საერთაშორისო მიმოხილვა. 15 მაისი 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 მაისი 2023 წელი

თურქეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

ეს უკვე გარკვეულია და ამაზე აღარავინ დავობს:

ხმების 99% დათვლის შემდეგ ერდოღანი ლიდერობს 49,36%. მეორე ადგილზეა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქილიჩდაროღლუ - 44,92%. მესამე კანდიდატმა, სინან ოგანმა მიიღო ხმების 5,29%.

თითქოსდა, მარტივი არითმეტიკით, თუ მეორე ტურში სინან ოგანის ხმები მთლიანად წავა ქილიჩდაროღლუსთან, ის უნდა გახდეს პრეზიდენტი, მაგრამ ასე არ ხდება; არსად მომხდარა და ალბათ არც თურქეთში მოხდება.

ყოველ შემთხევვაში ელექტორალური ანომალია იქნება, თუ მეორე ტურში, `მესამე` კანდიდატის ამომრჩეველი მასობრივად მივა არჩევნებზე და ასევე მასობრივად, თითქმის 100%-ით მეორე ოპოზიციურ კანდიდატს მისცემს ხმას;

ეს ნაკლებსავარაუდოა  იმ შემთხვევაშიც კი, თუ სინან ოგანი მათ მოუწოდებს, აირჩიონ ქილიჩდაროღლუ და არა ერდოღანი.

გარდა ამისა, მეორე ტურში შესაძლებელია იმ ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა, ვინც პირველ ტურზე არ მისულა. თუმცა აქაც, ხმები ტოტალურად არ მიდის (ხოლმე) ერთი რომელიმე კანდიდატისკენ ანუ იყოფა.

მაშასადამე, ელემენტარული ელექტორალური კანონებით, ერდოღანი ჯერ-ჯერობით (!) იგებს ამ არჩევნებს. 4,5%-ის უპირატესობა იმ გრანდიოზულ ქვეყანაში საკმაოდ დიდი ფორაა.

მაგრამ......ერდოღანმა წააგო სტამბული!!!

სტამბულში ქილიჩდაროღლუმ 51% აიღო.

ერდოღანმა ასევე წააგო ხმელთაშიაზღვისპირეთი.

ანუ, დავაკვირდეთ ამ გეოგრაფიას: ერდოღანმა მოიგო `ტრადიციული თურქეთი`, მოიგო პროვინციები, მაგრამ წააგო `ურბანულ თურქეთში`, `პროევროპულ თურქეთში` და წააგო ხმელთაშუაზღვისპირეთში (ანტალია და ა.შ), სადაც ესმით ევროპული ცხოვრების დონის ყადრი!

ამ გათვლების და პროცენტების მიუხედავად, მეორე ტურამდე და მეორე ტურში ბევრი რამ მოულოდნელიც შეიძლება მოხდეს.

`ჯერ-ჯერობით` ნიშნავს `ჯერ-ჯერობით` მეტს არაფერს.

ჯერ-ჯერობით ერდოღანი იგებს მცირე უპირატესობით.

ოღონდ,  როგორც არ უნდა დამთავრეს ახლა ეს არჩევნები, პოლიტიკურად (!) ერდოღანმა მაინც სერიოზული მარცხი განიცადა. იმიტომ, რომ ისეთი `ისტორიული ამბიციის` ფიგურას, როგორიც რეჯეფ ერდოღანია, მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმურობა ესაჭიროება, ანუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა - 60-70% მაინც.

სხვაგვარად, თუ `ბეწვზე მოიგო`, მისი სახელმწიფოებრივი კურსიც გარკვეულწილად  შეილახება.

საქმე ისაა, რომ თურქეთი ახლა ირჩევს არა პრეზიდენტს, არამედ კურსს: `პოლიტიკური ისლამიზმი` თუ `პროდასავლური თურქეთი`.

პრეზიდენტმა ბაიდენმაც დაახლოებით ასე თქვა ამაღამ, როცა თურქეთის არჩევნებზე ჰკითხეს: `გაიმარჯვებს ის, ვინც გაიმარჯვებს`, თან დაამატა: `მსოფლიოს ამ ნაწილში ისედაც ბევრი პრობლემაა და....`

. . . . . . . . . . . . . . . . .

ბახმუტში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები.

ქალაქის შემოგარენში ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა.

ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმიტომ, რომ ორივე - ვიაჩესლავ მაკაროვიც და ევგენი ბროვკოც - რეგულარული არმიის პოლკოვნიკები იყვნენ და არა ევგენი პრიგოჟინის `კერძო არმია `ვაგნერის` მეთაურები.

მაშასადამე, ბახმუტთან არა მხოლოდ პრიგოჟინის ბანდა იბრძვის, არამედ რუსული არმიაც და ამით დასტურდება პრიგოჟინის გუშინწინდელი განცხადება: `ჩვენ ბახმუტში ვიბრძვით, მაგრამ არმია გარბის, უკრაინელები რუსულ არმიას დევნიან პოზიციებიდან და ამით ბახმუტში ალყას გვარტყავენო`.

ანუ პრიგოჟინს ტყვედ ჩავარდნის ეშინია.

თუ ის ტყვედ ჩავარდა, მერე დააღო პირი და უკრაინულ ტყვეობაში პუტინის ლანძღვა დაიწყო, უკრაინელებს კონტრშეტევაც კი აღარ დასჭიდრებათ ან დიდი შეტევა: პუტინის რეჟიმი ისედაც ჩამოიშლება.

პრიგოჟინის `კერძო არმია` რუსულ შეიარაღებულ ძალებში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი იყო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთი პერიოდულად აწყობს მნიშვნელოვან პროვოკაციებს ამერიკის სანაპიროებთან:

აშშ აერო-კოსმიურ ძალებში განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ალიასკას მიუახლოვდნენ რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდები ТУ-95.

ისინი შესაძლოა აღჭურვილი იყონ ბირთვული რაკეტებით.

სტრატეგიულ რაკეტმზიდებს ხანგრძლივი ფრენისას ბენზინით ამარაგებდა  `მფრინავი ავზი`, - თვითმფრინავი ИЛ-78, რაც იმას ნიშნავს, ფრენის სიშორე კალიფორნიის სანაპიროებამდეც კი შეიძლება ყოფილიყო.

გარდა ამისა, სტრატეგიულ რაკეტმზიდებს ჰაერში იცავდნენ რუსული МиГ-31, Су-30СМ და Су-35С.

ამერიკული ბაზებიდან აგრესორთა დასახვერდარ აფრინდა 11 ავიაგამანადგურებელი (ანუ მთელი საჰერო ესკადრონი!) F-16, F-22 და რადიოელექტრონული დაზვერვის, ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი  E-3 AWACS.

ამგვარი პროვოკაციები რუსეთს ადრეც მოუწყვია; თუმცა ეს განსაკუთრებით მასშტაბური იყო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გეოპოლიტიკურად რუსეთი უკვე დამარცხდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ორი საკმაოდ რაციონალური არგუმენტიც მოიყვანა საბუთად:

ა) ფინეთი და შვედეთი გახდნენ NATO-ს წევრები და

ბ) რუსეთი კიდევ უფრო დამოკიდებული აღმოჩნდა ჩინეთზე.

მართლაც, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებში ჩინეთია `უფროსი ძმა` თუ აღმოსავლური სემანტიკით ვიტყვით, რაც დიდ პოლიტიკაში იმას ნიშმნავს, რომ ჩინეთია ბატონი, ხოლო პუტინი და მისი სახელმწიფო - ყმა.

მაკრონი იმაშიც მართალია, რომ შვედეთის და ფინეთის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება მოსკოვის, კრემლის უდიდესი გეოპოლიტიკური მარცხია!

ფინეთის საზღვრიდან - სანკტ-პეტერბურგს ჩვეულებრივი თვითმავალი ქვემეხის ჭურვიც კი მისწვდება `რამე რომ იყოს`

. . . . . . . . . . . . . . . . .

გავლენიანი Wall Street Journal აქვეყნებს საინტერესო მასალას, თუ როგორ ეხმარებიან რუსეთს დასავლური საქნციების გვერდის ავლაში მისი მეზობლები. მათ შორის, სამწუხაროდ,  საქართველოც.

ოღონდ არა მხოლოდ საქართველო: WSJ წერს, რომ ჩამოყალიბდა მთელი ჯგუფი ამგვარი სახელმწიფოებისა: საქართველო, სომხეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი.

ამ სახელმწიფოებში კომპიუტერული ჩიპების, ლაზერების, ელექტროსიმძლავრის მზომი აპარატების, სხვადასხვა ელექტრონიკის იმპორტი ევროპიდან გასულ წელს ფანტასტიურად გაიზარდა: 24 მილიარდ დოლარამდე. მაშინ როდესაც გასულ წელს ამის ნახევარიც კი არ იყო.

სქემა ასეთია: ორმაგი დანიშნულების პროდუქცია იგზავნება ამ ქვეყნებში. იქ ფორმდება, როგორც ადგილობრივი და მერე იგზავნება რუსეთში.

ანეგდოტური მაგალითი: 2021 წელს, ანუ რუსული აგრესიის დაწყებამდე სომხეთიდან რუსეთში სულ 2 000 დოლარის (!) ღირებულების ინტეგრალური სქემები გაიგზავნა.

ალბათ ესეც რომელიღაც სომეხს პირადი ან კორპორატიული მოხმარებისთვის მიჰქონდა და არა ბიზნეს-მიზნებით.

2022 წელს კი, სომხეთიდან რუსეთში გაიტანეს 8 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების ინტეგრალური სქემები.

ეს ინტეგრალური სქემები იოლი გამოსაყენებელია სამხედრო სფეროში.

ყირგიზეთიდან იმავე სქემით იგზავნება ლაზერები.

WSJ აღიარებს, რომ ეს მოცულობები რასაკვირველია ვერ შეედრება იმ `ჩანჩქერს`, რაც მოედინება ჩინეთიდან - რუსეთში, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანიაო.

სომხები ყველაფერს უარყოფენ: როგორ გეკადრებათ, საბაჯო გაფრთხილებულია და რუსეთს არაფერს ვაწვდითო.

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი პუტინს მხარს უმშვენებდა ე.წ. `გამარჯვების აღლუმზე` და რატომღაც რომ ინტეგრალური სქემები ან სხვა მიკროელექტრონიკა არ  გაუგზავნოს.

მით უმეტეს, რომ ბიზნესის თვალსაზრისით ნამდვილი კლონდაიკია სომხეთისთვის.

მივაქციოთ ყურადღება, რომ აზერბაიჯანი არც WSJ სტატიაშია ნახსენები და ილჰამ ალიევი არც მოსკოვის წითელ მოედანზე ყოფილა 9 მაისს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთი  ელიტური კორუფციის ქვეყანაა.

ამიტომ არაფერი ისე ზუსტად არ მეტყველებს პუტინის რეჟიმის დასუსტებაზე, როგორც რუსული კორუმპირებული ელიტის გაქცევა რუსეთიდან.

ვირთხები გარბიან ჩასაძირად განწირული გემიდან!

ბოლო 1 წლის განმავლობაში, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსებმა დუბაიში შეიძინეს 56 მილიარდი დოლარის (!!!) უძრავი ქონება.

გარიგების საშუალო ღირებულება 1 მილიონი დოლარი იყო.

მყიდველი - დაახლოებით 35 ათასი რუსი `რელოკანტი`

`რელოკანტებს` უწოდებენ იმ რუსებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში გადაცხოვრდნენ.

ბათუმი დუბაის ჯერ-ჯერობით ვერ შეედრება, თუმცა ბინები ბათუმშიც 30%-ით გაძვირდა და გაყიდვები ყველა რეკორდს ხსნის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

30 მაისს სოხუმში გაიმართება ოპოზიციის დიდი მიტინგი.

აფხაზური `გაერთიანებული ოპოზიცია` კვლავ ჩლუნგი ქართველოფობიის წუმპეს ვერ სცდება: ე.წ. `პრეზიდენტ ბჟანიას` მთავარ ბრალდებად იმას უყენებენ, რომ თურმე `საქართველოს ნება დართო განეხორციელებინა თავისი პროდუქტების ექსპორტი აფხაზეთში`.

ანუ აფხაზებს ეს პროდუქტები არ სჭირდებათ (თურმე), რათა მცირედ მაინც დაიწიოს `სოჭის უძვირესმა ფასებმა` აფხაზეთში და, გამოდის, საქართველო, მაგათ რომ ჰკითხო,  ``ძალით აწვდის`` თავის პროდუქტებს.

მათ შორის ხორცს, ყველს, ხორბალს, ვაშლს, მსხალს და ა.შ.

სინამდვილეში, ასეთი ვაჭრობა მუდამ იყო ამ 30 წლის განმავლობაში. თუმცა აფხაზური ოპოზიცია, რომლის `გვარდიაა` ომის ევტერანთა ორგანიზაცია `არუაა``პრეზიდენტ ბჟანიას` გადაწყვეტილებას `საქართველოსთან ვაჭრობის` შესახებ მაინც აფასებს `სამშობლოს ღალატად`.