საერთაშორისო მიმოხილვა. 6 იანვარი 2025 წელი
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან პოპულარულ და გევლენიან ამერიკელ ბლოგერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში გაიხსენა 2022 წლის 26 თებერვალს სატელეფონო საუბარო ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან.
სენსაციური დეტალები გაახმაურა.
ირკვევა, რომ საუბრისას ზელენსკიმ უსაყვედურა მეზობელი ქვეყნის ლიდერს, რატომ ბომბავდა რუსეთი მისი ტერიტორიიდან უკრაინას, რატომ იჭრებოდა უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან, რაზეც იმ უბადრუკმა და არამზადა ლუკაშენკომ თურმე უპასუხა: „არა ეს მე არ ვარ....მე ხომ იცი ამათ ვერ ვაკონტროლებ აქ....კი, ჩემს ტერიტორიაზეც ვერ ვაკონტროლებ.....რუსებთან ომი როგორ შეიძლება? არა, მე არ ვაგებ პასუხს რასაც რუსები ჩემი ტერიტორიიდან აკეთებენ.....რა ვქნა რით დაგარწმუნო, რომ სრულიად უძლური ვარ ეს შევაჩერო.... თუ გინდა დაარტყი ბელორუსიას რაკეტებით....აი მაგალითად მოზელსკის ნავთობქარხანა ხომ იცი ჩვენთვის რა მნიშვნელოვანია? ჰოდა დაარტყი, გაანადგურე.....სხვა რა გითხრა?“
ზელენსკიმ სხვა მნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა იმავე ინტერვიუში.
კერძოდ, მან თქვა, რომ პუტინს და ტრამპს „სამთა ფორმატში“ არ შეხვდება, არამედ ჯერ შეხვდება დონალდ ტრამპს, მიიღებს მისგან გარანტიებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდება პუტინს „სამთა ფორმატში“, რათა გააფორმოს სამშვიდობო შეთანხმება.
ეს ძალიან ჭკვიანური პოზიციაა, რათა არ მისცეს ტრამპს რაიმე გარიგების საშუალება პუტინთან.
ზელენსკიმ იცის, რომ პუტინი არ არის მზად შეხვდეს ტრამპს მანამ, სანამ არ ექნება წინასწარ გარანტია, რომ მომავალი სამშვიდობო შეთანხმება მოსკოვის პოზიციასთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე კიევის მოთხოვნებთან.
თუმცაღა აბსოლუტურად ყველა ინდიკატორი იმაზე მეტყველებს, რომ არანაირი პუტინ-ტრამპის გარიგება არ იქნება...... უკრაინის ხარჯზე.
ტრამპმა ეს რომც მოინდომოს, უკრაინა არ დაეთანხმება და არც ამერიკული ისტებლიშმენტი მთლიანად, მათ შორის დემოკრატები და არც ევროპა (რომლის საზღვართანაც ხორციელდება პუტინის აგრესია) არ დაანებებენ ტრამპს უკრაინის ხარჯზე „გეშეფტს“ პუტინთან.
სრულიად პრაგმატული მიზეზებით - სამომავლო რუსული აგრესიის გამორიცხვის სურვილით.
ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ უკრაინისთვის არ იქნება საკმარისი იმ სახის გარანტიები დასავლეთისგან, რაც ჩადებული იყო ე.წ. „ბუდაპეშტის მემორანდუმში“ (1994 წელს) ანუ მხოლოდ კონსულტაციები, თუ კრემლი ამ მემორანდუმს დაარღვევდა და უკრაინას თავს დაესხმებოდა.
უკრაინა მოითხოვს დასავლეთის სამშვიდობო ძალების განლაგებას ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე, რასაც რუსეთი, პუტინი არაფრის დიდებით, არასდროს არ დათანხმდება.
გამორიცხულია.
გაქნილი რუსული დიპლომატია კი (ლავროვის დიპლომატია) იმ არგუმენტს მოიშველიებს, რომ „თუ უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, მაშინ რომელ „ნეიტრალიტეტზეა„ ლაპარაკი როცა ნეიტრალურ ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს ჯარები დგასო“.
დემაგოგიაა რასაკვირველია, თუმცა ლავროვს არ გაუჭირდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბევრჯერ დაგვიწერია, რომ ჩვენი აზრით, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი უმძიმესი სტრატეგიული შეცდომა იყო „რეაქტიული“ პოზიცია კურსკის რეგიონში, ნაცვლად პრო-აქტიური პოზიციისა.
ანუ ის, რომ უკრაინული არმიის ქვედანაყოფები, რომლებიც იმყოფებიან კურსკის რაიონში თავის დროზე (რამდენიმე თვის წინ) განხორციელებული შესანიშნავი სამხედრო ოპერაციის შედეგად, არ აქტიურობდნენ შეტევითი თვალსაზრისით, არ ცდილობდნენ წინ წაწევას კრემლისთვის სენსიტიური მიმართულებებით, როგორიცაა ჯერ ერთი (რაც მთავარია) მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ქალაქი კურსკი ანუ რეგიონული ცენტრი და კურსკის სტრატეგიული ატომური ელექტროსადგური.
ამან მისცა საშუალება კრემლს, მოეხდინა „კურსკის პრობლემის“ კუპირება და კი არ გადმოესროლა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან დამატებითი ძალები, არამედ დაექირავებინა კორეელი მებრძოლები.
იმავდროულად, რაკი ტელესივრცეს მთლიანად აკონტროლებს კრემლი, ამ რეგიონში უკრაინული ძალების ყოფნა (უბრალოდ მათი იქ დისლოცირება შეტევითი ოპერაციების გარეშე) პუტინს რაიმე არსებით ზიანს ვერ აყენებდა იმიჯური თვალსაზრისით.
სულ სხვა ვითარება შეიქმნება, თუ ახლა უკრაინული ძალები შეუტევენ და მკაცრად დაბომბავენ კურსკს.
ათასობით და ათი ათასობით ლტოლვილის გამოქცევა ამ ქალაქიდან ვერ დაიმალება რუსული პროპაგანდის მიერ.
ამას მიჩქმალვას პუტინის პროპაგანდისტული მედიაც კი ვერ შეძლებს.
რუსეთი არ არის ჩრდილო კორეა. რუსეთში არსებობენ „ფაბლიკები“, არსებობს სოციალური ქსელები, ამიტომ ტელესივრცეს ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობაც არ აქვს.
თუმცა ჯერ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა უკრაინული ძალები არსებითად წინ წაწევას და რაც მთავარია, გამოიყენებენ თუ არა შორსმწვდომ იარაღს ქალაქ კურსკის დასაბომბად.
ამერიკამ და ევროპამ (ინგლისმა და საფრანგეთმა) უკრაინულ არმიას ნება დართეს მათი შორსმწვდომი იარაღის გამოყენებისა რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მხოლოდ ქალაქგარე ობიექტებისა.
თუმცა უკრაინას შეუძლია დაბომბოს ქალაქი კურსკი საკუთარი წარმოების შორმსმწვდომი იარაღითაც და მერე თქვას ის, რასაც რუსეთი ამბობს კიევის, ხარკოვის და დნეპრის დაბომბვისას: „ჩვენ ვუმიზნებდით ქალაქში სამხედრო ობიექტებს, რუსულ და კორეულ ქვედანაყოფთა დისლოცირების, მათი დასვენების და კვების ადგილებს, სამხედრო სასწავლებლებს, შტაბებს, მაგრამ....რუსულმა „საზენიტომ“ ჩამოაგდო და რაკეტებს მიმართულება შეუცვალა, ამიტომ ქალაქელებში მსხვერპლზე რუსული მხარე აგებს პასუხსო“.
რა თქმა უნდა, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ეს შეტევა დაამთხვია უმნიშვნელოვანეს მოვლენებს: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და ტრამპის სამშვიდობო გეგმის გარდაუვალ უარყოფას პუტინის მიერ.
ტრამპის გეგმას პუტინი უეჭველად უარყოფს იმ მიზეზით, რაც უამრავჯერ ითქვა: ვაშინგტონის გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის იმგვარ შეწყვეტას, როცა უკრაინა და დასავლეთი არ აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და რაც მთავარია, უკრაინის დანარჩენ, „გადარჩენილ“ ტერიტორიას (თუნდაც ნეიტრალურ უკრაინას) სამომავლოდ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ტრამპი აქტიურად იმზადებს მყარ საყრდენებს ევროპაში.
იმ დროს, როცა გერმანია და საფრანგეთი (ევროკავშირის ორი უმთავრესი სახელმწიფო) სამთავრობო არასტაბილურობითაა მოცული და გაურკვევლობაში არიან, ტრამპი ცდილობს უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად დიდ ევროპულ სახელმწიფოებთან ახლავე დადოს „გარიგება“
სწორედ ამის ნიშანია იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის ვიზიტი არჩეული პრეზიდენტის მარ ა ლაგოს რეზიდენციაში Mar-a-Lago residence in Palm Beach, Florida.
ამგვარი ვიზიტები უმაღლეს დონეზე ზოგადად არ არის ჩვეული დიპლომატიური პრაქტიკა, როდესაც ეპოქალურ ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. თეთრ სახლში კი კვლავ მოქმედი პრეზიდენტია.
შეხვედრას ესწრებოდა მომავალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
დონალდმა ჯორჯას ჩვეულ სტილში „ფანტასტიკური ქალი“ უწოდა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ტრამპის თქმით, მელონიმ „შტურმით აიღო ევროპა“.
აქ სწორედ იმ გარემოებას გულისხმობდა, რომ იტალიის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც წარმოადგენს რადიკალურად მემარჯვენე პარტიას „იტალიელთა საძმო“, უცნაურად (იტალიისთვის უცნაურად) მყარი კოალიცია შექმნა იმ საპარლამენტო რესპუბლიკაში.
ერთ-ერთი თემა საუბრისას იყო იტალიელი ჟურნალისტის, Cecilia Sala-ს დაპატიმრება ირანში, რის შედეგადაც იტალია ბევრად აქტიურად, ვიდრე ოდესმე ჩაერთვება ვაშინგტონის და ისრაელის პოლიტიკაში თეირანის მიმართ და ეს სულაც არ არის ირანისთვის წვრილმანი.
მელონის, როგორც „ნაციონალისტს“ არ შეუძლია ასე უბრალოდ „გაატაროს“ იტალიელი ჟურნალისტის დაპატიმრება გაუგებარი ბრალდებით.
ოღონდ ამ შეხვედრაში და ტრამპ-მელონის ალიანსში ყველაზე ნიშანდობლივი მაინც მათი „სოციალური ბაზის“ იდენტობაა იტალიასა და ამერიკაში.
შესაბამისად პარტიათა პროგრამული მსგავსება. (უფრო ზუსტად, პოლიტიკურ ძალთა, რაკი აშშ-ს GOP რა თქმა უნდა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ „ტრამპის პარტია“)
იმავეს (ანუ ტრამპთან დაახლოებას) ვერ ახერხებს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი Keir Starmer მიუხედავად უამრავი მცდელობისა.
ამის მთავარი მიზეზი და ვაშინგტონ-ლონდონის ტრადიციული ალიანსის „ჩამშლელ/ამრევი“ გახდა ილონ მასკი, რომელმაც აბსოლუტურად უნიკალური როლი შეასრულა და უდიდესი წვლილი შეიტანა ტრამპის გამარჯვებაში.
ილონ მასკს ზოგადად არ უყვარს მემარცხენეები. მათ შორის ბრიტანელი „ლეიბორისტები“.
და სწორედ იმის გამო, რომ ბრიტანეთი ბევრად ახლოსაა ამერიკასთან, ვიდრე მაგალითად, გერმანია, გფრ-ში მემარცხენე „სოცდეკების“ მიმართ მასკს არ ახასიათებს ისეთი იდიოსინკრაზია, როგორც ბრიტანელი ლეიბორისტებს და მათი ამჟამინდელი ლიდერის, სტარმერის მიმართ, რომელსაც მასკი ადანაშაულებს ბრიტანელ მემარჯვენეთა ჩაგვრასა და რეპრესიებში.
კერძოდ, რამდენიმე Public-figure-ის დაპატიმრებაში აქციებზე კანონის დარღვევის ბრალდებით.
ამავდროულად ილონ მასკს „თათმანი ესროლა“ არანაკლებ წარმატებულმა (თუმცა სხვა, Delivery business სფეროში) მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა.
გასული წლის ბოლოს Jeff Bezos’ company Blue Origin კოსმოსში გაუშვა ახალი მძიმე რაკეტა New Glenn.
100 მეტრის სიმაღლისაა ეს რაკეტა ანუ 30 სართულიანი სახლისა.
ბეზოსის რაკეტას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ილონ მასკის კომპანია SpaceX რაკეტებს.
ბევრი სპეკულაციაა ამერიკულ მეინსტრიმულ მედიაში, როგორ განვითარდება მოვლენები ტრამპის პრეზიდენტობისას, თუ ბეზოსი ისეთივე აქტიურ პოლიტიკურ პოზიციას დაიკავებს, როგორიც ილონ მასკს აქვს და ხომ არ გადავა იგი „დემოკრატების“ მხარეს 2028 წლის საარჩევნო ბატალიებისას.
ამერიკაში „საარჩევნო კამპანია“ არასდროს მთავრდება: ერთი კამპანია რომ მთავრდება, მეორე დღესვე იწყება მეორე.