საერთაშორისო მიმოხილვა. 25 მაისი 2022 წელი
ამერიკაში მორიგი საზარელი მასობრივი მკვლელობა მოხდა: ტეხასში, 18 წლის (!) მანიაკი შევარდა სკოლაში (Elementary school, რასაც ჩვენ საშუალო სკოლას ვუწოდებთ), მოკლა 18 მოსწავლე და 1 მასწავლებელი.
/თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. იგი 100 კილომეტრში მდებარე უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. მისი სახელი და გვარია სალვადორ რამოსი.
სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ კი მანიაკმა მკვლელმა ათეულობით აფრო-ამერიკელი მოკლა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ The great replacement Theory - ს (დიადი ჩანაცვლების თეორია) ნაცისტური ნარატივის მიმდევარი იყო.
ამ თეორიის მიხედვით, ამერიკაში და ზოგადად დასავლეთში უმცირესობები ცდილობენ ჩაანაცვლონ უმრავლესობა.
იგულისხმებიან ყველანაირი უმცირესობები: სექსუალურიც და რასობრივიც.
ერთ-ერთი ყველაზე საზარელი და იდუმალი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა (Mass-shooting) დატრიალდა 2017 წლის 1 ოქტომბერს ლას-ვეგასში - კაზინოების ქალაქში.
არაფრით გამორჩეულმა, ჩუმმა, `უწყინარმა`თეთრკანიანმა ამერიკელმა, სტივენ პედოკმა, რომელსაც ერთი შეხედვით არავითარი პრობლემა ცხოვრებაში არ ჰქონია, ლას ვეგასის ერთ-ერთი სასტუმროს 32-ე სართულზე იქირავა ნომერი და იქ აიტანა რამდენიმე ჩემოდანი იარაღით. მათ შორის ავტომატური შაშხანები.
როცა დაღამდა და იქვე, მოედანზე კონცერტი დაიწყო, კონცერტისა და ფოიერვერკის ქუხილის ფონზე ატეხა სროლა აივნიდან, მოკლა 60-მდე ადამიანი, სანამ ვინმე მიხვდებოდა, რომ ადამიანებს კლავდნენ...... ძალიან გვიან მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა.
როცა ალყა შემოარტყეს მის ნომერს, თავი მოიკლა პისტოლეტით.
რატომ ჩაიდინა ეს საშინელება - დღემდე გაურკვეველია.
ყველა იარაღი აბსოლუტურად ლეგალურად შეიძინა და დაარეგისტრირა კანონის შესაბამისად.
ამგვარი ტრაგედიები ამერიკაში ხდებოდა, ხდება და მუდამ მოხდება. ეს არის ამერიკული საზოგადოების მანკი. არა ნაკლი, არამედ მანკი
მანკი იმიტომ, რომ ამ უბედურებას არაფერი ეშველება.
ესე პრობლემა სისტემური და თვისებრივია - თანმდევი და თანდაყოლილი, რაკი იარაღი, როგორც ასეთი და იარაღისადმი დამოკიდებულება, ასევე ამ სფეროში ყოველგვარი შეზღუდვის შეუძლებლობა ამერიკული კულტურის განუყოფელი პოსტულატია, ამერიკის `კულტურული კოდია`.
რამდენჯერაც მოხდება ასეთი საშინელება, იმდენჯერ მოითხოვენ ხოლმე ამერიკელი მემარცხენეები, არასამთავრობოები, საზოგადოების დიდი ნაწილი იარაღის თავისუფლად ყიდვა-გაყიდვის აკრძალვას, კონტროლს, შეზღუდვას და ა.შ და ა.შ.
არასდროს ამ მოთხოვნებს შედეგი არ მოუტანია (ყველაზე ახლოს მაინც პრეზიდენტ ობამას დროს იყვნენ) და არც მოიტანს.
ეს არის პირწმინდა პოპულიზმი და აი რატომ:
- ამერიკაში ისტორიულად `ბრუნავს` დაახლოებით 500 მილიონი ერთეული იარაღი. აქედან ნაწილი ლეგალურადაა შეძენილი, ანუ ამერიკელები სრულებით კანონიერად ფლობენ. ბევრ შტატში არა მხოლოდ იარაღის შენახვის, არამედ ტარების უფლებაც აქვთ. დავუშვათ ხელისუფლებამ ჩამოართვა ლეგალური იარაღი მფლობელებს. მაგრამ ეს იმას გამოიწვევს, რომ ასეულობით მილიონი არარეგისტრირებული, შავი, უკანონო იარაღი დარჩება ბანდიტების, ყაჩაღების, გამაუპატიურებლების, ნარკომოვაჭრეების და ათასი ჯურის კრიმინალის ხელთ! მაშასადამე, პატიოსანი, კანონმორჩილი ამერიკელები აღმოჩნდებიან დაუცველნი პოტენციურ მკვლელთა, ყაჩაღთა, ბანდიტთა წინაშე!
- და საერთოდაც.......როგორ უნდა წაართვა ამერიკელს იარაღი? გამორიცხულია! სამოქალაქო ომი დაიწყება! ამერიკელისთვის იარაღი არა მხოლოდ თავისუფლების პირობაა, არამედ თავისუფლების სიმბოლოც, და მისი იდენტობის გარანტია. ეს იგივეა ამერიკელს ხელი მოჰკვეთო, ფეხი მოაჭრა, თვალი ამოთხარო...იარაღი და ამერიკული იდენტობა განუყოფელია, რაც ასე გენიალურად აღწერა ჯონ სტერჯესმა თავის უჭკნობ შედევრში `შესანიშნავი შვიდეული`.
გარდა ამისა: ამგვარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ძალიან რეზონანსული კია, - მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს, - მაგრამ რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ზოგადად 100 000 მოსახლეზე ძარცვისას ჩადენილი მკვლელობებით, თუნდაც მკვლელობათა საერთო რაოდენობით ამერიკა სულაც არ არის პირველ ადგილზე მსოფლიოში. იმიტომ სწორედ, რომ ამერიკელებს აქვთ იარაღი და შეუძლიათ თავის დაცვა, ხოლო კრიმინალმა იცის, რომ ის, ვისაც თავს ესხმის, ან სახლში უვარდება გასაძარცვად, სრულებით შესაძლებელია შეიარაღებული იყოს და კარგად ნავარჯიშებიც ტირში.
აშკარაა სხვაობა ინგლისთან: მიუხედავად საერთო ანგლო-საქსური კულტურული და ეთნიკური ფესვებისა, ინგლისში პატარა გასახსნელი დანაც კი, ზურგჩანთაში, შესაძლოა გამოძიების და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდეს.
ამით დასტურდება, რომ ეს ორი ქვეყანა, მიუხედავად საერთო ფესვებისა, `ერთი ხის სხვადასხვა კულტურულ `ტოტად` იქცა და სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება.
ამიტომ, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასეთი საშინელი შემთხვევები, როგორიცაა მასობრივი დახვრეტა, იყო, არის და იქნება ამერიკაში.
`შეზღუდვა` და `კონტროლი` არამიზანშეწონილია იმავე მიზეზით: ყველა ამგვარი რეგულაცია - როგორც მათი მოწინააღმდეგეები ამბობენ რეზონულად - მუშაობს იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ლეგალურად, კანონიერად, თავდაცვის მიზნით ყიდულობს იარაღს და ზრდის კრიმინალის შანსებს, ვისაც არალეგალური იარაღი უდევს ჯიბეში.
ბუნებრივია, კულტურას გააჩნია. მათ შორის სოციო-ფსიქოლოგიას.
საქართველოში რომ იარაღის თავისუფლად შეძენა-შენახვა-ტარება უკონტროლოდ დაუშვა, შესაძლოა ისეთი ხოცვა-ჟლეტა ატყდეს, ცხოვრებაც შეუძლებელი გახდება კარგა ხნის განმავლობაში, სანამ.... ეს სისხლი სოციალურ ფსიქოლოგიას არ შეცვლის.
ცნობილი გამოთქმაა, რომელიც ყველამ იცის: `უფალმა შექმნა ადამიანი ხოლო კოლტმა ისინი გაათანაბრა`
მაგრამ არსებობს მეორე, ნაკლებად ცნობილი გამონათქვამი: `კოლტმა ამერიკელები აიძულა, ზრდილობიანად ფრთხილნი ყოფილიყვნენ ერთმანეთთან ურთიერთობაში`.
იგულისხხმება: იძულებული ხარ ზრდილობიანად ფრთხილი იყო, როცა იცი, რომ იმ ადამიანს შესაძლოა `მაგნუმ-45` ჰქონდეს იღლიის ქვეშ.
ძალიან რთული თემაა რასაკვირველია.
საქართველოში განსაკუთრებით.
. . . . . . . . . .
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა: `არსად არ გვეჩქარება უკრაინაშიო`.
პატრუშევი პუტინის გარემოცვაში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.
ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ პუტინი, როგორც სჩანს, უკრაინაში ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი ომისთვის ემზადება. თუნდაც წლები გაგრძელდეს. მას იმედი აქვს უკრაინელი ერი `მოიქანცება` იმაზე ადრე, ვიდრე რუსი ერი.
. . . . . . . . . .
როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სავსებით შესრულებადი პირობები ჩამოაყალიბა, რათა არ დაადოს ვეტო შვედეთის და ფინეთის მიღებას NATO-ში.
ერდოღანმა მოითხოვა, რომ ამ ორმა ქვეყანამ დოკუმენტურად დაადასტუროს: ალიანსში შესვლის შემდეგ აღარ დაუჭერს მხარს ქურთ სეპარატისტებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად თვლის და რაც მთავარია, ამერიკამ მოხსნას ემბარგო თურქეთისათვის F-35 სამხედრო თვითმფრინავთა მიყიდვაზე.
ემბარგო ანკარას მას შემდეგ დაედო, რაც ერდოღანმა პუტინს `კოჭი გაუგორა` და მისგან საზენიტო სისტემა С-400 შეიძინა.
ფინეთის და შვედეთის ალიანსში მიღება ჩვენთვის იმითაცაა საინტერესო, რომ ზაფხულში, NATO-ს სამიტზე, გაირკვევა: დასჭირდებათ თუ არა ამ ქვეყნებს MAP (Membership acting plan) ანუ საგზაო რუკა - გასაწევრებლად.
თუ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა აქ პრეცედენტი შექმნა და `საგზაო რუკის` გარეშე, პირდაპირ მიიღო ეს ქვეყნები (30 წელია ჯერ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა) ეს არგუმენტად გამოგვადგება საქართველოს.- NATO-სთან მომავალი ურთიერთქმედებისას წევრობის თემაზე.
. . . . . . . . . .
პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მხარს არ დაუჭერს `ჩრდილო ოსეთის` გაერთიანებას `სამხრეთ ოსეთთან`, რადგან ამით თურმე `მესამე სახელმწიფო იქმნებაო`.
ანუ პესკოვი გულისხმობს, რომ თუ `სამხრეთ ოსეთი` ცალკე, 86-ე სუბიექტად აპირებს შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში კიდევ ჰო, თუმცა....აი მათი გაერთიანება არასასურველიაო.
ზოგადად, როგორც ბევრჯერ ითქვა, `ერთიანი დიდი ალანია` თუნდაც რუსეთის შემადგენლობაში, მოსკოვს არ აწყობს, რადგან აუცილებლად გამოიწვევს იჭვიანობას, შურსა და უკმაყოფილებას ჩრდილო კავკასიურ ელიტებში: ოსები არ უყვართ ჩრდილო კავკასიაში, არ უყვართ არც ვაინახებს (ჩეჩნებს, ინგუშებს) ასევე არ უყვართ ჩერქეზებს (ყაბარდოელებს და ადიღებს). მოსკოვი ამ მომენტს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე `ოცნების ხელისუფლების` ლოიალობას ამ შემთხვევაში.
პესკოვმა დააზუსტა, რომ თვითონ ე.წ. `რეფერენდუმის` კითხვა იყო უცნაურად დასმული: `გინდათ თუ არა `სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებაო`. და არა `გინდათ თუ არა სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის შემადგენლობაში`.
ასეთი კითხვა ამგვარი ფორმულირებით ე.წ. `პრეზიდენტმა ბიბილოვმა` იმიტომ გამოიტანა რეფერენდუმზე, რომ რცხვენოდა ჩანაწერისა `შესვლა რუსეთის შემადგენლობაში`. ტერმინი `რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება` რასაკვირველია უფრო `ამაყად` ჟღერს: თითქოსდა ორი დიდი სახელმწიფო ერთიანდება და მესამე სახელმწიფოს ქმნის.