საერთაშორისო მიმოხილვა. 13 თებერვალი. 2025 წელი
გუშინ გატყობინებდით, რომ პუტინის „მოლაპარაკე თავები“ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ჩათვლით, უბადრუკად იტყუებოდნენ, თითქოს არ იციან შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი პუტინსა და ტრამპს შორის.
ზოგი იმასაც კი ამბობდა, „არა არ იგეგმება მსგავსი არაფერიო“.
რა თქმა უნდა არ შერცხვებათ ახლა, რომ საბოლოოდ დადასტურდა: დიახ, საუბარი შედგა.
როგორც ჩანს არ იყო იმ შინაარსისა, რაც პუტინს მოეწონებოდა, მით უმეტეს გაახარებდა, ამიტომაც მალავდნენ დიდხანს
ისიც საინტერესო საკითხია, ვინ გახდა სატელეფონო „კომუნიკაციის“ ინიციატორი: ვაშინგტონი თუ მოსკოვი. დიპლომატიის დაუწერელი წესებით და კანონებითაც კი (დიპლომატიაში „დაუწერელი“ არათუ წესები, არამედ კანონებიც არსებობს) მხარეები, როგორც წესი, უიშვიათესი გამონაკლისი გარდა, არ ასაჯაროებენ ინიციატორის ვინაობას.
თუმცა აქ და ამ შემთხვევაში მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინიციატორი ტრამპი იყო და არა პუტინი.
ხომ ამბობდა აშშ 47-ე პრეზიდენტი: პუტინს უნდა დავურეკო, უკრაინაზე მოლაპარაკებებს ვიწყებო.
ესეც ირიბად მეტყველებს იმაზე, რომ პუტინს უკრაინაში საქმე კარგად არა აქვს: კარგად რომ მისდიოდეს საქმე, არ მოერიდებოდა თვითონ დაერეკა „ძლიერის პოზიციებიდან“.
ირკვევა, რომ სატელეფონო საუბარი შედგა მოსკოვის დროით საღამოს 18 საათზე, როდესაც ვაშინგტონში დილის 10 საათია ანუ, შეიძლება ითქვას, დონალდ ტრამპის სამუშაო დღე 12 თებერვალს სწორედ ამ სატელეფონო საუბრით დაიწყო.
ტრამპმა საუბრის დასრულებისთანავე დაწერა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth საუბრის შესახებ.
აქვე საინტერესო ნიუანსია: სოციალურ ქსელ X (ყოფილი Twitter) მფლობელი ილონ მასკი ტრამპის „მარჯვენა ხელია“, მაგრამ ტრამპი მაინც საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რათა მის პოპულარიზაციას წაეხმაროს: ბიზნესმენის მენტალობა უცვლადია!
და ეს მიუხედავად იმისა, რომ X-სს რასაკვირველია მეტი გამომწერი და მკითხველი ჰყავს, ვიდრე ტრამპის სოც-ქსელს.
კ ო ნ კ უ რ ე ნ ც ი ა არასდროს არსად სრულდება!
ტრამპმა დაწერა, რომ პუტინთან განიხილა უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის ძალა და სხვა საკითხები.
„დოლარის ძალაში“ რა იგულისხმება შესაძლოა კიდეც ვივარაუდოთ, მაგრამ თემატური ჩამონათვალი მაინც უცნაურად ჟღერს: AI Artificial intelligence რა პუტინთან განსახილველი თემაა?
ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან რომ განეხილა, კიდევ გასაგები იქნებოდა, რადგან ჩინელებმა მართლაც მიაღწიეს წარმატებას ამ სფეროში, მაგრამ რუსეთს რამე მიღწევები აქვს?
საუბარი საათნახევარს გაგრძელდა. ირკვევა, რომ ტრამპს უთქვამს: „ჩვენმა წინაპრებმა ამდენი სისხლი დაღვარეს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების წინააღმდეგ......რუსებმა მილიონობით ადამიანი დაკარგეს....ჩვენც, ამერიკელებმა ძალიან ბევრი დავკარგეთო......“
რა თქმა უნდა ერთად ებრძოდნენ რუზველტის ამერიკა და სტალინის სსრკ ჰიტლერს, ამერიკამ არანაკლები წვლილი შეიტანა ნაცისტური გერმანიის განადგურებაში, ვიდრე სსრკ-მ, მაგრამ ზოგადად, დღევანდელ ვითარებაში ამ თემატიკის წამოწევა და მასზე აქცენტი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ პუტინი აპირებს მიიწვიოს ტრამპი მოსკოვში, 9 მაისს, „გამარჯვების აღლუმზე“.
ბევრჯერ მიუწვევიათ ამერიკის პრეზიდენტები და ზოგიერთი (კლინტონი, ბუში) ჩასულა კიდეც, რათა „წითელ მოედანზე“ აღლუმს დასწრებოდა.
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ მოსკოვში ჩავა. ისევე, როგორც არ გამორიცხა პუტინი მიიწვიოს ვაშინგტონში. ერთიც და მეორეც იქნება სრული კატასტროფა მანამ, სანამ უკრაინაში რაიმე არ გაირკვევა პოზიტიური.
საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და არსებითი თემა იყო უდანაშაულო ამერიკელების გაცვლა რუს ჰაკერებსა და კრიმინალებში, რომლებიც რუსულმა სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს.
ტრამპმა თქვა, რომ ამ საკითხში შეთანხმება ნამდვილად მიღწეულია.
ტრამპმა, საუბრის კომენტირებისას, სიხარულით აღნიშნა, რომ პუტინმა რამდენჯერმე გაიმეორა ის ტერმინი, ის ცნება, რასაც ტრამპი ხშირად აჟღერებდა და აჟღერებს უკრაინის პრობლემასთან დაკავშირებით: Common sense ანუ საღი აზრი.
ოღონდ პუტინს და ტრამპს ეს ცნება როგორც ჩანს სხვადასხვანაირად ესმით.
პუტინს ესმის, როგორც უკრაინის კაპიტულაცია.
პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად, აუცილებელია „კონფლიქტის პირველწყაროთა განშორება“ და ამ „პირველწყაროში“ იგი უკრაინის სახელმწიფოს არსებობას გულისხმობს აშკარად.
ესე იგი, პუტინის აზრით, სანამ უკრაინის სახელმწიფო არსებობს, რომელსაც უკრაინული აქვს სახელმწიფო ენა და ავტოკეფალიური ეკლესია გააჩნია და საგარეო პოლიტიკას კრემლთან შეუთანხმებლად აწარმოებს, კონფლიქტის წყარო არ ამოწურულა.
ტრამპმა უმალვე დაწერა, რომ ნახევარსაათიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც მოუყვა პუტინთან დიალოგის შესახებ და უმალვე დაავალა თავის გუნდს ჩაერთოს მოლაპარაკებებში კიევთან და მოსკოვთან.
ტრამპმა საუბრისას წუხილი გამოთქვა, რომ „მილიონობით ადამიანი (!)“ დაიღუპაო უკრაინის ომში ორივე მხრიდან და რომ ეს ომი „არ იქნებოდა მე რომ ვყოფილიყავი 2022 წელს ამერიკის პრეზიდენტი“.
ეს არავინ არ იცის.
ბევრად არსებითი ისაა, რომ ტრამპის დასახელებული ციფრი: „მილიონობით დაღუპული ორივე მხრიდან“ იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ დაღუპულებს გულისხმობს და არა დაჭრილებთან ერთად, უკვე მართლაც აღარ ჩანს ფანტასტიკური და დაუჯერებელი.
„მ ი ლ ი ო ნ ო ბ ი თ“!
ასეთი მასშტაბის კონფლიქტი დედამიწაზე არ ყოფილა WWII მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება სატელეფონო საუბარს პუტინთან და უკრაინის სამშვიდობო გეგმას, ჯერ სრული სიცარიელეა, თუმცა ამგვარი კომუნიკაციისას ასეთი დონის საკითხები „ასე“ არ წყდება: უნდა დაიწყოს არსებითი (Substantial) მოლაპარაკება პირველი რანგის თანამდებობის პირთა მონაწილეობით, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრების, უშიშროების საკითხებში აშშ პრეზიდენტის მრჩევლის და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, თავდაცვის მინისტრების, გენშტაბის უფროსების ჩართულობით, თუმცა ჯერ არათუ მონაწილეთა კონტინგენტი, არამედ ისიც კი არ არის ცნობილი, ვინ, როდის როგორ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, სად გაიმართება ეს მოლაპარაკება, რა ფორმატში გაიმართება მონაწილეობა - უკრაინის უშუალო ჩართულობით თუ არა - და რაც მთავარია, რას „დებენ“ მხარეები მოლაპარაკების მაგიდაზე.
ზოგადი მონახაზების გარდა არავინ არაფერი იცის და არავინ კონკრეტულს არაფერს ამბობს/
ის ვარაუდები, რაც გამოითქმის და ჟონავს მედიაში, რაზეც ჩვენც ბევრჯერ დაგვიწერია, მხოლოდ ვარაუდებია და შესაძლოა „სავაჭრო პოზიცია“ იყოს.
ოღონდ ვერც დიდხანს გაიწელება ეს გაურკვევლობა: ტრამპმა თავიდანვე რადიკალური ნაბიჯები გადადგა რამდენიმე მიმართულებით და საეჭვოა მოითმინოს გაჭიანურება, რაკი ეს ნამდვილად „დაარტყამს“ მის ავტორიტეტს ამერიკაშიც და გლობალურადაც
„ერთ დღეში შემიძლია ამ ომის დასრულებაო და.....“ ხომ ამბობდა? კი, ნამდვილად ამბობდა ზუსტად ასე, სიტყვა-სიტყვით: ერთ დღეში! აშშ თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში რამდენიმე სამწუხარო განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინის დაბრუნება 2014 წლამდე საზღვრებთან არარეალურია ანუ ყირიმი დაივიწყეთო; მეორეს მხრივ, აშშ თავდაცვის მინისტრმა გამორიცხა ამერიკული ჯარების გაგზავნა უკრაინაში ნებისმიერი შეთანხმების განსახორციელებლად.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოება ევროპულმა და არაევროპულმა არმიებმა უნდა უზრუნველყოს ოღონდ.......არა NATO-ს ეგიდით.
გასაგებია რატომაც არა NATO-ს ეგიდით: იმიტომ, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ამერიკის „წილი“ ყველა თვალსაზრისით 80%-ია და ამერიკის არმონაწილეობა NATO-ს ეგიდით წარმოებულ ნებისმიერ სამშვიდობო ოპერაციაში აშშ გავლენას და რენომეს დასცემდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთის პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრების შესახებ.
როგორც ჩანს იგულისხმება პროცესის დაწყება, რაც საქართველომ განვლო: ჯერ ასოცირება, შემდეგ „სრული და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება“, მერე უვიზო რეჟიმი სომხეთის მოქალაქეებისთვის და ა.შ.
პასუხად, მოსკოვმა გააფრთხილა ერევანი, რომ ევროკავშირის წევრობა ან თუნდაც სავაჭრო შეთანხმება შეუთავსებელია ЕВРАЗЭС წევრობასთან.
არადა სომხეთი სწორედ ამ ორგანიზაციაში, ანუ პოსტსაბჭოურ სივრცეში ყიდის თავის პროდუქციას - კონიაკს და გარგარს ძირითადად.
თუმცა აქ ერთი საინტერესო ნიუანსია; სწორედ სომხეთი იქცა რუსეთისთვის დასავლურ სანქციათა გვერდის ავლის ანუ „პარალელური იმპორტის“ მთავარ პლატფორმად და სომხეთის ბიუჯეტმა ამის ხარჯზე ძალიან იხეირა, ასევე რუსეთის ბიუჯეტმაც.
ოღონდ თუ სომხებს იმედი აქვთ, ამის გამო პუტინი მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლაზე მწვავედ არ ირეაგირებს, ალბათ ცდებიან; „პარალელური იმპორტი“ ტაქტიკური საკითხია, ხოლო სომხეთის ევროკავშირში გაწევრება - სტრატეგიული.