ომის ხელოვნება

ომის ხელოვნება - ეროვნული მოძრაობა

ომის ხელოვნება

აფხაზეთის ომის მსვლელობისას, ქართულ საზოგადოებაში სამუდამოდ დამკვიდრდა არც თუ უსაფუძვლო აზრი, რომ აფსუა სეპარატისტთა გამარჯვება რუსეთის დახმარებამ განაპირობა. მათ შორის იგულისხმება უშუალო სამხედრო დახმარებაც. ოღონდ დახმარების კონკრეტულ ფორმებს, ხარისხსა და შინაარსს დღემდე ნათლად და ზუსტად ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ. საერთოდ, ამ საკითხის კონკრეტიზაცია და დეტალიზება არ ხდება - საზოგადოება კმაყოფილდება ზოგადი ფორმულით: რუსეთის არმია ეხმარებოდა სეპარატისტებს.
   ვიმეორებ: ეს, რა თქმა უნდა, სწორი განსაზღვრებაა, მაგრამ თუ არ დავაკონკრეტებთ, არ დავადგენთ დახმარების დეტალურ ფორმებს, გზებსა და საშუალებებს, - რეალური სურათის წარმოდგენა მაინც გაგვიჭირდება. უფრო სწორად, საერთოდაც შეუძლებელი იქნება.
   სწორედ ამ მიზეზით ხდება აშკარად ყალბი სტერეოტიპების ჩამოყალიბება, თითქოს «გაგრა, სოხუმი, ოჩამჩირე რუსის ჯარმა აიღო» - სინამდვილეში ასე მარტივად არ ყოფილა საქმე. დარწმუნებული ვარ: რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ სამხედრო ქვედანაყოფებს უშუალო მონაწილეობა (თუ არ ჩავთვლით საარტილერიო დუელს ეშერის ლაბორატორიასთან და რუსული ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენების რეიდებს სოხუმის დასაბომბად) საბრძოლო მოქმედებებში არ მიუღიათ.
   ვგულისხმობ ცოცხალ ძალას, კადრის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს. თუმცა, ამის საჭიროება არც ყოფილა, ვინაიდან «სამხედრო დახმარება» მხოლოდ ცოცხალი ძალის უშუალო მონაწილეობით არ ამოიწურება. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ცოცხალი ძალის ნაკლებობას (ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო) სეპარატისტები არ განიცდიდნენ.
   რაც შეეხება სამხედრო სპეციალისტებს, - რუსეთის სპეცსამსახურთა მეცადინეობით, აფსუანურ არმიაში ისინიც ბევრნი იყვნენ. ვგულისხმობ რუსეთიდან ჩამოსულ არტილერისტებს, ტანკისტებსა და ა.შ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან თანამედროვე ომს სპეციალისტი (პროფესიონალი) იგებს და არა მეომარი - შუასაუკუნეობრივი გაგებით.
   გარდა ამისა, რუსეთი აფხაზეთს ეხმარებოდა ეკონომიკურად: როგორც მოგახსენეთ, გაგრის დაცემის შემდეგ, კრასნოდარის მხარიდან გუდაუთას განუწყვეტლივ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, საწვავი, სურსათ-სანოვაგე, სამხედრო ტანსაცმელი, მედიკამენტები და ა.შ. რასაკვირველია იარაღიც, ოღონდ ამ შემთხვევაში დახმარების ფორმა სხვაგვარი იყო, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ტყუილად გვგონია, თითქოს რუსეთის მთავრობა იღებდა (ვთქვათ) ასეთ გადაწყვეტილებას: «გაეგზავნოს აფხაზეთს ამდენი და ამდენი ტანკი, ჯავშნოსანი მანქანა, სამხედრო თვითმფრინავი, საარტილერიო სისტემა, ჭურვი, ვაზნა, ყუმბარმტყორცნი და ა.შ.» ამგვარი გადაწყვეტილების მიღება არ ხდებოდა არც თავდაცვის სამინისტროს დონეზე. მოქმედებდა სრულიად სხვა მექანიზმი, ვინაიდან შენიღბულ აგრესიას შესაბამისი ტექნოლოგია აქვს:
   ვლადისლავ არძინბა ჩადიოდა მოსკოვში და აფორმებდა ხელშეკრულებას რომელიმე რუსულ კონცერნთან (კერძო სტრუქტურასთან) «აფხაზეთის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ერთობლივი ათვისების» თაობაზე. ამის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ან თუნდაც ვინმე კერძო პირის ანგარიშზე რუსეთის სააქციო-კომერციულ ბანკში ირიცხებოდა ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი.
   იგივე ხდებოდა სხვა მექანიზმებითაც - ფული ირიცხებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში (მათ შორის თურქეთიდან), ვთქვათ «ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის» ბანკში. იქედან, ფიქტიური ხელშეკრულებების საფუძველზე, იწყებდა ბრუნვას ფინანსურ სტრუქტურებში და საბოლოოდ ირიცხებოდა იმავე «აფხაზურ ანგარიშზე».
   ამის შემდეგ, უშუალოდ, ან ბულგარული თუ პორტუგალიური საშუამავლო ფირმების მეშვეობით, არძინბას რეჟიმი დებდა ხელშეკრულებას რუსეთის იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან, ვთქვათ «Росвооружение»-სთან, რომელსაც კანონით ჰქონდა მინიჭებული იარაღის ექსპორტის უფლება. ყიდულობდნენ უახლეს სამხედრო ტექნიკას. იგი სოჭის გავლით შედიოდა აფხაზეთში. რასაკვირველია, რუსეთის მთავრობა ამ ყოველივეზე თვალს ხუჭავდა და, ფარულად ხელსაც უწყობდა. მაგრამ, ფორმალურად, მისი როლი თითქოს ნომინალური იყო.
   უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტექნოლოგია, როცა ქვეყანას განზრახული აქვს დაეხმაროს სხვა ქვეყანაში სეპარატისტულ რეჟიმს. თუ პროტესტს უცხადებ, გპასუხობს შემდეგი დემაგოგიური არგუმენტით: «იარაღის ექსპორტი აკრძალული არა მაქვს, კეთილი ინებე და დაიცავი საკუთარი საზღვარი, რათა იარაღმა შენთან არ შემოაღწიოს. ხოლო თუ საზღვრის დაცვის შნო არა გაქვს, მე ნუ მიცხადებ პრეტენზიას - ჩემი მესაზღვრეები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთში რუსეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით არანაირი იარაღი არ შესულა. მაშ როგორ შედის? – აბა მე რა ვიცი როგორ შედის - შეიძლება შავი ზღვით, ნეიტრალური წყლების გავლით, შენივე (აფხაზეთის) საზღვაო აკვატორიის გამოყენებით, რომელსაც ვერ იცავ, ან საჰაერო სივრცით, რომელსაც ვერ აკონტროლებ: აბა მე ხომ არ გაგიკონტროლებ? დამოუკიდებლობას რისთვის აცხადებდი?»
   მართალია, 1992 წლის ოქტომბრამდე (გაგრის დაცემამდე) სეპარატისტებს იარაღს გუდაუთის სამხედრო ბაზიდანაც აწვდიდნენ, ოღონდ მაშინ ეს სხვაგვარად «ფორმდებოდა»: რა გვექნა, აფხაზებმა ქალები და ბავშვები მოგვისიეს, იძულებული ვიყავით დაგვეთმო და იარაღის დატაცების ნება მიგვეცა - აბა ქალებსა და ბავშვებს ხომ არ ვესროდითო ტყვიას?
   ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გაგრის აღების შემდეგ სეპარატისტებს ამ რეგიონში ქართული გვარდიისა და მხედრიონის მიერ დატოვებული იარაღის მთები დახვდათ. ანუ რუსეთს შეეძლო ნებისმიერი სახეობის და ოდენობის იარაღი მიეწოდებინა არძინბასათვის. ეს უკანასკნელი კი ამტკიცებდა: იარაღი გაგრაში ქართველებს წავართვითო. გავიხსენოთ ინტერვიუ გაიძვერა ყარაულოვთან: «Россия передаёт оружие Грузинам, а мы у них отбираем и оно становится нашим – так что мы благодарны России за помощь, то есть за то что она Грузинам передаёт оружие».

  ზოგადად, შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას, რომელიმე მხარის გამარჯვების უზრუნველსაყოფად არ არის აუცილებელი უშუალო ჩარევა საკუთარი შეიარაღებული ძალებით. საკმარისია სხვა სახის სამხედრო დახმარებაც.
   დავიწყოთ იმით, რომ მაგალითად რუსეთს ჰქონდა საშუალება, მიეწოდებინა სეპარატისტთა ხელმძღვანელობისათვის სადაზვერვო მონაცემები ქართული ფორმირებების გადაადგილების (თანაც არა მხოლოდ საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე), რაოდენობის, შეიარაღების ხარისხისა და ოდენობის შესახებ, რასაც მოიპოვებდა არა მარტო აგენტურის მეშვეობით, არამედ კოსმოსური სადაზვერვო სისტემების გამოყენებით. ეს უკვე ძალიან სერიოზული უპირატესობაა ომის დროს.
   ამასთანავე, მოსკოვს შეეძლო უზრუნველეყო სეპარატისტები უახლესი ტიპის კავშირგაბმულობით. თანამედროვე ომში კი ოპერატიული და მყარი კავშირი ძალიან ბევრს ნიშნავს. გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით ქართულ ჯარში მთელი ომის განმავლობაში.
   უმაღლესი კვალიფიკაციის რუსი რადისტები, შიფრის სპეციალისტები ეხმარებოდნენ სეპარატისტთა სარდლობას ოპერატიული კავშირის შენარჩუნებაში ყველა სამხედრო ქვედანაყოფთან - სოხუმის რაიონსა თუ ოჩამჩირეში: ე.წ. «აღმოსავლეთ» თუ «დასავლეთ» ფრონტზე.
   რუსეთის გენერალური შტაბის შესანიშნავი, პროფესიონალი სტრატეგები, რომლებიც ზედმიწევნით ფლობდნენ სამხედრო ოპერაციათა დაგეგმვის ხელოვნებას, განუწყვეტლივ აწვდიდნენ მათ უმაღლეს დონეზე დამუშავებულ გეგმებს, კომპიუტერულ გათველებს, თუ როგორ, სად და რა ძალებით სჯობდა შეტევის განხორციელება, როგორ და რა პირობებში იქნებოდა ყველაზე შედეგიანი ძალთა კონცენტრაცია («სამხედრო ხელოვნება ძალთა კონცენტრაციის ხელოვნებაა») ამა თუ იმ უბანზე, რა სახის იარაღის გამოყენება იყო უფრო ეფექტური და ა.შ.
   რუსი სპეციალისტები ეხმარებოდნენ აფსუებს დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში. ამავე დროს, გუდაუთაში მთელი ომის განმავლობაში მოქმედებდა სამხედრო ჰოსპიტალი, რომელშიც საუკეთესო ქირურგი-ოფიცრები, საველე პირობებში აკეთებდნენ ურთულეს ოპერაციებს.
   მაგრამ ყოველივე ზემოთთქმული არ არის მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სხვა სახის დახმარება იყო.
   შამილ ბასაევმა, რომელიც აფხაზეთში ე.წ. «კონფედერაციის ჯარებს» ხელმძღვანელობდა, რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: «გუდაუთის რაიონში 1992 წელს შეიქმნა ათი სამხედრო ბანაკი, რომლებშიც რუსი ინსტრუქტორები აფხაზ მეომრებს წვრთნიდნენ, - ორი სამი თვის განმავლობაში ორასამდე აფხაზს ამზადებდნენ სამხედრო თვალსაზრისით».
   აი, სწორედ აქ უნდა ვეძიოთ ყველაზე მთავარი დახმარება, რის თაობაზეც უფრო დაწვრილებით ღირს მსჯელობა.
   ომის დროს თბილისში ხშირად გაიგონებდი დაახლოებით ასეთ ფრაზას: «საქართველოს თუ გაუჭირდა, მილიონამდე მეომარს გამოვიყვანთ».
   ეს ფრაზა უეჭველად იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას არ ჰქონდა უნარი, თანამედროვე ომი ეწარმოებინა, ხოლო ქართული ელიტა მსჯელობდა შუასაუკუნეობრივი, ფეოდალური ეპოქისათვის დამახასიათებელი სამხედრო სტერეოტიპებით. არადა, თანამედროვე ომში ცოცხალი ძალის რაოდენობა არათუ «ბევრს არაფერს», არამედ საერთოდ არაფერს წყვეტს. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეიარაღების ხარისხი და (რაც მთავარია) სამხედრო ორგანიზაციის დონე, აგრეთვე მეომართა პროფესიონალიზმი.
   დავიწყოთ შეიარაღების ხარისხით: ისრაელი ხუთმილიონიანი სახელმწიფოა, რომელსაც გარს ორასმილიონიანი, მტრულად განწყობილი არაბეთი აკრავს. ვინ უფრო ძლიერია? შუასაუკუნეობრივი სამხედრო სტერეოტიპებით, ორასმილიონიან გაერთიანებას უფრო ძლიერი არმიის «გამოყვანა» შეუძლია, ვიდრე 5 მილიონს. სინამდვილეში, ისრაელი ყველა თვალსაზრისით ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მისი არაბული მოწინააღმდეგენი. ატომურ იარაღსაც რომ თავი დავანებოთ, ისრაელს ოთხი ათასი უახლესი ავიაგამანადგურებელი ჰყავს (თანამედროვე, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში ავიაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია) მაშინ, როდესაც მის მოწინააღმდეგეებს, ყველას ერთად აღებულს, იმავე კლასისა და შესაძლებლობების მხოლოდ 700 ავიაგამანადგურებელ - ბომბდამშენი. მაშ რომელი უფრო ძლიერია?
   ან კიდევ: ხუთმილიონიან ისრაელს უახლესი, «აბრამსის» ტიპის ტანკები აქვს შეიარაღებაზე, არაბულ სახელმწიფოებს კი 60-იანი წლების საბჭოთა წარმოების Т-55.
   თუმცა, დავანებოთ თავი ისრაელს, - დავუბრუნდეთ ომს აფხაზეთში. დავუშვათ, აფხაზეთი სულ ასი ათასია, ხოლო საქართველო – ხუთი მილიონი. მაგრამ ასი ათასიან აფხაზეთს 50 სამხედრო კატარღა აქვს (რუსეთის «წყალობით»), ხოლო ხუთ მილიონიან საქართველოს, - მხოლოდ ოცდაათი. თანაც, ჩვენ შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობას განვიცდით, ხოლო სეპარატისტებს ეს პრობლემა არ აწუხებთ. რომელი უფრო ძლიერია ზღვაზე?
   რატომ ჰყავდა საქართველოს ნაკლები მცურავი საშუალება - სხვა საკითხია: ამჟამად მთავარია შედეგი და არა მიზეზი

 

 ან წარმოვიდგინოთ, საომარი მოქმედება ღამით განვითარდა სადმე ანუარხუს მთასთან. სეპარატისტთა ფორმირება სულ 80 მეომრისაგან შედგება, ხოლო ქართული – 500 მეომრისაგან. სამაგიეროდ, პირველი შეიარაღებულია ღამის ხედვის აპარატურით. სხვა ყველაფერში რომც თანაბარნი იყონ, ვინ მოიგებს კონკრეტულ ბრძოლას? ომი კი კონკრეტული ბრძოლებისაგან შედგება.
    რაც შეეხება, ისევ და ისევ სამხედრო ძალის საერთო ოდენობას: დავუშვათ, საქართველოს მართლაც მილიონიანი არმია ჰყოლოდა. გარწმუნებთ, კარგად შეიარაღებული, გაწვრთნილი, მკაცრ ერთმმართველობას დამორჩილებული, დისციპლინირებული და, რაც მთავარია, მაღალი კლასის სამხედრო სპეციალისტებით დაკომპლექტებული თუნდაც ათიათასკაციანი სამხედრო ფორმირება სულ ადვილად გააქცევს მილიონიან შეიარაღებულ ბრბოს, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო დისციპლინა, არ ცნობს ერთმმართველობას, არ არის სათანადოდ გაწვრთნილი, განიცდის თანამედროვე შეიარაღებისა და სპეციალისტების (ისევ და ისევ!) ნაკლებობას.
    რა თავში იხლი (რომც გქონოდა) უახლეს ჯავშნოსნებს (Бронетранспортёр) ან ქვეითთა საბრძოლო მანქანებს (БМП) თუ არა გყავს მათ კომპიუტერულ სისტემათა მართვის სპეციალისტები? ასეთი სპეციალისტი ათას მეომარს უდრის! ან უახლეს  საარტილერიო დანადგარებს?.

    ვიმეორებ: თანამედროვე ომს იგებს სპეციალისტი-პროფესიონალი. ამიტომაცაა უეჭველი, რომ ყველაზე ფასეული დახმარება, რაც რუსეთმა აფსუებს გაუწია ომის დროს, იყო არა ცოცხალი ძალის გაგზავნა, არამედ აფსუათა სამხედრო მომზადება გუდაუთის სამხედრო ბანაკებში და სპეციალისტების «მივლინება». ოღონდ ისინი უშუალოდ სამხედრო ოპერაციებში არ იღებდნენ მონაწილეობას ცალკეული შემთხვევების გარდა, როცა «სპეცნაზის» ჩარევა ხდებოდა აუცილებელი.
    რუსი სამხედრო სპეციალისტები წვრთნიდნენ აფსუანურ «ცოცხალ ძალას», ასწავლიდნენ მათ სამხედრო სპეციალობებს (სნაიპერი, ყუმბარმტყორცნი, მზვერავი, არტილერისტი და ა.შ), ემსახურებოდნენ ტექნიკას და სხვა.
    წავიდა დრო, როდესაც ომს რაოდენობა ან თუნდაც «გულადობა» იგებდა. თანამედროვე ომში მთავარი მეომრის «დახელოვნებულობა», - ბრძოლის ხერხების ცოდნაა.
    მაშინ კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რა დაუჯდა საქართველოს ის გარემოება, რომ საბჭოთა პერიოდში ქართველები საბჭოთა არმიის იმ ქვედანაყოფებში სამსახურს ესწრაფოდნენ, სადაც დატვირთვა ნაკლები იყო (მაგალითად «სტროიბატებში», სადაც სხვას ამუშავებდნენ) და იქაც «თბილ ადგილას» ეწყობოდნენ: «კაჩეგარიაში», სასადილოებში ზედამხედველებად და ასე შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში ეს ხდებოდა მათივე სურვილით – მოსკოვს ასეთი პოლიტიკა რომც ჰქონოდა.
    იგივე ჩრდილოეთ კავკასიელები კი პირიქით, სწორედ საბჭოთა არმიის ელიტარულ ქვედანაყოფებს ეტანებოდნენ. ეს მათი პიროვნული სურვილიც იყო და «საზოგადოებრივი შეკვეთაც», რაც საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. პირიქით, ჯარში სამსახურიდან თავის დაძვრენა პრესტიჟულად ითვლებოდა. «საბჭოთა არმიაში არ უნდოდათო სამსახური» - ესეც მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა: «ეროვნულ არმიასთან» დაკავშირებით იგივე ვითარებაა - იქ მხოლოდ ყველაზე საცოდავები და უპატრონოები მსახურობენ.

    აფხაზეთის ომის პირველი პერიოდიდან მახსოვს ასეთი სურათი: ქართული ჯარის ოცამდე მეომარი ერთად შექუჩულა ბუჩქნარში და იარაღი სხადასხვა მხარეს მიუშვერია. ყველა მათგანს (მაშინ) სახეზე ბრძოლის ჟინი აწერია, მაგრამ რად გინდა, - ერთი ყუმბარა (РПГ-7 -დან ნასროლი) საკმარისია მათ გასანადგურებლად. ამ მეომრებმა უბრალოდ არ იციან (არ უსწავლიათ და როგორ ეცოდინებათ?), რომ გაცილებით რაციონალურია გათითოკაცება, პოზიციების დაკავება ერთმანეთისაგან 10-15 ნაბიჯის მოშორებით.
    ან კიდევ, ვისაც გუმისთასთან უბრძოლია, ყველა ადასტურებს: მიუშვებდნენ ავტომატის ან ტყვიამფრქვევის ჯერს განუწყვეტლივ და ფუჭად «წვავდნენ» საბრძოლო მასალას. მათ უბრალოდ არ იცოდნენ, რომ ასე სროლას დისტანციური ბრძოლისას აზრი არა აქვს: გაცილებით ქმედითია მოკლე (ორ-სამ წამიანი) ჯერებით სროლა დამიზნებით და არა მთელი მჭიდის ერთბაშად დაცლა.
    წარმოვიდგინოთ ორი მეომარი, რომელთაგან ორივე თუნდაც ერთნაირად არის აღვსილი ბრძოლის ჟინით, ერთნაირად სწყურია გამარჯვება და ერთნაირად მამაცია. რომელი მათგანი უფრო ძლიერია ბრძოლისას: ის, ვისაც შეუძლია «კალაშნიკოვის» ავტომატი 7 წამში დაშალოს და 11 წამში ააწყოს თუ ის, ვინც ამას ნახევარ საათს უნდება?
    ვთქვათ ეს ორი მეომარი ერთნაირ საბრძოლო სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა აუცილებელია მიწაზე ფორთხვით გადაადგილება (По пластунски). ქართველი მეომრისათვის არავის უსწავლებია, ამიტომ ისე მოძრაობს, რომ ზურგს მაღლა სწევს - ადვილი სამიზნე ხდება მტრისათვის. ავტომატიც ხელს უშლის და ძლივს მიათრევს. აფსუა მეომარს კი გუდაუთის სამხედრო ბანაკებში მომზადებისას საუკეთესო სამხედრო ინსტრუქტორებმა ასწავლეს: ფორთხვისას ავტომატს «ცევიოში» უნდა წაავლო ხელი ან იქვე, ქამრის კიდეში; ჯერ მარჯვენა ხელი და ფეხი უნდა ამოძრავო, შემდეგ მარცხენა, ტანის სიმძიმე ფორთხვისას საპირისპირო მხარეს უნდა გადაიტანო და ასე შემდეგ.
    თუ სპეციალურად არ გასწავლეს, დაწოლილი მდგომარეობიდან ვერაფრით ისვრი ხელყუმბარას ისე, რომ მიწიდან წამოწევა არ დაგჭირდეს. ან თუ მაინც მოახერხებ სროლას სათანადო ტექნოლოგიის გარეშე, - «ლიმონკა» ახლოს აფეთქდება. აფსუა მეომარს კი რუსმა ინსტრუქტორებმა ასეთი მდგომარეობიდან სროლის რამდენიმე ხერხი ასწავლეს: ჯერ მოიკუნტე, მარჯვენა ფეხი (თუ ცაცია არა ხარ) ოდნავ მოხარე განზე და და დასაყრდენი იპოვე, შემდეგ ორივე ხელი წინ გადაიტანე, გაჭიმე, მარჯვენათი ჩაბღუჟულ ხელყუმბარას მარცხენათი დამცველი მოაძრე, შემდეგ მარჯვენა ხელი, განზე მოძრაობით, ხელის მოუხრელად, სწრაფად ზურგს უკან, უკიდურეს მდგომარეობამდე გადაიტანე, მოიქნიე და თან ტანის მოძრაობაც მიაყოლე, - მარჯვენა ფეხის საყრდენის გამოყენებით. მერე სჯობს თავი მარჯვნივ მიატრიალო, მარცხენა ლოყით მიწას მიეკრა, რათა ნამსხვრევი არ მოგხვდეს.
    ან მეორე ხერხი: მას შემდეგ რაც დამცველს მოაძრობ, ზურგზე გადატრიალდი (თუ დამიზნებით სროლა არ გჭირდება), მარჯვენა ხელი, რომელშიც ყუმბარა გიჭირავს, წელთან ჩაიტანე ისევ განზე მოძრაობით, შემდეგ კი თავის მიმართულებით აიქნიე და შორს გადაისროლე.
    ყოველივე ამას მეომარი თავად ვერ მიხვდება საბრძოლო გამოცდილება რომც ჰქონდეს, - ეს ყოველივე უნდა ასწავლო! ისევე, როგორც თვითონ, დამოუკიდებლად, ვერ ისწავლის РПГ-7 - ის ყუმბარმტყორცნის ზუსტად სროლას. უნდა აუხსნა, რომ დაწოლილი მდგომარეობიდან ამ იარაღის სროლას ვერაფრით შეძლებ. აუცილებელია მარჯვენა მუხლზე დაეშვა (თუ მარჯვენა მხრიდან ისვრი) და ისე ესროლო. ან თუ ფეხზე მდგომმა მოგიწია სროლამ, ორივე ფეხი მხრების სიგანეზე უნდა გაშალო, ტერფები ოდნავ შიგნით შეატრიალო. ისიც უნდა ასწავლო, რომ სროლის დროს აუცილებელია სიმძიმის ცენტრის წინ გადატანა, ხოლო ზურგს უკან, რამოდენიმე მეტრის მანძილზე მაინც, ცარიელი სივრცის არსებობა, თორემ ჭავლის დარტყმა დაგასახიჩრებს და ა.შ და ა.შ.
    რა თქმა უნდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეომარი, იგივე ქართველი გვარდიელი, რომელიც სანგარს არ თხრის (როგორ ეკადრება!), ავტომატი მხარზე გადაუდია და წელამდე შიშველი ამაყად გაჰყურებს მოწინააღმდეგის პოზიციებს, უფრო ლამაზი სანახავია თითქოს, ვიდრე აფხაზეთის არმიის მეომარი, ვინც სანგარში ჩამძვრალა და მხოლოდ ცხვირი მოუჩანს. მაგრამ ბრძოლისას უეჭველად მეორე გაიმარჯვებს. პირველი კი იძულებული გახდება სამარცხვინოდ გაიქცეს ან მტერს უაზროდ, უშედეგოდ შეაკლას თავი - ასეთი შემთხვევებიც იყო რა თქმა უნდა.
    წარმოვიდგინოთ, სადღაც ლაბრასთან ბრძოლის დროს ორი სამხედრო ქვედანაყოფი შეეჩეხა ერთმანეთს - ქართული და აფსუანური. ორივე ოცკაციანია. ქართველებისათვის არავის უსწავლებია, ამიტომ პირველივე გასროლისას ჩაწვნენ რაც შეიძლება დაბალ ადგილას და სროლა ატეხეს. აფხაზებს კი ასწავლეს, რომ ადგილზე ჩაწოლას ასეთ შემთხვევაში აზრი არა აქვს (მოწინააღმდეგე ცეცხლით უეჭველად მოგწვდება ან ხელყუმბარებით გაგანადგურებს). აუცილებელია ორივე მხარეს, რაც შეიძლება შორს განლაგება ნახევარრკალის ფორმით, რათა ცეცხლის არეალი გაფართოვდეს. თანაც არა დაბალ ადგილას ჩაწოლა, არამედ პირიქით, - მაქსიმალურად მაღალ საცეცხლე წერტილებში. ამიტომ, ასეთ სიტუაციებში, გაწვრთნილი მოწინააღმდეგე ძირს კი არ ცვივა, არამედ მხოლოდ ორი იწყებს დაუყოვნებლივ საპასუხო სროლას (ესეც საკმარისია), დანარჩენები კი, იმავდროულად, მარჯვნივ და მარცხნივ, ზოგი ფორთხვით, ზოგი მოკუნტული, - ზიგზაგისებრი გადარბენით (ამასაც სწავლა უნდა), ცეცხლის არეალის გასაფართოვებლად გარბის და მხოლოდ ამის შემდეგ ხსნის ცეცხლს ყველა საბრძოლო საშუალებიდან.
    დავუშვათ შეტევის განხორციელებაა საჭირო. უმეცარი «არმია» რთულ რელიეფში შეტევას იწყებს ერთდროულად ფართო ფრონტით. ჭეშმარიტი სამხედრო ხელოვნების შესაბამისად კი, ასეთ რელიეფში უფრო რაციონალურია ძალთა კონცენტრაცია ერთ რომელიმე უბანზე და მძლავრი დარტყმით მტრის თავდაცვითი ზღუდის გარღვევა ზურგიდან მოსავლელად. . . . . . . და ასე შემდეგ - უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება იმის საილუსტრაციოდ, რომ თანამედროვე ომს იგებს უპირველეს ყოვლისა ბრძოლის ცოდნა, სპეციალისტობა, პროფესიონალიზმი, რაც ასე უხვად ჰქონდათ აფსუებს ომის მეორე ეტაპზე და ესოდენ აკლდათ ჩვენს მეომრებს.
    თუმცა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენს მტრებს აფხაზეთში არც ვაჟკაცობისა და შემართების თვალსაზრისით ჰქონდათ რაიმე პრობლემა, მაგრამ მხოლოდ ამით თანამედროვე ომს ვერ მოიგებ - ამიტომ შეიქმნა სამხედრო ბანაკები გუდაუთაში და ამიტომაც გაიგზავნა იქ რუსი ინსტრუქტორები.
    სანგრის გათხრის «უკადრისობას» რაც შეეხება, ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს იმდროინდელი ქართული «არმიის» შემადგენლობა სოციო-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
    და კვლავაც, რუსული ტელევიზიის თაობაზე: ამაზე თითქმის არავინ საუბრობს, არადა, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ომში რუსეთის ტელევიზიამ უდიდესი ანტიქართული როლი შეასრულა.
    გენიალური ლევ ტოლსტოი წერდა «ომსა და მშვიდობაში»: ვერანაირი სამხედრო სტრატეგია და იარაღი ვერ გაამარჯვებინებს არმიას, თუ მას სულიერი სიძაბუნე შეეპარა.
    ისევ და ისევ შეგახსენებთ, რას აკეთებდა რუსეთის ტელევიზია ომის მსვლელობისას - ყველა რეპორტაჟი, ყოველი გადაცემა მიმდინარე ომის შესახებ იქით იყო მიმართული, რომ ბრძოლის ჟინით, გარდაუვალი გამარჯვების სიხარულით აღევსოთ აფსუები და პირიქით, გარდაუვალი დამარცხების შიში ჩაენერგათ, საკუთარი სიძაბუნის განცდა გაეძლიერებინათ, არაქათი გამოეცალათ ქართველი მეომრებისა და საქართველოსათვის.
    რუსეთის ტელევიზია გახდა ფსიქოლოგიური ზემოქმედების უმძლავრესი ბერკეტი, რითაც ბრწყინვალედ ისარგებლეს საქართველოს დასამარცხებლად.
    ეს იარაღი მით უფრო ეფექტური და «მარგი» იყო - ქართული ცნობიერებისათვის ზოგადად დამახასიათებელი ლაბილობისა და არასრულფასოვნების შეგრძნების გათვალისწინებით.
    ომის მსვლელობისას ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შესაბამისი ტექნოლოგიით ქართული საზოგადოების «დამუშავება». ის ნამუსგარეცხილი რუსი ჟურნალისტები, რომელთაც შემდეგ ჰყოფნიდათ თავხედობა, საქართველოში ჩამოსულიყვნენ «მანას» ფესტივალზე საჩუქრების მისაღებად, ყველაფერს აკეთებდნენ სეპარატისტთა დასახმარებლად, საქართველოს დასაძაბუნებლად და, რა თქმა უნდა, საკუთარი (რუსული) საზოგადოების დასაკმაყოფილებლად საქართველოს ტანჯვა-წამების დემონსტრირებით:
    ამ შემთხვევაშიც, საძულველი, ამპარტავანი «გრუზინების» დამცირება რუსული საზოგადოებისათვის ერთიანი სახელმწიფოს დაშლით გამოწვეული მორალური ტკივილის კომპენსაციად იქცა.
    კი ბატონო, «ვიამაყოთ», რომ სწორედ ჩვენ ვაქციეთ თავი ასეთ «კომპენსაციად».

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა