საერთაშორისო მიმოხილვა. 30 აგვისტო. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 აგვისტო. 2022 წელი

უკრაინის შეტევა ხერსონის მიმართულებით, თუ სამხედრო სპეციალობის ენაზე ვიტყვით, იყო `ბრძოლით დაზვერვა`, რომლის მიზანი მტრის თავდაცვითი ხაზების `გამოჩენა` და ლოკალიზაციაა  - შემდგომი მძლავრი შეტევის განსახორციელებლად.

`დაზვერვა ბრძოლით` წარმატებულიც აღმოჩნდა, რაკი რუსებს რამდენიმე კილომეტრით უკან დაახევინეს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 3 სისხლის სამართლის საქმე აღძრა  ჩეჩნეთის მიკროდიქტატორის, რამზან კადიროვის წინააღმდეგ/ მათ შორის `აგრესიული ომის წარმოება`, `ომის პროპაგანდა` და `უკრაინის ტერიტორიის ხელყოფა`.

კადიროვმა პასუხად განაცხადა: კი ყველაფერი ეს ჩავიდინე და კიდევ ჩავიდენო.

მეორეს მხრივ, რუსულ ბლოგოსფეროში ვრცელდება უამრავი მტკიცებულება, განცხადება, შეტყობინება, რომ რუსულ არმიაში ძალიან უკმაყოფილონი არიან ჩეჩენი მებრძოლებით. რუსი მეომრები წერენ, რომ ჩეჩნები და სხვა კავკასიელები უკრაინის ომში მონაწილეობენ ქალებზე სანადიროდ დაპყრობილ ქალაქებსა და სოფლებში, ასევე საძარცვავად.

არადა, ხელფასს ბევრად მეტს იღებენ ვიდრე რუსი ჯარისკაცები და ოფიცრებიო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვმა მაინც დაიწყო აფხაზების დასჯა იმისთვის, რომ პუტინს არ აჩუქეს ბიჭვინთა: აფხაზეთში რუსეთის საკონსულომ განაცხადა, რომ აფხაზები ვეღარ მიიღებენ 10 წლიან რუსულ პასპორტებს. ძველს რომ ვადა გაუვათ, ახლით ვერ ჩაანაცვლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში მოგზაურობა და ცხოვრება გაუჭირდებათ.

]რუსეთში აფხაზური პასპორტითაც შეუძლიათ მოგზაურობა, მაგრამ დიდი ხნით არა.

იმ რუსული პასპორტებით, რასაც რუსეთი მათ აძლევდათ ადრე, ვერც ერთ დასავლურ ქვეყანაში ვერ იმოგზაურებენ, ანუ ეს პირველი სანქციაა: პუტინი გაბრაზებულია, რომ მისი შვილები, თვითონ და მეგობარი ქალი ალინა კაბაევა ბიჭვინთაში ვერ დაისვენებს, რომელიც სტუდენტობიდან ძალიან უყვარს.

ამაზე ლამაზი ადგილი, როგორიცაა ბიჭვინთის ყურე, მსოფლიოში შესაძლოა საერთოდ არც იყოს. თორემ აბა დასასვენებელი სახლების და სასახლეების მეტი რა აქვს პუტინს?

რუსეთის საელჩო და საკუნსულო ამ გადაწყვეტილებას ხსნის `ტექნიკური მიზეზებით`, მაგრამ არ აზუსტებს რა `ტექნიკური მიზეზებია` ეს და როდის აღმოიფხვრება.

`ვწყვეთ 10 წლიანი ვადის პასპორტების გაცემას` და წერტილი.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ქართულ-აფხაზური სეპარატისტული ომის ვეტერანთა ორივე ორგანიზაციამ `აიდგილარამ` და `აიააირაა` მკაცრად გააკრიტიკა აფხაზეთში რუსეთის ელჩი მიხეილ შურგალინი მისი განცხადებების გამო ბიჭვინთის აგარაკის პუტინისთვის ჩუქების შესახებ.

საერთო რეფრენი ელჩისადმი მიმართვაში იყო: `სიტყვები შეარჩიე ელჩო`!

ორივე განცხადებაში ნათქვამია, რომ `ბიჭვინთა მხოლოდ პირველი ნაბიჯია`, სულ მალე კი რუსეთი აფხაზეთისგან კიდევ ბევრ რამეს მოითხოვს - ენგურჰესის გადაცემას მაგალითად.

აქვე უნდა ითქვას, რომ აფხაზებს ენგურჰესი თავის საკუთრებად მიაჩნიათ. იმიტომ, რომ ენგურჰესის სამართავი პულტი გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარეობს და მას მთლიანად აფხაზური მხარე აკონტროლებს; იქ ქართველ ენერგეტიკოსებს უუფლებო ყმებად ამუშავებენ. სხვა შემთხვევაში ელექტროენერგია არც აფხაზურ მხარეს არ ექნება და არც ქართულს.

აღსანიშნავია, რომ `აიდგილარა` და `აიაირაა`აფხაზური ელიტების სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ. არჩევნების დროს ისინი მუდამ სხვადასხვა პოლიტიკოსებს უჭერენ მხარს და ზოგჯერ ერთმანეთს იმდენად უპირისპირდებიან ამა თუ იმ პრეზიდენტის მხარდაჭერის ან მისი ოპოზიციონერობის გამო; იმდენად, რომ რამდენჯერმე კინაღამ შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდა საქმე.

მაგრამ ამ საკითხებში (ენგურჰესი, ბიჭვინთა, მიწის ყიდვა-გაყიდვა, `საკალმახე მეორნეობათა` რუსული კონცერნებისთვის გადაცემა და ა.შ) ერთნი არიან.

შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში რუსეთის ელჩმა შურგალინმა განაცხადა: თუ ბიჭვინთას აფხაზები პუტინს არ აჩუქებენ და ამჟამინდელი რიტორიკა გაგრძელდა აფხაზეთში `ეს ძალიან გაუხარდებათ ენგურს გაღმაო`.

ანუ საქართველოში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან კარგი ამბავი ევროპის ენერგეტიკული სიახლეებიდან ის არის, რომ ევროკავშირმა (პირველ რიგში გერმანიამ) მოახერხეს გაზის საცავთა შევსება 80%-მდე მაშინ, როცა Deadline, როგორ წესი, 1 ნოემბერი იყო ხოლმე. არადა უკვე შევსებულია და კვლავ ივსება

ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა რუსეთმა სულ 100%-ითაც კი რომ შეუწყვიტოს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპას, ევროპა არ გაიყინება! გარკვეულწილად გაუჭირდება, მაგრამ არ გაიყინება! უბედურება არ დატრიალდება!

რუსეთი ამჟამად ბუნებრივი აირის დაკონტრაქტებული მოცულობის მხოლოდ 20%-ს აწვდის ევროპას `ჩრდილო ნაკადი-1` გაზსადენით; სრული აღდგენის სანაცვლოდ კი  `ჩრდილო ნაკადი-2`-ის აღდგენას მოითხოვს (რასაც ევროპა არ თანხმდება უკრაინის ომის გამო) ხოლო დანარჩენ მოცულობას ევროპას აწვდის უკრაინის გავლით.

მეომარი უკრაინის, სადაც მიწოდება ყოველ დღე შეიძლება შეწყდეს თუნდაც საომარი მოქმედებების გამო.

და ამ ვითარებას კრემლი, რასაკვირველია, შეგნებულად ქმნის!

თუმცა ევროპამ გაზის ბუნებრივი (მიწის ქანებში არსებული) უზარმაზარი საცავები შეავსო უკვე 30 აგვისტოსთვის, რაც სხვათა შორის ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფენომენზე მეტყველებს: იმაზე, რომ ევროპამ, დასავლეთმა, თუ მოინდომა, თუ გაუჭირდა, თუ აუცილებლად ჩათვალა, სავსებით შესაძლებელია გამოიყენოს `სამობილიზაციო რესურსები და ინსტრუმენტები`, რათა `ემერჯენს` რეჟიმში და `ფორს მაჟორის` პირობებში მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საბაზრო ეკონომიკის  და დემოკრატრიის პირობებში თითქოს შეუძლებელია ან/და საერთოდ არარსებულია.\

ნურას უკაცრავად! სულ ტყუილად ჰქონდა ამის იმედი პუტინს: აღმოჩნდა, რომ ეს `ინსტრუმენტები` და `სამობილიზაციო რესურსები` `ატროფირებულია`, `მიძინებულია`, `არ ჩანს`,` დარეზერვირებული და მიმალულია, თუმცა რომ გაუჭირდებათ, დასავლურ დემოკრატიებს აქვთ საშუალება ისინი` გააღვიძონ` ევროპის გადასარჩენად და რაც ყველაზე მთავარია, ეს გააკეთონ არა მხოლოდ და არა იმდენად ნაციონალურ დონეზე, არამედ ევროკავშირის დონეზეც კი.

არადა რუსმა პროპაგანდისტებმა ხომ ყურები გამოგვიჭედეს, თითქოს ევროკავშირი სრულიად უმაქნისი, სუსტი,   მუდამ დაშლა-განადგურების ზღვარზე მოტორტმანე გაერთიანებაა?

არ აღმოჩნდა ასე, ოღონდ......არ დაგვავიწუუდეს არც ერთი წუთით, რომ ამის `საფუძველი`, `აღმძრავი ფენომენი`, `მთავარი გარანტორი` არის  გ ე რ მ ა ნ ი ა!

გერმანია, რომელიც უკვე  50 წელია უშურველად ხარჯავს საკუთარ რესურსებს მთელი ევროპის საკეთილდღეოდ და თვით `ერთიანი ევროპის იდეის`გადასარჩენად.

ევროპულ გაზსაცავთა უდიდესი ნაწილი სწორედ გერმანიაშია. და პირველ რიგში ბერლინმა გამოჰყო რესურსები მათ შესავსებად მომავალი ზამთრის წინ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის შეერთებული შტატები მთვარეზე ბრუნდება და მთვარეზე აბრუნებს მთელს კაცობრიობას!

დღეს, როცა ამერიკისა და თავისუფლების უამრავმა მტერმა მსოფლიოში დაიწყო სისინი `ამერიკის დაცემის`, `ამერიკის მზის ჩასვენების` შესახებ და ამ ბოროტი მიზნით იყენებდა უკრაინის მოვლენებს, ავღანეთის მოვლენებს, - ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური პრესტიჟისა და რენომესათვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება მთვარეზე ადამიანის კვლავ გამგზავრებას და ეს ადამიანი, საბედნიეროდ, არა ჩინელი ან რუსი, არამედ ისევ ამერიკელი იქნება!

 

გუშინ ამერიკის აერონავტიკის სააგენტომ (NASA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მთვარეზე გაუშვებს ჯერ უპილოტო აპარატს Artemis I, ხოლო 2024 წელს კვლავ დასვამს ადამიანს მთვარეზე. თანაც მთვარის უკანა, ჩრდილოვან  მხარეზე.

შეგახსენებთ: პირველი პილოტირებული გაფრენა მთვარეზე ამერიკამ განახორციელა 1969 წლის 20 ივლისს; პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა იყო ნილ არმსტრონგი; ბოლო პილოტირებული გაფრენა მთვარეზე ამერიკამ განახორციელა 1972 წელს.

შემდეგ ეს პროგრამა შეწყდა. იმიტომ, რომ მიზანს მიაღწია: ამერიკამ მთელს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ დემოკრატია და თავისუფლება უფრო ძლიერია, ვიდრე კომუნიზმი, ხოლო  საბჭოთა კავშირის უბადრუკი მცდელობა, მოეპოვებინა ლიდერობა კოსმოსში, სრული კრახით დასრულდა.

 

NASA გეგმავს მთვარეზე პირველი საცხოვრისის აგებას, რათა ადამიანებმა იქ იცხოვრონ. ანუ, მაშინვე კი არ დაბრუნდნენ დედამიწაზე, არამედ იქ დარჩნენ კარგა ხნით. თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიები ამის საშუალებას უკვე ქმნის - 1969 წელს ამისთვის დასავლეთიც კი არ იყო ჯერ მზად ტექნოლოგიურად.

თავის მხრივ Artemis (ძველ ბერძნული `არტემიდა` - ნადირობის ღმერთი, ზევსის ასული) იქნება მოსამზადებელი ეტაპი მარსზე ადამიანის გასაფრენად.

მარსზე `რამდენიმე საათით` (როგორც 1969 წელს მთვარეზე) ადამიანი ვერ გაფრინდება: იქ უნდა დარჩეს მინიმუმ 1 წლით მაინც, ამიტომ ასეთ საკაცობრიო გარღვევას მთელი პლანეტის თვალწინ კიდევ 20 წელი დასჭირდება ნამდვილად.

თუმცა....გენიალური ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი კერძო კორპორაცია SpaceX ბევრად უფრო მალე მიაღწევს მარსს.

თეორიულად, ეს გამორიცხული სულაც არ არის.

 

დათო