როცა ყველა აგებს, მაგრამ იგებს დემოკრატია

როცა ყველა აგებს, მაგრამ იგებს დემოკრატია

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებლად მოიგო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური: ოფიციალური ცნობით, მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა თითქმის 60%-მა (59.54%). ეს 1 147 106 ხმაა. მაშინ როდესაც გრიგოლ ვაშაძის „მონაგარი“ 40%-ს მცირედით აღემატება (40,46%) ანუ 779 614 ხმა. თითქმის 800 000 რაც ცოტა არ არის რასაკვირველია, მაგრამ გამარჯვებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

პირველ ტურში „დადებული“ შედეგის შემდეგ (38,6% - 37,6%) ზურაბიშვილის სასარგებლოდ, მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატის ასეთი წარმატება ბევრისთვის მოულოდნელია. მით უმეტეს, რომ „ოპოზიციური“ კვლევითი ორგანიზაცია Edison Research, რომელმაც დიდი სიზუსტით აჩვენა 28 ოქტომბრის Exit Polls, გამარჯვებას სწორედ ოპოზიციონერ ვაშაძეს უწინასწარმეტყველებდა.

თუმცა „ეგზიტპოლი“ სხვაა, წინასწარი კვლევა-პროგნოზი კი - სხვა. მთავარი პრობლემა, რის გამოც მოხდა „აცდენა“ ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩეველია“, რომელსაც საქართველოში თავისი სპეციფიკა აქვს: განსხვავებით ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებისაგან, მოჩვენებითად Undesided ამომრჩეველი, რეალურად ან მალავს არჩევანს მკვეთრი საზოგადოებრივი დაპირისპირების ვითარებაში, ან არ მიდის არჩევნებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ უკვე მას შემდეგ, რაც საბოლოო შედეგი „დაიდო“, საერთო სურათის აღდგენა უკვე საკმაოდ იოლია: არჩევნების ბედი პირველ ტურში გადაწყვიტა „პროტესტულმა ელექტორატმა“ ანუ იმ პასსიონარულმა უმრავლესობამ, რომელიც გამწარებული, გაბრაზებული, სოლიდარულად „დაირაზმა“ და მივიდა არჩევნებზე მაშინ, როდესაც „ობივატელი“ სახლში დარჩა, რაკი ეგონა, მისი ჩარევის“ გარეშეც შენარჩუნდებოდა  სტატუს -კვო. განსხვავებით, „გაბრაზებული ამომრჩევლისგან“, ის სულაც არ იყო განწყობილი მაინც და მაინც „წინააღმდეგ“ ანუ „მიშას წინააღმდეგ“. უბრალოდ, სტატუს-კვოს შეცვლა არ ეპიტნავებოდა და რაკი მმართველმა პარტიამ მოახერხა (აგრესიული საარჩევნო კამპანიით პირველსა და მეორე ტურს შორის) მისი ტელევიზორისგან მოწყვეტა, თბილი სახლიდან გამოყვანა, საარჩევნო ყუთთან მიყვანა, მან უბრალოდ „არსებულის შენარჩუნებას“ მისცა ხმა. ეს არის და ეს.

ისევე „სტატუს-კვოს“ აძლევდა ხმას წინა  არჩევნებზე. გარდა 2012 წლისა, როდესაც „ციხის სკანდალმა“ ხელი ჩააქნევინა.

გარდა ამისა, სერიოზულად გასარკვევია: ვის დაუჭირა მხარი მეორე ტურში დავით ბაქრაძის ამომრჩეველმა? ელემენტარული არითმეტიკით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეორე ტურში ბევრად მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა ვიდრე პირველში (თუმცა ეს ციფრი ასტრონომიული ნამდვილად არ არის) დავით ბაქრაძის 11%-იანი რესურსი თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილის დასამარცხებლად, მაგრამ სხვაგვარად მოხდა: გრიგოლ ვაშაძის ნამატი, მეორე ტურში უმეტესად იმ „პროტესტულ ამომრჩეველზე“ მოდის, ვინც პირველ ტურში ან ასევე არ მივიდა, ან სხვა ოპოზიციონერებს დაუჭირა მხარი, ხოლო დავით ბაქრაძის ამომრჩეველი ბევრად ნაკლებ რადიკალური აღმოჩნდა „სტატუს-ქვოს“ მიმართ, ვიდრე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს ეგონათ ან სურდათ ყოფილიყო.

საერთოდ, ეს არჩევნები „ევროპული საქართველოს“ მარცხადაც იქცა იმ აზრით, რომ ამიერიდან იგი „მეორადია“ ოპოზიციურ ფლანგზე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ - პირველადი. ანუ, იმან რაც ახლა მოხდა, დაადასტურა მიშას სიმართლე 2016 წელს გამართულ დისკუსიაში, რასაც ყოფილი მმართველი პარტიის  გახლეჩა მოჰყვა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ ასევე დამარცხებულია მმართველი პარტიაც: მისი რენომე სერიოზულად შეილახა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების შეშინება, „დაპანიკება“, დასუსტება შეიძლება. პირველ რიგში, ეს დაინახა საშუალო და ქვედა რგოლის ბიუროკრატიამ, რომლისთვისაც მეორე ტურის პროცენტულ მაჩვენებლებს კი არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ მმართველი პარტიის თავმჯდომარის გამომეტყველებას პირველი ტურის „კატასტროფული“ შედეგის შემდეგ, როდესაც მან მოსახლეობას ხვეწნა-მუდარით მიმართა.

მოხდება თუ არა ამ შედეგის პირდაპირი „გადატანა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? რა თქმა უნდა, არა. საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ იმიტომ იყო ოპოზიციის შანსი, რომ აქ, როგორც არსად და არასდროს, ხდება „ერთმნიშვნელოვანი“ არჩევანი და ალიანსი პრინციპით „ყველა-ერთის წინააღმდეგ“.

საპარლამენტო კენჭისყრისას, მით უმეტეს, ქართული პოლიტიკური სპექტრის თავისებურებათა გათვალისწინებით, ეს თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, პრეზიდენტის არჩევნები „პერსონიფიცირებულია“: გრიგოლ ვაშაძის რენომე ემყარებოდა მის პიროვნულ ფაქტორს, თუმცა საეჭვოა, ამან „იმუშავოს“, როდესაც საქმე პარტიულ არჩევნებზე მიდგება. მით უმეტეს, როდესაც ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში რეალურად მხოლოდ ერთი პარტიაა - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გრიგოლ ვაშაძესთან ნაკლებად ასოცირდება; მასთან „მიწეპებულია“ რამდენიმე სხვა „პაწუკელა“ პარტიაც.

ჩავლილი არჩევნები წარმატებული გამოდგა მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური მედიისთვის, რომელსაც არათუ არაფერი დაუკარგავს, არამედ პირიქით, მხოლოდ მოიგო და გაძლიერდა გაუთავებელი სკანდალების, „მედია-შტურმებისა“ და „საინტერესო ამბების“ ფონზე.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩავლილი საპრეზიდენტო კამპანიით ქართულმა დემოკრატიამ მხოლოდ მოიგო: 20%-იანი სხვაობა არის შედეგი მშიერ, ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში მილიარდიანი კაპიტალით „ჟღარუნისა“, მაგრამ ეს „მაცდური ხმა“ რომ ცარიელ ჟღარუნად დარჩება, ხალხს, ამომრჩეველს არა მეორე, არამედ პირველი ტური გაახსენდება, როცა მან ნამდვილად იგრძნო საკუთარი ძალა. დემოკრატია კი სწორედ ამ რწმენას ეფუძნება.

2018