იგორ გიორგაძე - მძლავრი კოზირი რუსეთის ხელში

იგორ გიორგაძე - მძლავრი კოზირი რუსეთის ხელში

 

    ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ისევ გამოჩნდა უშიშროების ყოფილი შეფი და კვლავ გაიჟღერა პოლიტიკურ კონტექსტში მისმა სახელმა.
    რამდენიმე გაზეთმა (მათ შორის გაზეთმა «კომუნისტმა») დაბეჭდა გიორგაძის «ღია წერილი ედუარდ შევარდნაძისადმი», რომელშიც იგი ყოფილ «პატრონს» მრავალ სულისმომკვლელ ცოდვაში სდებს ბრალს და ემუქრება კიდეც - არ გეგონოს, რომ მაჯობე და დამამარცხე, მე კიდევ შეგახსენებო თავს.
    როგორც ჩანს, პაველ გრაჩოვის თანამდებობიდან გადაყენებამ მოსკოვში გიორგაძის პოზიციები იოტისოდენად ვერ შეარყია. უფრო პირიქით. თუ გრაჩოვის აგარაკზე იგორ გიორგაძის ყოფნის ფაქტს საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა გრაჩოვ-ნადიბაიძის «ნათელმირონობის» გამო, ალექსანდრე ლებედთან იმავე «ამხანაგ იგორის» ახლობლობას ვეღარავინ უარყოფს, ვინაიდან ეს სავსებით თავსდება რუსეთის უშიშროების საბჭოს ახლადდანიშნული მდივნის გეოპოლიტიკურ კონცეფციაში.
    იგორ გიორგაძის «საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადმოცემის» თემა უკვე ამოიწურა. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს მოთხოვნა სასაცილოდაც არ ჰყოფნით: რუსეთი რომ ასე ადვილად «აბარებდეს» თავის რეზიდენტებს, მას მთელ მსოფლიოში, ამერიკიდან - ავსტრალიამდე, არც ერთი აგენტი აღარ ეყოლებოდა.
    რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ოფიციალურ პირთა განცხადებით, «რუსეთი არ დააკმაყოფილა საქართველოს მიერ მოწოდებულმა მტკიცებულებებმა იგორ გიორგაძის დამნაშავეობის შესახებ». მაშასადამე, იგორ გიორგაძის «გადმოცემაზე» ლაპარაკი ზედმეტია. როგორც ჩანს, გიორგაძემ თავისი პირდაპირი ფუნქციაც ჯერ არ ამოწურა - იგი კიდევ შეიძლება გამოიყენონ საქართველოში ახალი დესტაბილიზაციის ტალღის ასაგორებლად და შეიარაღებული პროვოკაციების მოსაწყობად.
    ერთი შეხედვით, იგორ გიორგაძეს თითქოს სოციალური დასაყრდენი საქართველოში არ გააჩნია, რაკი როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მის მიმართ არათუ ნეიტრალურად, არამედ მტრულად და შეურიგებლად არიან განწყობილნი. მაგრამ რუსეთი აშკარად ცდილობს გიორგაძეს შესძინოს «პოლიტიკური შეხედულებებისათვის წამებული რაინდის» ქარიზმა.
    გიორგაძის პოლიტიკური პლატფორმა მოსკოვში მზადდება და მისი ძირითადი მახასიათებელია დევიზი: «საქართველო რუსეთის გარეშე დაიღუპება». არადა, იგორ გიორგაძეს პოლიტიკური საკითხები, სინამდვილეში, არ აინტერესებს: მან მიიღო დავალება თავისი ახალი «შეფისაგან», რომელიც პირნათლად უნდა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება შეიცვალოს აზრი იგორ გიორგაძის «უდანაშაულობის» შესახებ და 29 აგვისტოს ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი საქართველოს გადმოსცეს.
    რაც შეეხება იგორ გიორგაძის სოციალურ დასაყრდენს საქართველოში, რუსეთი ამგვარ დასაყრდენს უკვე ქმნის - იმ ძალათა მეშვეობით, რომელნიც სისხლხორცეულად არიან დამოკიდებულნი რუსეთზე და «საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის» შეცვლას უკვე ვეღარ შეძლებენ. აქედან გამომდინარე, იგორ გიორგაძე, მიუხედავად მისი პოლიტიკური მნიშვნელობის დღევანდელი შემცირებისა, პოტენციაში მაინც მძლავრ ფიგურად რჩება და იგი ჯერ კიდევ შეიძლება ცეცხლითა და მახვილით დაბრუნდეს საქართველოში ამ ჩვენი «რუსეთუმეების» წყალობით.

«მერიდიანი», 12 ივლისი, 1996 წელი.