საერთაშორისო მიმოხილვა. 22 აპრილი. 2025 წელი
ამერიკაში გრძელდება და სულ უფრო ძლიერდება სკანდალი Signal-ის ჩათებთან დაკავშირებით.
ჟურნალ Atlantic-ის ანტიტრამპისტი რედაქტორი რომ აღმოჩნდა ჩართული შემთხვევით ამგვარ ჩათში, სადაც იემენის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს განიხილავდა ტრამპის გარემოცვა, მათ შორის თავდაცვის მინისტრი Hegseth, ფართოდ არის ცნობილი.
თუმცა ახლა ირკვევა ბევრად უარესი, რომ ბატონი Hegseth იმავე სამხედრო (სრულიად საიდუმლო) ოპერაციის დეტალებს განიხილავდა მეორე ჩათში, რომლის მონაწილეა მისი ცოლი.
და განსხვავებით Atlantic-ის მთავარი რედაქტორისგან (სკანდალურად ცნობილი ჯეფრი გოლდბერგი), თავდაცვის მინისტრის ცოლი „შემთხვევით“ ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდა ამ ჩათში.
მიუხედავად ამისა, თავდაცვის მინისტრი იმ პირველი სკანდალის შემდეგაც აგრძელებდა თურმე მეორე ჩათში წერას, - არ შეუცვლია მისი წევრების ჩამონათვალი და ახლაც ამტკიცებს, რომ არაფერ „სახელმწიფო საიდუმლოს“ არ განიხილავდა, ხოლო ცოლი ძალიან უყვარს და სრულიად ენდობა.
Hegseth წარსულში დაბალი რანგის სამხედრო იყო და უფრორე გახლდათ ტრამპის ფავორიტი ჟურნალისტი Fox-იდან.
გამორიცხულია ჰეგსეტის დანიშვნას ამერიკული გენერალიტეტი არ გაეღიზიანებინა.
ზოგადად ასეთ კონსერვატიულ კორპორაციებს არ უყვართ „გარედან უცხო სხეულის“ ხელმძღვანელად შემოყვანა მათ კორპორაციაში, მათ „ამქარში“, მაგრამ Civil control დემოკრატიული წესის ამბავში ითმენდნენ, როცა პრეზიდენტები მინისტრად უნიშნავდნენ რესპექტაბელურ სენატორებს, გუბერნატორებს და ა.შ.
და მათთვის ისიც გასაგები იყო, როდესაც ტრამპმა პირველი პრეზიდენტობის დროს ლეგენდარული ამერიკელი გენერალი მატისი (ზედსახელად „ცოფიანი ძაღლი“) დაუნიშნათ მინისტრად, რაკი იგი „ტოლად და სწორად“ მიაჩნდათ, მაგრამ......„ჰეგსეტი“ სულ სხვა ისტორიაა.....ტრამპი კვლავინდებურად რისკავს.
მით უმეტეს, როდესაც მისი რჩეული ასეთ შეცდომებს უშვებს: „ცოლი ძალიან მიყვარს და ვენდობი“ რა არგუმენტია?!!
. . . . . . . . . . . . . . . . . .
შაბათს უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს.
246 ტყვე - 246 ტყვეზე.
რეალურად, უკრაინამ 277 მებრძოლი დაიბრუნა იმიტომ, რომ რუსეთმა კიევს გადასცა 31 დაჭრილი მეომარი (არა ტყვე არამედ დაჭრილი) ხოლო უკრაინამ - რუსეთს - 15 დაჭრილი მეომარი.
გაცვლა იყო „სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის“ ნაწილი,რომელიც რუსეთმა მაშინვე დაარღვია და ფრონტის მთელს ხაზზე ბრძოლები განაახლა.
ზელენსკიმ მართებულად თქვა ამასთან დაკავშირებით, რომ პუტინს ეს ე.წ. „სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა“ სინამდვილეში „ჰედლაინებისთვის“ სჭირდებოდა და რომ კრემლის ბინადარს დღემდე არ გაუცია პასუხი ტრამპის წინადადებაზე 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ხოლო ამ დუმილის პასუხად ტრამპისგან ჯერ (!) მხოლოდ ის ისმის, რომ თუ აპრილის ბოლომდე მხარეები ვერ მოილაპარაკებენ ცეცხლის შეწყვეტაზე, „ამერიკა ხელს დაიბანს - სხვა უამრავი საქმეც გვაქვსო“.
სულ უკრაინამ 2022 წლის რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ 4552 ტყვე დაიბრუნა გაცვლის პროცესში.
სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული საოკუპაციო არმია, ნელ-ნელა, თუნდაც მეტრ-მეტრად, კილომეტრ-კილომეტრად, „ბაჯბაჯით“ უდიდესი დანაკარგით, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა განუწყვეტლივ მიიწევს წინ დონბასის ფრონტის ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე ისე, რომ სპეციალისტებს უჭირთ დაასკვნან, რომელ მონაკვეთს შეარჩევს ზაფხულის გენერალური შეტევისთვის - ხარკოვის, კიევის, თუ დნეპრის მიმართულებით.
The Washington Post, ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამჟამად ევროპული ელიტები, გარდა სამშვიდობო ძალთა უკრაინაში შეყვანის პროექტისა (რაც ვერ ხორციელდება ჯერ) ამუშავებენ მეორე პროექტს უკრაინის სტრატეგიული მხარდაჭერისა, რასაც ბევრად მეტი შანსი აქვს: უკრაინის კვლავინდებურად მძლავრი სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიების მხარდაჭერა, უკრაინისთვის ევროპული სახელმწიფოების სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემა და სპეციალისტების მივლინება - სამხედრო წარმოების გასაზრდელად.
უკრაინის პირობებში ეს სრულიად რეალურია, რადგან სსრკ ეპოქიდან ამ ქვეყანას უდიდესი სიმძლავრეები დარჩა, რაც 1990-იანი წლებიდან, სამწუხაროდ, მცირე უტრირებით თუ ვიტყვით, სამზარეულო ინვენტარის დასამზადებლად გამოიყენებოდა, რაკი იმდროინდელ უკრაინულ ელიტებს, კუჩმადან და კრავჩუკიდან დაწყებული, - იუშჩენკომდე, ფული არ ჰქონდათ.
და არც უნარი.
ახლა ვითარება სასიკეთოდ იცვლება.
მაგალითად: უკრაინულმა სამხედრო ინდუსტრიამ დაამზადა პირველი უკრაინული NATO-ს კალიბრის ჰაუბიცა (მსხვილკალიბრიანი შორსმწვდომი ქვემეხი) Богдан.
ოღონდ თუ 2022 წლის ბოლოსთვის 6 ერთეულს ამზადებდნენ, 2024 წლის ბოლოსთვის 20 ერთეულზე ავიდნენ და ეს მოახერხეს სწორედ იმის წყალობით, რომ ევროპამ მნიშვნელოვანი თანხები „ჩაასხა“ უკრაინის შესაბამის ინდუსტრიაში.
წელს უკრაინა სამხედრო ინდუსტრიათა „ამოქოქვის“ მიზნით ევროპისგან მიიღებს 1 მილიარდ ევროს იმ სახსრებიდან, რაც პროცენტის, დივიდენდის, მოგების სახით დაერიცხა რუსულ აქტივებს ბელგიის დეპოზიტარულ ბანკში.
ზოგი ცნობით 300 მილიარდი ევროა ეს აქტივები, სხვა ცნობებით 350 მილიარდი.
თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად მეტია, ვიდრე რუსულია აქტივები ამერიკის იურისდიქციაში.
იოლი წარმოსადგენია ამ ილუსტრაციით, რამდენად სწრაფად და მძლავრად „ამოიქოქებოდა“ უკრაინის სამხედრო ინდუსტრია, ევროპამ რომ გაბედოს ამ სახსრების არა გაყინვა და მათზე მხოლოდ პროცენტ/დივიდენდის „მოხსნა“, არამედ მთელი გაყინული თანხის მიმართვა უკრაინის დასახმარებლად.
ოღონდ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირი ვერ იღებს, რაკი პრეცედენტის შექმნა და ევროპული ბანკებისადმი გლობალური „ნდობის“ დაკარგვა არ სურს - ამრიგად, ევრობანკიც წინააღმდეგია და რაც მთავარია წინააღმდეგნი არიან ლონდონის City-ს და ფრანკფურტის City-ს ფინანსური ელიტები.
თუმცა აქ მეორე პრობლემაც წარმოიშობა: რუსეთი, რასაკვირველია, ყველანაირად ეცდება დაბომბოს და გაანადგუროს ის უკრაინული ინდუსტრიები სადაც მისთვის სახიფათო წარმოებები აღორძინდება.
მათ სტრატეგიულ დაცვას დასჭირდება მინიმუმ 7-8 ერთეული Patriot დამატებით, მაგრამ ეს რესურსი არ ჩანს სამწუხაროდ.
ევროპას რაც ჰქონდა გადასცა.
ამერიკელები კი აცხადებენ, რომ ისრაელის დასაცავად სჭირდებათ და ვერ გარისკავენ.
ბოლოს და ბოლოს ისრაელში მოსახლეობის სრულ განადგურებაზეა ლაპარაკი ირანული რაკეტებით.....„უკრაინაში ქარხნების დასაცავად“ ვერ მოვხსნით იმათ მორიგეობიდანო - ასე ამბობდნენ პენტაგონში ბაიდენის პრეზიდენტობის დროსაც და ამბობენ ახლაც.
Patriot-ის ან თუნდაც რუსული C-400 მსგავსი საზენიტოების დამზადების რესურსი კი უკრაინას არ გააჩნია.
ერთადერთი სფერო, სადაც მისი პოტენციალი თითქმის უტოლდება რუსულს, არის არა საზენიტოები, არამედ სარაკეტო „ზედაპირი - ზედაპირი“ და „ზედაპირი-წყალი“ (Neptun, რითაც კრეისერი Москва ჩაძირეს) ან „ზედაპირი-ჰაერი“ სარაკეტო ტექნოლოგიები, რაც სსრკ-ს დროს დიდად იყო განვითარებული და მათ განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ლავრენტი ბერიას ვაჟმა, სერგო ბერიამ, რომელიც კიევში მოღვაწეობდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
The New York Times კოლუმნისტი დევიდ სანგერი, რომელიც ამ რესურსში „თეთრი სახლის“ უსაფრთხოების პოლიტიკაზე სპეციალიზდება, ერთ-ერთ Article-ში და შემდეგ ბლოგშიც წერს, რომ როდესაც ტრამპის წარმომადგენელმა უიტკოფმა სანკტ-პეტერბურგში მოლაპარაკებისას ჰკითხა პუტინს: „ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ „უკრაინის დენაციფიკაციაში“ რას გულისხმობთო“, პუტინმა უპასუხა: „ზელენსკის გადადგომას ვგულისხმობ და უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებასო“.
კრემლის ბინადრის კლინიკური პარანოიის დონე აქაც ჩანს: ანუ..... 2022 წლიდან რომ გაიძახის „უკრაინის დენაციფიკაციააააა....უკრაინის დენაციფიკაციააააა....“ თურმე ეთნიკურად ებრაელი (!!) ზელენსკის გადადგომა ყოფილა ყბადაღებული „დენაციფიკაცია“;
ასევე ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგადაც მაღალი ალბათობით ეთნიკურად უკრაინელი გენერალი ვალერი ზალუჟნი გაიმარჯვებს, - ზელენსკიზე ბევრად რადიკალურ ძალთა რჩეული.
საეჭვოა დღევანდელ პირობებში პუტინს იმედი ჰქონდეს, რომ იანუკოვიჩის მაგვარ სუბიექტს „დასვამს“ კიევში ანუ უკრაინის გადარჩენილ ტერიტორიაზე პრეზიდენტად.
თუ კიევი არ აიღო და საკუთარ „ხიშტებზე“ არ დასვა, რისი ნიშნებიც, საბედნიეროდ, არ ჩანს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კრასნოდარში რუსული არმიიდან დეზერტირებული სამხედროები აჯანყდნენ!!
ასეულობით დეზერტირი, რომლებიც კრასნოდარის კომენდატურის მიმდებარე საკონცენტრაციო ბანაკში (!!) ჰყავდათ გამომწყვდეული, მივარდნენ ღობეს, დაანგრიეს, გადავიდნენ კომენდატურის ტერიტორიაზე, იქაურობაც მოარბიეს და გაქცევა სცადეს.
რამდენიმემ გაქცევა მაინც მოახერხა.
სროლა მხოლოდ ჰაერში იყო.
ისე, ძალიან საინტერესოა, რას მოიმოქმედებდნენ მეზობელი სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფალნი, თუ ეს გაქცეული რუსი დეზერტირები მათ ე.წ. „საზღვარს“ მიაწყდებიან თავის საშველად. ალბათ ცეცხლს გაუხსნიან და იქვე დახოცავენ.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო (რფ ყოფილი პრემიერ-მინისტრი - 1998წ) ჩავიდა ცხინვალში, ადგილობრივ სეპარატისტებს ახარა პუტინის გადაწყვეტილება ყველა ოსური სოფლისა და ყველა სკოლისთვის 1 მილიონი რუბლის გამოყოფის შესახებ (დაახლოებით $40 000) და განაცხადა, რომ მოსკოვი აპირებს დააფუძნოს ცხინვალში Промсвязьбанк-ის ფილიალი.
ამ თემაზე ადრეც ბევრჯერ დაგვიწერია: 2014 წლიდან ანუ ყირიმის ანექსიის პერიოდიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან ე.წ. „სამხრეთ ოსური ბანკები“ (!!) ახორციელებდნენ ტრანზაქციებს დასანქცირებული რუსული ბანკების ჩანაცვლებით და რაოდენ გამაოგნებელიც არ უნდა იყოს,
ბრიუსელში, ისევე როგორც ვაშინგტონში ამაზე აცხადებდნენ: „სამხრეთ ოსეთი“ არ არის სანქცირებული და მის ბანკსაც ვერ შევზღუდავთო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პროამერიკული ელ სალვადორის პრეზიდენტმა, Nayib Bukele-მ საჯაროდ, X-ზე გამოქვეყნებული პოსტით შესთავაზა ვენესუელას ავტოკრატ მმართველ მადუროს, ერთგვარი „გაცვლა“: 252 ვენესუელელს გადასცემს, ვინც ამერიკიდან ელ-სალვადორში გამოაძევეს და ახლა სალვადორის საფილტრაციო ციხეში იმყოფებიან. სანაცვლოდ კი მადურომ გაათავისუფლოს ათასობით ვენესუელელი ოპოზიციონერი, ვინც ანტისამთავრობო აქციებზე დააკავეს და მათი ოჯახის წევრებიც გამოუშვას ციხიდან.
ალბათ ტრამპისგან მოდის ეს ინიციატივა. თუმცა საეჭვია ჯერ ერთი ტრამპმა ეს ვენესუელელი ოპოზიციონერები ამერიაკსი შეუშვას და ისიც საეჭვოა მადურომ გამოუშვას, რაკი ამერიკიდან გამოძევებული ვენესუელელები მას მოღალატეებად მიაჩნია.