საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ოქტომბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 ოქტომბერი. 2024 წელი

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამერიკამ და ალიანსმა უნდა მიიღოს უკრაინა ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გარეშე ისევე, როგორც იაპონიასთან გააფორმა ამერიკამ სტრატეგიული ხელშეკრულება თავდაცვისა და უშიშროების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ოღონდ სსრკ-სთან და რუსეთთან სადავო კურილიის კუნძულებზე გავრცელების გარეშე.

ამ კუნძულებს იაპონია დღემდე ოკუპირებულად მიიჩნევს.

ამ ლოგიკით, საქართველოც შეიძლება მიიღონ ალიანსში მიუხედავად აფხაზეთ-ცხინვალის ოკუპაციის, ისევე როგორც უკრაინა, მიუხედავად ყირიმის და დონბასის ოკუპაციისა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ ოკუპაციის აღიარებას და დაკანონებას.

ანუ არ გულისხმობს აფხაზეთის, ცხინვალის, ყირიმის, დონბასის „ცნობას“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელმა დაადასტურა, რომ 1 ოქტომბრის შეტევის დროს, ირანმა ფრთოსანი რაკეტებით და ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა ისრაელის ორ ავიაბაზას: ემნათიმ და თელნოფ.

აქედან ისრაელის თვითმფრინავები დაფრინავენ საბრძოლო დავალებათა შესასრულებლად ლიბანსა და სირიაში.

თუმცა ირანის შეტევა მოიგერიეს.

ახლა ვრცელდება ინფორმაცია (რაზეც წინა მიმოხილვაში ვწერდით) რომ ისრაელი ემზადება ირანზე დარტყმისთვის, ხოლო გასარკვევი ისღაა, შეუტევს თუ არა ირანის ბირთვულ ობიექტებს.

ამერიკული გენერალიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლები ცდილობენ გადააფიქრებინონ ნეთანიაჰუს და მის გენერლებს ამგვარი დარტყმა, რადგან ამან შესაძლოა უპრეცედენტოდ დიდი ომი გამოიწვიოს რეგიონში.

ეს უკვე მეორე დიდი ომი იქნება USA პასუხისმგებლობის ზონაში. პირველი უკრაინაა.

Washington post თავის ედითორიალში პირდაპირ წერს, რომ ზელენსკის ბოლო ვიზიტი ამერიკაში მისი „მშვიდობის გეგმით“ (რაც პუტინის სრულ დამარცხებას გულისხმობს) წარუმატებელი იყო, ცივად მიიღეს(ო) - ამტკიცებს WP-და ამის მთავარი მიზეზი გახდა(ო) ახლო აღმოსავლეთის მოსალოდნელი დიდი ომი.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ ტრენდსა და ნარატივს ეხმიანება ზუსტად ასეთივე ტონალობით ლონდონური პრესის ფლაგმანი The Times.

მის ედითორიალში მოყვანილია ანონიმი ბრიტანელი დიპლომატის შეფასება, რომ ზელენსკის „მშვიდობის გეგმა“ (თურმე) „შესყიდვების სიაა და არა სტრატეგია“.

და იქვე The Times მოჰყავს ასევე ინკოგნიტო „მაღალი რანგის გერმანელი ჩინოსნის“ შეფასება, რომ „უკრაინაში ომი ჩიხში შევიდა და ჩვენ, გერმანიას და ევროპას არ შეგვიძლია სამარადჟამოდ ვიხდიდეთ ფულს ამისთვის“.

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ამერიკელ და ისრაელელ სამხედროთა კომუნიკაციას: ძალიან საინტერესოა ამერიკელ გენერალთა არგუმენტი ამ დროს, როცა ისრაელის ხელისუფლებას მიმართავენ(ამან გაჟონა დასავლურ პრესაში): „ხომ ხედავთ, რომ ირანი ისეთნაირად ესროდა ისრაელს ამ რაკეტებს, ცდილობდა ქალაქები ან თუნდაც მნიშვნელოვანი სამოქალაქო (!) ინფრასტრუქტურა არ დაეზიანებინა! ასეულობით რაკეტა კი ისროლეს, ოღონდ დიდი ნაწილი ესროლეს ცარიელ ადგილებს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ რაკეტებს, რომლებსაც ესროდნენ აეროდრომებს და სამხედრო ბაზებს, „ცახალი“ იოლად ჩამოაგდებდა. სამაგიეროდ „ჰესბოლლასა“ და „ჰამასისთვის“ აქვთ სათქმელი, რომ ისრაელს დაარტყეს! მაგრამ თუ ახლა თქვენ შეუტევთ ირანს, მით უმეტეს დაბომბავთ ირანის ბირთვულ ობიექტებს, ირანი უკვე სულ სხვანაირ შეტევას განახორციელებს ისრაელზე - ბევრად მასირებულს და ბევრად მეტი რაკეტის გამოყენებით. შესაძლოა ვერც თქვენმა და ვერც ჩვენმა „საჰაერო-საზენიტომ ამას ვერ გაუძლოს და თელ ავივში, ასევე იერუსალიმში უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს“.

 

ეს რომ მართლაც ასეა და ირანი ყოველნაირად ცდილობდა იმ პირველი დარტყმის დროს მეტისმეტად არ „გაებრაზებინა“ ისრაელი ხოლო მაშინდელი დარტყმა უფრო სიმბოლური ხასიათის იყო („რენომეს“ შესანარჩუნებლად ტერორისტული ორგანიზაციების თვალში) ამაზე ნამდვილად მეტყველებს ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება: „თუ ისრაელი გაბედავს ირანზე თავდასხმას, ჩვენი საპასუხო დარტყმა უკვე (!) ისრაელის მთელს ინფრასტრუქტურას მოიცავსო“.

ანუ პირველი დარტყმის დროს არ მოუცავს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არათუ თავად არ აწვდის ისრაელს იარაღს, რასაც „ცახალ“ ღაზაში იყენებს, არამედ მზადაა დააინიციიროს საერთაშორისო ემბარგო, რათა ისრაელმა იარაღი ვერ მიიღოს ვერავისგან.

ეს „იარაღის ემბარგო“ რომ უკაცრავად „ზღაპარია“ მაკრონმა ძალიან კარგად იცის: ამერიკა და ინგლისი ამას არაფრის დიდებით არ დათანხმდებიან, რაკი ისრაელი პირველ რიგში მათი ცივილიზაციური “საყრდენია“ რეგიონში.

ამას არც გერმანია დათანხმდება, რადგან დააბრალებენ: „ჰოლოკოსტის გაგრძელება გინდაო“.

მაშ რატომ აკეთებს მაკრონი ამგვარ განცხადებას? იმიტომ, რომ არაბულ სამყაროში თავისი პოზიციების აღდგენა სურს.

გარდა ამისა, განსხვავებით გერმანელებისგან, ფრანგებს არ ჩაუდენიათ ებრაელთა გენოციდი: ისინია აღიარებენ მხოლოდ ებრაელთა დეპორტაციას საფრანგეთიდან 1940 წლის შემდეგ, როდესაც გერმანულმა არმიამ საფრანგეთი დაიპყრო და პარიზში გერმანული საოკუპაციო ადმინისტრაცია იჯდა.

ეს მიდგომა საფრანგეთის მხრიდან წინა წლებში და ათწლეულებშიც მრავალგზის გამოვლინდა.

არ დაგვავიწყდეს, რომ პალესტინა, სადაც მოგვიანებით ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის „მანდატს“ განეკუთვნებოდა და არა საფრანგეთის მანდატს.

ოღონდ პარიზის პოზიციები ტრადიციულად ძლიერი იყო ლიბანში და სირიაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

უახლოეს მომავალში აზერბაიჯან-ამერიკული ურთიერთობები შესაძლოა სერიოზულად დაიძაბოს. აზერბაიჯანის პარლამენტის (მილლი მეჯლისის) დეპუტატებმა საჯაროდ მიმართეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს, გადახედოს ურთიერთობას ამერიკასთან, გააუქმოს, გააბათილოს „დაადენონსიროს“ ხელშეკრულებები აზერბაიჯანსა და აშშ შორის, გააგდოს ქვეყნიდან USAID და ასე შემდეგ.

არგუმენტად ის მოაქვთ, რომ ამერიკა „ეხმარება სომხეთს, აიარაღებს სომხეთს და ქმნის რევანშის ალბათობას“.

აზერბაიჯანელი დეპუტატები ამ ღია მიმართვაში (!) ასევე წერენ, რომ სწორედ ამერიკის და საფრანგეთის მიერ სომხეთის ინტენსიურმა შეიარაღებამ ბოლო 2 წლის განმავლობაში განაპირობა ის, რომ სომხეთმა (ციტატა) „არაკონსტრუქციული პოზიცია“ დაიკავა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში.

კერძოდ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხში. ასევე დიდი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისა ბაქოსა და ერევანს შორის.

აზერბაიჯანის „პარლამენტი“ რას წარმოადგენს ვიცით ხომ? ბუნებრივია, ეს „მოწოდება“ დაინიცირებულია ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის მიერ და არის ერთგვარი „წაშანტაჟება“ ვაშინგტონის, რათა მან პრო-სომხური პოზიცია შეცვალოს.

ყველაზე ცუდი, რასაც ახლა აზერბაიჯანის ხელისუფლება აკეთებს ისაა, რომ ყველა განცხადებაში, მათ შორის ამ განცხადებაშიც და სხვა განცხადებებშიც აღმასრულებელი თუ „საკანონმდებლო“ (ბრჭყალებში) დონეზე ხაზგასმულია „არარეგიონული ძალების კავკასიიდან გაძევების“ აუცილებლობა.

ანუ „რეგიონულ ძალებად“ ითვლება რუსეთი, თურქეთი, ირანი ხოლო დასავლეთი - „არარეგიონული ძალაა“, რომელიც „სამეულმა“ უნდა გააძევოს.

ასეთ განცხადებებს, ამგვარი გეოპოლიტიკური საზრისით, სომხეთი არ აკეთებს!!! უკვე დიდი ხანია აღარ აკეთებს - მას შემდეგ რაც დამარცხდა ყარაბაღის ომში და რუსეთმა იგი გაყიდა.

თუმცა სომხეთი ვერც მკვეთრ მოძრაობებს და რუსეთისგან რეალურად გამიჯვნას ბედავს.

ბაქოს კი მიაჩნია, რომ ამერიკა მას ვერაფერს დააკლებს, რაკი დასავლური ენერგოკომპანიები (მათ შორის ამერიკული ენერგოკომპანიები) სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი აზერბაიჯანთან თანამშრომლობით, ხოლო ასეულობით მილიარდი დოლარი (და ევრო), რაც აზერბაიჯანმა მიიღო ნავთობით, გადანაწილებულია მთელს მსოფლიოში: ჩადებულია აქტივებში, უძრავ ქონებაში, კრიპტოში, ოქროში (!) პლატინაში და ა.შ

ანუ აშშ ხაზინის სანქციებისა აზერებს არ ეშინიათ.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სრულიად „ჩაფლავდა“ (დღეს, აქ და ახლა ნამდვილად ასეა) საქართველოს გვერდის ავლით რაღაც ახალი „კორიდორების“ გაყვანის პროექტი, რომლითაც აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის რესურსები დასავლეთში უნდა გადაქაჩულიყო არა საქართველოს, არამედ სომხეთის გავლით.

ანუ ეს „ზანგეზურის“ თუ „სიუნიკის“ დერეფანი აზერბაიჯან-სომხეთ-ნახჭევან-თურქეთის ხაზით, მაინც მხოლოდ  პროჟექტებად რჩება და საქართველო თავის სატრანზიტო მნიშვნელობას, ასევე სატრანზიტო პოტენციალს სრულად ინარჩუნებს.

მათ შორის იმ სამომავლო დიდი ისტორიული პროექტისთვის, თუ აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები აიძულებენ რუსეთს (და ირანს!) დაეთანხმონ კასპიის ზღვის ფსკერზე დიდი გაზსადენის გაყვანას.

. . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში ძრწოლით ელიან „მანდარინის სეზონის“ დაწყებას.

ყველას ესმის, რომ ექიმებისა და მასწავლებლებისათვის ხელფასის გადახდაზე უარით მოსკოვმა მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა.

ბევრად მნიშვნელოვანი სანქციები სხვა „ხაზებით“ აქვს შემზადებული და ერთ-ერთი ასეთი „დარტყმა“ შესაძლოა აღმოჩნდეს ის, რომ „როსსელხოზნადზორმა“ აფხაზურ მანდარინში აღმოაჩინოს.....მავნებელი მიკრობები, როგორც ეს ხდებოდა საქართველოს და ქართული მანდარინის საწინააღმდეგოდ.

თუ ეს მართლაც მოხდა უახლოესი კვირების განმავლობაში, იმის მანიშნებელი იქნება, რომ მოსკოვი ჩქარობს და მიდის ესკალაციაზე.