საერთაშორისო მიმოხილვა. 10 ნოემბერი. 2024 წელი
ამერიკული მეინსტრიმული მედიის მთავარი თემაა „მასობრივი დეპორტაცია“, რასაც დონალდ ტრამპი ნამდვილად გეგმავს, რაკი მისი წინასაარჩევნო კამპანიის აკვანძო თემა სწორედაც უკანონო იმიგრაცია იყო.
განსაკუთრებით ღელავენ ნიუ იორკში, რომელიც უკანონო ანუ ე.წ. „არადოკუმენტირებული“ მიგრანტების მთავარი თავშესაფარია ამ ქალაქის ტრადიციული ლიბერალიზმის გამო.
მხოლოდ ნიუ იორკში, ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 400 000 ამგვარი „არადოკუმენტირებული“ მიგრანტი ცხოვრობს.
ეს ძალიან დიდი ციფრია თვით ამერიკისთვისაც კი.
ოღონდ ჯერ მაინც გაუგებარია, როგორ აპირებს დონალდ ტრამპი ამ „მასობრივი დეპორტაციების“ განხორციელებას, როდესაც ლიბერალური მედია აუცილებლად გააშუქებს მის ძალადობრივ მხარეებს (რაც გარდაუვალია) ასევე გააშუქებს გარდაუვალ ოჯახთა დაშორებას, ოჯახთა განცალკევებას, ადამიანურ, პიროვნულ ტრაგედიებს და ა.შ და ა.შ.
ეს ძლიერ „დაარტყამს“ ამერიკის იმიჯს მთელს მსოფლიოში და ამერიკის ურთიერთობას ლათინურ ქვეყნებთან, რაკი უკანონო მიგრანტთა უდიდესი ნაწილი ამჟამად სწორედ ლათინური ამერიკიდანაა.
აქ არის კიდევე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ვინ უნდა განახორციელოს ეს „მასობრივი დეპორტაცია“?
არმიის ჩართვა გამორიცხულია. „საემიგრაციო სამსახურებს“ ასეთი მასშტაბური აქციისთვის რესურსები არ ეყოფათ.
რჩება პოლიცია.
პოლიციას ამერიკაში ძალიან დიდი ხანია კანონით (!) ეკრძალება ადამიანის შემოწმება ქუჩაში მისი მიგრაციული სტატუსის დასადგენად, რადგან ეს გამოიწვევს ბრალდებებს მასობრივ ქსენოფობიაში - გარეგნობის ნიშნით ქუჩაში შეყოვნება, ბავშვების თვალთვალი სკოლებიდან მათი მშობლების ადგილსამყოფლის დასადგენად და ა.შ და ა.შ.
უამრავი ლოჯისტიკური თუ სხვა პრობლემაც წარმოიშობა - ემიგრანტები, განსაკუთრებით „ლათინოსები“ დისპერსიულად კი არ ცხოვრობენ მხოლოდ, არამედ კომპაქტურადაც ნიუ იორკის სხვადასხვა რაიონში.
იქ პოლიცია ომს დაიწყებს დეპორტაციების განსახორციელებლად ან თუნდაც დოკუმენტების შესამოწმებლად?
გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს არც ერთი წამით, რომ ამერიკა ძლიერი ფ ე დ ე რ ა ც ი ა ა.
ნიუ იორკის მერს არა აქვს კონსტიტუციით იმდენი უფლებები, რამდენიც შტატ ნიუ იორკის გუბერნატორს.
შტატები კი სახელმწიფოებია- თავისი კონგრესებით, სასამართლოებით და ა.შ.
სამაგიეროდ, ფედერალურ დონეზე დონალდ ტრამპს უკვე აღარაფერი უშლის ხელს ააშენოს დიდი კედელი მექსიკის საზღვარზე, რასაც დღემდე დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ. მათი ერთ-ერთი ლიდერი, ნენსი პელოსი ამბობდა: „ამერიკის სიმბოლო Miss liberty უნდა იყოს კვლავინდებურად და არა „ბერლინის კედლის“ მსგავსი კედელი მექსიკის საზღვარზეო“.
მაგრამ 5 ნოემბერს „რესპუბლიკელებმა“ არა მხოლოდ თეთრი სახლი მოიგეს, არამედ მთლიანად მოიგეს კონგრესიც. ორივე პალატა: ქვედა პალატაც და სენატიც.
შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპის დაინიცირებულ კანონებს და ბრძანებულებებს უკვე ვეღარაფერი დაუდგება წინ არც „დეპორტაციის“ განსახორციელებლად და არც საბიუჯეტო სახსრების გამოსაყოფად „კედლის“ საჭიროებებზე.
აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იმ 400 000 უკანონო მიგრანტიდან, რომელმაც ნიუ იორკში ჩამოაღწია, 200 000 იქ ჩავიდა (ეს უტყუარადაა დადასტურებული) 2022 წლის შემდეგ, როდესაც „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ მუდმივი კლინჩის დროს კონგრესში „გაიჭედა“ საბიუჯეტო ასიგნებები, ხოლო პოლიცია, მექსიკის საზღვარზე ნაწილობრივ პარალიზებული იყო.
საინტერესოა ასევე, რომ დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის არჩევნებზე ბევრისთვის მოულოდნელად საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ნიუ იორკში.
კამალამ საბოლოოდ NYC მოიგო რასაკვირველია, ისევე როგორც State NY, მაგრამ ქალაქში დონალდმა ბევრი ხმა აიღო ზუსტად იმიტომ, რომ დიდი ემიგრაცია და ამ ემიგრაციით მოტანილი პრობლემები ღლის ნიუ იორკელებს მათი რასის მიუხედავად:
ის „ლათინოსები“, რომლებიც „დოკუმენტირებული“ არიან ანუ აქვთ ან მოქალაქეობა ან აქვთ ცხოვრების უფლება, ეწინააღმდეგებიან ახალ ემიგრანტებს მათი მშობლიური ეკვადორიდან, სალვადორიდან და ა.შ.
ასეთია ადამიანის ბუნება როგორც ჩანს. ამან დონალდის სასარგებლოდ იმუშავა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინამ 13 უპილოტო აპარატით დაბომბა რუსული სამხედრო ქარხანა ტულასთან, მოსკოვიდან 200 კილომეტრში.
ქარხანაში მზადდება ამუნიცია რუსული არმიისთვის, გარკვეული სახეობის იარაღი და რაც მთავარია, ამ ქარხანას აქვს „ქიმიური განყოფილება“.
ტულას ოლქის გუბერნატორი, დიმიტრი მილაევი კი ამბობს „მოვიგერიეთო“, თუმცა რუსულ და უკრაინულ (!) „ფაბლიკებში“ ვრცელდება ვიდეო-კადრები, როგორ იწვის საწარმო.
ნიშანდობლივია, რომ ეს შეტევა განახორციელა არა უკრაინის არმიამ, არამედ СБУ-Служба безопасности Украины ანუ უკრაინის სპეცსამსახურმა.
შესაძლოა მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსეთი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას აპირებს ფრონტზე.
ყოველ შემთხვევაში, დასავლურ აქტორებს აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ რუსეთი არ ასრულებს ხელშეკრულებებს ქიმიური იარაღის წარმოებაზე უარის თქმისა და ამ იარაღის განადგურების შესახებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა გაეფორმებინა თეთრ სახლთან, ანუ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ე.წ. Transition agreements ესე იგი ხელისუფლების გადაცემის დოკუმენტაცია, რასაც არ აქვს მხოლოდ „ეთიკური მნიშვნელობა“ ანუ მხოლოდ იმას როდის განსაზღვრავს, რომ წინა და ახალი პრეზიდენტები ფოტო და ტელე კამერების წინ ერთობლივად უნდა გამოჩნდნენ, შემდეგ თეთრი სახლის ვერანდაზე ერთად გაიარონ და ა.შ..... სინამდვილეში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომელიც გულისხმობს, ჯერ ერთი, ძალაუფლების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტთა მდგომარეობას „ტრანზიციის“ პერიოდში (მაგალითად, „ბირთვული სუით-ქეისისა“, სანამ President elect ჯერ არ არის სრულყოფილი უმაღლესი მხედართმთავარი - ფიცის დადებამდე) და რაც მთავარია, არჩეული პრეზიდენტის მიერ „ინტერესთა კონფლიქტის“ გამორიცხვას, ანუ სახელმწიფო უწყებების დარწმუნებას, რომ მაგალითად დონალდ ტრამპმა უკვე გადააბარა თავისი ბიზნესები მმართველებს. ეს იმიტომ კეთდება (მუდამ კეთდებოდა), რომ ამერიკული „საგადასახადოს“ შემოწმების ვადები და Transition ვადები არ არის დაპარალალებული და ვერც იქნება.
მაგრამ დონალდ ტრამპი ამგვარი Agreements გაფორმებაზე ჯერ უარს აცხადებს.
არ არის გამორიცხული, მას სურდეს მისთვის საძულველი ბაიდენისგან ძალაუფლების გადმობარება „დადგას“, როგორც ბაიდენის და მისი გუნდის გაგდება თეთრი ახლიდან.
ანუ....არც მივა და ხელსაც არ ჩამოართმევს? ესეც პირველი შემთხვევა გამოვა ამერიკის ისტორიაში, თუმცა დონალდ ტრამპი უკვე ბევრ რამეშია ნამდვილად „პირველი“.
ამ დროს ამერიკის „ანტიტრამპულ“ მედიაში (და ეს მხოლოდ დასაწყისია) დაჟინებით ვრცელდება ცნობები, რასაც დონალდის გუნდი არ აკომენატრებს, რომ ტრამპის ბიზნესები ყვავის, იზრდება, იბუსტება, ტრამპმა ასეულობით მილიონობით დოლარი მოიგო ამ დღეებში, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი: თუკი ილონ მასკმა 6 ნოემბერს (მხოლოდ ერთ დღეს) 26,5 მილიარდი დოლარი მოიგო, თავად დონალდ ტრამპის ბიზნესებზე მისი გამარჯვება არ იმოქმედებდა? ინვესტორებს არ წაახალისებდა?
კრიტიკული მედია წერს, რომ ტრამპს და მისი ოჯახის წევრების მრავალფეროვან ბიზნესებს ბოლო 2 წელია დაემატა კრიპტოვალუტის მაინინგი.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში კრიპტოვალუტის ფასიც ფანტასტიკური ტემპებით იზრდება.
მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, დონალდ ტრამპის გუნდში არიან პერსონები, რომლებიც ცდილობენ იგი დაარწმუნონ, რომ სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვთ და Transition agreement ის ნაწილი მაინც უნდა შეასრულოს, რაც ძალაუფლების „გადაბარების“ ცერემონიალს ეხება.
არ არის გამორიცხული, 13 ნოემბერს დონალდი მაინც შეხვდეს მოქმედ პრეზიდენტს თეთრ სახლში.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა დაწერა მის კუთვნილ სოციალურ ქსელში Truth, რომ არ მიიწვევს თავის ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილის (აშშ ყოფილი ელჩი გაეროში) და მაიკ პომპეოს (ყოფილი სახელმწიფო მდივანი).
ზოგ დამკვირვებელს ეს ცუდად ენიშნა, რაკი ჰეილიც და პოპმპეოც უკრაინის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ 2022 წლის შემდეგ, როცა დონალდ ტრამპი უკვე აღარ იმყოფებოდა თეთრ სახლში, თუმცა....ორივე აქტიურად უჭერდა მხარს ტრამპს საპრეზიდენტო კამპანიისას.
პარიზის მერიამ დაადასტურა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც 2019 წლის აპრილში სანახევროდ დაიწვა, 8 დეკემბერს კვლავ გაიხსნება.
დიდებული მოვლენაა საფრანგეთისთვის და არა მხოლოდ.
ორი დღის წინ ნოტრ-დამის ზარებმა პირველად დარეკეს ხანძრის შემდეგ.
გამოძიება ხანძრის მიზეზებზე ჯერაც გრძელდება და ზუსტად ვერ ამბობს, რამ გამოიწვია ის საშინელი ხანძარი.
ერთი ვერსიით HR პრობლემა იყო ანუ უპასუხისმგებლო ხელოსნის სიგარეტი, რომელიც ელექტრობას აკეთებდა სახურავზე;
მეორე ვერსიით, თვით ელექტროგაყვანილობის პრობლემა იგივე ე.წ. „მოკლე ჩართვა“.
ტერორისტული აქტი გამოირიცხა თავიდანვე.