საერთაშორისო მიმოხილვა. 10 ივლისი. 2022 წელი
კომიკური დეტალები ირკვევა `დიდი ოცეულის` (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით.
სერგეი ლავროვი არის საქართველოს უბოროტესი მტერი, პუტინის აგრესიული იმპერიალისტური პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი. ამიტომ განსაკუთრებით სასიამოვნოა ის დამცირება, რაც მას თავს დაატყდა ინდონეზიაში, `ოცეულის` სამიტის დროს.
სამიტის საბოლოო ფოტოსესია ჩაიშალა, როგორც გუშინ მოგახსენეთ. მაგრამ ახლა ისიც ირკვევა, როგორ და რატომ ჩაიშალა: `დიდი შვიდეულის` ქვეყნებმა, ანუ დემოკრატიებმა წინასწარ აცნობეს `ოცეულის` სამდივნოს, რომ ისინი წინააღმდეგნი იყვნენ რუსეთის მოწვევისა ინდონეზიის სამიტზე. ბუნებრივია (G20) სამდივნო მათი თანხმობის გარეშე ლავროვს ამ ღონისძიებაზე ვერ მოიწვევდა.
მაშინ ლავროვმა, როგორც ნამდვილმა თაღლითმა, ასეთ გაიძვერულ ხრიკს მიმართა: გამართა ორმხრივი მოლაპარაკება ინდონეზიის ხელმძღვანელობასთან, დაემუქრა სავაჭრო სანქციებით და რუსეთის ბაზარზე წვდომის შეწყვეტით და მიაღწია იმას, რომ ინდონეზიის ხელმხძღვანელობამ ლავროვი დაპატიჟა ვიზიტით ინდონეზიაში ზუსტად იმ დროს, როცა იმართებოდა `ოცეულის` საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი. ანუ ამ სამიტზე კი არ დაპატიჟა, არამედ ვითომ ორმხრივი ვიზიტით დაპატიჟა ინდონეზიაში, რასაც `შვიდეული` ვერ გააპროტესტებდა რასაკვირველია. ეს ხომ ინდონეზიის საშინაო საქმე.
ამის შემდეგ, გაიძვერა ლავროვი ჩავიდა ინდონეზიაში და ჩუმად შეიპარა იმ სასახლეში, სადაც იმართებოდა (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი. იქ შეხვდა ინდონეზიის და ზოგიერთი სხვა არადასავლური ქვეყნის საგარეო მინისტრებს, რათა ჰქონოდა სათქმელი და `გასაფიარებელი`: ხომ ხედავთ, თქვენს ჯინაზე მაინც ჩამოვედიო. ბუნებრივია, G7 არც ერთი წევრი ამ თაღლითს არ შეხვდა
ბოლოს ლავროვი იმდენად გათავხედდა, რომ უთქვამს `რაკი ახლა ამ შენობაში ვარ, მოდი G20 `საგარეოთა` ერთობლივ პროტოკოლურ ფოტოსესიაშიც მივიღებ მონაწილეობასო. ინდონეზიამ, მოსკოვის ბაზრის დაკარგვის შიშით, მხარი დაუჭირა, - `რა მოხდა, სადმე კუთხეში დაეგდოს და იქ გადავუღოთო`, მაგრამ დემოკრატიებმა, პირველ რიგში აშშ სახმდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი სკადალი მოაწყო ამის გამო და ფოტოსესია საერთოდ ჩაიშალა.
აი ასეთ თაღლითობებს, ამგვარ უბადრუკ ხრიკებს მიმართავს `ე.წ. ბირთვული ზესახელმწიფო`, რათა ჩამოშლილი სახე როგორმე შეინარჩუნოს და სადმე მაინც `გამოჩნდეს` მისი მიერ მოწყობილი გენოციდის ფონზე.
. . . . . . . . . . . .
ყაზახეთი აპირებს ე.წ. `დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან` (დსთ - Содружество независимых государств - СНГ) გასვლას, რაც არის ისტორიული მოვლენა და ნამდვილი სენსაცია.
ჯერ მიზეზებზე ვთქვათ ძალიან მოკლედ: მოსკოვსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა გაფუჭდა მას შემდეგ, რაც
- პუტინმა გადაარჩინა პრეზიდენტი კასიმჟომარტ ტოკაევი ბუნტს, იმან კი, «მადლიერების ნაცვლად» (პუტინის შეფასებით ასეა) სასწრაფოდ მოითხოვა ყაზახეთიდან რუსული ჯარების გაყვანა როგორც კი გადარჩა ნაცვლად იმისა, ეს ჯარები ყაზახეთში სამარადჟამოდ დაეტოვებინა, რაც უნდოდა პუტინს. ტოკაევმა პუტინის პრეტენზიებს უპასუხა: ნურაფერს დამამადლი, რადგან შენ თუ არ დაეთანხმებოდი, ჩინეთი და თურქეთი გადამარჩენდნენ მაინცო
- ამის შემდეგ ყაზახეთმა უარი განაცხადა მხარი დაეჭირა რუსეთისთვის უკრაინის წინააღდმეგ, შემოიღო გარკვეული ანტირუსული სანქციები განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში, დაეხმარა უკრაინას ნავთობით.
- სანკტ-პეტერბურგის სამიტზე ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ ჟომარტ ტოკაევმა `კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნები` უწოდა აფხაზეთს, `სამხრეთ ოსეთს`, `დონეცკის რესპუბლიკას` და ლუგანსკის რესპუბლიკას`. თან უწოდა ისე, რომ ამას მისგან არც ვინმე მოითხოვდა: კრემლის პროპაგანდისტკამ, მარგარიტა სიმონიანმა კი დაუსვა კითხვა (მისი ქმარი, ასევე პროპაგანდისტი კეოსაიანი პერსონა ნონ გრატაა ყაზახეთში) სცნობ თუ არა დონეცკს და ლუგანსკსო, მაგრამ ყაზახეთის პრეზიდენტს შეეძლო არ ეპასუხა, ან დიპლომატიური `წყლით` გადაეფარა. ამის ნაცვლად, ყაზახეთის ლიდერმა პირდაპირ სახეში შეაფურთხა იქვე მჯდომ პუტინს.
- რუსეთმა დასაჯა ყაზახეთი იმით, რომ შეწყვიტა რუსეთის ტარიტორიაზე გამავალი ნავთობსადენით ნედლი ნავთობის გადაქაჩვა შავიზღვისპირა ტერმინალ ნოვოროსიისკში. იქ ყაზახური ნავთობი ტანკერებზე იტვირთებოდა და ყოველწლიურად ამ ხაზით 70 მილიონი ტონა ნავთობი იგზავნებოდა ყაზახეთიდან - ევროპაში. პუტინმა ახლა ეს არხი გადაუკეტათ და ამან ისე გააბრაზა ყაზახური ელიტები (მილიარდებზეა ლაპარაკი), რომ დსთ-დან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს!
ზოგადად, დსთ-დან გასვლა იმას ნიშნავს, რომ შენ გადიხარ (ან აცხადებ, რომ გინდა გასვლა) რუსეთის გეოპოლიტიკური სივრციდან!
დსთ 1991 წლის დეკემბერში ზუსტად იმიტომ შეიქმნა, რომ მოსკოვს `დაეფიქსირებინა` თავისი გეოპოლიტიკური სივრცე, სადაც მას უნდა ჰქონოდა პრიორიტეტი, ხოლო დასავლეთს ამ სივრცეში `ცხვირის შეყოფა` ვერ უნდა გაებედა.
1991 წლის ბოლოს `დსთ`- ს შეუერთდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის 11 რესპუბლიკა 15 რესპუბლიკიდან. არ შეუერთდნენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და საქართველო.
საქართველო დსთ-ში შეათრიეს სამოქალაქო ომის დროს, 1993 წლის ბოლოს, იურიდიულად კი 1994 წლის 1 მარტს, როცა საქართველოს იმდროინდელმა პარლამენტმა დსთ-ს წესდება დაარატიფიცირა. ანუ წევრების რიცხვი გაიზარდა 12-მდე.
საქართველო დსთ-დან გამოვიდა 2008 წლის აგრესიის დროს. მაშასადამე დარჩა ისევ 11 ქვეყანა.
ახლა, თუკი ყაზახეთმაც დატოვა დსთ, წევრი სახელმწიფროების რიცხვი შემცირდება 10-მდე.
მდგომარეობას ერთგვარ პიკანტურობას მატებს ის გარემოება, რომ მოლდოვა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, დსთ-ს წევრად რჩება და დსთ-დან გასვლას არ აპირებს. თუ ევროკავშირში შევა, კი უნდა გავიდეს ალბათ, მაგრამ სანამ კანდიდატია მხოლოდ, დსთ-დან გასვლას არ გეგმავს ჯერ. ეს ცოტა არ იყოს კომიკურიცაა, თუმცა ასეა - ფაქტია! ხოლო `ფაქტი ჯიუტია`.
მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ `გაუტარებს` ყაზახეთს დსთ-დან გასვლას, ამიტომ მოსკოვსა და ასტანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება. ეს გარდაუვალია.
საქართველოსთვის ძალიან საინტერესო აქ ისაა, რომ ყაზახეთი იძულებული იქნება ეძებოს ალტერნატიული გზები ხსენებული 70 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებისათვის ევროპაში.
ლოგიკურია, რომ ამისთვის გამოიყენებს კასპიის ზღვა-აზერბაიჯან-საქართველო-ბათუმი/ფოთი/ყულევი/სუფსას მარშრუტს.
საქართველოს რკინიგზა უკვე დატვირთულია ყაზახეთის ტვირთებით მათ შორის ნავთობით. ასევე დატვირთულია 100%-ით საქართველოზე გამავალი მილსადენები: ბაქო-თბილისი-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ასევე რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი და თბილისი-ფოთი; თბილისი-ბათუმი.
თუ ვივარაუდებთ, რომ მოსკოვსა და ასტანას შორის დაძაბულობა დიდხანს გაგრძელდება, ბონუსი, რასაც საქართველო მიიღებს როგორც გეოპოლიტიკური, ასევე სუფთად ეკონომიკური თვალსაზრისით (რკინიგზის მოგებაზე გასვლა პირველად დიდი ხნის განმავლობაში) ძალიან არსებითი იქნება.
თუმცა ყველა შესაძლებლობას გონივრული გამოყენება უნდა, ანუ პირველ რიგში უნარიანი მთავრობა.
მოსკოვი ასე იოლად არ შეურიგდება იმას, რომ დაკარგოს 70 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია და სულ გაჩერდეს ნოვოროსიისკის ტერმინალი. თვითონ რუსეთი ჩრდოლოეთში მდებარე ტერმინალებს იყენებს უფრო.
ამრიგად, მოსკოვი შეეცდება ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე.
ან მოისყიდოს, ან დააშინოს და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ რუსის ჯარი ამ კომუნიკაციებთან 1-2 კილომეტრშია სულ განლაგებული - ანუ ცხინვალთან
. . . . . . . . . .
ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრობიდან კი გადადგა, მაგრამ პოლიტიკიდან წასვლას სულაც არ აპირებს.
ამის ნიშანია, რომ მან არ დათმო დეპუტატის მანდატი და არ დაუშვა მის ერთმანდატიან ოლქში ახალი არჩევნების ჩატარება `გამოკლებული დეპუტატის` ნაცვლად.
ეს გადაწყვეტილება ჯონსონმა კონსერვატიულ პარტიასთან შეთანხმებით მიიღო: პარტიას ნამდვილად არ აწყობდა ახლა არჩევნები, რადგან `ცხელ გულზე` შესაძლოა იმ ოლქში, სადაც მანამდე ბორის ჯონსონი აირჩიეს, ლეიბორისტულ კანდიდატს გაემარჯვა, რაც ცუდი პრეცედენტი იქნებოდა კონსერვატიული პარტიისთვის და გააძლიერებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას.
დიდ ბრიტანეთში ასეთი საარჩევნო სისტემაა: დაახლოებით 650 დეპუტატი აირჩევა ქვედა პალატაში ანუ თემთა პალატაში (House of Commons) მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში.
გამარჯვებული პარტია აკომპლექტებს მთავრობას დამოუკიდებლად ან (თუ ხმები არ ჰყოფნის) ოპოზიციასთან გარიგებით, ოღონდ ყველა მინისტრი და თვით პრემიერ-მინისტრიც რჩება დეპუტატად.