმსახურა – როცა კანდიდატად წარადგინეს ერთი თვის არჩეულიც არ იყოო.
        მართლაც, ობამას ჯერ წარმატებად ვერ ჩაეთვლება ვერც სომხურ-თურქული შერიგების პირველი ნიშნები, ვერც ატომური იარაღის შემცირება (რაშიც რუსები უეჭველად მოატყუებენ და დოკუმენტს წლის ბოლოს ხელს არ მოაწერენ), ვერც რაიმე გარღვევა ისრაელ-არაბთა გაუთავებელ, მარადიულ ომში.

ობამა და არაფატი

        ოღონდ, აქვე უნდა ითქვას, რომ იგივე საზოგადოება ათი წლის წინ რატომღაც არ «აღშფოთებულა» და ასეთი ხმაური არ მოუწყვია ოსლოს დარბაზში, როდესაც იგივე პრემია ბანდიტსა და ტერორისტ იასირ არაფატს მიანიჭეს. Aახლა რომ კითხულობენ – «ობამას პრემია რისთვის მისცეს, ჯერ ხომ არაფერი მოუსწრია და მაგის გაკეთებული საქმე ჯერ არავის უნახავსო» – იასირ არაფატის საქმეები ხომ ჰქონდათ ნანახი: ათეულობით გატაცებული თვითმფრინავი, ტერორი, ბომბები, აფეთქებები და ასე შემდეგ.
        თურმე იმას ეკუთვნოდა ნობელის პრემია, ხოლო ობამას - არა, რაკი ჯერ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.
        სინამდვილეში, ობამამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოასწრო უკვე და ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანია!
        დავიწყოთ მარტივი კითხვით: რუსთვის ანიჭებენ ნობელის პრემიას? – მსოფლიოში თანამშრომლობის ახალი ატმოსფეროს შექმნისა და ხალხებს შორის ნდობის გაღრმავებისათვის!
        თვით ის ფაქტი, რომ შავკანიანმა შეძლო ამერიკის შეერთებული შტატების (ესე იგი ერთადერთი ზესახელმწიფოს) პრეზიდენტის პოსტი დაეკავებინა, უკვე ისტორიული მოვლენაა. გავიხსენოთ, როგორ ირჩევდნენ ობამას – მას ირჩევდა არა ამერიკა, არამედ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ირჩევდა. . . მთელი მსოფლიო!
        არასდროს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებს არ გამოუწვევია დანარჩენ მსოფლიოში ასეთი ინტერესი, ასეთი აჟიოტაჟი და გულშემატკივრობა. აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში (სადაც ტრადიციულად არ უყვართ ამერიკელები) ისე გულშემატკივრობდნენ პირველ შავკანიან კანდიდატს, თითქოს თავისი ქვეყნის ხელმძღვანელს ირჩევდნენ.
        რუსული მედია კი განუწყვეტლივ სისინებდა: «ამერიკას თეთრკანიან რასისტთა კაპიტალი მართავს და აბა ზანგს პრეზიდენტად ვინ აარჩევინებთო».
        მაგრამ მოხდა სასწაული და ამერიკელმა ხალხმა სწორედ შავკანიანი აირჩია პრეზიდენტად. ანუ ზანგი, რომლის პაპის-პაპა ჯერ კიდევ მონა იყო, ხოლო მთელი ნათესაობა აფრიკაში ცხოვრობს.
        პაპის პაპა კი არა, თვით ობამას ბავშვობაშიც კი, ამერიკაში მოქმედებდა რასისტული კანონები, რომელთა მიხედვით პატარა ბარაკს ავტობუსის წინა (თეთრებისათვის განკუთვნილი) ადგილების დაკავება ეკრძალებოდა ისევე, როგორც თეთრკანიანთა სასადილოში შესვლა.
       
       

რა გააკეთა ობამამ?

        ობამას არჩევას მთელი აფრიკა და აზია ზეიმობდა. მათ ჩათვალეს, რომ ამერიკელების მიერ პირველი შავკანიანი პერზიდენტის არჩევა არა მხოლოდ ამერიკელთა, არამედ მათი სულისკვეთების გამოხატულება და მათი წარმატებაც იყო!!!
        ის ქვეყნები და ხალხებიც კი, რომლებიც ამერიკას «სატანის ბუდეს» უწოდებდნენ, ობამას არჩევის შემდეგ სხვა თვალით შეხედეს ამერიკას, რაკი მოხდა სასწაული და ამერიკაში ზანგი აირჩიეს პრეზიდენტად. ესე იგი ადამიანი, რომელიც საუკეთესო კოსტიუმებისა და დახვეწილი არისტოკრატიული მანერების მიუხედავად, დედამიწის მოსახლეობის სამი მეოთხედის თვალში სწორედ დანარჩენ მსოფლიოს განასახიერებს და არა «ამერიკულ იმპერიალიზმს».
        კი მაგრამ, თუკი ნობელის პრემიას მსოფლიოში თანამშრომლობისა და მშვიდობის ატმოსფეროს შექმნისთვის ანიჭებენ, ამაზე მეტი, რაც ობამას არჩევამ შექმნა, ვის რა უნდა გაეკეთებინა?
        ანუ თვით ობამას არჩევა იყო უდიდესი, ისტორიული მნიშვნელობის კეთილისმყოფელი მოვლენა კაცობრიობის, დედამიწის ისტორაიში, რაკი იმ ადამიანებსაც კი მოუბრუნდათ გული თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისაკენ, ვინც მანამდე მხოლოდ სიძულვილითა და შეურიგებლობით ცხოვრობდა.
        ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლისას თქვა: პირველად ვიმყოფები ამერიკაში და სატანის სუნი არ მცემსო. ირანის პრეზიდენტმა, ფანატიკოსმა აჰმედინეჟადმაც კი განაცხადა: ამერიკელი ხალხის საოცარი გადაწყვეტილების შემდეგ ირანელებმა ამ ქვეყანას (და მთლიანად, დასავლურ ცივილიზაციას) სხვა თვალით შევხედეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ლაპარაკი ამერიკასთანაც შეიძლებაო.
        წარმოიდგენდა ვინმე ამას თუნდაც რონალდ რეიგანის დროს, როდესაც მრისხანე აიათოლა ჰომეინიმ ამერიკას «დიდი სატანა» უწოდა?
        ჰოდა კვლავ დავსვათ კითხვა: ამაზე მეტი ჯერ-ჯერობით რა უნდა გაეკეთებინა ნიჭიერ შავკანიან ახალგაზრდას, რომელმაც მხოლოდ თავისი ნიჭით, სწავლით, შრომით გაიკვალა გზა და მიაღწია წარმოუდგენელს: დაარწმუნა დიდი ამერიკელი ხალხი, რომ შავკანიანები მათი მტრები კი არა, ძმები არიან. იმდენად, რომ ზანგი შეიძლება პრეზიდენტადაც კი აირჩიონ.
        ისევ და ისევ, ამით ბარაკ ობამა კაცობრიობის ბედზე თავისი გავლენით (მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კონკრეტული წარმატებებისათვის არ მიუღწევია, ვთქვათ, განიარაღების დარგში და შეიძლება ვერც მიაღწიოს) თამამად შეიძლება დავაყენოთ ისეთი მოღვაწეების გვერდით, როგორებიც მეოცე საუკუნეში იყვნენ პაპი იოანე პავლე მეორე ან დედა ტერეზა.

რუსული ბოღმა

        ძნელი შესამჩნევი არც ისაა, რომ ობამას დაჯილდოვების გამო განსაკუთრებით რუსები ანთხევენ შხამს. არცაა გასაკვირი: ყველაზე დუჟმორევით სწორედ რუსი პროპაგანდისტები (იგივე ე.წ. «პოლიტოლოგები») ამტკიცებდნენ: «რა სისულელეა - ზანგს ამერიკის პრეზიდენტად ვინ აირჩევსო». არადა, თურმე შესაძლებელი ყოფილა!
        ამით ამერიკამ ზესახელმწიფოს სტატუსი დაიდასტურა, რადგან ზბიგნევ ბჟეზინსკის განმარტებით (წიგნიდან «დიდი საჭადრაკო დაფა») ზესახელმწიფოს მთავარი მახასიათებელია არა ატომური იარაღი, არა რაკეტები, არა შეიარაღებულ ძალთა ოდენობა ან თუნდა ეკონომიკა და ტექნოლოგია, არამედ მიმზიდველობა!!!
        ამერიკა იმიტომაა ზესახელმწიფო, რომ მიმზიდველია, რომ მუდამ ადასტურებს უნარს, - სიახლე, ახალი კურსი, ახალი პროექტი, ახალი იდეა შესთავაზოს კაცობრიობას.
        რუსეთს თუ ამის უნარი და შნო არა აქვს, თუ პუტინ-მედვედევის მარაზმატული, მახინჯი «ორთავიანი პრეზიდენტის» ან მეზობელი ქვეყნის ოკუპაციის გარდა ვერაფერი მოიგონეს ახალი და საინტერესო, განა ეს ვინმეს ბრალია თვით რუსეთის გარდა?
        სინამდვილეში, ნობელის კომიტეტმა მიიღო ძალიან ზუსტი, ღრმა გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ გაზრდის ამ პრემიის მნიშვნელობას. შინაარსით კი, ნობელის პრემია მიენიჭა არა ბარაკ ობამას, არამედ დიდ ამერიკელ ხალხს, რომელმაც კაცობრიობას დაუმტკიცა, რომ შეუძლია ამაღლდეს საკუთარ ფობიებზე და კრიზისის ჭაობში ჩაფლულ მსოფლიოს ახალი პროექტი შესთავაზოს.