საერთაშორისო მიმოხილვა. 11 ივლისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 ივლისი. 2024 წელი

ჯო ბაიდენი ძალიან არაერთგვაროვანი სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში, ჩრდილო ატლანტიკურ კავშირის საიუბილეო (75წ) სამიტზე.

NATO-ს სახელწოდება სინამდვილეში ეს არის - „ვაშინგტონის ხელშეკრულება“, რაკი ვაშინგტონში მოეწერა ხელი 1949 წელს.

 ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ უნდა გაიმარჯვოსო უკრაინის წინააღმდეგ ომში.

 მაგრამ აშშ პრეზიდენტს არ უთქვამს მთავარი: „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოსო“

მისი თქმით, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა და ეს ნამდვილად რუსეთის „ვერ გამარჯვება“ იქნება. ოღონდ.....ბაიდენს არ უთქვამს, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, რაც ამ მომენტისთვის დაკარგა.

ეს იქნება სწორედ უკრაინის არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ უკრაინის გამარჯვებაც.

თუ დავაკვირდებით ბაიდენის ამ ფორმულას, სამწუხაროდ ეს შინაარსობრივად იგივეა, რასაც პუტინი აჟღერებს ბოლო დროს: „შემრჩეს რაც დავიპყარი“, აღარ მივდივარ კიევისკენ, შევწყვიტოთ ცეცხლი, მაგრამ მომიხსენით სანქციები“.

 

ვლადიმერ ზელენსკიმ, აშშ დედაქალაქში ყოფნისას, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა სხვადასხვა საჯარო გამოსვლისას, რომ მისთვის ამგვარი ფორმულა მიუღებელია: შესაძლოა არც ზელენსკი გულისხმობდეს 1991 წლის საზღვრებზე გასვლას ხვალვე, თუმცა რასაც ის უეჭველად გულისხმობს, არის უკრაინის გადარჩენილი ტერიტორიის მიღება NATO-ში ან როგორც მინიმუმ ამერიკული და ევროპული ჯარების ლეგალურად განლაგება უკრაინის გადარჩენილ ტერიტორიაზე, რათა რუსეთმა ვერც 10 წლის შემდეგ და ვერც 50 წლის შემდეგ აგრესია ვეღარ გაბედოს.

 

თვით NATO-ს 2024 წლის დეკლარაცია ნამდვილად ძლიერია.

მასში ნათქვამია, რომ უკრაინა „წევრობის შეუქცევად გზაზე დგას“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

 NATO-ს სამიტის მსვლელობისას (რაც რა თქმა უნდა უბრალო დამთხვევა არ არის და არც შეიძლება იყოს) პენტაგონმა დაადასტურა, რომ 2026 წლიდან აშშ გერმანიაში (!) განალაგებს საშუალო სიშორის რაკეტებს Tomahawk – 1800 კილომეტრის შორსმწვდომობით.

ეს კარდინალურად ცვლის სამხედრო-სტრატეგიულ „განლაგებას“ (ბოდიში ჟარგონისთვის „რასკლადს“) ევროპაში და აბრუნებს მას 1988 წლამდელ ვითარებაში - „ცივი ომის პერიოდში“, როდესაც გორბაჩოვმა და შევარდნაძემ რეიგან-ბუშის ადმინისტრაციასთან გააფორმეს ფუნდამენტური, ისტორიული ხელშეკრულება „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების  აკრძალვისა და განადგურების შესახებ“.

თუმცა, პუტინის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ხსენებული ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდად აქცია და პუტინმა მისი დენონსაციაც მოახდინა საბოლოოდ.

შეგახსენებთ, რომ ის ხელშეკრულება კრძალავდა რაკეტებს 500 კილომეტრიდან - 5 000 კილომეტრამდე.

SS-26 Iskander, რომელიც რუსეთმა ესროლა გორს 2008 წლის 12 აგვისტოს და ახლა ხშირად ესვრის უკრაინას, 500 კილომეტრამდე შორსმწვდომობისაა. ოფიციალურად ყოველ შემთხვევაში, თუმცა ბევრი სამხედრო სპეციალისტი თვლის, რომ სინამდვილეში ბევრად უფრო შორი მანძილისაა და კალინინგრადიდან, სადაც  მოსკოვმა „ისკანდერები“ უკვე განალაგა, არა მხოლოდ ბერლინს, არამედ ლონდონსა და პარიზსაც მისწვდება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს, 11 ივლისს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც NATO-ს სამიტში მონაწილეობდა, გეგმავს გაფრინდეს ფლორიდაში და მარ ა ლაგოს რეზიდენციაში მოინახულოს აშშ 45 პრეზიდენტი, პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი დონალდ ტრამპი.

თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ დიახ, ნამდვილად, ორბანი ცდილობს შეასრულოს შუამავლის ფუნქცია ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის, რათა წინასწარ გამოკვეთოს მომავალი გარიგების კონტურები უკრაინის თემაზე კრემლსა და თეთრ სახლს შორის, თუ ოვალურ კაბინეტში ტრამპი მართლაც დაბრუნდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა განაპირობა დასავლეთის შეცდომამ: 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე დაჰპირდნენ უკრაინას და საქართველოს წევრობას, თუმცა ეს პირობა არ შეასრულესო.

„რუსეთი ამ შემთხვევაში ვერ გაბედავდა ყირიმის ანექსიას 2014 წელს და უკრაინაში შეჭრას 2022წ“- აღნიშნა ბოლტონმა.

ეს სიახლე არ არის რასაკვირველია;

 სიახლე ისაა, რომ სწორედ ამ დღეებში ამერიკულ პრესაში გაჟონა სენსაციურმა ინფორმაციამ 1994 წელს (!) თეთრ სახლში გამართული სრულიად საიდუმლო თათბირის შესახებ, რომელზეც იმდროინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ინიციატივით განიხილეს უკრაინის NATO-ში მიღების შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთმა გადაწყვიტა უახლოესი 1 წლის განმავლობაში 17 ათასამდე გაზარდოს ანუ თითქმის გაასამმაგოს პოლონური ჯარების რაოდენობა ბელორუსის საზღვარზე.

ახლა იქ 6 000 პოლონელი ჯარისკაცია დისლოცირებული.

ამ პროექტის განსახორციელებლად ვარშავამ 2,5 მილიარდი დოლარი გამოყო, რაც ერთი სამხედრო პროექტისთვის, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, საკმაოდ დიდი თანხაა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი აპირებს არა უბრალოდ დამატებითი ჯარები განალაგოს ბელორუსთან საზღვარზე, არამედ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იქ ააშენოს „თავდაცვითი ზღუდე“ ანუ საფორტიფიკაციო ნაგებობების მთელი სისტემა, რასაც იმ დიდი ომის დროს აშენებდნენ მთელს ევროპაში......

ამაზე მნიშვნელოვანი კიდევ ისაა, რომ ვარშავას გადაწყვეტილებით, პოლონური არმიის საერთო რიცხოვნობა ამჟამინდელი 100 000-დან 300 000-მდე გაიზრდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სოფელ რობოტინოსთან რუსი აგრესორების მიერ 60 უკრაინელი ტყვის დახვრეტის გამო.

ეს ამ აგრესიული ომის დროს პუტინის არმიის სტილია - დანებებული ტყვეების დახოცვა ყოველგვარი საერთაშორისო კონვენციების და ომის კანონების დარღვევით.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს დილით (11 ივლისს) მოსკოვის მერმა სობიანინმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ უკრაინული დრონი მიფრინავდა მოსკოვისკენ და რუსულმა „საზენიტომ“ ჩამოაგდო.

არსებობს სიმპტომები, რომ უკრაინა ემზადება მასიური დარტყმისთვის მოსკოვზე ან ყირიმზე მას შემდეგ რაც რუსებმა კიევი ბარბაროსულად დაბომბეს და ბავშვები დახოცეს.

შესაძლოა ამ მიზნით გამოიყენონ F-16 თვითმფრინავები, რაც უკვე „ადგილზეა“.

მოსკოვში ცოფიანი რეაქცია გამოიწვია დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრის კირ სტარმერის განცხადებამ, რომ უკრაინას თავად შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ და სად გამოიყენებს ბრიტანული წარმოების რაკეტებს Storm shadow.

ანუ შეზღუდვა არ ექნებაო.

საქმე ისაა, რომ ამ ბრიტანული (უფრო ზუსტად ბრიტანულ-ფრანგული) რაკეტების საჰაერო მოდიფიკაცია, თუკი სტრატოსფეროდან გაისვრის F-16, მოსკოვსაც აღწევს და პეტერბურგსაც.

და კიდევ იმანაც გააცოფა პუტინი, რომ ლეიბორისტი სტარმერი არ აპირებს რაიმე შეცვალოს უკრაინის მიმართ პოლიტიკაში ან „შეურბილოს“ მოსკოვს ის მკაცრი პოლიტიკა, რასაც ბრიტანელი კონსერვატორები ატარებდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ნეგატიური აზრით „ლეგენდარულია“ და პუტინის რეჟიმის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება, დაუსწრებლად პატიმრობა შეუთვალა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას, რომელიც ევროპაში ცხოვრობს.

იულიას „ექსტრემიზმს“ აბრალებენ.

ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში პუტინის ნოუ-ჰაუა: „ექსტრემიზმი“ არ არის არც „ტერორიზმი“ და არც „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“.

რუსულ სპეცსამსახურებს თუ რაიმე არ მოეწონებათ, ყველაფერს „ექსტრემიზმად“ გამოაცხადებენ რასაკვირველია. მათ შორის ნებისმიერ კრიტიკულ განცხადებას.

მაშასადამე, ალექსეი ნავალნი ხომ მოკლა პუტინმა ციხეში....... ახლა მის ცოლს უპირებს მოკვლას და განადგურებას.......

 ისევე, როგორც ნავალნის გუნდის თითქმის ყველა წევრი ჩაყარა ციხეებში. ვინც კი არ გაიქცა.

აქ ერთი  საინტერესო საკითხია: ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი ხომ მოკლა პუტინმა...... სხვა ოპოზიციონერებიც....აი გრიგორი იავლინსკის მსგავს ოპოზიციონერებს კი არ კლავს.

რატომ?

იმიტომ, რომ პუტინის რეჟიმი უკვე ისეთ სტადიაში შევიდა მისი მარაზმატული განვითარებისა, რომ „სისტემური ოპოზიციის“ არ ეშინია.

გრიგორი იავლინსკი და მისი Яблоко სისტემური ოპოზიციაა - არჩევნებში მონაწილეობს (სულ აგებს და სახელმწიფო სათათბიროს მიღმა რჩება), პუტინს აკრიტიკებს.......აკრიტიკოს რამდენიც უნდა.

აი ნავალნი და მისი გუნდი კი (მანამდე ნემცოვი) „არასისტემური ოპოზიცია“ იყვნენ ანუ რევოლუციონერები...... ამიტომაც ხოცავს და იჭერს მათ პუტინი თორემ.....„სისტემური ოპოზიციის“ მეტი რა ჰყავს?  

ანუ  „ხელზე მიჩვეულის?“

იგივე რუსი კომუნისტები (КПРФ)  მაგალითად.