საერთაშორისო მიმოხილვა. 10 დეკემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 10 დეკემბერი. 2023 წელი

ამერიკამ ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც სამართლიანად `ითარგმნებოდა` Realpolicy - ში, როგორც ისრაელის იძულება, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია.

გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 13-მა წევრმა ხმა მისცა რეზოლუციას; აშშ-მ დაავეტოვა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავა.

ანუ უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან სამმა (რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი) ხმა მისცა ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციას.

ესე იგი ამერიკა აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩნდა, თუმცა ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუცია მაინც არ `გაატარა`.

ბევრჯერ დაგვიწერია და კვლავ ვიმეორებ: აი ამიტომ ეწინააღმდეგება ამერიკა გაეროს უშიშროების საბჭოში `ვეტო`-ს უფლების გაუქმებას: თუ` ვეტო` გაუქმდა, ამერიკა ვეღარ დაიცავს ისრაელს!

რა თქმა უნდა, რომც მიეღო უშიშროების საბჭოს ანგვარი რეზოლუცია, ისრაელი მას არ შეასრულებდა, ოპერაციას განაგრძობდა......და მაინც, ეს პოლიტიკური პრობლემა იქნებოდა ისრაელისთვის.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გამოიკვეთა პირველი ფიგურანტი მომავალი დიდი სისხლის სამართლის საქმისა ისრაელში - 7 ოქტომბრის თავდასხმის თაობაზე.

ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი აარონ ხალივი.

ირკვევა, რომ იგი არაერთხელ გააფრთხილეს ჰამასის მოსალოდნელი თავდასხმისა და საეჭვო აქტივობის თაობაზე, თუმცა როცა ბოლოს მიაწოდეს ეს ინფორმაცია, `წითელ ზღვაზე` ისვენებდა და გადამოწმება რომელიღაც საშუალო რგოლის ჩინოვნიკს დაავალა, ვინც ვერაფერი გაარკვია.

ხალივი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ჰამასი არათუ ვერაფერს გაბედავდა მსგავსს, არამედ.....`სამშვიდობოდაა განწყობილი`.

ეს იგივეა, ნიანგებზე მონადირეს ეგონოს, ნიანგი სამშვიდობოდაა განწყობილი.

ამას სხვა ახსნა, გარდა  მრავალწლიანი დაძაბულობის შედეგად უცნაური `დაჩლუნგებისა` არა აქვს, რადგან აარონ ხალივის `მოღალატეობა` გამორიცხულია.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ნამდვილი სენსაციაა, რომ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება (!), რითაც ცხადდება: ორ მეზობელ, მეომარ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება `თითქმის მზად არის` და შესაძლოა უახლოეს მომავალში მოეწეროს ხელი.

შეგახსენებთ: ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფორმალურად კვლავ გრძელდება. საზღვრებზეც არასტაბილურობაა. დაძაბულობაზე და ომის დაუსრულებლობაზე მეტყველებს, ასევე, თუნდაც ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა ყველა მეზობელ ქვეყანასთან (მათ შორის საქართველოსთან) ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები ჯერ კიდევ არ გახსნა, რათა სამობილიზაციო კონტინგენტი (ძირითადად ახალგაზრდობა) ქვეყნიდან არ გავიდეს.

ერთობლივ განცხადებაში არც ვადებია მითითებული, არც მომავალი ხელშეკრულების მოდალობა, თუმცა ნათქვამია, რომ სომხეთი უთმობს აზერბაიჯანს საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას ეკოლოგიის თემაზე, რაც ერევანში უნდა გამართულიყო, თუმცა ბაქოში ჩატარდება.

ეს უკვე ისეთი დიპლომატიური ჟესტია, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს: სომხეთი აღარ გამორიცხავს აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის ხაზის შექმნას. სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით მაინც.

პრეზიდენტმა ალიევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ყარაბაღელ სომხებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაბრუნდნენ ყარაბაღში, სადაც მათ ბინებს აზერბაიჯანის არმია იცავს და არაფერი დაუნგრევიათ, არაფერი გაუძარცვავთ....ოღონდ იმ პირობით, რომ თუკი 120 000 სომეხი დაბრუნდება ყარაბაღში როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები, მაშინ 300 000 აზერბაიჯანელსაც უნდა ჰქონდეს საშუალება მოინახულოს მაინც ის ადგილები სომხეთში, საიდანაც ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1988-1990 წლებში განიდევნენ.

რასაკვირველია, ასეთი `გაცვლა` არარეალურია ამჟამად. საეჭვოა ყარაბაღელმა სომხებმა ყარაბაღში დაბრუნება გაბედონ.

მაგრამ ეს რომ არარეალურია, არ ნიშნავს თვით სამშვიდობო ხელშეკრულების არარეალურობას. სრულიად შესაძლებელია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მყარი მშვიდობა დამყარდეს ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარების საფუძველზე.

ამის შემდეგ სომხეთი უეჭველად დაიწყებს დრეიფს რუსეთისგან - დასავლეთისკენ, მათ შორის ევროკავშირისკენ.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

შესამჩნევად დაიძაბა სიტუაცია სამხრეთ ამერიკაში, სადაც ვენესუელას ავტოკრატი, პოპულისტი, ანტიამერიკელი და პრორუსი მმართველი, ნიკოლას მადურო გეგმავს აგრესიას მეზობელი პატარა ქვეყნის, გაიანას წინააღმდეგ; მისი მიზანია დაიპყროს გაიანას რეგიონი ესსეკიბო.

ეს რეგიონი ნავთობით არის მდიდარი, თუმცა თვით ვენესუელას ნავთობი იმდენი აქვს, სად წაიღოს და სად გაყიდოს არ იცის და..... გაიანას ნავთობი რაღად უნდა თითქოს?

სინამდვილეში მადუროს ნავთობი კი არ სჭირდება, არამედ `მცირე ტრიუმფალური ომი` 2024 წლის ე.წ.  საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

პუტინს ჰბაძავს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გააჩაღა და ყირიმი, ასევე დონბასი დაიპყრო დროებით.

თუმცა ცეცხლს ეთამაშება, რადგან ლათინური ამერიკის ყველა სახელმწიფომ, მათ შორის ბრაზილიამ და არგენტინამ მადურო გააფრთხილა, რომ `განზე` არ დარჩებიან.

ბრაზილიამ კი საზღვრებთან ჯარიც მიიყვანა. იმის გათვალისწინებით, რომ გაიანასკენ მიმავალი ერთადერთი გზა ვენესუელიდან სწორედ ბრაზილიაზე გადის. პირდაპირი გზა არ არსებობს, რადგან უდიდესი ჯუნგლებია და მთები.

მიუხედავად ამისა, მადურო აგრძელებს `გიჟობებს`: ხელი მოაწერა რამდენიმე ბრძანებულებას, რომლითაც ესსეკიბო ვენესუელას რეგიონად გამოცხადდა; ახალი რუკებიც დაიბეჭდება ამ `რეალობის` გათვალისწინებით; გუბერნატორი ინიშნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

გამაოგნებელი ციფრები ქვეყნდება ავტომრეწვის განვითარების შესახებ ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში: ჩინეთი უპირობოდ გაიჭრა პირველ ადგილზე ავტომანქანების წარმოების მხრივ.

მაგალითად: 2000 წელს იაპონიამ გამოუშვა 8 მილიონ 245 ათასი ავტომობილი;

ამერიკამ - 5 მილიონ 303 ათასი ავტომობილი;

გერმანიამ - 4 მილიონ 963 ათასი

ჩინეთი იმ დროს მეცამეტე ადგილზე იყო 700 000 მანქანით.

2022 წელს კი.......

ჩინეთი პირველ ადგილზეა - 23 მილიონ 836 ათასი მანქანით;

მეორე ადგილზეა იაპონია -  6 მილიონ 566 ათასი;

მესამეზე ინდოეთი - 4 მილიონ 439 ათასი;

მეოთხე ადგილზეა გერმანია -  3 მილიონ 480 ათასი!

გასაგებია, რომ წარმოებული მანქანების რაოდენობა არ არის იგივე, რაც მსოფლიოში (! -  ჩინეთს გარეთ) გაყიდული ავტომანქანების ოდენობა.

გარდა ამისა, უდიდესი წვლილი აქვთ მსოფლიო გიგანტებს, რომლებმაც თავიანთ საწარმოთა ფილიალები გახსნეს ბოლო 15 წლის მანძილზე იაფმუშახელიან ჩინეთში

და მაინც, ეს ციფრები ადასტურებს: ჩინური ავტომრეწვი ფანტასტიკური ტემპებით ვითარდება; მათ შორის პრესტიჟული `ელექტროქარების` წარმოების მიმართულებით  და აქ განსაკუთრებული როლი აქვს ილონ მასკს!

ასევე სპეციალისტები ადასტურებენ, რომ საკუთრივ ჩინური მანქანების ხარისხი და ხარისხი/ფასის არსებითი შეფარდება ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ანუ ჩინური მანქანები ნელა, თუმცა მაინც განუხრელად უმჯობესდება.

და ეს ნამდვილად არაა გასაკვირი - იმდენი და ისეთი ტექნოლოგიები მოიპარეს ამ 15 წლის განმავლობაში ჩინური სპეცსამსახურების კონტროლირებად ტერიტორიაზე გახსნილი გენიალური ამერიკული და გერმანული ინდუსტრიებიდან

 

 

ამ ფონზე გაიმართა ჩინეთ-ევროკავშირის სამიტი.

მასში მონაწილეობის მისაღებად ჩინეთში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი უსრულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის `საგარეო` ჟოზეფ ბორელი;

მოლაპარაკების მთავარი თემა გახდა სავაჭრო დისბალანსი პეკინსა და ბრიუსელს შორის: 200 მილიარდი დოლარი 2023 წლის დასაწყისიდან!

2023 წელს ევროკავშირმა ჩინეთს მიაწოდა $257,8 მილიარდის საქონელი და შეიძინა $458,5 მილიარდისა.

ამ ფონზე ცოტა არ იყოს კომიკურია ჩინეთის ხელისუფლების პრეტენზიები, რაც სამიტისას გაჟღერდა, რომ თურმე ევროკავშირი `პროტექციონისტული ზომებით` ზღუდავს ჩინური პროდუქციის გაყიდვებს ევროპულ ბაზარზე.

და ეს მაშინ, როცა სწორედ ჩინეთი ასუბსიდირებს იმავე ჩინურ ავტომრეწვს მილიარდობით დოლარის `ჩასხმით` ადგილობრივ ინდუსტრიაში, რაც რა თქმა უნდა მძიმე სახელმწიფო პროტექციონიზმის ფორმაა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

74 ამერიკელი კონგრესმენი (ძირითადად `რესპუბლიკელები) მოითხოვს ჰარვარდის, პენსილვანიის უნივერსიტეტებისა  და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორთა თანამდებობიდან გათავისუფლებას, რაკი ამ Univer-ებში გაიმართა პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები, რაც აღიქმება, როგორც ჰამასის მხარდაჭერა ისრაელის წინააღმდეგ.

სამივე რექტორის საკითხს გადაწყვეტს ბორდი, რომელიც მართავს უნივერსიტეტებს და ნიშნავს რექტორებს.

ეს სამი უნივერსიტეტი საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟულია ამერიკაში.