საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ივლისი. 2025
თემა: დონალდ ტრამპის „სანახევრო“ ულტიმატუმი პუტინს...... სახიფათო ქვეტექსტით
. . . . . . . . . . . . . . .
როგორც მოსალოდნელი იყო, დონალდ ტრამპმა ნამდვილად გააჟღერა მნიშვნელოვანი განცხადება რუსეთ-უკრაინის თემაზე.
ოღონდ არა სპეციალურ ბრიფინგზე ან თეთრ სახლში გამოსავლისას, არამედ იმავე თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივან რიუტესთან შეხვედრის დროს.
შესაძლოა ამით სურდა ხაზი გაესვა, რომ უნაწილებს პასუხისმგებლობას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, ანუ ევროპას.
ტრამპმა თქვა (როგორც ბევრმა ივარაუდა), რომ ამერიკა განაახლებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ოღონდ ამ იარაღს პირდაპირ კი არ მიაწვდის უკრაინას, არამედ მიაწვდის ევროპას, რომელიც გადაიხდის მასში ფულს.
ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა სისტემაზე Patriot, რომელმაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის დროსაც და ისრაელ-ირანის ომის განმავლობაშიც დაადასტურა: ეს არის გ ე ნ ი ა ლ უ რი ინდუსტრიული შედევრი, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ნებისმიერი საბრძოლო ამოცანის გადაწყვეტა შეუძლია საჰაერო სივრცის დაცვის თვალსაზრისით.
ტრამპის თქმით, ევროპის სახელმწიფოები, უახლოეს მომავალში, უკრაინას მიაწვდიან 17 (!!!) ბატარეას Patriot, სამაგიეროდ ამერიკული ინდუსტრია ევროპელებს დაუმზადებს 17 ახალ ბატარეას ოღონდ ფული ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა გადაუხადონ შტატებს.
დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სულ 7 ან 8 Patriot არის განლაგებული და ეს მცირე რაოდენობაც კი მნიშვნელოვანი „ზღუდეა“ პუტინისთვის.
ევროპელები ბევრს წუწუნებდნენ, რომ ამგვარი დანადგარები „თავად არ ჰყოფნით“, აღიარებდნენ, რომ „ევროპული ანალოგები Patriot-ს ვერ შეედრება ეფექტიანობით“......
2 დღის წინ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმაც თქვა, რომ ბუნდესვერმა ამოწურა უკრაინისთვის Patriot-ის მიწოდების შესაძლებლობა, რადგან 4 ერთეული უკვე მიაწოდა და ა.შ.
17 Patriot - სერიოზული გამოწვევაა პუტინისა და მისი საოკუპაციო არმიისთვის.
მაგრამ....ეს მაინც თავდაცვითი იარაღია. უაღრესად ქმედითი, წარმატებული, შედეგიან, თუმცა თ ა ვ დ ა ც ვ ი თ ი.
ტრამპს არ უთქვამს დაზუსტებით, მიაწვდის თუ არა უკრაინას, გარდა „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტებისა (ამ შემთხვევაში ესეც თავდაცვაა) შემტევ შეიარაღებას, ანუ მაგალითად ზედაპირი-ზედაპირის კლასის რაკეტებს.
მათ შორის შორსმწვდომ რაკეტებს რომლის სიშორე ათასობით კილომეტრია. ესე იგი ფრთოსან რაკეტებს.
გამორიცხული არ არის...... თუმცა დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობა მაინც თვლის, რომ ტრამპმა ბოლო მომენტში „დაამუხრუჭა“ შეტევითი იარაღის მიწოდების საკითხში.
იმავდროულად, ტრამპმა 50 დღიანი ულტიმატუმი წაუყენა პუტინს: ან 50 დღის განმავლობაში მოაწერ ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას ამჟამინდელ გამყოფ ხაზზე, ან....ამერიკა შემოიღებს მეორად სანქციებს 100% საბაჟო ტარიფით რუსეთის, ასევე იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს.
უკვე გატყობინებდით, რომ კრემლში ყველაზე მეტად ამჟამად სწორედ ამ სანქციების ეშინოდათ.
სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტი, რომელიც 500%-იან საბაჟო ტარიფებს გულისხმობს, სენატში კვლავაც განიხილება.
შესაძლოა კიდეც მიიღონ, ოღონდ მასში იქნება არა ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა, არამედ პრეზიდენტისთვის რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ა, შემოიღოს „მეორადი სანქციები“ ჩინეთის და ინდოეთის წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობის მთავარი შემძენნი არიან დასავლური საქნციების დარღვევით
მივაქციოთ ყურადღება, რომ 50 დღიანი ვადა იწურება დაახლოებით სექტემბრის დასაწყისისთვის.
ახლა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ისევ და ისევ უკრაინული არმიის გმირულ წინააღმდეგობაზე რადგან რუსული საოკუპაციო ჯარი ნელ-ნელა მიიწევს წინ დონბასზე..... მაშასადამე პუტინი ცდილობს ტრამპიც და ევროპაც „ფაქტის წინაშე დააყენოს“, ოღონდ თუ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ადმინისტრაციულ საზღვრებზე ვერ გავა, იქ ვერ დააფიქსირებს საოკუპაციო ხაზს, მაშინ შემოდგომაზე წინ წაწევა გაუჭირდება: დაიწყება სეზონური წვიმები, ატალახდება მიწა....შესაბამისად, ბრძოლები მიიღებს პოზიციურ ხასიათს.
გამოდის, პუტინს მხოლოდ ეს 50-60 დღე აქვს საოკუპაციო ხაზის ახალი „კონტურის“ დასაფიქსირებლად და.......მიჭირს ამის დაწერა, თუმცა...... როგორც არ უნდა ვეცადოთ არ შევიმჩნიოთ, შეუძლებელია იმის „არშემჩნევა“, რომ ტრამპი ამით პუტინსაც ეუბნება: თუ გაქვს შნო, - გახვიდე ამ ოთხი რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებზე, გადი, ოღონდ მერე უკვე პოზიციური ბრძოლებისას უკრაინის განუწყვეტელი დაბომბვების უფლებას აღარ მოგცემ და მეორად სანქციებს შემოვიღებ შენი პარტნიორების წინააღმდეგო
აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროპის ერთიანობა: NATO-ს წევრ ევროპულ სახელმწიფოებს ესმით, რა საფრთხეს შექმნის მათთვის რუსული არმიის წარმატება, ამიტომ როგორც არასდროს (უნგრეთის გამოკლებით) არიან ერთსულოვანნი
უნგრეთის საკითხიც დასაზუსტებელია: ორბანი ევროკავშირს „ეურჩება“ და ევროკავშირის მიმართ არის „თამამი“, თორემ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში წევრი სახელმწიფოების „ლოიალობის “უზრუნველმყოფი მძლავრი მექანიზმები არსებობს. და არა მხოლოდ ეკონომიკური ხასიათისა. შესაბამისად, ვიქტორ ორბანის უამრავი განცხადება შეიძლება გავიხსენოთ EU-ს წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ვიხსენებ მის განცხადებას NATO-ს დამუნათებით რაიმე საკითხზე.
და ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ ნიშანდობლივი გარემოებაა.
გუშინ საფრანგეთის მთავრობის ეგიდით გამოქვეყნდა ე.წ. „ეროვნული სტრატეგიული მიმოხილვა/ხედვა“, რომელშიც ნათქვამია, რომ 2030 წლისთვის ევროპას დიდი ომი ელის, ხოლო საფრანგეთი ამ ომში აუცილებლივ იქნება ჩათრეული.
როგორც ჩანს, იგულისხმება პროგნოზი, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, შემდეგ თავს დაესხმება NATO-ს წევრ ბალტიის სახელმწიფოებს: ლიტვას, ლატვიას ან ესტონეთს, სადაც რუსული „მეხუთე კოლონა“ ცხოვრობს.
ამ შემთხვევაში კი საფრანგეთი, ისევე როგორც დასავლეთ ევროპის სახვა სახელმწიფოებიც იძულებულნი გახდებიან ჩაერთონ ომში თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.
მაგრამ რატომ მხოლოდ ევროპის სახელმწიფოები?
უკრაინაში პუტინის აგრესია ახალი დაწყებული იყო, როდესაც აშშ იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბაიდენმა „წმიდა ვალდებულება“ უწოდა NATO-ს წევრი სახელმწიფოების ინსტიტუციურ (ხელშეკრულებით გაფორმებულ) დათქმას, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს:
„ერთი - ყველასათვის, ყველა-ერთისთვის“…. ფრანგი მუშკეტერების ეს სლოგანი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დევიზია დღემდე.
აი პუტინი კი ყოველნაირად ცდილობს ევროპაში იმ აზრის კულტივირებას, რომ არც ბალტიის სახელმწიფოებზე, არც სხვა ევროპულ ქვეყანაზე თავდასხმას სულაც არ გეგმავს.
მაგრამ არ სჯერათ.
სწორია რომ არ სჯერათ: 2008 წელს, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა პუტინმა, რუსული გველ-პროპაგანდა მაშინაც იგივე აზრს კულტივირებდა: „Наша цель – исключительно Грузия». ანუ „ჩვენი სამიზნე მხოლოდ საქართველოა და ეს გამონაკლისი იქნებაო“.
ამ თეზისს იმეორებდნენ ყველგან: პროპაგანდისტული ტელე-გადაცემებიდან - დიპლომატიურ შეხვედრებამდე.
სულ მალე, რაღაც 5 წელიწადში (ახლაც ხომ 5 წელი დარჩა 20230 წლამდე) დადასტურდა, რამდენად იყო საქართველო „გამონაკლისი“, როდესაც პუტინმა ჯერ ყირიმის ანექსია განახორციელა, შემდეგ დონბასის დიდი ნაწილი დაიპყრო და კიდევ 7 წლის მერე კი სრულმასშტაბური ომი გააჩაღა ფაქტობრივად ევროპის წინააღმდეგ.
აქვე: თუ კვლავ დავუბრუნდებით ტრამპის განცხადებას, ევროპელები მიხვდნენ, რომ 50 დღე საეჭვოდ დიდი პერიოდია და პუტინმა ამ ვადის განმავლობაში შესაძლოა ბევრი რამ „მოასწროს“ სამწუხაროდ.
EU „საგარეომ“ კაია კალასმა ეს პირდაპირ თქვა: „კი მოგვეწონა ტრამპის განცხადება მაგრამ 50 დღე რაღაც მეტისმეტად დიდი ვადააო“.
სხვა ევროპულ დედაქალაქებშიც დელიკატურად, თუმცა მაინც საკმაოდ გასაგებად მიანიშნებენ სერიოზულ ჟურნალისტურ რესურსებს, რომ არ არიან კმაყოფილნი „50 დღიანი ვადით“.
გარდა ამისა, ბევრმა ვერც გაიგო (იმიტომ, რომ ტრამპს მკაფიოდ არ უთქვამს მართლა!!) ეს 100% ტარიფი ნამდვილად ჩინეთ/ინდოეთს ეხება თუ რუსეთს?
თუ რუსეთს შეეხება, პუტინისთვის დიდი უბედურება ნამდვილად ვერ გახდება და მით უმეტეს ვერ იქნება მისთვის „შემაკავებელი“, რადგან რუსეთი ამერიკაში, შეიძლება ითქვას, ბევრს არაფერს ყიდის და რასაც ყიდის (ფერად ლითონებს) იმას ბაიდენის ადმინისტრაციაც და მით უმეტეს ტრამპის ადმინისტრაციაც ამერიკული ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად თვლიდა;
ისევ და ისევ, არ მინდა ამის დაჯერება, თუმცა რა ვქნა...... ნამდვილად რჩება (არა მხოლოდ მე ალბათ) ისეთი შთაბეჭდილება, რომ ტრამპმა პუტინს მიანიშნა: „მოასწარი რასაც მოასწრებ 50 დღეში და მერე.....“
ჰოდა რა, მერე?
ინდოეთის და ჩინეთის წინააღმდეგ მართლა შემოიღებს 100%-იან ტარიფებს?
კაცმა რომ თქვას, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, 500%-იანი იქნება ეს ტარიფები „მეორადი სანქციის“ სახით თუ 100%-იანი.
ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკა ამით სავაჭრო ომს გამოუცხადებს მსოფლიოს მეორე ეკონომიკას (ჩინეთს) და ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის სახელმწიფოს - ინდოეთს.