საერთაშორისო მიმოხილვა. 9 თებერვალი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 თებერვალი. 2024 წელი

პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გადავიდა „რესურსული ცდის“ სტადიაზე, როდესაც მხარეები (უპირველესად პუტინის რუსეთი) ცდილობენ მტრის რესურსების გამოცდასა და მათი ხარჯვის პროვოცირებას, რათა შემდგომ უკვე ახალი პოზიციებიდან განახორციელონ სტრატეგიული შეტევა.

მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი თვის ბოლოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორედ „სტრატეგიული თავდაცვისა“ და „რესურსული ცდის“ მიუღებლობის გამო გადააყენა მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, ამჟამინდელი ვითარება სწორედ „სტრატეგიული თავდაცვაა“ უკრაინის მხრიდან და ჯერ ნამდვილად არ არის ცხადი, გააჩნია თუ არა უკრაინას რესურსები, რათა მთავარსარდალ ზალუჟნის პოსტიდან გათავისუფლებისა და მის ნაცვლად გენერალ ალექსანდრე სირსკის (ასევე ძალიან დამსახურებული და ავტორიტეტული სარდლის) დანიშვნის შემდეგ, განახორციელოს სტრატეგიული შეტევა ნაცვლად სტრატეგიული თავდაცვისა.

მეორეს მხრივ, ევროკავშირის გადაწყვეტილებამ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, ასევე ამერიკულ სენატში  „ორპარტიული კონსენსუსის“ მიღწევამ უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე, უკრაინას კვლავ მისცა შანსი „გაუთანაბროს“ რესურსები რუსულ პოტენციალს და სცადოს სტრატეგიული შეტევის განხორციელება გვიან გაზაფხულზე ყირიმის ან/და იმავე დონეცკის თუ მარიუპოლის მიმართულებით.

სერიოზულ პრობლემად რჩება, რომ დასავლური ელიტები ვერ ბედავენ იმ ნაბიჯის გადადგმას, რაც უკრაინულ რესურსებს გაუთანაბრებდა რუსულს - შორსმწვდომი საჰაერო ბაზირების ან სახმელეთო ბაზირების რაკეტების მიწოდებას უკრაინისთვის (მაგალითად გერმანული Taurus) რაც უკრაინას საშუალებას მისცემდა ადეკვატურად ეპასუხა რუსულ დარტყმებზე: შესაბამისად პუტინს მუდმივად რჩება ის სტრატეგიული უპირატესობა, რომ რუსეთის მოსახლეობა „ვერ გრძნობს“ ომს ისე, როგორც „გრძნობს“ მას უკრაინის მოსახლეობა.

„რესურსული ომის“ დროს კი ეს სტრატეგიული უპირატესობა და „ფორაა“.

. . . . . . . . . . . . . . . . .

სამხედრო კონტური

ფრონტის ხაზი ბოლო 4 კვირის განმავლობაში თითქმის უცვლელია: მიუხედავად იმისა, რომ „სტრატეგიული თავდაცვა“ უმაღლეს მხედართმთავარ ზელენსკის უპერსპექტივოდ მიაჩნია, ავდეევკასთან და ზოგიერთ სხვა ლოკაციაზეც უკრაინული არმია კვლავინდებურად მიმართავს ამ ტექნოლოგიას, რათა მტრის რესურსები „გამოცადოს“ და მტერს ისინი დაახარჯვინოს.

ბუნებრივია, თავდაცვითი ბრძოლების დროს ეს მხარე ბევრად ნაკლებ რესურსს ხარჯავს, ვიდრე შემტევი მხარე.

ცნობილია, რომ რუსეთისა და უკრაინის ადამიანური რესურსები არ არის თანაბარი, - რუსეთს მეორე მობილიზაციის გამოცხადება არ დასჭირვებია მაშინ, როდესაც უკრაინამ უკვე რამდენიმე მობილიზაცია განახორციელა, თუმცა დღეს XXI საუკუნეა და რაოდენ დიდი მნიშვნელობაც არ უნდა ჰქონდეს HR სამხედრო რესურსს, მაინც ბევრად მეტი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა სამხედრო რესურსებს. პირველ რიგში, უკრაინის შემთხვევაში ესაა საარტილერიო ჭურვები, რაც სულ უფრო მზარდი პრობლემა ხდება:

მოსკოვი სარგებლობს ჯერ კიდევ სსრკ ეპოქაში ე.წ. „სოციალისტურ ბანაკში“ დაგროვილი რესურსებით, რომელიც ცივი ომის დროს იმდენად დიდი იყო, ახლაც კი მნიშვნელოვან სამხედრო ფაქტორად რჩება.

ამის მაგალითია ჩრდილოეთ კორეიდან მილიონზე მეტი ჭურვის იმპორტი. მისი გარკვეული ნაწილი სიძველის გამო გამოუსადეგარია და ფუნქციას ვერ ასრულებს (ანუ, ელემენტარულად, არ ფეთქდება), მაგრამ დიდი ნაწილი კვლავინდებურად ქმედითია, რაც დონბასის ფრონტზე რუსეთის არმიას არსებით უპირატესობას ანიჭებს მაშინ, როცა უკრაინული არმია „ჭურვების შიმშილს“ განიცდის.

განსხვავებით ჩრდილო კორეისგან, ყოფილი „ვარშავის ხელშეკრულების“ (ანუ აღმოსავლეთ ევროპის) ქვეყნებმა უზარმაზარი საბჭოთა სამხედრო არსენალის, მათ შორის ჭურვების უტილიზაცია განახორციელეს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, რასაც არსებითი და სისტემური მიზეზი ჰქონდა: ისინი ცდილობდნენ გადასულიყვნენ NATO-ს სტანდარტზე და საბჭოთა წარმოების ჭურვები უსარგებლოდ მიაჩნდათ, ხოლო დასავლური (პირველ რიგში ამერიკის) წარმოებული ჭურვები არასაკმარისია და თავის დროზე ამასაც სისტემური მიზეზი ჰქონდა: დასავლური სამხედრო სტრატეგია „ცივი ომის“ დროს იმდენად არა „საველე იარაღის“(მათ შორის არტილერიის, ტანკების და ა.შ) რაოდენობაზე ან თუნდაც ხარისხზე აკეთებდა აქცენტს, რამდენადაც ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე, როგორც „შეკავების“ ინსტრუმენტზე.

ამას მარტივი ახსნა აქვს: სსრკ-ს მხოლოდ აღმოსავლეთ გერმანიაში (ანუ ისტორიული გერმანიის ოკუპირებულ ნაწილში) 25 000 ტანკი ჰქონდა. მაშასადამე  იმაზე მეტი, რამდენიც მთელს NATO-ს ერთად აღებულს.

დემოკრატიული სამყარო ვერ გაუწევდა „რაოდენობაში“ კონკურენციას „სამობილიზაციო ეკონომიკებს“, რომლებიც უპირველეს ყოვლისა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ცენტრალიზებულ დაფინანსებაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

აქედან გამომდინარეობს ამჟამინდელი ურთულესი სისტემური პრობლემა: დასავლური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, „საომარ რელსებზე“ თუნდაც ნაწილობრივ გადასვლის გარეშე (რაც დიდ ფინანსებს მოითხოვს), ვერ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთისა და მისი მოკავშირეების (ჩრდ.კორეა, ირანი) სამხედრო წარმოებას.

თუმცა რამდენიმე დღის წინ სენატის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 60 მილიარდი დოლარი შესაძლოა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიც იყოს, რაკი ამ თანხის უდიდესი ნაწილი, სინამდვილეში, უკრაინას კი არ გადაეცემა, არამედ დაიხარჯება თვით ამერიკის სამხედრო ინდუსტრიაში და შემდეგ უკვე ამ ინდუსტრიის ნაწარმი გადაეცემა უკრაინას სტრატეგიული თავდაცვის ან სტრატეგიული შეტევის განსახორციელებლად.

სამხედრო კონტურის მეორე უმნიშვნელოვანესი ელემენტი (საარტილერიო ჭურვებთან ერთად) არის დრონები ანუ უპილოტო საბრძოლო აპარატები.

და აქაც, ისევე როგორც შორსმწვდომი რაკეტების შემთხვევაში, დასავლეთი (უპირველესად აშშ), ერიდება რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას ანუ არ აწვდის უკრაინის არმიას საბრძოლო დრონებს, რადგან ეს დრონები კიევმა შესაძლოა გამოიყენოს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.

სამაგიეროდ, კარგი და დადებითი ტენდენცია ისაა, რომ დასავლეთი შეუზღუდავად აწვდის უკრაინას დრონების (მათ შორის საზღვაო დრონების) ტექნოლოგიებსა და ყველა საჭირო საოპერაციო სისტემას, რის შედეგადაც უკრაინამ შავ ზღვაზე, შეიძლება ითქვას, არსებითად შეზღუდა რუსული ფლოტის მოქმედება და აიძულა მოსკოვი, სამხედრო გემები ზღვის სიღრმეში გადაეყვანა, ხოლო დისლოკაციის ადგილები აღმოსავლეთ წერტილებით (მათ შორის პერსპექტივაში ოჩამჩირით) ჩაენაცვლებინა.

ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არ არის მიღებული F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე.

დანიამ და ნორვეგიამ შესაბამისი განცხადებები გააკეთეს, თუმცა უკრაინელი მფრინავები ჯერ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე გადიან წვრთნას და რაც მთავარია, ამერიკა არ ჩქარობს ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმას იმავე მიზეზით: უკრაინამ უკვე მიიღო ფრანგული Scalp და ბრიტანული Storm shadow რაკეტების საკმაოდ დიდი პარტია. ამ რაკეტების სახმელეთო ბაზირების ვარიანტი (ანუ „მიწა-მიწის“ კლასისა) უკრაინულ არმიას  აძლევს საშუალებას დაბომბოს მტრის ზურგი დონბასზე, მაგრამ იგივე რაკეტები „ჰაერი-მიწა“ მოდიფიკაციით, ესე იგი  F-16 თვითმფრინავებიდან, - სტრატოსფეროს სიმაღლიდან გაშვებული, თავისუფლად „მისწვდება“ მოსკოვსაც და პეტერბურგსაც.

ამერიკელებსა და მათ მოკავშირეებს კი ეს სახიფათოდ მიაჩნიათ.

დასავლელ ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მიჩნევს, რომ 2024 წელს „სტრატეგიულ თავდაცვას“ ალტერნატივა არა აქვს. თეორიულად არსებობს ყირიმზე მასშტაბური შეტევის ალბათობა, თუმცა ეს ალბათობა დიდი არ არის.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კიევში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ძალთა განლაგებაზე.

 

შიდა-პოლიტიკური კონტური

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა (ყველაზე მარგინალურებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში) რომელიც რუსეთის „მეხუთე კოლონად“ შეიძლება ჩაითვალოს, ამ ქვეყნისთვის იმანენტურად, უკვე ისტორიულად დამახასიათებელი პოლიტიკური პლურალიზმი და კონკურენტულობა მაინც ქმნიან „ბულიონს“ სახიფათო და გარკვეულწილად მავნე უდროო ალტერნატივების შესაქმნელად.

ამის მაგალითი გახდა ბოლო დროის ყველაზე მწვავე საკითხი: ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ რომელსაც პოპულისტური მოსაზრებებით ეწინააღმდეგებოდნენ ოპოზიციური პარტიები; ან/და კანონპროექტის იმგვარ დეგრადაციას მოითხოვდნენ, რაც მას გამოუყენებლად და უსარგებლოდ აქცევდა.

მაგალითად იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკოვშჩინა“, ნაცვლად მობილიზაციის უზრუნველმყოფი მკაცრი, კანონით გაწერილი ნორმებისა მოითხოვდა (რაკი ეს კანონი არაპოპულარული იყო) უკრაინის ძალისმიერი სტრუქტურების, მათ შორის პოლიციის თანამშრომელთა „როტაციულ“  მივლინებას ფრონტზე.

მმართველ პარტიას „ხალხის მსახური“ არ შეეძლო ამ მოთხოვნათა სრული უგულებელყოფა; ხოლო კომპრომისებმა (განსაკუთრებით საზღვარგარეთ „გადაცხოვრებულ“ გასაწვევი ასაკის უკრაინელებთან მიმართებით)  „მობილიზაციის“  ახალი კანონი მნიშვნელოვნად დაასუსტა.

დადებითი  სიახლე, უკრაინის შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან მიმართებით, ისაა უდავოდ, რომ ევროპის 50 მილიარდი ევრო, განსხვავებით ამერიკული 60 მილიარდი დოლარისგან, უმეტესწილად სწორედ უკრაინის საბიუჯეტო, მათ შორის სოციალური ვალდებულებების დასაფარად იქნება გამოყენებული. ანუ ზელენსკის მთავრობას კვლავინდებურად გააჩნია  რესურსი, არ დაუშვას საბიუჯეტო კრიზისი - პენსიების, ხელფასების, სხვა სახის გასაცემების დაგვიანების სახით, რაც სერიოზული პრობლემა შეიძლებოდა გამხდარიყო იმავე „რესურსული ცდისა და შეჯიბრის“ კონტექსტში რუსეთთან: მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა გაუყინა პუტინს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები დასავლურ ბანკებში, მოსკოვი რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა ამ ომისთვის და რესურსებიც დააგროვა.

რაც მთავარია, დასავლეთმა ვერაფრით მოახერხა დაებლოკა რუსული ნავთობის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე: ნავთობი კვლავინდებურად იყიდება „ჩრდილოვანი საზღვაო ფლოტის“ გამოყენებით G7 დაწესებული ზღვრულ ფასზე (60 დოლარი ბარელზე) ძვირად;

 ძირითად მყიდველები არიან ჩინეთი და ინდოეთი, თუმცა არა მხოლოდ.

პუტინს ეხმარება ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც, -  წითელი ზღვის არტერიის დაბომბვა იემენელი ჰუსიტების მიერ, - რაც ძაბავს სიტუაციას მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე და ზრდის მოთხოვნას ენერგომატარებლებზე, მათ შორის რუსულ ნავთობზე

დასავლური კონტროლი დღეს პლანეტაზე მრავლისმომცველია, მაგრამ ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლე არ არის!

 

საგარეო-პოლიტიკური კონტური

დასავლური მხარდაჭერა უკრაინისთვის ჯერ-ჯერობით სრულიად კონსოლიდირებულია, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა 50 მლრდ.ევრო + 60 მლრდ. დოლარის გამოყოფამ, თუმცა ამ კონსოლიდირებულობას სერიოზულად ემუქრება ორი უძლიერესი ფიგურა: დონალდ ტრამპი და ილონ მასკი.

ტრამპმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომლითაც არათუ მიანიშნა, არამედ პირდაპირ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აირჩევენ ხელმეორედ პრეზიდენტად (ამის ალბათობა კი საკმაოდ დიდია), იგი აიძულებს უკრაინასა და რუსეთს „დააფიქსირონ იურიდიულად“ ფრონტის გაყინვა ამჟამინდელ ხაზზე, ანუ იმ ხაზზე, რომელიც პუტინს უქმნის სახმელეთო კავშირს ყირიმთან (ეს იყო მისი „პროგრამა მინიმუმი“, როცა 2022 წელს ომს იწყებდა) და რასაც პუტინი თუ დათანხმდება, დათანხმდება მხოლოდ სანქციების სრულად ან თუნდაც ნაწილობრივ მოხსნის პირობით.

უკრაინისთვის კი ეს უეჭველად ნიშნავს დიდ სტაგნაციას, რაც ისევ და ისევ უკრაინის შიდა-პოლიტიკური, პლურალისტური, კონკურენტული „ბუნებიდან“ გამომდინარე, გამოიწვევს პოპულიზმის გაძლიერებას, „ხელის ჩაქნევას“ სოციუმში და „დამარცხების განცდას“, ხოლო ამგვარი განცდა On the ground რეალური სამხედრო დამარცხების სოციო-ფსიქოლოგიური წინაპირობა და „ბულიონია“.

პუტინის ბოლო ინტერვიუმ ტაკერ კარლსონთან დაადასტურა, რომ ამ პირობებით კრემლის ბინადარი შესაძლოა კიდევ დათანხმდეს „სტრატეგიულ პაუზას“, მაგრამ იმავე ინტერვიუში მისი „ისტორიოსოფიური“ მსჯელობანი (IX საუკუნის ამბებზე აპელირებით) არავითარ ეჭვს არ ტოვებს: ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება პუტინის გამარჯვება, რაკი „რესურსული ცდისა და ხარჯვის“ პროცესი სხვა სტადიაზე გადავა.

უკრაინა ხომ დემოკრატიაა ხოლო რუსეთი - ავტოკრატია!

შესაბამისად, „გაყინვა“ და „რესურსების ცდა-ხარჯვა“ ავტოკრატიას უფრო აძლევს ხელს, რაკი პუტინს არავითარი ოპოზიცია არ ჰყავს, ხოლო ზელენსკის, ვიტარების  „გაყინვის“ და სტაგნაციის შემთხვევაში ძლიერი ოპოზიცია (იმავე ზალუჟნის სახით თუნდაც) აუცილებლად გამოუჩნდება.

მეორე უდიდესი გავლენის ფიგურა არის ილონ მასკი!

გასულ თვეში რამდენიმე სხვადასხვა სერიოზულმა კვლევამ დაადასტურა, რომ რუსული არმია სულ უფრო აქტიურად და წარმატებით იყენებს მასკის საკომუნიკაციო სისტემას Starlink.

ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს სისტემა უკრაინაში შედის გაერთიანებული არაბთა ემირატებიდან; შემდეგ ხდება მისი დარეგისტრირება ყალბი ექაუნთებით და გამოყენება ბრძოლის ველზე.

მასკი ირწმუნება, რომ გამოიძიებს ამ საქმეს, ტან კვიპროსისკენ იშვერს ხელს „პარალელური იმპორტის“ წყაროს სახით  და თუ „გამოძიებამ“ დაადასტურა, ექაუნთებს დავბლოკავთო.

არადა თუკი აპარატები ინდუსტრიული და სამხედრო თვალსაზრისით არსებითი რაოდენობით შედის რუსეთში, „დაბლოკვა“ ფაქტობრივად შეუძლებელია; ისევე, როგორც  ინტერნეტს ვეღარ „დაბლოკავ“ დღევანდელ პლანეტაზე.

მთავარია ნაწარმი (ანუ თვით „რკინა“) არ შედიოდეს, რასაც ერთის მხრივ დასავლეთი ვერ ახერხებს, ხოლო ილონ მასკი აშკარად თვალს ხუჭავს, რაკი მეტისმეტად ღრმად აქვს ფეხი გადგმული იმ სამყაროში (მაგალითად ჩინეთში) სადაც Starlink უხვად მიედინება და საიდანაც შემდგომ ხდება მისი დისტრიბუცია არაბთა გაერთიანებული ემირატებისა და კვიპროსის „პლატფორმებზე“.

ეს ძალიან სახიფათო პროცესია, რაკი უკრაინულ რესურსებს უთანაბრებს რუსულ რესურსებს.

და იმ უდიდეს პრობლემასაც წარმოაჩენს კიდევ ერთხელ, რომ

ა) დასავლური კონტროლი მართლაც არ არის ყოვლისმომცველი და ამომწურავი

ბ) უკრაინის მხარდაჭერას დიდ საფრთხეს უქმნის დღევანდელ, გლობალიზებულ და კომუნიცირებულ მსოფლიოში წამყვან ეკონომიკურ-ინდუსტრიულ აქტორთა სისხლ-ხორცეული ინტერესი ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისა!